განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002993783
საქმე N 1ბ/20-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28.01.2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე: თ----- პ----ა
დაცვის მხარე: მ------ კ---------ე
გამართლებული: მ--------- ა----ი (პასპორტის ნომერი K--------), დაბადებული 1----–-–---------------ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ქ.ა--------–---–-------------, დროებით მცხოვრები თბილისში, ი---------- ქუჩა, 1-ლი კორპუსი, ბინა #67.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
მ--------- ა----ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ----- პ----ამ და მოითხოვა მსჯავრდებულ მ--------- ა----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ--------- ა----ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--------- ა----ის ბრალეულობას საქართველოს სსკ- ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მიხედვით საქმეზე ჩატარებულია ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიება. ჩხრეკის დაწყებამდე მ--------- ა----ი გაეცნო დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობის გამო ავტობუსის ჩხრეკის თაობაზე, თუმცა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერების წარმოდგენაზე თქვა უარი, შემდეგ კი უარყო ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მისდამი კუთვნილება. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალებზე დადასტურდა მ--------- ა----ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილის არსებობა. ის გარემოება, რომ უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისას იქ არ იყვნენ გამართლებული და თარჯიმანი, ეს არ წარმოადგენს რაიმე არსებით დარღვევას ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, ჩხრეკა ტარდებოდა ღამის საათებში ავტობუსში, რომელსაც აქვს არაერთი სათავსო და მოხდა ნივთიერების სანტრიმეტრობით დაძებნა, მისი აღმოჩენა შეიძლება მოხდეს ერთი კონკრეტული მჩხრეკელის მიერ, რასაც შემდეგ ნახავენ იქ მყოფი ჩხრეკის სხვა მონაწილეები. საქმის ნეიტრალური მოწმეები ადასტურებენ ნარკოტიკის ფუთების აღმოჩენას ავტობუსის საბურავების ქვეშ, რაც მაშინვე დაფიქსირდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, ფოტოსურათების გადაღებით, სწორედ აღმოჩენიდან - დალუქვამდე. ის გარემოება, რომ გამომძიებლების ჩვენებაში ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო უზუსტობას, ეს გამოწვეულია დროის ფაქტორით, ისინი დაიკითხნენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან დაახლოებით 7 თვის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ სრულყოფილად უნდა შეაფასოს განსახილველ საქმეში არსებული პირდაპირი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ--------- ა----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) უკანონოდ შეძენა- შენახვა.
2019 წლის 26 მარტს, თბილისში, დ--------------–-ას ქ.#1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, მ--------- ა----ის მართვის ქვეშ მყოფი, ყვითელი ფერის MAN-ის მარკის ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით 1-------, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 14,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და 0,6157 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი, შვიდ პაკეტად დაფასოებული 697 ცალი აბი.
სამართლომ დაადგინა:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
პალატამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დაადგინა: მ--------- ა----ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტი, შესაბამისად, მ--------- ა----ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- პ----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი მ--------- ა----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ------------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, იგი როგორც თარჯიმანი, ესწრებოდა მ--------- ა----ის მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკას. ასევე, ავტობუსის, ოფისისა და ბინის ჩხრეკებს, რომელსაც რამოდენიმე პოლიციელი ატარებდა. პოლიციელებს ავტობუსის ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ, რის შემდეგაც ისინი ავტობუსიდან ჩავიდნენ, თვითონ და მ--------- ა----ი კი ავტობუსში დარჩნენ. როდესაც დაუძახეს და ჩავიდნენ, დაინახა, რომ ავტობუსის უკან, მიწაზე, საბურავის მხარეს, პოლიციელები ნარკოტიკებს ხსნიდნენ. ნარკოტიკებთან დაკავშირებით მ--------- ა----ი ამბობდა, რომ მისი არ იყო. პოლიციელებმა შეადგინეს ოქმები, რასაც ხელი მოაწერეს. მ---------ს ოქმზე ხელი არ მოუწერია, რადგან ამბობდა, რომ ნარკოტიკები მისი არ იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-------------------ას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, თბილისში, გ---–--ს ქ.