განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003244249
საქმე №1/ბ-94-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----------–---–ი
მსჯავრდებული: ო-–---–--------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, უკრაინის მოქალაქე, პასპორტის № F--------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------------------------–----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო-–---–--------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 11:50 საათზე, ქ.ბათუმში, მ-----–--–----------------------------ში მდებარე სუპერმარკეტ "ა-----–-" ო-–---–--------მ მისი ოჯახის წევრის, მისი არასრულწლოვანი შვილის, მ----------–--–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ო-–---–--------მ მ----------–--–---–ს ხელი არაერთხელ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით:
ო-–---–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ო-–---–--------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდა;
პირობით მსჯავრდებულ ო-–---–--------ს ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალა პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----------–---–მა და მოითხოვა, რომ ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ ო-–---–--------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, პირიქით, აღნიშნული იქნება მსჯავრდებულისთვის წამახალისებელი ხასიათის, ვინაიდან მსჯავრდებულმა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის მიმართ, ყოველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე, ამასთანავე, დანაშაული ჩაიდინა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რაც მიანიშნებს მსჯავრდებულის მომეტებულ დანაშაულებრივ საშიშროებასა და ახალი ძალადობრივი დანაშაულის საფრთხეზე, შესაბამისად, დანიშნული სასჯელი ვერ იქნება მსჯავრდებულისთვის რესოციალიზაციის მატარებელი და შესაძლოა უფრო კანონსაწინააღმდეგო ფორმებით გამოიხატოს მისი მხრიდან ახალი დანაშაული. ბრალდების მხარე, ასევე, უთითებს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს, ასევე არ პასუხობს ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
მსჯავრდებულ ო-–---–--------ს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოდუგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ო-–---–--------ს აღიარებითი ჩვენებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ვ-------------------ის, ი---------------ის, მ---------------ის, ა--------------ის, ჯ--------------ის და თ------------ის ჩვენებებით, ვიდეოთვალის ჩანაწერის დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ო-–---–--------მ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ო-–---–--------სთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
ო-–---–-------- მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო-–---–--------ს მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, ო-–---–--------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, ო-–---–--------ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ო-–---–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4.მსჯავრდებულ ო-–---–--------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის
04 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია;
5.პირობით მსჯავრდებულ ო-–---–--------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა;
6.ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ლაზერული დისკი, რომელიც დალუქული სახით თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/