განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
010210116001456023
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210116001456023

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-574 28 ნოემბერი 2019 წელი

ქ. ქუთაისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

 

სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე): შპს „მ---------ი“

წარმომადგენელი: დირექტორი ფ------- ვ-–-----ე

წარმომადგენელი: ე----- ა----ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): სპს ბ------ ქ-------ე

წარმომადგენელი: მ------ ა-–--–-–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. შპს “მ---------ის“ (შემდგომში: მოსარჩელე, აპელანტი) წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარედ სპს „ბ------ ქ-------ე“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიუთითა და ითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხე სპს ,,ბ------ ქ-------ისათვის" მიწოდებული მედიკამენტების ღირებულების - 68577 ლარის დაკისრება, ასევე აღნიშნულ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,2%-ის, ჯამში - 22543 ლარის ოდენობით.

2. მოსარჩელის განმარტებით: 2009 წლის 21 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ჰ-----------ს" (ამჟამად შპს ,,მ---------ი") და მეორეს მხრივ სპს ,,ბ------ -ს" (ამჟამად სპს ,,ბ------ ქ-------ე") შორის გაფორმდა N46 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებმა აიღეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული, სამედიცინო დანიშნულების და პარაფარმაცევტული საქონლის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის შესახებ, რაც ხორციელდებოდა მიწოდების საფუძველზე. გასაყიდი საქონლის ასორტიმენტს, რაოდენობასა და ფასებს მხარეები ადგენდნენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიწოდებული ფასების ფურცლის შესაბამისად.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მისაწოდებელი საქონლის ხარისხი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. საქონლის ხარისხი და ოდენობა უნდა შემოწმებულიყო მიწოდების ადგილზე. მყიდველს საქონელი მიეწოდებოდა შესაბამისი საფასურის წინასწარ გადახდის შემთხვევაში როგორც მიმწოდებლის ბუღალტერიაში ნაღდი გადახდით, ასევე მის ანგარიშზე გადარიცხვის გზით. მხარეთა შეთანხმებით, საქონელი შეიძლება მიწოდებულიყო გადახდის განვადებითაც, შეთანხმებული ვადა უნდა ჩაწერილიყო ანგარიშფაქტურაში. რეალიზატორის მიერ საკონსიგნაციო ვადის დარღვევის შემთხვევაში იგი გადაიხდიდა საურავს (პირგასამტეხლო) გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 01 გვისტომდე, მოსარჩელე სპს ,,ბ------ ქ-------ეს" სარეალიზაციოდ აწვდიდა ხელშეკრულებაში მითითებულ საქონელს, კერძოდ ამ პერიოდში მთლიანად მიაწოდა 902540 ლარის ღირებულების საქონელი. საიდანაც მოპასუხემ სისტემატური დაგვიანებით გადაიხადა 833963 ლარი, თუმცა გადასახდელი დარჩა 68577 ლარი და მასზე დარიცხული საურავი, რომელიც შეადგენს 22543 ლარს.

4. 2011 წლის 03 ივლისიდან, შპს ,,მ---------ის" დირექტორისათვის ცნობილი გახდა, რომ სპს ,,ბ------ ქ-------ე" სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულების პირობებს და დაგვიანებით იხდიდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას. აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს გააჩნდა უარყოფითი საბრუნავი სალდო 54286 ლარის ოდენობით, რის გამოც მოსარჩელე ჩაერთო აფთიაქის მართვაში და 2016 წლის 01 ივლისისათვის აფთიაქის მოგებამ შეადგინა 34305 ლარი, რამაც უარყოფითი სალდო შეამცირა 19 982 ლარამდე. ყოველივე აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე ინფორმირებული იყო.

5. მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, მოპასუხე გამოეყვანა კრიზისული მდგომარეობიდან, ამასთან მიეღო თავისი კუთვნილი დავალიანება (რაც შეადგენდა 68 577 ლარს) - მოსარჩელემ ვერ შეძლო, რადგანაც ბ------ ქ-------ისა და მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ქონდა აფთიაქის საქმიანობაში მხარესთან შეუთანხმებლად სისტემატურად ისეთ ჩარევებს, რომელიც იწვევდა აფთიაქის მოგების შემცირებას, რაც გამოიხატებოდა თანხისა და მედიკამენტების სისტემატურად აფთიაქიდან გატანაში, ამასთან ბ------ ქ-------ის მეუღლეზე ყოველთვიურად გაიცემოდა ხელფასი, მაშინ როცა იგი ბოლო 6 თვე საერთოდ არ მუშაობდა აფთიაქში. ყოველივე ეს იწვევდა ხარჯების გაზრდასა და მოგების შემცირებას. აღნიშნულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად, შპს „მ---------მა“ შესთავაზა ბ------ ქ-------ეს ახალი შეთანხმების წერილობით გაფორმება და გადასახდელი თანხის უკან დაბრუნება, რაზეც მოპასუხემ უარი განუცხადა შეურაცხმყოფელი ფორმით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული საუბარი მან ჩაიწერა მობილური ტელეფონით, ამასთან ჩანაწერი მტკიცებულების სახით დაურთო სარჩელს.

6. მოპასუხის დავალიანება, 2016 წლის 01 აგვისტოსათვის შეადგენს 68577 ლარს, ხოლო ვალად დარჩენილ თანხაზე სრულად დარიცხული პირგასამტეხლო - 278056 ლარს, თუმცა მოსარჩელემ მხოლოდ 21.12.2009-03.07.2011 წლამდე პერიოდისათვის არსებული საურავის (პირგასამტეხლოს) - 22543 ლარის დაკისრება მოითხოვა.

7. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ 2012 წლის აპრილიდან ელქტრონულად ხდებოდა ანგარიშ - ფაქტურის, ზედნადების გაგზავნა მოპასუხეზე, რომელსაც მიწოდებული საქონლის ხარისხსა და ოდენობაზე პრეტენზია არ ქონია, ფასები კი შეთანხმებული იყო. საქონელთან ერთად მოპასუხეს ეგზავნებოდა ბარათები, მყიდველის მხრიდან კი დადასტურება ხდებოდა ზეპირი ფორმით. ბოლო მიწოდება განხორციელდა 2016 წლის 25 ივლისს.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

8. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა, როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი და აღნიშნა, რომ მართალია მოპასუხე აწვდიდა სპს ბ------ ქ-------ეს საქონელს, რომელიც რეალიზაციის შემდგომ იხდიდა პროდუქციის ღირებულებას, თუმცა მოპასუხის მხრიდან რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ქონია, არც თანხის გადაუხდელობის, არც ვადის გადაცილების გამო. მოსარჩელე მოპასუხეს პროდუქციას აწვდიდა 15-20%-ით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე სხვა მიმწოდებლები, მაგრამ მყიდველი პროდუქციას იღებდა მისთვის მისაღები ანაზღაურების წესის გამო, რომელიც ხდებოდა კონსიგნაციის წესით, საქონლის რეალიზაციის შემდეგ. შპს „მ---------ი“, სპს „ბ------ ქ-------ის“ კუთვნილ ორ აფთიაქს საქონელს აწვდიდა 2011 წლის ზაფხულამდე. მოსარჩელეს არადროს განუცხადებია პრეტენზია დავალიანების ან გადახდის ვადაგადაცილების გამო. თუ დავალიანება არსებობს მოსარჩელეს სასამართლოსათვის უნდა წარედგინა ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რაც მან ვერ წარადგინა, ყოველივე აღნიშნული კი სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებს. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულია, რადგან ის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოსარჩელე მხარესთან 2011 წლის შემდეგ არ ყოფილა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „მ---------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

10. მოსარჩელე შპს ,,მ---------ი" და მოპასუხე სპს ,,ბ------ ქ-------ე", როგორც მეწარმე სუბიექტები, რეგისტრირებული არიან სამეწარმეო რეესტრში.

11. შპს ,,ჰ-----------მა", შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,მ---------ი", ხოლო სპს ,,ბ------"-ს ცვლილების შემდეგ ეწოდა სპს ,,ბ------ ქ-------ე".

12. შპს ,,მ---------სა" და სპს ,,ბ------ ქ-------ეს" შორის, 2009 წლის 21 დეკემბერს, გაფორმდა N46 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებმა აიღეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული, სამედიცინო დანიშნულების და პარაფარმაცევტული საქონლის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის შესახებ, რაც ხორციელდებოდა მიწოდების საფუძველზე. მოპასუხე იღებდა ვალდებულებას, რომ რეალიზაციის შემდეგ გადაიხდიდა შეთანხმებულ საფასურს. 2011 წლამდე პერიოდისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობებში ყოფნა მხარეთა შორის სადავო არ არის, მოპასუხე გამორიცხავს მას შემდეგ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელების ფაქტს.

13. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მყარი, უტყუარი მტკიცებულებები თავის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად, მან წარადგინა: 2009 წლის 21 დეკემბრის N46 ხელშეკრულება, საქონლის გაცემის, თანხის გადახდის, დარჩენილი დავალიანების და სრული საურავის გამოთვლის ჯამური ბარათები, რომელიც გარდა 2009 წლის 21 დეკემბრის N46 ხელშეკრულებისა ნაწარმოები და შედგენილია ცალმხრივად მოსარჩელის მიერ, და არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ.

14. მტკიცებულების სახით წარდგენილ სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ მითითებული საუბრის შინაარსიდან არ დგინდება მოპასუხის ვალდებულების არსებობა.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მტკიცების საპროცესო მოვალეობა ვერ/ან არ შეასრულა და ვერ დაამტკიცა, რომ 2011 წლის შემდეგაც იგი აგრძელებდა მოპასუხისათვის საქონლის მიწოდებას.

16. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას მოითხოვდა 2009-2011 წლებში არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 02 აგვისტოს, სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია.

17. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 128-130-ე მუხლებზე მიუთითა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

18. დასახელებული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოსარჩელე შპს „მ---------ის“ მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

19. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ სათანადო და სანდო მტკიცებულებას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები: საქონლის გაცემის, თანხის გადახდის, დარჩენილი დავალიანებისა და საურავის გამოთვლის ჯამური უწყისები, რომელთა თანახმადაც დასტურდებოდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა მოპასუხისათვის საქონლის ღირებულების დარჩენილი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტები ცალსახად ადასტურებდნენ, რომ სპს „ბ------ ქ-------ემ“ მოსარჩელისაგან 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე შეიძინა ფარმაცევტული სამედიცინო დანიშნულების საქონელი, საიდანაც მან შპს მ---------ს გადაუხადა მხოლოდ 833 963 ლარი, გადასახდელი დარჩა ბოლო წლის 68 577 ლარი. აპელანტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის შესაგებელს, რომელიც მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინა და, რომლითაც ის ადასტურებდა, რომ შპს ,,მ---------სა" და სპს ,,ბ------ ქ-------ეს შორის არსებობდა 2009 წლის 21 დეკემბრის №46 ხელშეკრულება, შესაგებლით მოპასუხემ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდში ღებულობდა შპს ,,მ---------ის" მიერ მოწოდებულ პროდუქციას, მაგრამ მისი რაოდენობა არ ჰქონდა დადგენილი, აღნიშნულს დაადგენდა და მოგვიანებით სასამართლოს მიაწოდებდა ინფორმაციას დავალიანების არსებობა - არ არსებობის შესახებ. აპელანტი მიუთითებს რომ შესაგებელში მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები პროდუქციის მიწოდების ფაქტს ადასტურებენ, მოპასუხე მიუთითებდა, რომ სისტემატიურად არ არღვევდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის ვადებს და საქონლის რეალიზაციის შემდეგ მოსარჩელეს უხდიდა მიღებული პროდუქციის ღირებულებას. ეს არის აღიარება იმისა, რომ სისტემატურად ხდებოდა პროდუქციის მიწოდება.

20. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა დავალიანების არსებობას მოპასუხის მხრიდან.

21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს სახით 22543 ლარის ოდენობით დაკისრებას სპს ,,ბ------ ქ-------ეზე" სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.7. პუნქტში არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულ მოთხოვნას, რადგანაც 2009 წლის 21 დეკემბრის №46 ხელშეკრულების მე-3 მუხლის 4.4. პუნქტის თანახმად თუ რეალიზატორი არღვევს საკონსიგნაციო ვადას და ამ ვადის განმავლობაში ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, იგი გადაიხდის საურავის თანხის 0,2 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2009 წლის 21 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე საურავის სრულმა თანხამ შეადგინა 278 056 ლარი, მიუხედავად ამისა შპს ,,მ---------მა" გამოიჩინა კეთილი ნება და მოითხოვა ამ თანხის ნაწილი, რაც შეადგენს 22543 ლარს.

22. აპელანტის განმარტებით: ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს ,,მ---------ის" სარჩელი შეტანილი იქნა 2016 წლის 02 აგვისტოს, საქმის განხილვა დამთავრდა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სასამართლოში საქმის განხილვის დროს 2017 წლის 13 თებერვალს შემოსავლების სამსახურის აუდიტის საგადასახადო შეტყობინების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 მარტის №6365 ბრძანებით შპს ,,მ---------ის" (ს/ნ 2--------) საქმიანობის გასვლითი შემოწმების შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, ამავე წლის 13 მარტს დაიწყო საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეეხო 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 იანვრამდე პერიოდს. შემოწმება დასრულდა 2017 წლის 12 დეკემბერს. ვინაიდან საქმის სასამართლოში განხილვის დროს შპს ,,მ---------ში" მიმდინარეობდა აუდიტორული შემოწმება, საპატო მიზეზით ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული აუდიტორული შემოწმების მასალები. აუდიტორული შემოწმების მასალებში მითითებულია ყველა ის პირი, ვისთანაც აღნიშნულ პერიოდში სახელშეკრულებო ურთიერთობა გააჩნდა შპს ,,მ---------ს", მათ შორის, შესწავლილია ამ პერიოდში სპს ,,ბ------ ქ-------ეზე" მიწოდებული პროდუქციისა და დარჩენილი დავალიანების შესახებ ყველა მონაცემები და დადგენილია, რომ მას ნამდვილად გააჩნია შპს ,,მ---------ის" დავალიანება. ახალი გარემოების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებლობა გამოიწვია იმან, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ იყო დასრულებული სახელმწიფო აუდიტის მიერ შპს ,,მ---------ში" დაწყებული აუდიტორული შემოწმება, აღნიშნული აუდიტორული მასალებით და აქტით კი მთლიანად დასტურდება ის ფაქტი, რომ შპს ,,მ---------თან" სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნამდვილად იმყოფებოდა სპს ,,ბ------ ქ-------ე" და გააჩნდა მის მიმართ დავალიანება 68 577 ლარის ოდენობით. აპელანტმა მტკიცებულების სახით აუდიტორული შემოწმების მასალებისა და დებიტორების ცხრილის საქმეზე დართვა იშუამდგომლა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

24. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

25. პალატა მიუთითებს, სსსკ 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც „მოსარჩელემ სარჩელს უნდა დაურთოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. . . . მოსარჩელე ვალდებულია სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა”.

დადგენილია, რომ შპს „მ---------ის“ სარჩელი მტკიცებულებათა წარდგენისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობას არ შეიცავდა; ამასთან 1-ლ ინსტანციაში საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მათი მოპოვების, საქმის განხილვის გადადების ან შეჩერების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა მხარეს სასამართლოში არ დაუყენებია.

26. სსსკ 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა”.

27. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის საოქმო განჩინებით, ზემოაღნიშნული მიზეზით (დაგვიანებით წარმოდგენილი მტკიცებულებები) აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე თანდართული აუდიტორული შემოწმების მასალებისა და დებიტორების ცხრილის საქმეზე დართვაზე, რის გამოც სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებს მითითებულ მტკიცებულებებზე.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს პალატა განმარტავს შემდეგს:

28. დადგენილია, რომ შპს ,,ჰ-----------მა", შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს ,,მ---------ი", ხოლო სპს ,,ბ------"-ს ცვლილების შემდეგ ეწოდა სპს ,,ბ------ ქ-------ე".

29. დადგენილია, რომ შპს „ჰეკატე P.S.-ს“ და სპს „ბ-------ს“ შორის, 2009 წლის 21 დეკემბერს, გაფორმდა N46 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებმა აიღეს ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებული ფარმაცევტული, სამედიცინო დანიშნულების და პარაფარმაცევტული საქონლის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის შესახებ, რაც ხორციელდებოდა მიწოდების საფუძველზე. (ტ.1. ს.ფ.16).

30. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულეები; მხარეები ვალდებულნი არიან: 3.1.1. დროულად და შეუფერხებლად მოახდინონ ყველა სახის მომსხურება, რაც დაკავშირებულიასაქონლის სრულფასოვნად გაცემასთან; 3.1.2. მხარეებს პროდუქცია უნდა მიეწოდოს ხარისხიანი, სერტიფიცირებული და რეგისტრირებული საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. ხარისხის სერთიფიკატების ქსეროასლი გაიცემა მხარეებს შოის მათივე მოთხოვნის საფუძველზე; 3.1.3. „საქონლის“ ვარგისიანობა და რაოდენობა უნდა შემოწმდეს ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება; 3.1.4. მხარეებმა პროდუქციის შეფუთვა ისე უნდა უზრუნველყონ, რომ ვარგისი და უსაფრთხო იყოს ტრანსპორტირებისთვის. 3.1.5. ფორს - მაჟორული სიტუაციის დროს მხარეები თავისუფლდებიან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან;

31. პროდუქციის მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესი შემდეგნაირად განისაზღვრა: 4.1. „საქონელი“ მხარეებს მიეწოდება ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიების ურთიერთწარდგენის შემდეგ, წარმომადგენლის შემთხვევაში მინდობილობისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის არსებობის სემთხვევაში. 4.2. მყიდველს საქონელი მიეწოდება შესაბამისი ღირებულების წინასწარი გადახდის შემთხვევაში, თანხა შეიძლება გადახდილი იქნეს, როგორც ნაღდი სახით“მიმწოდებლის“ ბუღალტერიაში, ისე მის ანგარიშზე გადარიცხვის გზით. 4.3. თუ მხარეთა შეთანხმებით მოხდა საქონლის მიწოდება გადახდის განვადებით, მაშინ შეთანხმებული ვადა ჩაიწერება ანგარიშ - ფაქტურაში. 4.4. თუ რეალიზატორი არღვევს საკონსიგნაციო ვადას და ამ ვადის განმავლობაში ვერასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, იგი გადაიხდის საურავს თანხის 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (ტ.1. ს.ფ.16).

32. დადგენილია, რომ მითითებულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხისაგან პროდუქციის ნასყიდობის, მიწოდების საფასურს, თუმცა მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების და მოპასუხის დავალიანების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება მაგ: ანგარიშ - ფაქტურები და ა.შ.

33. მოსარჩელე საქონლის მიწოდებისა და დავალიანების არსებობის დადასტურებას შეეცადა შპს „მ---------ის“ მიერ ცალმხრივად შედგენილი ბარათებით და ჩანაწერებით, ე.წ. შავი ჩანაწერებით რაც ცხადია არ წარმოადგენს სანდო და უტყუარ მტკიცებულებას საქონლის მიწოდებისა და დავალიანების არსებობის დასადასტურებლად.

34. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე თანდართულ აუდიოჩანაწერს, რომლითაც მას სურს დაამტკიცოს მოპასუხისათვის სწორედ 2011 წლამდე პერიოდში საქონლის მიწოდებისა და დავალიანების არსებობის ფაქტი, აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 04 მაისს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო საქმეში პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე (იხ.№ას-1155-1101- 2014). [საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო წარმოადგენს თუ არა ორი ფიზიკური პირის პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი დასაშვებ მტკიცებულებას აღნიშნულ პირთა შორის სამოქალაქო დავის პროცესში. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერი მოცემულ საქმეში საპროცესო - სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებ მტკიცებულებას. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნულ განჩინებაში განმარტა, რომ თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა (კერძო სფეროში ჩარევა) ემსახურებოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გარემოების დასადგენად ფარული აუდიო-ჩანაწერი, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, არ შეიძლება იქნას გამოყენებული.]

35. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი პირადი საუბრისას გახორციელებული აუდიო ჩანაწერი, რასაც მოპასუხე მხარე არ შედავებია. შესაბამისად სააპელაციო პალატამ რომც მიიჩნიოს დასაშვებად ზემოაღნიშნული მტკიცებულება და იმსჯელოს მასზე არსებითად, პალატის მოსაზრებით მითითებული მტკიცებულებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ხორციელდებოდა 2011 წლის შემდეგ, ვიდრე 2016 წლამდე და რომ ბ------ ქ-------ის დავალიანება მოსარჩელის წინაშე სწორედ ამ მიწოდების გამო შეადგენს 68 577 ლარს. (იხ. აუდიოჩანაწერი)

თუმცა პალატა აქვე განმარტავს,რომ ამა თუ იმ მტკიცებულების დასაშვებად მიჩნევა არა მხარის არამედ-სასამართლოს შეფასების საკითხია.

პალატა მიიჩნევს, რომ უდიოჩანაწერი, რომელსაც მოთხოვნის დასადასტურებლად და სამტკიცებლად მოიხმობს მოსარჩელე მხარე- დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ეს მტკიცებულება დასაშვები იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის მიერ თვითდახმარების ფარგლებში შეიქმნებოდა (ჩაიწერებოდა) და თავისთავად ერთადერთი გზა იქნებოდა მოსარჩელის უფლების დასაცავად. ასეთი რამ, კი ისეთ ვითარებაში, როცა მოსარჩელე აცხადებს, რომ გააჩნია კანონშესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები (რომელიც ამჟამად აუდიტის შემოწმების შედეგად მის ხელთ არა) ამ ვალდებულების დასადასტურებლად-ცხადია სრულიად დაუდასტურებელია.

პალატის მოსაზრებით თვითდახმარების ფარგლები, და ე.წ. ,,ერთადერთი გზა“ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვა გზა და საშველი, მართლაც არ არსებობს იმისათვის, რათა საშუალო წინდახედულობის მქონე ადამიანმა სათანადო ზრუნვისა და წინდახედულობის ფარგლებში შექმნას ესა თუ ის კანონშესაბამისი მტკიცებულება. იმგვარ რეალობაში კი, როცა მხარემ საერთოდ არ იზრუნა, არც მიუთითა და არც წარადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები სათანადო დროს და სათანადო ადგილზე ანუ სასამართლოში (თუ კი ასეთი მტკიცებულებები მართლაც არსებობს) ფარულად განხორციელებულ აუდიოჩანაწერს სასამართლო ვერ მიიჩნევს თვითდახმარების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად.

ე.ი. პალატა მიიჩნევს, რომ ფარული აუდიოჩანაწერის შექმნა მოსარჩელის მიერ არ იყო ერთადერთი გზა თვითდახმარების ფარგლებში საკუთარი უფლებების დასაცავად.

36. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მტკიცების ტვირთის გადანაწილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნა და ამ ურთიერთობის საფუძველზე გარკვეული საქონლის მიწოდების მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელე მხარეს, რისი დამტკიცება და დადასტურებაც მან ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო;

სააპელაციო სასამართლოში იმ გარემოებაზე მითითება (და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა-აუდიტის მასალების სახით) რომ სწორედ ეს მტკიცებულებები ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდების ფაქტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელი მითითებაა, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებაც-თავისთავად დაუშვებელი, რის გამოც იგი არ მიიღო (არ ცნო დასაშვებად) სააპელაციო სასამართლომ დაუბრუნა უკან მის წარმომდგენს და შესაბამისად ამისა ვერც გახდება მისი შეფასების საგანი.

 

37. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;

38. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;

39. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

40. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება;

41. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

44. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);

45. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ის მოპასუხეს აწვდიდა გარკვეული სახის მედიკამენტებს, დავალიანებამ შეადგინა 68 577 ლარი, და რომ ეს თანხა მისთვის მოპასუხეს არ გადაუხდია.

განსახილველ შემთხვევაში პალატა ვერ დაეთანხმება მოსარჩელის იმ მოსაზრებას,რომ საქონლის მიწოდების ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან ეს ფაქტი მოპასუხემ შესაგებელში დაადასტურა.

თუ განვიხილავთ მოპასუხის შესაგებელს (ს.ფ. 158-დან) იგი შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ ადასტურებს 2009 წელს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს პროდუქციის გადაცემასთან დაკავშირებით რაც შეეხება გადაცემული პროდუქციის რაოდენობას 2009 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში ამის დადგენას ამ ეტაპზე ახორციელებს და პოზიციას წარმოადგენს მოგვიანებით.

მოგვიანებით წარმოდგენილი პოზიციით, კი მოპასუხემ დაადასტურა, რომ პროდუქციის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ 2011 წლამდე პერიოდში, რისი საფასურიც მას გადახდილი აქვს ამის შემდგომ პერიოდში მოსარჩელეს მისთვის არანაირი საქონელი არ მიუწოდებია და რომც მიეწოდებინა მოთხოვნა ხანდაზმულია.

იმ ფაქტობირივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2011 წლის შემდგომ მოსარჩელემ მოპასუხეს მართლაც მიაწოდა კონკრეტული ოდენობისა და ღირებულების საქონელი საქმის მასალებით-სრულიად დაუდასტურებელია.

 

ცხადია, თუ პალატა ჩათვლის დადასტურებულად 68 577 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტს- მაშინ ამ ნასყიდობის მიწოდების საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი მიმღებზე, მყიდველზე გადადის.

პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ვერანაირი სანდო და სამართლებრივად ღირებული მტკიცებულების წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წლის შემდგომ იგი კონკრეტული ოდენობისა და ღირებულების პროდუქციას აწვდიდა მოპასუხეს, რომელიც მის მოთხოვნას დაადასტურებდა, მხოლოდ შავი ჩანაწერები ე.წ. ,,საქონლის გაცემის, თანხის გადახდის, დარჩენილი დავალიანებისა და სრული საურავის გამოთვლის ჯამური უწყისი“, რომელიც განთავსებულია ს.ფ. 18-დან ს.ფ. 50-მდე და ასევე ე.წ. საბრუნავი საშუალებების აქტივ-პასივი ს.ფ. (54-დან 111-მდე) რომელიც მოსარჩელისვე განმარტებით მის მერ გაკეთებული შავი ჩანაწერებია სახელმძღვანელოდ, ცხადია სრულიად არასაკმარისი მტკიცებულებებია გარკვეული ღირებულების საქონლის გარკვეულ პერიოდში მიწოდების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის.

46. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე

48. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარემ სათანადო, სანდო და უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენით ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ 2011 წლიდან 2016 წალმდე პერიოდში აწვდიდა გარკვეული ოდენობისა და ღირებულების საქონელი მოპასუხეს, ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სპს ბ------ ქ-------ის“ მხრიდან დავალიანების არსებობა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია შესაბამისად უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.

პალატა კიდევ ერთხელ მიაპყრობს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ შესაგებელში უარყო (ნაწილობრივ) მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, ამასთან მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

უდავოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 2011 წლის შემდგომ ვიდრე 2016 წლამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული საქონლის ოდენობასა და ღირებულებას.

უდავოა, რომ ასეთ შემთხვევაში დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული რომ 2011 წლის შემდგომ მოსარჩელეს არანაირი მიწოდება არ განუხორციელებია, რაც თავისთავად სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, ასევე სამი წელია,ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

რაც შეეხება ფარულ აუდიოჩანაწერს, მას სასამართლომ უკვე მისცა შეფასება, თუმცა პალატა აქვე მიუთითებს რომ, რომც მიიჩნიოს იგი სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად, ამ მტკიცებულებით სადაო ფაქტობრივი გარემოება-(ანუ 2011 წლის შემდგომ გარკვეული ოდენობისა და ღირებულების მოპასუხისათვის მიწოდების ფაქტი) სრულიად დაუდასტურებელია.

49. უდავოა, რომ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის თაობაზე წარდგენილი სარჩელის უარყოფა იწვევს გადაუხდელ თანხაზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნის უარყოფასაც.

50 შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;

 

საპროცესო ხარჯები

 

51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

52. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, შპს „მ---------ის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3644,80 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

53. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს „მ---------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელემწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: მოსამართლეები: თამარ სვანიძე სიმონ ჩხაიძე ირმა პერანიძე