#1-ში ჰქონდა ნაქირავები ოფისი, სადაც მისი კუთვნილი შპს ,,ო-----ი‘‘ მგზავრების გადმოყვანას ემსახურებოდა თეირანიდან თბილისში. ხელშეკრულების საფუძველზე, რეისებს ირანული კომპანია ,,-------------ს‘‘ მძღოლები ასრულებდნენ. ავტობუსზე მძღოლად მუშაობდა მ--------- ა----ი, რომლისთვისაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი შეუნიშნავს და მხოლოდ დადებითად დახასიათება შეუძლია. 2019 წლის მარტში, ღამის საათებში, დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და ფირმაში მისვლა სთხოვა, რადგან დაკავებული ჰყავდათ მძღოლი. ადგილზე რომ მივიდა, პოლიციელებმა უთხრეს, რომ ნარკოტიკი ამოიღეს. მ---------ი ავტობუსში იჯდა, ჩამოიყვანეს და ოფისისკენ წაიყვანეს, რა დროსაც ხელებით ანიშნებდა, ჩემი არ არისო. პოლიციელებმა ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, არაფერი ამოუღიათ, შემდეგ კი, როგორც იცის, ბინის გასაჩხრეკად წავიდნენ. მ---------თან ერთად იმ დღეს ორი მძღოლი იყო, რომლებმაც, როგორც ახსოვს, პირველად გააკეთეს რეისი მასთან. მეორე დღეს ერთი მათგანი ამბობდა, ჩქარა უნდა წავიდეო, და წავიდა. ავტობუსი სხვამ წაიყვანა. არც ერთი მათგანი ამ ამბის მერე არ უნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მონაწილეობდა ბრალდებულის პირად, მანქანის, ოფისის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკებსა და დაკავებაში. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თანამშრომლებთან და თარჯიმანთან ერთად, გამოცხადდა ორთაჭალის ავტოსადგურში. ვინაიდან თან ჰქონდათ ბრალდებულის სურათი, იცოდნენ ავტობუსის მარკა, ნომერი და საზღვრის კვეთის დრო, მოახდინეს ავტობუსის იდენტიფიცირება, სადაც მამაკაცი იდგა, რომელიც ფოტოსურათზე მ---------ს წააგავდა. წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩხრეკის შედეგად მ--------- ა----ს არაფერი აღმოჩენია. გაჩხრიკეს ავტობუსიც, რომლის სალონში არაფერი აღმოჩნდა. ავტობუსის მარჯვენა ბორბლის უკან, მიწაზე იდო პარკი, შეცურებული იყო ისე, რომ ბორბალსაც ეხებოდა და მიწასაც. პარკში იდო ნარკოტიკები შვიდ პაკეტად, რომელთაგან ექვს ცალს შავი ე.წ. სკოჩი ჰქონდა დახვეული, ერთი ცალი გამჭირვალე იყო. პაკეტების გახსნისას შიგნით აღმოჩნდა მონაცრისფრო ფერის აბები. კანონით დადგენილი წესით მოხდა აბების ამოღება და დალუქვა, რასაც ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც შემდეგ დააკავეს. ავტობუსის შემდგომ ოფისისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ შედეგად არაფერი ამოღებულა.
ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე ნ-----------–--ემ, რომელმაც განმარტა, რომ მ--------- ა----ის პირადი ჩხრეკის შემდეგ, ორთაჭალის სადგურის ტერიტორიაზე, ჩაატარეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკა, რასაც დაესწრო თარჯიმანი. ავტობუსის ჩხრეკისას მარცხენა მხარეს, უკანა საბურავთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპოვნი იქნა გადაგდებული პოლიეთილენის პარკი, ნივთიერებით. პარკი შიგნითა სივრცეში არ ყოფილა, გარედან იყო. ადგილზე მოხდა პაკეტების გაშლა, რომელიც წებოვანი ლენტებით იყო შეკრული. პაკეტებში აბები აღმოჩნდა. ყველაფერი დასურათდა და დაერთო ჩხრეკის ოქმს. მ--------- ა----ი და თარჯიმანი იმ მომენტშიც, როდესაც ფუთები იპოვეს, იქ იყვნენ და ესწრებოდნენ გახსნასაც. მოწმისვე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ავტობუსში მგზავრები არ ყოფილან, არც მეორე მძღოლი და არც სხვა პირი იქ არ ყოფილა. ბრალდებული მარტო იყო.
მოწმეების - ი--------------სა და კ---------------ის გამოკითხვის ოქმები საჯაროდ იქნა წაკითხული, ვინაიდან 2019 წლის 27 მარტს ორივე მათგანს გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი და უკან აღარ დაბრუნებულან. ამასთან, ვერ მოხერხდა მათთან დაკავშირება დისტანციურად დაკითხვის მიზნით.
მოწმე ი------------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, გზაში თეირანიდან თბილისში ავტობუსის საჭესთან მორიგეობით ისხდნენ კ------- ქ-----ი და მ--------- ა----ი. თბილისში ჩამოვიდნენ 2019 წლის 26 მარტს, ორთაჭალაში, ავტოსადგურში ავტობუსი დაცალეს მგზავრებმა, შემდგომ კ------- ქ-----ი მოსასვენებლად წავიდა ნაქირავებ ბინაში, თვითონ კი, მ--------- ა----თან ერთად, დარჩა ავტობუსთან, რა დროსაც დაასუფთავეს ავტობუსი. შემდგომ მ--------- ა----ი ავტოსადგურზე არსებული ჯიხურების მიმართულებით წავიდა, თვითონ ავტობუსთან დარჩა. რამდენიმე ხანში ის პოლიციის ფორმიანი პირების თანხლებით ავტობუსისკენ მომავალი დაინახა. ამის შემდგომ პოლიციელებმა, მ--------- ა----ის თანდასწრებით, მოახდინეს ავტობუსის ჩხრეკა. როდესაც მათ დაიწყეს ავტობუსის საბარგულების შემოწმება, შენიშნეს, ავტობუსის მარჯვენა მხარეს, უკანა საბურავთან, მიწაზე დაგდებული ცელოფნის პარკი, რომლის გახსნის შემდგომ მასში, როგორც შენიშნა, იპოვეს ცელოფნის მოგრძო შეკვრები. როგორც მიხვდა, პოლიციელებმა აღნიშნული შეკვრები გახსნეს და დაათვალიერეს, რის შემდგომაც რა ქნეს, არ იცის, რადგან უკვე გაჩხრეკილ ავტობუსის სალონში ავიდა. რამდენიმე ხანში მ--------- ა----ს პოლიციელებმა ხელბორკილი დაადეს. მ--------- ა----ისგან და იქ მყოფი სპარსულენოვანი თარჯიმნისგან გაარკვია, რომ პოლიციელებს საბურავის ქვეშ მიწაზე დაგდებულ ცელოფნის პაკეტში ნარკოტიკების შემცველი აბები უპოვიათ და მ--------- ა----ისთვის დაუბრალებიათ. აღნიშნული ცელოფნის პარკი და მასში არსებული შეკვრები თვითონ პირველად ნახა და არ იცის, ვინ დააგდო ის ავტობუსის უკანა მარჯვენა საბურავის ქვეშ, მიწაზე. არც კ------- ქ-----ისთვის და არც მ--------- ა----ისთვის რამე საეჭვო საქციელი არ შეუნიშნავს, გამორიცხავს მათ კავშირს ნარკოტიკებთან, ავტობუსის ბორბლის ქვეშ ნაპოვნ ნარკოტიკებიან პარკს მათთან არანაირი შეხება არ აქვს.
მოწმე კ------- ქ-----ის გამოკითხვის ოქმით, ორთაჭალის ავტოსადგურში მისვლის შემდეგ სახლში წავიდა, მ---------ი ავტობუსში დარჩა, იუნეს ნასირთან ერთად. ღამით ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოუღიათ. საიდან და რა ვითარებაში მოხვდა მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის უკანა საბურავთან ნარკოტიკული საშუალება, არ იცის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - დ----------------------------------–-------------------–---------–----ა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა.
ავტობუსის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 26 მარტს, 21:15 საათიდან 23:05 საათამდე პერიოდში, თბილისში, დიმიტრი გ---–--ს ქ.#1-ის ტერიტორიაზე მდებარე ორთაჭალის ავტოსადგურის ეზოში, ყვითელი ფერის MAN-ის ფირმის ავტობუსის ჩხრეკისას, უკანა მარჯვენა საბურავის უკანა მხარეს, მიწის ზედაპირზე, აღმოჩენილ იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც მოთავსებულია 7 ცალი ცილინდრის ფორმის ფუთა, რომელთაგან 6 ფუთას შემოკრული აქვს შავი ფერის წებოვანი ლენტი, ე.წ. იზოლენტა, ხოლო მე-7 ფუთა არის გამჭვირვალე პოლიეთილენის, რომელსაც შემოკრული აქვს გამჭვირვალე წებოვანი ლენტი. საბოლოოდ, ავტობუსის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა 7 ცალი ცილინდრის ფორმის ფუთა, მასში მოთავსებული 697 აბით.
ქიმიური ექსპერტიზის #1440/სქ-#1560/ქრ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი 7 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფერის მრგვალი ფორმის 683 ცალი მთლიანი ტაბლეტი, 3 ცალი გატეხილი ტაბლეტი და 24 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საერთო წონით 165,77 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ტრამადოლს - 14,58 გრამის ოდენობით, მეთადონს (მარილი) - 0,6157 გრამის ოდენობით, და არანარკოტიკულ მინარევებს - კოფეინს, ლიდოკაინს. აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ნანა ლომსაძემ და ალექსანდრე დადიანიძემ.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #002468119 დასკვნით, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,...პოლიეთილენის პარკში ე.წ. ფაილში მოთავსებული სერი ფერის მრგვალი ფორმის 697 აბი წარწერით f-M20‘‘ მოთავსებულ: ოთხ სხვადასხვა თეთრი ფერის ძაფით თავმოკრულ პარკში მოთავსებულ ერთმანეთზე შეწებებულ წებოვანი ლენტის ფრაგმენტებზე (ობ. #4,6,9,13) და პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ. #5,7,10,14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #4,6,7,9,10,13,14-ის პროფილების მაჟორული წილი და ობ. #5-ის პროფილის ერთი წილი მ--------- ა----ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე------------------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის #46/22-181 დასკვნით, ავტობუსიდან ამოღებული სუნის კვლის ნიმუში იდენტურია მ--------- ა----ისგან აღებულის სუნის კვლის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მანუჩარ ჩიხრაძემ.
მ--------- ა----ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შპს ,,ო-----თან‘‘ დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2 წელი მუშაობდა მძღოლად თეირანი-თბილისის მარშრუტის ავტობუსზე. დაკავების წინა დღეს, მეორე მძღოლთან და დამხმარესთან ერთად, გამოვიდა თეირანიდან. ირანისა და თურქეთის ტერიტორიაზე საჭესთან თვითონ იჯდა, ხოლო საქართველოს საზღვარზე გადმოსვლის შემდეგ მეორე მძღოლი დაჯდა. თვითონ თბილისამდე ეძინა. გაიღვიძა, თბილისში როდესაც შემოვიდნენ. ორთაჭალის ავტოსადგურში ავტობუსი მგზავრებისგან დაიცალა. მეორე მძღოლი ნაქირავებ ბინაში წავიდა, სადაც მორიგეობით ცხოვრობდნენ თეირანიდან ჩამოსული მძღოლები. დაახლოებით ერთ საათში, ავტობუსში დატოვა დამხმარე, რომელიც ავტობუსს ასუფთავებდა. თვითონ ვაგზალზე აპირებდა წასვლას. ტაქსს ელოდებოდა, როდესაც მასთან პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს, ნარკოტიკულ საშუალებებს ფლობდა, რაც იუარა. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, მაგრამ არაფერი ამოუღიათ. ამის შემდეგ გაჩხრიკეს ავტობუსი, იქაც არაფერი იყო. შემდეგ პოლიციელები ჩავიდნენ, დაუძახეს, ქვემოთ ჩაიყვანეს და ავტობუსის უკანა მხარეს ნარკოტიკებიანი ცელოფნის პარკი აჩვენეს, რაზეც ეუბნებოდნენ, რომ მისი იყო. აღნიშნულ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, არც უნახავს. არც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს. ამასთან, მ--------- ა----მა თავის ჩვენებაში ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე, წებოვან ლენტებზე, ამოსულ კვალთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის ხშირად იყენებდა წებოვან ლენტს მგზავრების ბარგის შესაკრავად, ავტობუსშიც აქვს, შესაძლოა, სხვა ტვირთიდან მოხსნა ვინმემ და ნარკოტიკს შემოაკრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები: მ--------- ა----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, შპს ,,ო-----ის‘‘ ოფისის ჩხრეკის ოქმი, რომელთა მიხედვითაც, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა, ასევე, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, მ--------- ა----ს არც კლინიკური და არც ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა.
სასამართლომ გამოიკვლია, ასევე, დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები: შპს ,,ო-----ის‘‘ დირექტორ კ-------------------ას ცნობა, რომლის თანახმადაც, მ--------- ა----ი მძღოლად მუშაობდა საქართველო-ირანის ერთობლივ კომპანიაში, და დახასიათება, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი მუშაობის პერიოდში არასდროს ჰქონია დარღვევა და კეთილსინდისიერად თანამშრომლობდა კომპანიაში.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების- ავტობუსის ჩხრეკის ოქმით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ნარკოტიკული საშუალება (ტრამადოლი) და ოდენობით ნარკოტიკული საშუალება (მეთადონის მარილი) - აღმოაჩინეს 2019 წლის 26 მარტს, თბილისში, ყვითელი ფერის MAN-ის ფირმის ავტობუსის უკანა მარჯვენა საბურავის უკანა მხარეს, მიწის ზედაპირზე, თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტში, რომელშიც აღმოჩნდა 7 ცალი ცილინდრის ფორმის ფუთა, მათგან 6 ფუთას შემოკრული ჰქონდა შავი ფერის წებოვანი ლენტი, ე.წ. იზოლენტა, ხოლო მე-7 ფუთა იყო გამჭვირვალე პოლიეთილენის, რომელსაც შემოკრული ჰქონდა გამჭვირვალე წებოვანი ლენტი.
ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია არა უშუალოდ ავტობუსიდან, მისი სალონიდან ან საბარგულიდან, არამედ გარე ტერიტორიიდან, კერძოდ, მიწის ზედაპირიდან, ავტობუსის მარჯვენა საბურავის უკანა მხარეს.
დადგენილია ის გარემოებაც, რომ ხსენებული პაკეტის აღმოჩენა და ამოღება ასახულია მ--------- ა----ის მართვის ქვეშ მყოფი, ყვითელი ფერის MAN-ის მარკის ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით 1-------, ჩხრეკის ოქმში. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თარჯიმანი რ------------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია ის გარემოებაც, მ--------- ა----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკის დროს, რომელსაც რამდენიმე პოლიციელი ატარებდა, პოლიციელებს ავტობუსიდან არაფერი ამოუღიათ, რის შემდეგაც ისინი ავტობუსიდან ჩავიდნენ, თვითონ და მ--------- ა----ი კი ავტობუსში დარჩნენ, ხოლო როდესაც ჩხრეკის მწარმოებელმა პოლიციის მუშაკებმა დაუძახეს და ავტობუსიდან ჩაიყვანეს, ნახეს, რომ მიწაზე, საბურავის მხარეს პოლიციის მუშაკებს ნანახი ჰქონდათ პაკეტი, რომელიც მათ ჩასვლამდე უკვე გახსნილი იყო ჩხრეკის მწარმოებელი პოლიციელების მიერ. მათ შეადგინეს ჩხრეკის ოქმი, თუმცა მ--------- ა----მა ოქმზე ხელი არ მოაწერა, იმ განმატებით, რომ ნარკოტიკები მისი არ იყო.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მ--------- ა----ის გამართლების თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება მ--------- ა----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, მ--------- ა----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დანაშაული შეიძლება იყოს განზრახი და გაუფრთხილებელი. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახვით, ისიც მხოლოდ პირდაპირით, ანუ პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ იძენს და ინახავს.
,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში.
ამავე მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად შენახვაა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა, ხოლო ჰ13) პუნქტით შეძენაა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;
სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისთვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: მ--------- ა----მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) უკანონოდ შეძენა- შენახვა, რაც ამავე დადგენილების თანახმად გამოიხატა მასში, რომ 2019 წლის 26 მარტს, თბილისში, დ--------------–-ას ქ.#1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული, მ--------- ა----ის მართვის ქვეშ მყოფი, ყვითელი ფერის MAN-ის მარკის ავტობუსის, სახელმწიფო ნომრით 1-------, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 14,58 გრამი ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლისა და 0,6157 გრამი, დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი, შვიდ პაკეტად დაფასოებული 697 ცალი აბი.
თუმცა დადგენილია, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მ--------- ა----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსიდან არ ამოუღიათ და ნანახი და ამოღებულია ავტობუსის საბურავების მახლობლად ასფალტის ზედაპირზე დაგდებული, აქედან გამომდინარე სასამართლოსთვის უცნობი დარჩა მ--------- ა----ის მხრიდან მისი შეძენის შემთხვევაში სად ინახავდა მას, ავტობუსში, პირადად თუ ასფალტზე დადებული სახით.
სააპელაციო პალატა საქმეზე დართული ნივთმტკიცების მოპოვების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისას სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სასამართლო არ მიუთითებს, ნარკოტიკული საშუალება რომელი საგამოძიებო მოქმედებით უნდა მოპოვებულიყო, თუმცა მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოპოვება არ მომხდარა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ავტობუსის ჩხრეკის დროს. თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტობუსის სალონის და მისი სათავსოების ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცავები აგრძელებდნენ მითითებულ საგამოძიებო მოქმედებას, კერძოდ, ახორციელებდნენ ავტობუსის მის დათვალიერებას გარედან და სწორედ ამ დროს მოხდა მათ მიერ კანონსაწინააღმდეგო ნივთის აღმოჩენა, აღნიშნულ მოქმედებებს უპირობოდ უნდა დასწრებოდა ის პირი, ვის მფლობელობაში არსებული ავტობუსის ჩხრეკა მიმდინარეობდა, ანუ მ--------- ა----ი თარჯიმანთან ერთად. ავტობუსის ჩხრეკის ოქმში თარჯიმანი და ბრალდებული, რა თქმა უნდა, მითითებული არიან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებად, რაც მოიაზრებს, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალების ნახვის და მოპოვების უშუალო დამსწრეები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, არც თარჯიმანი და არც ბრალდებული არ ესწრებოდნენ ნარკოტიკული საშუალებების მოპოვებას სამართალდამცავთა მიერ, რამდენადაც ნარკოტიკული საშუალების პოვნისას ორივე მათგანი ავტობუსის სალონში იმყოფებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილი ცალსახად აცხადებს, რომ ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს.
კანონდებლის მიერ ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, სწორედ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ამოღებამდე წარდგენას აქვს მავალდებულებითი ხასიათი. ბრალდების მხარის მითითება, რომ საქმის ნეიტრალური მოწმეები ადასტურებენ ნარკოტიკის ფუთების აღმოჩენას ავტობუსის საბურავების ქვეშ, რაც მაშინვე დაფიქსირდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ფოტოსურათების გადაღებით, ეს გარემოება ვერ გააბათილებს კანონის იმპერატიული მოთხოვნის შესრულების ვალდებულებას.
იმ პირობებში, როდესაც პოლიციის თანამშრომელთა მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენას და ამოღებას არ ესწრებოდა არც უცხოენოვანი გამართლებული და არც თარჯიმანი (როგორც ამას პოლიციის თანამშრომლები უთითებენ), და ნარკოტიკული საშუალების პოვნისას ორივე მათგანი ავტობუსის სალონში იმყოფებოდა. აღნიშნული არ იძლევა არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდეს ამოღებული ნარკოტიკული საშუალების მ--------- ა----ის კუთვნილების ფაქტი. პალატას მიაჩნია, რომ დარღვეულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნები. მ--------- ა----ისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვისას, ნარკოტიკული საშუალების მოპოვება და მისი კანონიერება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა. რაც შეეხება გენეტიკური ექსპერტიზით დადგენილი გარემოებებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალაზე არსებული გენეტიკური პროფილი მ--------- ა----ის გენეტიკურ პროფილთან იდენტურია, პალატა სრული მოცულობით ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მაშინ როდესაც ნარკოტიკული საშუალებები კანონით დადგენილი წესის დაცვით არ ყოფილა მოპოვებული, ასეთ ობიექტზე ჩატარებული ექსპერტიზა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან ასეთ ვითარებაში, მოკლებულია საფუძველს მსჯელობის განვითარება კუთვნილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).
შესაბამისად, თუნდაც ის ფაქტი, რომ შესაფუთ მასალაზე ან წებოვან ლენტებზე აღმოჩენილია მ--------- ა----ის გენეტიკური პროფილი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სხვა უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები პირის მსჯავრდებისათვის, მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომ შესაფუთ მასალაზე აღმოჩნდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, რადგან არ არის უარყოფილი თუნდაც შესაფუთ მასალაზე გამართლებული მ--------- ა----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებაში მითითებულ ვითარებაში კვალის დარჩენის შესაძლებლობა იმის გარემოების მხედველობაში მიღებითაც, რომ მ--------- ა----ის დროებითი საცხოვრებელი ბინაში, შპს ,,ო-----ის‘‘ ოფისში, მ--------- ა----ის პირადი ჩხრეკისა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსიდან ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. ამასთან მ--------- ა----საც ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ხოლო საჯარო სივრცეში, ასფალტის ზედაპირიდან, თუნდაც ავტობუსის საბურავის სიახლოვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, მითუმეტეს კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
შესაბამისად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის და----გენად და რომ შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის არ არსებობის გამო მ--------- ა----ი სწორად გაამართლა პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ამდენად, მ--------- ა----ი მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ--------- ა----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- პ----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი მ--------- ა----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით.
ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები, ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს. რაც შეეხება ერთ ცალ ლაზერულ დისკს, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი მ--------- ა----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
მ--------- ა----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ- ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--------- ა----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები, მათი შესაფუთი პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები, ანაწმენდები, ნერწყვის და სუნის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულ მ--------- ა----ს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი