განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002158601
საქმე №1ბ/2028-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ-------------–--.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ--------–---–ი.
მსჯავრდებული: კ------- ჯ------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებლი, მცხოვრები: ლ----------------------------–-----------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი:
განაჩენთა ერთობლიობით 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10.000(ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ-------------–--მ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტს მოსაზრებით, გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულის განზრახი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა 135 617 ლარის ზიანი. მსჯავრდებულის მიერ ზიანის მცირე ნაწილი -10000 ლარი გადახდილი იქნა პროცესის დასრულების დღეს, რაც მიზნად ემსახურებოდა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებას. აღსანიშნავია, ისიც რომ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემიდან პროცესის დასრულების დღემდე მსჯავრდებულს ჰქონდა 3 წლიანი პერიოდი, რომ აენაზღურებინა ზიანი, რაც მის მიერ გამოყენებული არ იქნა. შესაბამისად, აღნიშნული ეჭვქვეშ აყენებს მსჯავრდებულის მზადყოფნას, რომ მომავალშიც გააგრძელოს ზიანის ანაზღაურება და მიზნად ემსახურება პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას. აპელანტს შეფასებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ახალი დანაშაული და იგი მსჯავრდებულია სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით. განაჩენის საფუძველზე დაკისრებული სასჯელი მის მიერ არ იქნა გადახდილი, რაც მეტყველებს მის არაკანონმორჩილ ქცევაზე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ კ------- ჯ------–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მათ შორის სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ზ-------------–--მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ, ითხოვა მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ს დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა კ------- ჯ------–---–მა და მისმა ადვოკატმა მ--------–---–მა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
კ------- ჯ------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
კ------- ჯ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
კ------- ჯ------–---–ი 2011 წლის 30 მაისს, რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტირებული ბოსტნეულით ვაჭრობა. კ------- ჯ------–---–ს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინიდიერად, მასვე ევალეობდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, კ------- ჯ------–---–მა არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ ასახავდა მიღებულ შემოსავლებს და არ დარეგისტრირდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად, რითაც თავს არიდებდა დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა ი.მ. „კ------- ჯ------–---–ის“ საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც 2016 წლის 11 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით სულ დაერიცხა 223.041 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 135.617 ლარი და ჯარიმა - 87.424 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა სულ 285.140 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 138.378 ლარი და ჯარიმა - 87.424 ლარი და საურავი 59.338 ლარი. კ------- ჯ------–---–მა არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ------- ჯ------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ოქტომბრის შემოწმების აქტით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ოქტომბრის №----- ბრძანებით და 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ საგადასახადო მოთხოვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილებით, მოწმე ბ----------–---–---–ის, თავად კ------- ჯ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ------- ჯ------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კ------- ჯ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი. დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კ------- ჯ------–---–ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
კ------- ჯ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობა არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ კ------- ჯ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებულს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანიდან ანაზღაურებული აქვს მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ კ------- ჯ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული საფინანსო სფეროში და არ ჰქონდა ანაზღაურებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი სრულად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენის თაობაზე, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა დანაშაულის ხასიათისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინება, პალატა ვერ მიიჩნევს სასჯელის დამძიმების საფუძვლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ კ------- ჯ------–---–ს ანაზღაურებული არ აქვს ზიანი სრულად, ვერ გახდება დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს კ------- ჯ------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა კ------- ჯ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, კ------- ჯ------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარადგინა დოკუმენტაცია (განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ და ზიანის ნაწილობრივ (10.000 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დამადასტურებელი ქვითარი), სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა დოკუმენტაცია: 2019 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული განცხადება (ასლი), საგადასახადო დავალიანების შემცირების თაობაზე, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, 25.11.2019 წლის ზიანის ნაწილობრივ (1.000 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დამადასტურებელი ქვითარი (ასლი) და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ნაწილის 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები ( სს ,,საქართველოს ბანკის“ 2019 წლის 20 ნოემბრის - დასტური ა------ და ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი N------). ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას კ------- ჯ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა კ------- ჯ------–---–ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ------- ჯ------–---–ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და კ------- ჯ------–---–ის სათანადო ქცევას, ამასთან, შესაძლებლობას მისცემს მსჯავრდებულს აანაზღაუროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი სრულად. სააპელაციო პალატის შეფასებით, მსჯავრდებულის მიმართ ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის - 10000 ლარის ოდენობით გამოყენება, რომლის გადახდის შესაძლებლობა მსჯავრდებულ აქვს ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს კ------- ჯ------–---–ის სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნებს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ------- ჯ------–---–ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის ზ-------------–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ------- ჯ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კ------- ჯ------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, კ------- ჯ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კ------- ჯ------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
მსჯავრდებულ კ------- ჯ------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი