განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002483281
საქმე №2ბ/-3006-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები -ოთარ სიჭნავა, მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
პირველი აპელანტი -- შპს „ტ---------–-------------–--ი“
წარმომადგენელი - ნ------------ე
მეორე (შეგებებული სააპელაციო საჩივარი) აპელანტი _ ნ-----–-- ო-----–---–ი
წარმომადგენელი - ი-------------ე,დავის საგანი - თანხის დაკისრება
პირველი აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
მეორე აპელანტის მოთხოვნა -- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი - „T----- L--- C------ 2--“, საიდენტიფიკაციო ნომერი (V--) – J----------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ-----–-- ო-----–---–ის სახელზე. გ------- ო-----–---–ი არის მოსარჩელე ნ-----–-- ო-----–---–ის მეუღლე, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1995 წლიდან.
2. 2017 წლის 08 დეკემბერს გ------- ო-----–---–მა ნ-----–-- ო-----–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა - „T----- L--- C------ 2--“, ზეთისა და ზეთის ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში, მდებარე: ქ------–---ი, მ-----–--ის I შესახვევი №2. გ------- ო-----–---–მა შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში შესაცვლელად თვითონ მიიტანა ზეთი და ზეთის ფილტრი, რომლებიც არ იყო შეძენილი შპს „ტ---------–-------------–--ის“ რომელიმე სერვის ცენტრში.
3. შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრის შესაბამისმა თანამშრომელმა გ------- ო-----–---–ის მიერ მიყვანილ ავტომანქანაში - „T----- L--- C------ 2--“ შეცვალა ზეთი და ზეთის ფილტრი, თუმცა აღნიშნული ფილტრი დააყენა ზეთის ფილტრის ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე. ავტომანქანა - „T----- L--- C------ 2--“ ტოიოტას სერვის ცენტრში მიყვანამდე იყო მუშა მდგომარეობაში და გამოცვლამდე მასში ჩამონტაჟებული იყო ზეთის ფილტრი, რომელიც უზრუნველყოფდა მანქანის გამართულად მოძრაობას.
4. სერვის ცენტრიდან გამოსვლიდან რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ავტომობილმა შეფერხებით დაიწყო სვლა და მალევე შეწყვიტა მოძრაობა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 იანვრის №0-------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის - „T----- L--- C------ 2--”-ის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზის დასადგენად მოხდა ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების დათვალიერება და აღმოჩნდა, რომ ძრავის მუხლა ლივლივი, ძრავის პირველი და მეორე ბარბაცა მექანიზმი, ძრავის პირველი და მეორე დგუში, ძრავის პირველი და მეორე ცილინდრი და მთელი რიგი დეტალები დაზიანებულ მდგომარეობაშია. დაზიანებულ დეტალებზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები აშკარად მიუთითებს, რომ მათი დაზიანება გამოწვეულია ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების შეუზეთავ მდგომარეობაში მუშაობის პირობებში. ძრავის შეზეთვის სისტემის რევიზიით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული და დეფორმირებულია ძრავის ზეთის ფილტრი. ფილტრის განთავსების მიდამოში დამონტაჟებული არ არის ძრავის ზეთის ფილტრის კორპუსში მყოფი მეტალის ნახვრეტებიანი მილი, რომელზეც კონსტრუქციულად ეცმევა ზეთის ფილტრის კორპუსი. აღნიშნული დეტალის არ ყოფნა კი გამოიწვევდა ზეთის ფილტრის დეფორმაციას და გამტარუნარიანობის შეზღუდვას, რაც ცხადია გამოიწვევდა ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების არასაკმარისად შეზეთვას და ძრავის დაზიანებას წარმოდგენილი სახით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილის დაზიანების მიზეზია ძრავის ექსპლუატაცია ზეთის ფილტრის ღერძის (მეტალის ნახვრეტებიანი მილის) გარეშე.
5. ნ-----–-- ო-----–---–ის კუთვნილი ავტომობილის - „T----- L--- C------ 2--”-ის ძრავის დაზიანება გამოიწვია შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში 2017 წლის 08 დეკემბერს აღნიშნულ ავტომობილში ზეთის ფილტრის შესაბამისი ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე ჩამონტაჟებამ.
6. შპს „ტ---------–-------------–--ის“ მიერ 2018 წლის 22 იანვარს გაცემული №1---- ინვოისის თანახმად, ნ-----–-- ო-----–---–ის კუთვნილი ავტომომანქანა - „T----- L--- C------ 2--“-ის სამუშაო მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს - 39 490 ლარს.
7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2--- წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი - „T----- L--- C------ 2--”-ის, ძრავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 20 879 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შედგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნის გათვალისწინებით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-----–-- ო-----–---–მა და მოითხოვა შპს „ტ---------–-------------–--ს“ ნ-----–-- ო-----–---–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 39 490 ლარის გადახდა.
8.1. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ-----–-- ო-----–---–ის საკუთრებაშია მაღალი გამავლობის ავტომობილი “T----- L--- C------ 2--”. მისმა მეუღლემ - გ------- ო-----–---–მა 2017 წლის 08 დეკემბერს შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში აღნიშნულ ავტომობილში შეაცვლევინა ზეთი. მიუხედავად იმისა, რომ სერვის ცენტრში მიყვანამდე ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ზეთის შეცვლის დროს, ზეთის შემცვლელ მომსახურე პირს ნაკლის თაობაზე არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია. სერვის ცენტრიდან გამოსვლიდან რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ავტომობილმა შეფერხებით დაიწყო სვლა და მალევე შეწყვიტა მოძრაობა. უდავოა, რომ ავტომობილს სერვის ცენტრში ზეთის გამოცვლისას არ დაუმონტაჟეს ძრავის ზეთის ფილტრის კორპუსში მყოფი მეტალის ნახვრეტებიანი მილი, რომელზეც კონსტრუქციულად ეცმევა ზეთის ფილტრის კორპუსი, რამაც გამოიწვია ზეთის ფილტრის დეფორმაცია და ძრავის დაზიანება, რის შედეგადაც ავტომობილმა ვეღარ შეძლო მოძრაობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 იანვრის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დასტურდება, რომ “T----- L--- C------ 2--”-ის ძრავის მუხლა ლივლივი, ძრავის პირველი და მეორე ბარბაცა მექანიზმი, ძრავის პირველი და მეორე დგუში, ძრავის პირველი და მეორე ცილინდრი და მთელი რიგი დეტალები დაზიანებულ მდგომარეობაშია. დაზიანებულ დეტალებზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები აშკარად მიუთითებს, რომ მათი დაზიანება გამოწვეულია ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების შეუზეთავ მდგომარეობაში მუშაობის პირობებში. ძრავის შეზეთვის სისტემის რევიზიით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული და დეფორმირებულია ძრავის ზეთის ფილტრი. ფილტრის განთავსების მიდამოში დამონტაჟებული არ არის ძრავის ზეთის ფილტრის კორპუსში მყოფი მეტალის მილი, რომელზეც კონსტრუქციულად ეცმევა ზეთის ფილტრის კორპუსი. აღნიშნული დეტალის არ ყოფნა კი გამოიწვევდა ძრავის მაკომლექტებელი დეტალების არასაკმარისად შეზეთვას და ძრავის დაზიანებას წარმოდგენილი სახით. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილის დაზიანების მიზეზია ძრავის ექსპლუატაცია ზეთის ფილტრის ღერძის (მეტალის ნახვრეტებიანი მილის) გარეშე.
შპს „ტ---------–-------------–--ის“ 2018 წლის 22 იანვრის №1---- ინვოისის თანახმად, მოსარჩელის ავტომობილის სამუშაო მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულება შეადგენს - 39 490 ლარს. ხოლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2008 წლის “T----- L--- C------ 2--”-ის ძრავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 20 879 ლარს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძრავაზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობის და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ძრავის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის მიზანშეწონილი არ არის.
9. მოპასუხემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი და განმარტა რომ
რომ ნ-----–-- ო-----–---–ის მეუღლის მიერ მოპასუხის მომსახურების ცენტრში განხორციელდა ავტომობილის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა. მოსარჩელის მიერ ავტომობილის ზეთი და შესაბამისი ფილტრი არ ყოფილა შეძენილი შპს „ტ---------–-------------–--ში“. ხელოსნების მიერ ავტომობილის ზეთის შეცვლისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას დამონტაჟებული ჰქონდა სხვა მარკის, კერძოდ მერსედესის მარკის ავტომობილისათვის განკუთვნილი ზეთის ფილტრი. ხელოსნების მიერ პირს, რომელმაც მიიყვანა ავტომობილი მომსახურების ცენტრში, განემარტა, რომ ავტომობილს არ გააჩნდა მეტალის ნახვრეტებიანი მილი, რის გარეშეც არ იყო რეკომენდირებული ავტომობილით გადაადგილება და ურჩიეს დეტალის შეძენა, თუმცა აღნიშნულმა პირმა (როგორც სარჩელიდან ირკვევა მოსარჩელის მეუღლემ) ხელოსნებს უთხრა, რომ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში არ ეყენა ავტომობილს შესაბამისი დეტალი და დაემონტაჟებინათ ზეთის ფილტრი იმ მდგომარეობით, როგორიც მან მიუტანა ხელოსნებს. მისი განცხადებით, დიდი ხანი ამ დეტალის გარეშე მოძრაობდა ავტომობილით და აღნიშნულს არავითარი დაზიანება არ გამოუწვევია. ამდენად, მან არ მიიჩნია საჭიროდ შესაბამისი დეტალის შეძენა და დამონტაჟება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელოსნების მიერ დამონტაჟდა მოსარჩელის მიერ მიტანილი ზეთის ფილტრი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე არ არის ის პასუხისმგებელი პირი, რომელმაც უნდა აანაზღაუროს ზიანი. უდავოა, რომ ავტომობილის დაზიანება გამოწვეულია მისი მესაკუთრის დაუდევრობით. კერძოდ, ავტომობილზე დამონტაჟებული იყო არაორიგინალი (სხვა მარკის ავტომობილის) ზეთის ფილტრი, რის გამოც მას არ ჰქონდა ზეთის ფილტრის ღერძი. ზეთი და ასევე ზეთის ფილტრი იმ პირის მიერ იყო შეძენილი, ვინც ავტომანქანა სერვისცენტრში მიიყვანა, ხოლო სერვისცეტრში მას მხოლოდ ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლის მომსახურების მიღება სურდა. ამასთან, ამ უკანასკნელმა უგულებელყო ხელოსნების მითითება იმის შესახებ, რომ ამ დეტალის არ არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მომხდარიყო ავტომობილის დაზიანება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს - 20 879 ლარს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რა საფუძვლით მოითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას - 39 490 ლარის ოდენობით.
მოპასუხის წარმომადგენელმა 21.02.2019წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სადავოდ გახადა დაზიანებულ ავტომობილზე - “T----- L--- C------ 2--”, მოსარჩელე ნ-----–-- ო-----–---–ის საკუთრების უფლება, იმ საფუძვლით, რომ როგორც მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ო-----–---–მა განაცხადა, აღნიშნული ავტომობილი მართალია რეგისტრირებულია მისი მეუღლის ნ-----–-- ო-----–---–ის სახელზე, თუმცა ის ფაქტობრივად გ------- ო-----–---–ის მფლობელობაშია. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, ნ-----–-- ო-----–---–ი მოცემულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელე მხარეს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ-----–-- ო-----–---–ის სარჩელი შპს ,,ტ---------–-------------–--ის" მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1. მოპასუხე შპს ,,ტ---------–-------------–--ს" მოსარჩელე ნ-----–-- ო-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა - 20 879 ლარის გადახდა. 2. მოპასუხე შპს ,,ტ---------–-------------–--ს" მოსარჩელე ნ-----–-- ო-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 626.37 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 1 252 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ - 835.16 ლარის გადახდა.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ტ---------–-------------–--"-მა და შეგებებული სააპელაციო საჩივრით ნ-----–-- ო-----–---–მა (იხ. სააპელაციო საჩივრები)
სამოტივაციო ნაწილი
12. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
13. უპირველეს ყოვლისა პალატა განმარტავს რომ, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. (იხ სუსგ საქმე საქმე №ას-628-2019)
საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას) რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).
14. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ზიანის ანაზღაურებას, მისი მოთხოვნა ეფუძნება ნარდობის ხელსკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოველეობებს. სსკ 629-ე მუხლის თანახამდ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით პალატა დადგენილად მიჩნევს შემდეგ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებს:
14.1. უდავოა რომ, 2017 წლის 08 დეკემბერს გ------- ო-----–---–მა ნ-----–-- ო-----–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა - „T----- L--- C------ 2--“, ზეთისა და ზეთის ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში, მდებარე: ქ------–---ი, მ-----–--ის I შესახვევი №2. გ------- ო-----–---–მა შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში შესაცვლელად თვითონ მიიტანა ზეთი და ზეთის ფილტრი, რომლებიც არ იყო შეძენილი შპს „ტ---------–-------------–--ის“ რომელიმე სერვის ცენტრში. შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრის შესაბამისმა თანამშრომელმა გ------- ო-----–---–ის მიერ მიყვანილ ავტომანქანაში - „T----- L--- C------ 2--“ შეცვალა ზეთი და ზეთის ფილტრი, თუმცა აღნიშნული ფილტრი დააყენა ზეთის ფილტრის ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე.
14.2. მოპასუხის შპს „ტ---------–-------------–--ის“ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოპასუხის თანამშრომლის, ხელოსანის დ---------–--ის განმარტებით: „ როდესაც მან ავტომანქანას მოხსნა ფილტრი, ფილტრზე არ იყო მილი. ამასთან, ავტომობილზე დაყენებული იყო მერსედესის ფილტრი. დ---------–--ემ მოიკითხა ავტომანქანისათვის საჭირო ფილტრი, თუმცა არც საწყობში და არც თბილისის ფილიალში არ ჰქონდათ. მოხსნილი ფილტრი ანახა გ------- ო-----–---–ს და განუმარტა, რომ ვინაიდან მას მილი ეკლდა ფილტრი არ დაყენდებოდა, ხოლო თუ მის მიერ მიტანილ ფილტრს ჩააყენებდა, შესაძლოა ავტომანქანის ძრავი მწყობრიდან გამოსულიყო, თუმცა გ------- ო-----–---–მა განუცხადა, რომ პრობლემა არ იყო, დაეყენებინათ მის მიერ მიტანილი ფილტრი, ხოლო დანარჩენს თბილისში ჩასვლისას მიხედავდა.“
15. პალატა მოიხმობს საქართველოს სამაოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლს, რომლის თანახმად მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა. შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია; ბ. თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება; გ. არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას. 2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ამდენად, პალატის მოსაზრებით იმ ვუთარებაში, როდესაც შემკვეთის მიერ მიტანილი ფილტრზე არ იყო მილი, ხოლო მილის გარეშე ფილტრის დაყენება გამოიწვევდა გამოუსწერებელ და მნიშვნელოვან ზიანს (ძრავის გაფუჭებას ე.წ. მოტორის სტუკს) მენარდე ვალდებული იყო სსკ 643-ე მუხლის თანახმად გაეფრთხილებია ამის შესახებ შემკვეთი, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება მომეტებულ საფრთხის წყაროს - ავტომობილს. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი რომ შემკვეთი გაფრთხილებული იყო ეკისრება მენარდეს, რომელმაც მოცემულ დავაზე სასამართლოში წარმოადგინა მხოლოდ მოწმის, მისივე თანამშრომლის ჩვენება. პალატა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2.მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3.მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას,კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. არაერთ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24,და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95 , § 21). საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v.Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05 , § 25).
პალატას მიაჩნია რომ იმ შემთხევაშიც კი თუ დადგინდებოდა შემკვეთის გაფრთხილება მენარდე ვალდებლი იყო ნარდობის საგნის თავისებურებიდან გამომდინარე და სსკ 643-ე მუხლის თანახმად უარი ეთქვა მომსახურებაზე, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ, მიუხედავად მასალის უხრისხობისა მენარდემ დაამონტაჟა ფილტრი ავტომობილში, რამაც გამოიწვია ძრავის გაფუჭება. პალატას ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნია მოპასუხის განმარტება რომ, ცენტრმა გააფრთხილა შემკვეთი, რომ ფილტრის მილის გარეშე დამონტაჟება უპირობოდ გამოიწვევდა ძრავის გაფუჭებას და მიუხედავად ამისა შემკვეთი მაინც დათანხმდა მას. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და პირველი სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტის აკაკი სვანიძის განმარტებით არაორიგინალი ფილტრის დაყენება შეიძლება, თუმცა მთავარია შესაბამისობაში მოვიდეს ორიგინალთან და ის ფუნქცია შეასრულოს რისთვისაც არის. მისი განმარტებით, გ------- ო-----–---–ის მიერ შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში მიყვანილი ავტომანქანის - „T----- L--- C------ 2--”, ძრავას რომ არ ჰქონოდა ძრავი ფილტრის მილი (ღერძი) ვერ ივლიდა, გამოვიდოდა მწყობრიდან. როგორც დაზიანდა კონკრეტული ძრავი იგივე შედეგი დადგებოდა. ხოლო, ხელოსანს მილაკის გარეშე ფილტრი არ უნდა დაეყენებინა. ძრავი იმიტომ დაზიანდა, რომ მას ზეთი არ მიეწოდებოდა სათანადოდ მილაკის არ ქონის გამო.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება
უდავო რომ ავტომანქანა -„T----- L--- C------ 2--” ტოიოტას სერვის ცენტრში მიყვანამდე იყო გამართულ მდგომარეობაში და მასში ჩამონტაჟებული იყო ის ზეთის ფილტრი, რომელიც ავტომანქანის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოწმეთა და ექსპერტის ჩვენებიდან (იხ. გადაწყვეტილების 3.1.9., 3.1.10., 3.1.11. პუნქტები), ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.01.2018წ. დასკვნიდან ირკვევა, ავტომანქანა ვერ ივლიდა და მანამდე შეექმნებოდა ძრავს ის პრობლემა რაც ძრავის ფილტრის გამოცვლის შედეგად შეექმნა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს არც ის, რომ შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრის შესაბამისმა თანამშრომელმა ავტომობილში შეცვალა ზეთი და ზეთის ფილტრი, თუმცა აღნიშნული ფილტრი დააყენა ზეთის ფილტრის ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 იანვრის №0-------- დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - აკაკი სვანიძის ჩვენების თანახმად, კი T----- L--- C------ 2--”-ის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზია ძრავის ექსპლუატაცია სწორედ ზეთის ფილტრის ღერძის (მეტალის ნახვრეტებიანი მილის) გარეშე. ამდენად, სახეზეა როგორც ზიანის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებელი სუბიექტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
17. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებული იქნა რომ ავტომობილი -„T----- L--- C------ 2--” რეალურად წარმოადგენს გ------- ო-----–---–ის საკუთრებას, და მოსარჩელე არასათანდოა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ავტომობილზე - „T----- L--- C------ 2--”, მოსარჩელე ნ-----–-- ო-----–---–ის საკუთრების უფლება სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის წარმომადგენელმა გ------- მ--–---–---–მა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა ამის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
პალატა განმარტავს რომ, საქმის მასალებით არ დგინდება რომ მოპასუხემ შესაგებელით განახორციელა კვალიფიციური შედავება მოსარჩელის საკუთრებასთან მიმართებით (იხ. შესაგებელი) საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებთან დაკავშირებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა ამ ნაწილში კანონის მოთხოვნებს (სსსკის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება. (იხ.საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016)
პალატა მიუთითებს რომ, მოპასუხის შედავება დაუშვებელია (აბსტრაქტულია), თუკი მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე. მოპასუხეს მოეთხოვება შედავების დაკონკრეტება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, რომ მისთვის არ დადგეს არახელსაყრელი გადაწყვეტილება (იხ., სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შმიტი შ, რისჰტერ ჰ, თბ., 2013, 16, 17). თუ დაშვებული იქნებოდა ისეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება შესაგებლით, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოპასუხე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევდა მას გაურკვეველი დარჩებოდა, რითაც არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა მოსარჩელე და ხელი შეეშლებოდა საერთო სასარჩელო წესით უფლების რეალიზებაში (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ციტ: სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შ. შმიტი, ჰ. რიხჰტერ ჰ, თბ., 2013, 17).
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს რომ, გ------- ო-----–---–ი არის ნ-----–-- ო-----–---–ის მეუღლე. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 1995 წლიდან და ავტომობილი არის ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება სსკ 1158-ე მუხლის თანახმად (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.) ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილებად მიჩნეულ უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილება, წარმოადგინოს სხვა პირი. აღნიშნული შეიძლება გამომდინარეობდეს კანონიდან ან გარიგებიდან. მისი ნამდვილობისთვის არ არის დადგენილი კონკრეტული ფორმა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), რასაც ფორმის თავისუფლების პრინციპი განაპირობებს. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: „ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას, ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით, გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს“. ჩამოთვლილი კრიტერიუმები კულუმატიური ხასიათისაა და მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს. ავტომანქანა - „T----- L--- C------ 2--” საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ნ-----–-- ო-----–---–ის სახელზე. 2017 წლის 08 დეკემბერს გ------- ო-----–---–მა, რომელიც არის ნ-----–-- ო-----–---–ის მეუღლე, აღნიშნული ავტომობილი ზეთისა და ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ტ---------–-------------–--ის“ ა------ სერვის ცენტრში, სადაც მას გაეწია შესაბამისი მომსახურება. თუმცა, აღნიშნული მომსახურების გაწევით შედეგი დადგა ავტომანქანის მესაკუთრის - ნ-----–-- ო-----–---–ის მიმართ, ვინაიდან სამართლებრივად სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სადავო შემთხვევამდე გარკვეული დროის განმავლობაში გ------- ო-----–---–ი ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა ნ-----–-- ო-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანით, ვერ წარმოშობს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედეგებს გ------- ო-----–---–ის მიმართ. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია სწორედ ნ-----–-- ო-----–---–ის მიერ, რითაც მან, სასამართლოს მოსაზრებით, დაადასტურა შედეგის მის მიერ მიღების სურვილი და ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. დასახელებული ნორმა მკაფიოდ ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, რომელთაც წარმომადგენლობის მეშვეობით დადებული გარიგებისას უფლებები და მოვალეობები წარმოეშობათ. წარმომადგენლის მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილს. ეს დათქმა წარმოადგენს წარმომადგენლობით დადებული გარიგების განსაზღვრის უმთავრეს კრიტერიუმს, რომლითაც გარიგების მონაწილე მხარის ვინაობა დგინდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ, რომ რომ გ------- ო-----–---–ი ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედებდა ნ-----–-- ო-----–---–ის მიერ მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, რა დროსაც გ------- ო-----–---–ი მართალია გამოხატავდა საკუთარ ნებას, თუმცა აღნიშნულს ახორციელებდა ნ-----–-- ო-----–---–ის სახელით. შესაბამისად, უფლება მოვალეობებიც სწორედ ნ-----–-- ო-----–---–ს წარმოეშობოდა.
18. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და არ იზიარებს მეორე აპელანტის მოსაზრებას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. სასამართლო განმარტავს შემდეგს:
შპს „ტ---------–-------------–--ის“ მიერ 2018 წლის 22 იანვარს გაცემული №1---- ინვოისი, რომლის თანახმად, ნ-----–-- ო-----–---–ის კუთვნილი ავტომობილის - „T----- L--- C------ 2--“-ის სამუშაო მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს - 39 490 ლარს. ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2008 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი „T----- L--- C------ 2--”-ის ძრავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 20 879 ლარს. დადგენილია, ასევე რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული ავტომანქანა შეკეთებულია და მისი შეკეთებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა დაახლოებით - 11 000 აშშ დოლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია ზიანის ე.წ. „სრულად გამოსწორების“ პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამზიანებელმა ზიანი, რომელიც მას შეერაცხება, სრულად უნდა აანაზღაუროს ე,ი. ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (ე. წ. გამდიდრების აკრძალვა) და დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ არ უნდა აღმოჩნდეს უკეთესს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა ზიანის მიყენების გარეშე.
პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018) საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მატერიალური ზარალის ოდენობა გამოანგარიშებულია საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ხოლო ინვოისიდან აღნიშნული არ ირკვევა. როგორც მოპასუხე განმარტავს მათი ინვოისი შედგენილია არა მეორადი, არამედ სრულიად ახალი ძრავის დამონტაჟების გაანგარიშებით.
ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე რომ განსახილველ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით მიხედვით - 20 879 ლარის ოდენობით.
19. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
20 . საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ---------–-------------–--ის“ -ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ნ-----–-- ო-----–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლე: ოთარ სიჭინავა
მიხეილ გოგიშვილი