განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2019
საქმის ნომერი
330310018002447968
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/527-19 (330310018002447968)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - იო----–---------

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს გენერალური პროკურატურა;

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - მორალური ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

1.1. იო----–---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის არ დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს გენერალურ პროკურატურას იო----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 720 000 ლარის ოდენობით.

 

1.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას იო----–---------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

იო----–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელე იო--- შ---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 8 000 (რვა ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2008 წლის 10 მარტის განაჩენით, საქმეზე N1/6137-07, იო--------------ი (იო----–---------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2007 წლის 13 ნოემბრიდან, მასვე ჩამოერთვა 5 წლის ვადით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში -საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტაების უფლება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენი, საქმეზე N1/6137-07 (ს/ფ 21-25).

 

2.2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ იო--------------ის (იო----–---------) ადვოკატ მ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება საქმეზე N80აგ-17 (ს/ფ 60-63).

 

2.2.3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №767 სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებული იო--- ჯ--------ი (იო--- შ---------) გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №767 განკარგულება (ს/ფ 29).

 

2.2.4. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის, მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ 2016 წლის 25 ივლისის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის N090071250 საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულ იო--- ჯ--------ის (2015 წლის 15 ოქტომბრის სახელის, მამის სახელის და გვარის შეცვლის N01156003481 აქტი, შემდგომში იო----–---------) თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 25 ივლისის საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დადგენილება (ს/ფ 30-38).

 

2.2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქმეზე N1/ა.გ 793-16, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენები დარჩა უცვლელად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 29 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საქმეზე N1/ა.გ 793-16 (ს/ფ 46-59).

 

2.2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით, საქმეზე N80აგ-18, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ემ----- გ-----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–---–ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენი და იო----–---------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით - 0,8492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში. იო----–---------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

სამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება საქმეზე N80აგ-17 (ს/ფ 60-63)

 

2.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება- სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

სასამართლომ აღნიშნავნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით -თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. განსახილველ შემთხვევაში იო--- შ---------ი ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 720 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13),10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს- 52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტა, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ორი წელი და შვიდ დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."

 

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

საქმის მასალების დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენით, საქმეზე N1/6137-07, იო--------------ი (იო----–---------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან -2007 წლის 13 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ იო--------------ის (იო----–---------) ადვოკატ მ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქმეზე N1/ა.გ 793-16, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენები დარჩა უცვლელად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით, საქმეზე N80აგ-18, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ემ----- გ-----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–---–ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენი და იო----–---------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით -0,8492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში; იო----–---------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იო----–---------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №767 სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამრიგად, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად 1 (ერთი) წლისა და 11 (თერთმეტი) დღის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იო----–---------ის (იო--------------ის) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2008 წლის 10 მარტს მისი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 13 ნოემბრიდან და იგი გათავისუფლა სასჯელის მოხდისაგან საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბერს N767 განკარგულების საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე იო----–---------ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 8 000 (რვა ათასი) ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. იო----–---------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა მუხლებით, თუმცა არ გაითვალისწინა არცერთი მუხლის მოთხოვნა. თითოეული მათგანი შეაფასა საკუთარი ინტერპრეტაციით და მისი შინაგანი რწმენით, იმ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სადაც ქმრის მუქარის გამო ყოფილ ცოლზე აკისრებენ 5000 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურებას, 1 წელი გაუსაძლის პირობებში მყოფი პატიმრისთვის კანონიერად ჩათვალა 8000 ლარის ზიანის ანაზღაურება.

 

ასევე, აპელანტმა მიუთითა,რომ სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში აღნიშნა მორალური ზიანის ანაზღაურებას 3 ფუნქცია: 1. დააკმაყოფილოს დაზარალებული, 2. ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და 3. თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ვითომდა სიტუაციის შესაბამისად შეჩეული თანხა 8000 ლარი ვერ ესადაგება ვერცერთ მისვე ჩამოთვლილ განსაზღვრებას: 1. ერთი წლის მანძილზე, პირობითად რომ ავიღოთ, თავად მოსამართლე ხელფასის სახით იღებს 36 000 ლარს, მაშინ როდესაც ის თავისუფალია; 8000 ლარმა როგორ უნდა დააკმაყოფილოს 1 წელი გაუსაძლის პირობებში და მომდევნო 11 წლის მაძილზე დანგრეულ-განადგურებული ცხოვრება. აპელანტი აღნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირი დაცინვა და არა უსწორობა. 2. მორალური ზიანის ანაზღაურებამ ზემოქმედება უნდა მოახდინოს ზიანის მიმყენებელზეო - ზიანის მიმყენებლის მხოლოდ ერთჯერადად გაცემული პრემია, დანამატი, თუნდაც სამივლინებო ხარჯი, რომ არაფერი ვთქვათ სახელფასო განაკვეთებზე აღემატება გადაწყვეტილებით მინიჭებული 8000 ლარს ხუთჯერ. 3. თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ - სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით პირიქით ახალისებს ზიანის მიმყენებელს, რომელსაც უჩნდება დაუსჯელობის სინდრომი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიმყენებელი რეალურად დაზარალდა მის მიერ მიყენებული შეუფასებელი ზიანის ანაზღაურებით, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი დაფიქრდეს და კარგად აწონ დაწონოს ყოველი კონკრეტული ადამიანის ბედის გადაწყვეტისას საბრალდებო დასკვნის სისწორე და არა ისე როგორც მიღებულია დღევანდელ სისტემაში დაზეპირებულ ტექსტს რომ კითხულობენ სასამართლო სხდომაზე პროკურორები.

 

ასევე, აპელანტი აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთა იწვევს სირთულეს და ტანჯვას, მიუხედავად პირის ბრალეულობისა და უდანაშაულობისა. სასამართლო უთითებს, რომ უკანონო პატიმრობა დისკომფორტს უქმნის ყველა ადამიანს და არ ითვალისწინებს იმ დეტალებს, რაც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომების მსვლელობისას, თუ როგორი განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

3.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

 

თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, სახეზე არ არის პროკურატურის ორგანოს თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2006 წლის რედაქცია) 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 502-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

 

იო----–---------ის (იო--------------ი) მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ იო----–---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებაში -საჯარო ხელისუფლების ორგანოში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის შენახვისა და ტარების უფლება. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2007 წლის 13 ნოემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის #767 განკარგულებით იო----–---------ი (იო--------------ი) შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

2015 წლის 18 მაისს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო იო----–---------ის განცხადება, რომლის თანახმად, 2007 წლის 04 ნოემბერს, პარლამენტის წინ, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის დროს, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დემონსტრაციულად დატოვების და პარტიის მოწმობის დახევს შემდეგ, მას შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საცხოვრებელ სახლში `ჩაუდეს~ ნარკოტიკული საშუალება, რასაც მოჰყვა მისი უკანონო დაკავება და მსჯავრდება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. აღნიშნული გასაჩივრებული იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა პროკურატურის საკასაციო საჩივარი და გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენები.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აპელანტს, მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება, მორალური ზიანის სახით 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრებას, აპელანტი უთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანიათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

მორალური ზიანის საკითხის განხილვის დროს, სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა, ასევე, საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე, რომლებიც დღეის მდგომარეობით საკმაოდ ბევრია.

 

1. ჯ----–---–- საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა.

 

2. კ------- საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 სექტემბრის #3/1237-13 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 500.00 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე ლ. ჩ-ს მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა დაახლოებით 07 წლის განმავლობაში, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა და ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის #3/4964-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე დ. ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 04 თვე.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის #3/4031-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 თვე და 26 დღე.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 თებერვლის #3/4021-13 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ლ.კ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 18 დღე.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 თებერვლის #3/3411-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4300 (ოთხი ათას სამასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ი.ნ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 6 თვე და 9 დღე.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის #3/659-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე თ.თ-მ პატიმრობაშიი გაატარა 07 თვე და 24 დღე.

 

9. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ოქტომბრის #3/1393-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4600 (ორი ათასი) ლარით. მოსარჩელე ზ.მ-მ პატიმრობაში გაატარა 08 თვე და 03 დღე

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 თებერვლის #3/3412-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზაღაურება განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელე გ.გ.-ს 2012 წლის 28 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, 2013 წლის წლის 28 ივნისის განაჩენით გამართლდა, 2013 წლის 07 ნოემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი და შეეფარდა ჯარიმა, საბოლოოდ გამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 1 წელი, 07 თვე და 26 დღე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გ.გ. გახლდათ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაყენებული იყო თანამდებობიდან.

 

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის #3/3906-14 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას), მოსარჩელე ბ.ი.-მა პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 05 თვე, შემდგომ შეეფარდა გირაო, იყო ძებნილი 6,5 წლის განმავლობაში, სს საქმე განიხილებოდა - 07 წელი.

 

12) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული #3/780-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას), მოსარჩელე რ.ხ.-ს მიმართ 19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და ძებნა, 02-ჯერ იქნა დაკავებული უცხო ქვეყანაში საქართველოში ექსტრადირების მიზნით.

 

13) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 29 ივნისის (საქმე #3/8610-16) გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 5 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ზ.წ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 8 თვე და 14 დღე.

 

ამასთან, აპელანტი უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პროკურატურის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით, რაც საფუძველი გახდა იო----–---------ის სამართლებრივ უფლებებში აღდგენისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის მიღების.

 

ამდენად, აპელანტი ითხოვს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სრულად ეთქვას უარი ი. შ---------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტ ი. შ---------ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების მოთხოვნით დაუსაბუთებელია და სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ იქნება განხილული როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს მათზე, თუმცა არ ეთანხმება მას მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის ნაწილში; ანუ, აპელანტ ი. შ---------ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია იმ თვალსაზრისით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაცვლელია, თუმცა შეცვლის საჭიროება განპირობებულია მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კუთხით, როგორც შეუსაბამოდ დაბალი, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება არსებითად კანონიერია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სახელმწიფოს (მისი წარმომადგენლის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, ამდენად კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენით, საქმეზე N1/6137-07, იო--------------ი (იო----–---------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან -2007 წლის 13 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ იო--------------ის (იო----–---------) ადვოკატ მ----- ჩ-------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქმეზე N1/ა.გ 793-16, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 მარტისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენები დარჩა უცვლელად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით, საქმეზე N80აგ-18, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ემ----- გ-----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განაჩენი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ გ--–----------–---–ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენი და იო----–---------ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით -0,8492 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში; იო----–---------ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ იო----–---------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის №767 სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულების საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას, ხოლო ის გარემოება, რომ სახეზეა სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

ასევე მართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტის - ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სწორია სასამართლოს განმარტება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

თუმცა, ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული დაზარალებულის (მოსარჩელის) სუბიექტური დამოკიდებულება დამდგარი ზიანის მიმართ და ამ ზიანის გამომწვევ მიზეზებთან მოსარჩელის პირადი დამოკიდებულება. სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტ იო----–---------ს იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში (ერთი წელი და 11 დღე) მას დაერღვა ცხოვრების ჩვეული წესი. აღნიშნული დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებსა და სტრესთან. აპელანტი არ იყო ვალდებული, ეთმინა პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2016 წლის 25 ივლისის დადგენილებაზე მსჯავრდებულ ი. შ---------ის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ. დადგენილების თანახმად, „იო--------------ისთვის ნარკოტიკული საშუალების ჩადებით და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით მისი დაკავებით არსებითად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება. ასევე ი. შ---------ის უკანონო დევნით არსებითად შეილახა მისი რეპუტაცია, იმიჯი და მოხდა მისი დისკრედიტირება საზოგადოებაში, რამაც მისი პატივის და ღირსების ხელშეუხებლობის უფლების არსებითად დარღვევა გამოიწვია“. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს ი. შ---------ის მიმართ გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინების სამოტივაციო ნაწილზე, სადაც აღნიშნულია რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო არ გამორიცხავს პოლიტიკური მოტივით იო----–---------ის დევნის ან გარკვეული სახის პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების არსებობას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, მითითებული დასკვნები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქმის კონკრეტული გარემოებები განსხვავებულად იქნეს შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკანონო ბრალდებისა და დაკავების გამო, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი, ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 8000 (რვა ათასი) ლარისა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოღანიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს მეორე აპელანტის საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების მოთხოვნით დაუსაბუთებელია და სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ იქნება განხილული როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

პალატა კვლავაც მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia), რომლს თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური. ამდენად, იმ პირობებში როდესაც არსებობს სახელმწიფოს ბრალეული ქმედება, დგინდება მიზეზობრივი კავშირი აღნიშნულ ქმედებასა და ზიანს შორის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ზიანის ოდენობას არ ასახავს არითმეტიკული სიზუსტით, არამედ მიუთითებს გონივრულ ოდენობაზე, სასამართლო უფლებამოსილია შემოიფარგლოს აღნიშნული მონაცემებით.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. იო----–---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრა საქართველოს გენერალურ პროკურატურას იო----–---------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 8000 (რვა ათასი) ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

4. იო----–---------ის სარჩელი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. საქართველოს გენერალურ პროკურატურას იო----–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

 

6. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი