განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003296174
№1ბ/1996-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზინიკო ქობალია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ჯ------ მ--------ი
მსჯავრდებული: დ-–--- ა-–---ი, დაბადებული: 1----–-–----------------–-, პასპორტის ნომერი: C0-------, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა------------------------–-------------------------------------------ში.
დ-–--- ა-–---ის მონაწილეობის გარეშე.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-–--- ა-–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ------ მ--------მა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბერს დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად დ-–--- ა-–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დაარღვია საქართველოს სსსკ–ის 21 თავით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნები, კერძოდ მოსამართლემ შუამდგომლობის განხილვისას არ გაარკვია საქართველოს სსსკ–ის 212-ე მუხლში ჩამოყალიბებული ვალდებულებები. დ-–--- ა-–---ს დანაშაული არ ჩაუდენია, მიუხედავად საქმის გარემოებების და მყარი ფაქტებისა რომ დ-–--- ა-–---ს დანაშაული არ ჩაუდენია, მოსამართლემ მაინც არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარმოდგენილ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მტკიცებულებები და ფაქტიურად განაჩენი დაამყარა უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ და არარსებულ მტკიცებულებებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დ-–--- ა-–---ის მიმართ გამოტანილ იქნას გამამართლებელი განაჩენი.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, ბრალდების მხარემ, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა, ზინიკო ქობალიამ შესაგებელი წარმოადგინა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულ დ-–--- ა-–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ------ მ--------მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, დააზუსტა მოთხოვნა, რომ გაუქმდეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე დაუბრუნდეს პროკურატურას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზინიკო ქობალიამ, მხარი დაუჭირა შესაგებელს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
დ-–--- ა-–---მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 ნოემბერს დ-–--- ა-–---მა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 27 065.44 ლარის საბაჟო ღირებულების 7 მობილური ტელეფონი - Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზინიკო ქობალიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ დ-–--- ა-–---ს შორის 2019 წლის 21 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ-–--- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ქონების ჩამორთვა, კერძოდ დანაშაულის საგნის – 7 ცალი მობილური ტელეფონის – Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB ჩამორთმევა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ - საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, სასამართლოში სრულყოფილად არ იქნა გარკვეული საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული გარემოებები და განაჩენი ეყრდნობა დაუსაბუთებელ და არარსებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით და არც აპელანტს წარმოუდგენია თავისი პოზიციის დასასაბუთებლად რაიმე მტკიცებულება, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლის თანახმადაც 2019 წლის 21 ნოემბერს დ-–--- ა-–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---–- გ----–-–---–მა მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტს და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რის საფუძველზეც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება იმ პირობით, რომ დ-–--- ა-–---ი ცნობილ იქნებოდა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმეოდა კონტრაბანდული საქონელი 27 065.44 ლარის საბაჟო ღირებულების 7 მობილური ტელეფონი - Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB. ამავე განცხადებაში დ-–--- ა-–---ი თარჯიმნის და დამცველის მონაწილეობით აღნიშნავს, რომ აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ დანაშაულს, ადვოკატისაგან მიღებული აქვს იურიდიული დახმარება, აღნიშნულ პირობებზე ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს.
2019 წლის 21 ნოემბრის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა დ-–--- ა-–---მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის საფუძველია ბრალდებულის აღიარება და შეთანხმება სასჯელზე. ბრალდებულს განემარტა, რომ პროკურორი იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც დ-–--- ა-–---ი ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრება ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა დანაშაულის საგანი - 27 065.44 ლარის საბაჟო ღირებულების 7 მობილური ტელეფონი - Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB.
საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ბრალდებული (თარჯიმნის მონაწილეობით) გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების თაობაზე და განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება მტკიცებულებების უშუალო და ზეპირად გამოკვლევის გარეშე. დ-–--- ა-–---ს ასევე განემარტა, რომ აღნიშნული საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან და საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, რომ ბრალდებულს და ადვოკატს უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნა საპროცესო შეთანხმების დადების ოქმზე.
დ-–--- ა-–---მა განაცხადა, რომ მისთვის გასაგები იყო აღნიშნული შეთანხების არსი და იგი დაეთანხმა მასში არსებული ყველა პირობის შესრულებას; აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების შინაარსი მისთვის გასაგები იყო, რაც ფორმდებოდა ყოველგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ და იგი თანახმა იყო შეთანხმების გაფორმებაზე. აღნიშნული ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ ოქმს გაეცნო დ-–--- ა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატი და ასევე ეთარგმნა დ-–--- ა-–---ს, მათი მხრიდან რაიმე შენიშვნა, დამატება ან განცხადება არ გაკეთებულა და საპროცესო შეთანხმების ოქმში ასახული, საპროცესო შეთანხმების შინაარსის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით. აღნიშნულ ოქმს ასევე ხელს აწერს თარჯიმანი.
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას (როგორც სხდომის ოქმის ჩანაწერიდან ირკვევა), პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, თარჯიმნის მონაწილეობით, დეტალურად გამოიკვლია ყველა საკითხი და დარწმუნდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედებოდა, ასევე სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებდა. დ-–--- ა-–---ისთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. დაცვის უფლების, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის უფლების შესახებ. მსჯავრდებული დაეთანხმა ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძვლებს. დაადასტურა, რომ დაცვის მხარესა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა იყო ასახული საპროცესო შეთანხმებაში, სრულად გაეცნო საქმის მასალებს ადვოკატთან ერთად, საპროცესო შეთანხმება დადებული იყო ნებაყოფლობით და ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას, დაშინებას, მუქარას, მოტყუებას და უკანონო დაპირებას. სასამართლოს მიერ ასევე განემარტა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელ მოპყრობის შემთხვევაში საჩივრის შეტანის უფლება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს არ განემარტა საქართველოს სსსკ–ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და სასამართლოს მიერ არ იქნა შემოწმებული საქართველოს სსსკ–ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რადგან მსგავსი საქმის მასალებით (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი) არ დასტურდება.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, მსჯავრდებულ დ-–--- ა-–---ის უდანაშაულობასა და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე. ვინაიდან, გარდა დ-–--- ა-–---ის აღიარებითი ინფორმაციისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი უტყუარი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: - მოწმეების გ------- ო-----ს, ნ---- ქ-–---–---–ის, მ------ შ--–--ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ხელბარგის დათვალიერების ოქმით, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 7 ცალი მობილური ტელეფონი – Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB-ით, საზღვრის კვეთის თაობაზე ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ-–--- ა-–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამოწმა რა საქმის მასალები, ბრალდების დასაბუთება, აგრეთვე მოთხოვნილი სასჯელის სამართლიანობა და იმის გათვალისწინებით, რომ დ-–--- ა-–---ი აღიარებდა და ინანიებდა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილშიც და დ-–--- ა-–---ის მიმართ დანიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ-–--- ა-–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ------ მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ-–--- ა-–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, რადგან არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენის გაუქმების, კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ-–--- ა-–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ------ მ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დ-–--- ა-–---ს მიმართ, დარჩეს უცვლელი.
დ-–--- ა-–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ–ის 52-ე მუხლის საფუძველზე, დ-–--- ა-–---ს დამატებითი სასჯელის სახით, როგორც დანაშაულის საგანი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას – 7 ცალი მობილური ტელეფონი – Apple Iphone 11 PRO MAX Midnight Green 256 GB.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე