განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100118002408865-1ბ/129-20წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის სახე:ზეპირი მოსმენის გარეშე
გამართლებული: ა-–-------------–----------------------------–-------–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 59---------- განქორწინებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მი----–-------–---–მა, ითხოვა ა-–------------------ დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაენიშნოს აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში სამართლიანი სასჯელი;
ბრალდების არსი:
2017 წლის ივლისის თვიდან 2017 წლის ბოლომდე, ა-–-------------------, სატელეფონო საუბრებისას, ყოფილი მეუღლის ე----------------------ს და ყოფილი მეუღლის დედის დ-------------------ის მიმართ რამდენიმეჯერ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ე---------------------ს და დ-------------------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქალაქ თბილისში, თ----------------------------------------–------ საცხოვრებელ სახლთან ა-–------------------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლის ე----------------------ს დედას დ-------------------ეს, რა დროსაც დ-------------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ თბილისში, ბ---–--------- ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, ა-–------------------- განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ყოფილი მეუღლის ე----------------------ს მიმართ, რა დროსაც ე------------------კაძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
ა-–------------------ უდანაშაულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–------------------- სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდების არც ერთ ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო.
დაზარალებულ ე----------------------ს ჩვენებით, 2014 წელს იქორწინა ა-–--------------------- თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი გ---------------- 2016 წლის მაისის თვეში, მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო, იგი დაშორდა ა-–------------------- შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში. ამასთან, 2016 წლის 14 ივნისის განქორწინების აქტის შესაბამისად, ე---------------------ე, რომელმაც შემდეგ გვარი შეიცვალა და გახდა კა--------- განქორწინდა ალ--------------------ნ. ქ. თბილისში იგი ცხოვრობდა დედასთან დ-------------------ესთან. 2017 წლის მაისის თვეში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სამკურნალოდ წავიდა საბერძნეთში, ხოლო შვილზე გ----------------- მეურვეობის უფლება გადასცა დედას დ-------------------ეს. 2017 წლის ივლისის თვის განმავლობაში ა-–------------------ არაერთხელ დაემუქრა დაზარალებულ დ-------------------ეს, როგორც მისი, აგრეთვე ე----------------------ს სიცოცხლის მოსპობით, რის თაობაზეც მისთვის ცნობილი გახდა დედისგან. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 2018 წლის 20 იანვარს, ა-–------------------ მისული იყო შვილის გ---------------ს სანახავად ე----------------------ს საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც, საცხოვრებელი სახლის კორპუსთან, იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დ-------------------ეს,რაც ე----------------------სათვის ცნობილი გახდა ამ უკანასკნელისგან. 2018 წლის 5 მარტს, როდესაც ა-–------------------ და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ, ბ---–--------- ქუჩაზე იმყოფებოდნენ, ა-–------------------ მას დაემუქრა, რომ მოკლავდა და ბავშვს მაინც წაიყვანდა, აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია. ყოფილი მეუღლისგან მომდინარე თითოეული მუქარის ფაქტი, მან, ალ--------------------ნ წარსულში არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დაზარალებულ დ-------------------ის ჩვენებით, 2014 წელს მისმა შვილმა ე---------------------მა იქორწინა ა-–-----------------ზე, რომელთანაც მას შეეძინა შვილი გ---------------- 2016 წლის მაისის თვეში, ე---------------------- შვილთან ერთად წამოვიდა ა-–------------------ს სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მასთან. 2017 წელს ე---------------------- სამუშაოდ წავიდა საბერძნეთში და ბავშის აღზრდა მას მიანდო. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის ივლისის თვეში, ა-–------------------ არაერთხელ დაუკავშირდა დ-------------------ეს მობილური ტელეფონის ნომერზე და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით როგორც მას, აგრეთვე მის შვილს ე---------------------ს. მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 20 იანვარს, როდესაც მასთან სახლში ბავშვის სანახავად მივიდა ა-–------------------. მან მცირეწლოვანი გ--------------- დათქმულ დროს შინ არ დააბრუნა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ბავშვი თავად ამოეყვანა კორპუსის წინ მდებარე სკვერიდან, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობის მუქარა ა-–------------------ს მხრიდან. ა-–------------------ს მუქარა გაიგო მისმა დედამ კ-–------------, რომელიც ამ დროს საცხოვრებელი სახლის აივანზე იდგა. ამასთან, ე----------------------სგან ცნობილია მის მიმართ ა-–------------------ს მიერ 2019 წლის 5 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ---–--------- ქუჩაზე, განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ.
მოწმე კ-–----------ას ჩვენებით, რომელიც არის დაზარალებულ დ-------------------ის დედა, 2018 წლის იანვრის თვეში, იგი იმყოფებოდა შვილთან დ-------------------ესთან სტუმრად, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა-–------------------- სასეირნოდ წაიყვანა შვილი გ---------------- ბავშვის ამოსაყვანად კორპუსთან ჩავიდა დაზარალებული დ-------------------ე, ხოლო კ-–----------ა კი გავიდა აივანზე, საიდანაც მან გაიგო ა-–------------------ს ხმამაღალი საუბარი, რომელიც მუქარის მსგავსი იყო, თუმცა სიტყვების გახსენება ზუსტად არ შეუძლია, ეს იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
მოწმე გ-----------–---–-ს განმარტებით, 2018 წლის 20 იანვარს, ქალაქ თბილისში, თ----------------------------------------–----------- საცხოვრებელ სახლთან ა-–------------------ს მიერ დ-------------------ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ა-–------------------- მცირეწლოვანი გ--------------- ბებიასთან დ-------------------ესთან დააბრუნა და მასთან ერთად დატოვა აღნიშნული ტერიტორია.
მოწმე მ---------–-–--ლის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 5 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქალაქ თბილისში, ბ---–--------- ქუჩაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, ა-–------------------ს მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ა-–------------------- დატოვა სასამართლოს შენობა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მ---------–-–--ლი ე---------------------თან და მის ადვოკატებთან ერთად სხდომის დარბაზში იმყოფებოდა, სადაც ისინი სამოქალაქო საქმეზე მორიგების საკითხთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ამის შემდეგ მათ დატოვეს სასამართლოს შენობა, თუმცა, ა-–------------------- იქ უკვე აღარ იმყოფებოდა.
მოწმე ლ----------------- განმარტებით, ა-–------------------ს მიმართ ბრალად შერაცხულ არც ერთ ქმედებას იგი პირადად არ შესწრებია, თუმცა, აღნიშნული მისთვის ცნობილია შვილისა და მეუღლისაგან.
მოწმეების ი-----–----------------------------------------–-- ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი არიან დ-------------------ის მეზობლები, თუმცა, მათთვის არაფერია ცნობილი ა-–-------------------ს მიერ ე---------- კა---------სა და დ-------------------ის მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს (მსჯავრდებულს) არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა, შემდეგ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს გ) პირის ფსიქიკური ტანჯვას ან/და დ) პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს და ე) აიძულებს დაზარალებულს მნიშვნელოვნად შეიცვალოს ცხოვრების წესი ან უქმნის ასეთი ცვლილების რეალურ საჭიროებას. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ა-–------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
მოცემულ შემთხვევაში ე----------------------სა და დ-------------------ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი), წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დ-------------------ის ჩვენების სახით, რომელთანაც, ბრალდების მხარის ვერსიით, სატელეფონო საუბრები ჰქონდა ა-–-----------------ს. ე----------------------სა და ლ----------------- ჩვენებათა ერთობლიობით დგინდება, რომ მათ ზემოაღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა დ-------------------ემ. დ-------------------ის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დ-------------------ის ჩვენების სახით. რაც შეეხება კ-–----------ას ჩვენებას მიუთითა, რომ გაიგო ა-–------------------ს ხმამაღალი საუბარი, რომელიც ჰგავდა მუქარას, თუმცა, უშუალოდ სიტყვები მას არ გაუგია.
პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების სანდოობა (უტყუარობა) დადასტურებული უნდა იყოს ამ ჩვენების მთლიანად და არა მისი ცალკეული ნაწილების შეფასებით. მოწმე სასამართლო კ-–----------ა სასამარლოში მიცემული ჩვენების ერთ ნაწილში მიუთითითებს, რომ მან ა-–------------------ს ხმამაღალი საუბარი გაიგო, თუმცა არ გაუგია სიტყვები და ეს საუბარი იყო მუქარა. სასამართლო ღნიშნავს, რომ მოწმის მიერ ასეთი სახის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხავს შინაარსობრივად ერთმანეთს (არ გაუგია სიტყვები, მაგრამ იყო მუქარა), ვერ იქნება დამაჯერებელი გამართლებულის მხრიდან ვერბალური ფორმით მუქარის განხორციელების მტკიცების ასპექტში.
ა-–------------------ს მიერ ე----------------------ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ მუქარის ფაქტის ირგვლივ (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულ ე----------------------ს ჩვენებ, რაცსაც გამორიცხავს მ---------–-–--ლის ჩვენება. ამდენად, ა-–------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი არც ერთი ეპიზოდი არ იქნა დადასტურებული იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ა-–------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენაში.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ ე------------------ძისა და დ-------------------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას ა-–------------------ს ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად დამკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი იქნებოდა ა-–--------------------- მსჯავრდებისთვის, ხოლო უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147). სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას.
პალატა უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ეროვნულმა სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები და მსჯავრდებისას დაუსაბუთებლად არ დაეყრდნონ იმ მტკიცებულებებს, რომლის კანონიერებასა და სანდოობასაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებდა. ევროსასამართლო უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტები (განაცხადები No 12315/04 და 17605/04, 2010 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები: 57-72).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.
ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ა-–------------------- ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი ა-–------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი ცალი ,,CD დისკი“, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.ა-–------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 იანვრის ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
4.ა-–-----------------ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად - ერთი ცალი ,,CD დისკი“,რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი