განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210019002884558
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7477-19 30 იანვარი, 2020 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი - დ-------- კ-----–---–ი
წარმომადგენელი - გ--–--- გ------ა
მოწინააღმდეგე მხარე - გ--–- ქ---–---–ი
მესამე პირი - ა---- ქ--------–-–---–ი
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ-------- კ-----–---–ის სარჩელი მოპასუხე გ--–- ქ---–---–ის მიმართ, ქ. რუსთავში, კ--------ს ქ. N2- კორპუსის ეზოდან ჯიხურის გატანის თაობაზე. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელე დ-------- კ-----–---–ი ცხოვრობს მის: ქ. რუსთავში, კ--------ს გამზირი N2--1-, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ წლების წინ მოპასუხის გ--–- ქ---–---–ის - მამამ პ---–- ქ---–---–მა ჩადგა ფეხსაცმლის შესაკეთებელი ჯიხური. 2.2. სასამართლომ დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა ქ. რუსთავში, კ--------ს 2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული საყოფაცხოვრებო მომსახურების ფირმა „ს---–---–ის“ ფეხსაცმელების შემკეთებელი ჯიხურის განთავსებით და მისი მფლობელის მხრიდან დ-------- კ-----–---–ისთვის ინდივიდუალური საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის ფაქტი. 2.3. ქ. რუსთავში, კ--------ს 2--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებული საყოფაცხოვრებო მომსახურების ფირმა „ს---–---–ის“ ფეხსაცმელების შემკეთებელი ჯიხური 1993 წლის 12 ნოემბრის # 35 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის რუსთავის სამმართველომ საკუთრების უფლებით გადასცა პ---–- ქ---–---–ს, რომლის გარდაცვალების შემდგომ მისმა შვილმა გ--–- ქ---–---–მა გადასცა ა---- ქ--------–-–---–ს, რომელიც ამჟამად აგრძელებს იგივე საქმიანობას. 2.4. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ დაადასტურა ფაქტები, რომ მოპასუხე მის გაფენილ სარეცხს აყრის ნაგავს და აყენებს მოსარჩელეს შეურაცხყოფას, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული ჯიხური არის ნაგავსაყრელად ქცეული. თუნდაც დადასტურებულიყო აღნიშნული გარემოებები, ჯიხურის აღების თაობაზე მოთხოვნა დაუშვებლად ხელყოფდა მეორე მესაკუთრის საკუთრების უფლებას, ხელშეშლის აღკვეთა შესაძლოა გამოხატულიყო ამგვარი მოქმედებების აღკვეთაში და არა ჯიხურის აღებით პრობლემის მოგვარებაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. 2.6. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოშისარჩელის შეტანის გზით. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174 -ე მუხლის დანაწესის მიხედვით კი მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელიაგამომდინარეობდეს ორმხრივიზემოქმედება. 2.8. აღნიშნული კოდექსის 175 -ე მუხლი ადგენს, რომ მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ-------- კ-----–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელის მიერ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ შემოუტანია, რაც სასამართლოსათვის საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად ჩაეთვალა და თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ზეპირი მოსმენის გარეშე, მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. გაურკვეველია და სასამართლოს სრულყოფილად უნდა დაედგინა ის გარემოება, თუ რა ფორმით და რა ვადით გადასცა გ--–- ქ---–---–მა ჯიხური ა---- ქ--------–-–---–ს. სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ა---- ქ--------–-–---–ი ამჟამადაც აგრძელებს იმავე საქმიანობას, რასაც პ---–- ქ---–---–ი ეწეოდა, რომ არც მოპასუხეს და არც მესამე პირს არ წარმოუდგენიათ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საიდანაც დასტურდებოდა აღნიშნული გარემოება. 3.2. დასადგენი იყო ის გარემოება, მესაკუთრეს გააჩნდა თუ არა ჯიხურის სადავო ადგილზე დატოვების უფლება, ხოლო იმას, თუ ა---- ქ--------–-–---–ი რა სამართლებრივი საფუძვლით ფლობდა ამ ჯიხურს, მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. მოსარჩელე წარმოადგენს ქ. რუსთავში, კ--------ს ქ. N2--ში მდებარე კორპუსის N1- ბინის მესაკუთრეს, რის გამოც, ავტომატურად წარმოადგენს ამავე კორპუსის ამხანაგობის წევრს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მისი ნაკვეთი. სწორედ კანონის ამ დებულებიდან და სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე წარმოეშვა მოსარჩელეს საკუთრების და მოთხოვნის უფლება, ვინაიდან იგი არის ქ. რუსთავში, კ--------ს N2--ში მდებარე ეზოს თანამესაკუთრე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ რუსთავში, კ--------ს ქ. N2--ში მდებარეობს მრავალბინიანი სახლი. 4.2. ამ სახლში ბ. N1- ეკუთვნის დ-------- კ-----–---–ს (აპელანტი). 4.3. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული არის ჯიხური (სადავო ქონება). 4.4. სადავო ქონება 1993 წლის 12 ნოემბერს შეიძინა მოპასუხის მამამ, პ---–- ქ---–---–მა. 4.5. პ---–- ქ---–---–ი გარდაიცვალა 2004 წლის 26 იანვარს და, ამის შედეგად, სადავო ქონებაზე უფლება წარმოეშვა მის შვილს, გ--–- ქ---–---–ს (მოპასუხე). 4.6. ამჟამად, სადავო ქონებას, ფაქტობრივად, ა---- ქ--------–-–---–ი (მესამე პირი) ფლობს. სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. 4.7.1. ამავდროულად, ამავე მუხლის მე-7 ნაწილისა და 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 4.8. დადგენილია, რომ აპელანტის მიერ აღძრულ სარჩელზე მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. 4.8.1. ამის შესაბამისად, აპელანტის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალა და მოპასუხეს მათი შედავების უფლება აღარ აქვს. 4.9. თუმცა, ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა ყოველთვის არ არის. 4.9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაგებლის წარუდგენლობის გამო სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად გაამართლებს. 4.9.2. როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“ – (სუსგ. საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, პ. 201). 4.10. ზემოხსენებულ ნორმათა შესაბამისად, დამტკიცებულად ჩაითვალა ის, რომ: 4.10.1. აპელანტი ცხოვრობს რუსთავში, კ--------ს გამზ. N2--1--ში; 4.10.2. აპელანტის საცხოვრებელი სახლის ფანჯრებთან, წლების წინ, მოპასუხის მამამ ჩადგა ფეხსაცმლის ჯიხური. 4.10.3. აპელანტი ცხოვრობს პირველ სართულზე და აღნიშნულ ტერიტორიას იყენებდა სარეცხის დასაფენად. 4.10.4. მოპასუხე დაფენილ სარეცხს აყრის ნაგავს და აპელანტს აყენებს შეურაცხყოფას. 4.10.5. სადავო ქონება ქცეული არის ნაგავსაყრელად, რაც იწვევს მწვავე სუნს. 4.11. პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები მის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. 4.12. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან) მრავალბინიანი სახლია. 4.12.1. უდავოა, რომ რუსთავში, კ--------ს ქ. N2--ში მდებარე სახლი ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან შედგება. 4.12.2. ამის შესაბამისად, იგი მრავალბინიანი სახლია და მასზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება. 4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება... შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. 4.13.1. დადგენილია, რომ სადავო ქონება არის ნაგებობა, რომელიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან და არ არის განკუთვნილი დროებითი სარგებლობისთვის. 4.13.2. ამის შესაბამისად, სადავო ქონება უძრავი ნივთია. 4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად შემძენზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა აუცილებელი. 4.14.1. მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული. 4.14.2. ამის შესაბამისად, მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრე არ არის. 4.15. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი... რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. 4.15.1. რადგან მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრე არ არის, ხოლო მრავალბინიანი სახლი იმ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, რომელზეც უფლებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს, ეს მიწის ნაკვეთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაა. 4.16. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილი მიუთითა, რომლის თანახმადაც ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. 4.16.1. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. 4.16.2. რადგან დავის საგანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის გამოთხოვას ეხება, სადავო ურთიერთობა არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, არამედ სპეციალური, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს. 4.17. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციის, განვითარებისა და განკარგვის შესახებ ამხანაგობის წევრთა საერთო კრება იღებს. 4.17.1. როგორც ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების უკანონო განკარგვის გამო სარჩელის აღძვრის უფლება თავად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს თავისი სახელით („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 14.2). ასეთ ურთიერთობებში ამხანაგობას თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი წარმოადგენს („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 14.2), რომელსაც ასეთი უფლებამოსილება ამხანაგობის საერთო კრების მიერ უნდა ჰქონდეს მინიჭებული. ამრიგად, თუ ამხანაგობის რომელიმე წევრს მიაჩნია, რომ მოხდა ამხანაგობის საერთო ქონების უკანონოდ განკარგვა, მან აღნიშნულ საკითხზე ამხანაგობის წევრთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, უპირველეს ყოვლისა, ამხანაგობის თავმჯდომარეს უნდა მიმართოს. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობოს საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს თავად ამხანაგობის წევრმა („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 27.2). ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3, ხოლო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონი, მუხლი 28.5)“ – (სუსგ. № ას-287-273-2016, 3 აპრილი, 2017 წელი, პ. 39-40). 4.18. მართალია, კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია, სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, გონივრულობის ფარგლებში მიიღოს აუცილებელი ზომები იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელიც უშუალოდ ემუქრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. 4.18.1. თუმცა, ამ შემთხვევაში, პალატის აზრით, მესაკუთრის უფლებამოსილება შეზღუდულია ზიანის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებით და იგი ამხანაგობის ნაცვლად გადაწყვეტილებას საერთო ქონების მართვის, განკარგვის ან მესამე პირთა მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე ვერ მიიღებს. 4.18.2. ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, მესაკუთრეს შეუძლია, მაგ. მოითხოვოს იმ მავნე ზემოქმედებების აღკვეთა, რაც მოპასუხის მფლობელობაში არსებული ნაგებობიდან გამომდინარეობს. 4.19. აპელანტს არ მიუთითებია, რომ ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვის თაობაზე. 4.19.1. მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მან დაადასტურა, რომ ამხანაგობას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. 4.20. ეს კი ნიშნავს, რომ აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ, არსებითად, სწორად არ დააკმაყოფილა იგი. 4.21. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. დ-------- კ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე