განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080310019002975621 (3/ბ-338-2019წ.)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – რ-------- ფ----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება - იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და რ-------- ფ----------ის სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 02 მაისს რ-------- ფ----------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანების ბათილად ცნობა და შემოსავლების სამსახურის დავალდებულება მოსარჩელის კუთვნილი ,,VAZ’’-ის მარკის №A------- (შასის ნომერი: X--------------) ავტომანქანის მიმართ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ რ-------- ფ----------ე არის რუსეთის მოქალაქე. 2007 წელს მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მაისის №307 ბრძანებულებით მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2018 წლის 26 ოქტომბერს რ-------- ფ----------ე ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოში მისი კუთვნილი, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული, ,,VAZ’’-ის მარკის №A------- ავტომანქანით (გამოშვების წელი 2002, შასის ნომერი X--------------), მასთან ერთად საქართველოში შემოვიდა NB-------- სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც შემოიტანა პირადი და ოჯახის წევრების მოხმარების ნივთები, სულ 31 დასახელების. საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოტანისას _ საქონელი იყო დალუქული და მათი ღირებულება შეადგენდა 20 000 რუსულ რუბლს (5000 ლარს).
მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან უნდა გათავისუფლებულიყო როგორც მის მიერ შემოტანილი, პირადი და საოჯახო მოხმარების 31 ერთეული ნივთი _ ისე, მისი კუთვნილი ავტომანქანა.
მოსარჩელის მტკიცებით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას მან განაცხადა, რომ შემოდიოდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად (თუმცა იმ მომენტისათვის არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და რომ სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, გამშვები პუნქტის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა განუმარტა, რომ შეეძლო აერჩია ტერმინალი ქ.თბილისში ან ქ.ბათუმში, სადაც მომსახურება იყო უფასო და ქალაქ ქუთაისში, სადაც მომსახურება ფასიანი იყო. მოსარჩელემ, რომელსაც სურდა ესარგებლა გარკვეული შეღავათებით, როგორც 31 ერთეულ ნივთზე, ასევე მის კუთვნილ ავტომანქანაზე, აირჩია ტერიტორიულად მის საცხოვრებელ ადგილთან (ზესტაფონი, სოფ. ზედა საქარა) ყველაზე ახლოს მდებარე, მაგრამ ფასიანი მომსახურების ტერმინალი, სადაც ის გამოცხადდა 26 ოქტომბერს 11:00 საათზე, საკუთარი ავტომანქანით და ასევე რუსეთის ფედერაციიდან მასთან ერთად შემოსული, მისივე ნივთებით დატვირთული ავტომანქანა „ვოლვოს“ თანხლებით. სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებმა შეავსებინეს განაცხადი, როგორც ავტომანქანაზე, ასევე შემოტანილ 31 დასახელების ნივთზე, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე შეღავათის გავრცელების საკითხის გადასაწყვეტად რ-------- ფ----------ე გააგზავნეს ქ. ქუთაისის მომსახურების სააგენტოში, სადაც დაუდასტურეს, რომ ქონების განაჟებისას შეეძლო ესარგებლა კანონით მინიჭებული შეღავათებით. ანალოგიური მოთხოვნით მოსარჩელე შემოსავლების სამსახურში გამოცხადდა 2018 წლის 29 ოქტომბერსაც, მას შემდეგ, რაც ქუთაისის იუსტიციის სახლში აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი ნივთები, გარდა მსუბუქი ავტომანქანისა, დაექვემდებარა საგადასახადო შეღავათს, ხოლო ავტომანქანის მიმართ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხი _ შემოსავლების სამსახურმა რეაგირების გარეშე დატოვა.
2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით და ითხოვა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- წერილით ეცნობა, რომ მითითებული შეღავათების მისაღებად მას უნდა ესარგებლა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან - 30 კალენდარულ დღეში, რაც მოსარჩელეს თითქოსდა დარღვეული ჰქონდა 2018 წლის 13 დეკემბრისათვის (განცხადების შეტანის დროისათვის). რ-------- ფ----------ემ აღნიშნული ჩათვალა საკუთარი უფლების დარღვევად და 2019 წლის 22 იანვარს შეიტანა განცხადება (საჩივარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იმ საფუძვლით, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 მაისის №307 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება მიიღო 2018 წლის 29 ოქტომბერს და მასზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაიცა შესაბამისი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რაც იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენდა, რომ მოსარჩელეს, როგორც საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაწესებული შეღავათების გასავრცელებლად, მიმართული ჰქონდა კანონით განსაზღვრულ ვადებში და რომ მას ამ პროცედურების განსახორციელებელი ვადები არ დაურღვევია.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მარტის სხდომაზე განხილულ იქნა რ-------- ფ----------ის საჩივარი. 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანებით რ-------- ფ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში საერთოდ არაა საუბარი იმ გარემოებებზე, რაც მოსარჩელემ მიუთითა საბაჟო დეპარტამენტის №2---------- წერილთან დაკავშირებით, შესაბამისად, ფიქრობს, რომ დავების განხილვის საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ საჩივარში მითითებულ ფაქტებზე. რ-------- ფ----------ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ თითქოს მას არ განუცხადებია სგპ „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის თაობაზე და რომ მას სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით. აღნიშნულის უსაფუძვლობას ადასტურებს მოსარჩელის 2018 წლის 26 ოქტომბრის, 2018 წლის 29 ოქტომბრისა და 2018 წლის 13 დეკემბრის წერილობითი განცხადებები და განცხადებაზე დართული საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის, კონკრეტულად კი ავტომანქანა ,,VAZ’’-ის №A------- შესახებ.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა, წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სამსახურის განმარტებით, 2018 წლის 26 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის’’ კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,VAZ’’-ის მარკის №A-------, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა რ-------- ფ----------ე (პ/ნ 1----------). იმავე დღეს №B-------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა აღნიშნული პირის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელზეც გამოწერილ იქნა №6----------- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა. რ-------- ფ----------ეს სგპ ,,ყაზბეგის’’ კონტროლის ზონაში შემოსვლისას არ განუცხადებია, რომ საქართველოში შემოდიოდა მუდმივ საცხოვრებლად და სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელეს საქართველოში შემოსვლისას არ განუცხადებია, რომ შემოდიოდა მუდმივ საცხოვრებლად და სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით დაამასთან, მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი გარანტია, საბაჟო დეპარტამენტმა ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
მოპასუხის აღნიშვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით, იმპორტის გადახდისგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ გარანტიის წარდგენა სავალდებულოა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი ასეთ შემთხვევაში გარანტიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულება კი რ-------- ფ----------ეს არ წარმოუდგენია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით რ-------- ფ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რ-------- ფ----------ე არის რუსეთის მოქალაქე. 2007 წელს მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მაისის №307 ბრძანებულების თანახმად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
2018 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე რ-------- ფ----------ე, ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოში მისი კუთვნილი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,VAZ’’-ის მარკის №A------- ავტომანქანით, გამოშვების წელი: 2002 (შასის ნომერი X--------------). ამავდროულად მასთან ერთად შემოვიდა NB-------- სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც შემოტანილ იქნა მისი კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, აღწერილი 31 ერთეულის ოდენობით და რომელიც დალუქულ მდგომარეობაში იყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი შემოტანისას. ნივთების ღირებულება შეადგენდა 20 000 რუსულ რუბლს, რაც ქართულ ლართან მიმართებაში შეადგენდა 5000 ლარს;
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან უნდა გათავისუფლებულიყო როგორც 31 ერთეული ნივთი, ასევე რ-------- ფ----------ის ავტომანქანა. საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ შემოდიოდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად (თუმცა იმ მომენტისათვის არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და რომ სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. სგპ „ყაზბეგის“ ზონაში შემოსვლისას მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამშვები პუნქტის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა უთხრა, რომ შეეძლო სურვილის მიხედვით აერჩია ტერმინალი ქ. თბილისში ან ქ. ბათუმში სადაც მომსახურეობა მისი თქმით იყო უფასო და ქალაქ ქუთაისში, სადაც მომსახურეობა ფასიანი იყო. მოსარჩელემ, რომელსაც სურდა ესარგებლა გარკვეული შეღავათებით, როგორც 31 ერთეულ ნივთზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე, აირჩია ტერიტორიულად მის საცხოვრებელ ადგილთან (ზესტაფონი სოფ. ზედა საქარა), ყველაზე ახლოს მყოფი, თუნდაც ფასიანი მომსახურების ტერმინალი;
ქუთაისში შემოსავლების სამსახურში მოსარჩელე გამოცხადდა იმავე დღეს, 26 ოქტომბერს, დილის 11:00 საათზე, კუთვნილ ავტომანქანასთან და რუსეთის ფედერაციიდან სატვირთო ავტომანქანა „ვოლვოს“ მეშვეობით შემოტანილ სხვადასხვა დასახელების ნივთებთან ერთად, სადაც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებმა შეავსებინეს განაცხადი, როგორც ავტომანქანაზე ასევე შემოტანილი 31 დასახელების ნივთზე. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე შეღავათის გავრცელების საკითხის გადასაწყვეტად რ-------- ფ----------ე გააგზავნეს ქ. ქუთაისის მომსახურების სააგენტოში, სადაც დაუდასტურეს, რომ მას შეეძლო ესარგებლა კანონით მინიჭებული შეღავათებით. ანალოგიური მოთხოვნით დაფიქსირდა მოსარჩელის მისვლა შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 29 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ქუთაისის იუსტიციის სახლში აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღმოჩნდა, რომ 31 დასახელების ნივთი დაექვემდებარა შეღავათს, რაც შეეხება ავტომანქანა „ნივაზე“ შეღავათების გავრცელებას, აღნიშნული შემოსავლების სამსახურმა საერთოდ რეაგირებას გარეშე დატოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით და ითხოვა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით.
2019 წლის 03 იანვრის შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი №2---------- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მითითებული შეღავათების მისაღებად მას უნდა ესარგებლა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 30 კალენდარულ დღეში, რაც მოსარჩელეს თითქოსდა დარღვეული ჰქონდა 2018 წლის 13 დეკემბრისათვის (განცხადების შეტანის დროისათვის). რ-------- ფ----------ემ აღნიშნული ჩათვალა რა მისი უფლების დარღვევად 2019 წლის 22 იანვარს შეიტანა განცხადება (საჩივარი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში იმ საფუძვლით, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა აიღო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 12 მაისის №307 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება მოსარჩელემ მიიღო 2018 წლის 29 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემულ იქნა მოსარჩელის სახელზე შესაბამისი დოკუმენტი-პირადობის მოწმობა (2018 წლის 29 ოქტომბერს), რაც იმის უტყუარ დასტურს წარმოადგენდა, რომ რ-------- ფ----------ის მიმართებაში, როგორც საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიმღები პირისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაწესებული შეღავათების გასავრცელებლად მოსარჩელეს მიმართული ჰქონდა და აქვს კანონით განსაზღვრულ ვადებში და რომ ამ პროცედურების განსახორციელებელი ვადებიც არ დაურღვევია;
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მარტის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა რ-------- ფ----------ის საჩივარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილის მიერ 2019 წლის 27 მარტს გამოცემულ იქნა №7--- ბრძანება, რომლის მიხედვითაც რ-------- ფ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარში საერთოდ არაა საუბარი იმ საფუძველზე, რაც მითითებულ იქნა მოსარჩელის მიერ საბაჟო დეპარტამენტის №2---------- წერილთან დაკავშირებით და საერთოდ არ უმსჯელია დავების განხილვის საბჭოს მოსარჩელის მიერ საჩივარში მითითებულ საფუძველზე და რ-------- ფ----------ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსა და მას არ განუცხადებია სგს „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის თაობაზე და რომ მას სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათებით. აღნიშნულის უკანონობას ადასტურებს მოსარჩელის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონულად დარეგისტრირებული განცხადება, 2018 წლის 29 ოქტომბერს პირადობის მიღების შემდეგ დარეგისტრირებული განცხადება, 2018 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირებული მოსარჩელის წერილობითი განცხადება და განცხადებაზე დართული საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირის განაცხადი საქართველოში შემოსატანი საქონლის, კონკრეტულად კი ავტომანქანა „ნივის“ შესახებ;
მოწმედ დაკითხულმა ფ-------- ფ----------ემ განმარტა, რომ რ-------- ფ----------ე არის მისი ძმა, რომელიც 2018 წლის 26 ოქტომბერს, რუსეთიდან მუდმივ საცხოვრებლად დაბრუნდა საქართველოში. მოწმის განმარტებით, რ-------- ფ----------ეს ახლდა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, სადაც რ-------- ფ----------ემ უფლებამოსილ პირს განუცხადა, რომ მუდმივ საცხოვრებლად შემოდიოდა საქართველოში და სურდა ესარგებლა საგადასახადო შეღავათებით ავტომანქანაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვარის №2---------- გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მოცემული სარჩელის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში.
საქალაქო სასამართლო ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენელის პოზიცია და დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახდო კოდექსის პირველი მუხლი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,VAZ’’-ის მარკის №A------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოსარჩელე რ-------- ფ----------ე (პ/ნ 1----------). ამასთან იმავე დღეს №B-------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა აღნიშნული პირის კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელზეც გამოწერილ იქნა №6----------- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რ-------- ფ----------ის მიერ საქართველოში შემოსვლისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, ხოლო სს კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საქონლის დეკლარირება კი არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. შესაბამისად, ვინაიდან მოსარცელემ არ შეავსო საბაჟო დეკლარაცია, მასზედ ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათი.
გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის № 290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გარანტიის წარდგენა სავალდებულოა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი ასეთ შემთხვევაში გარანტიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულება, რაც ასევე არ იქნა წარდგენილი რ-------- ფ----------ის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიოჩნია, რომ - რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,VAZ“-ის მარკის №A 558EE 72 მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის განზრახვით, რ-------- ფ----------ეს არ განუხორციელებია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტით, იმპორტის გადახდისგან განთავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
სასამართლო აღნიშნა, რომ ვინაიდან 2018 წლის 26 ოქტომბრისთვის, რ-------- ფ----------ეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ არ გააჩნდა (2018 წლის 29 ოქტომბერს მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გამოცემული შესაბამისი დოკუმენტი-პირადობის ელექტრონული მოწმობა), საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათის მისაღებად მას უნდა წარედგინა შესაბამისი გარანტია ან თავდებობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მხოლოდ 2018 წლის 13 დეკემბერს მიმართა №2----------- წერილობითი განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,VAZ’’-ის მარკის №A------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლზე, რომლის თანახმადაც ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან. ადგილობრივი გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო შეღავათი დგინდება შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- გადაწყვეტილება და 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანება მიღებული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო კვლევის და შეფასების საფუძველზე და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ-------- ფ----------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავე საპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების დაკისრება მოწინააღმდეგე მხარისთვის.
აპელანტმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურში იგი გამოცხადდა 2019 წლის 26 ოქტომბერს, დილის 11.00 საათზე, კუთვნილი ავტომანქანით ,,VAZ’’-ის მარკის №A------- და რუსეთის ფედერაციიდან სატვირთო ავტომანქანით („ვოლვო“) შემოტანილ სხვადასხვა დასახელების ნივთებით, სადაც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებმა შეავსებინეს განაცხადი, როგორც მსუბუქ ავტომანქანაზე, ასევე შემოტანილ 31 დასახელების ნივთზე. ანალოგიური მოთხოვნით მოსარჩელე მივიდა შემოსავლების სამსახურში 2019 წლის 29 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ქუთაისის იუსტიციის სახლში აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. განაცხადი შეავსო არა რ-------- ფ----------ემ, არამედ რ-------- ფ----------ის კარნახით შემოსავლების სამსახურის სათანადო უფლებამოსილების მქონე პირმა, მას შემდეგ რაც მოსარჩელეს გაეწია სიტყვიერი კონსულტაცია, როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან, ასევე მომსახურების სააგენტოსგან, რომ შეღავათებს უნდა დაქვემდებარებოდა არა მარტო 31 ერთეული ნივთი, ასევე მისი კუთვნილი ავტომანქანა. განაცხადის შევსება ხდებოდა ელექტრონული წესით. იგივე მოხდა 2019 წლის 29 ოქტომბერსაც, როდესაც რ-------- ფ----------ემ უკვე პირადობის მოწმობა აიღო და წარუდგინა შემოსავლების სამსახურს. 2019 წლის 26 ოქტომბრის განაცხადზე შემოსავლების სამსახურს არანაირი რეაგირება აღარ მოუხდენია. მას პასუხი გაეცა 2019 წლის 29 ოქტომბრის განაცხადზე და შეღავათი გაუვრცელდა მხოლოდ 31 ერთეულ საოჯახო ნივთზე, ხოლო ავტომაქანაზე შეღავათის გავრცელების ან/და გაუვრცელებლობის შესახებ შემოსავლების სამსახურს რ-------- ფ----------ისათვის არც დადებითი და არც უაყოფითი პასუხი არ მიუცია.
2019 წლის 13 დეკემბერს რ-------- ფ----------ის მხრიდან განცხადების წარდგენა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ შემოსავლების სამსახურს არც 2019 წლის 26 და 29 ოქტომბრის განცხადებების მოთხოვნაზე მსუბუქ ავტომანქანასთან დაკავშირებით შეღავათები გავრცელების შესახებ არ უმსჯელია. შეღავათების გავრცელების შესახებ 2019 წლის 26 და 29 ოქტომბრის განცხადებების არსებობას ადასტურებს არა მარტო მოსარჩელე მხარე, არამდე მოპასუხე მხარის წარმომდგენელიც, საქმეში არსებული მასალები და მოწმის სახით დაკითხული ფ-------- ფ----------ის ჩვენება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დაადგინა, რომ რ-------- ფ----------ემ 2019 წლის 03 იანვარს შემოსავლების სამსახურის N2---------- წერილი (რომლითაც ეცნობა, რომ მითითებული შეღავათების მისაღებად მას უნდა ესარგებლა 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 30 კალენდარულ დღეში), ჩათვალა მისი უფლებების დარღვევად, რადგან რ-------- ფ----------ეს თავისი უფლების დარღვევად მიაჩნდა ასევე 2019 წლის 26 ოქტობრისა და 2019 წლის 29 ოქტომბრის განცხადებებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის უმოქმედობა და ასევე 2018 წლის 13 დეკემბრის განცხადებაზე წერილობითი პასუხი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 მარტის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე რ-------- ფ----------ის საჩივრის განხილვისას საერთოდ არ გამახვილებულა ყურადღება საბაჟო დეპარტამენტის N2---------- წერილთან დაკავშირებით და დავების განხილვის საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტის N7--- ბრძანების მიხედვით, მომჩივანს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ თითქოს მას სგპ „ყაზბეგის" კონტროლის ზონაში შემოსვლისას არ განუცხადებია საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის შესახებ, _ რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ მასზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი და დაბეგვრისაგან უნდა გათავისუფლებულიყო როგორც მისი საოჯახო და პირადი მოხმარების 31 ერთეული ნივთი, ასევე _ მისი კუთვნილი ერთი ერთეული ავტომანქანა, რადგან საბაჟო გამშვები პუნქტის "ყაზბეგის" კონტროლის ზონაში შემოსვლისას რ-------- ფ----------ემ განაცხადა, რომ შემოდიოდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად და რომ სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ-------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ რიგში პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელით სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- გადაწყვეტილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანება. ასევე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება მოსარჩელის კუთვნილ ,,VAZ’’-ის მარკის №A------- (შასის ნომერი: X----------------) ავტომანქანასთან მიმართებაში გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათები) რაც გულისხმობს, მოპასუხის მხრიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტს, რადგან იგი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანება, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, რაც ასევე ითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და აღნიშნულ აქტებს დაინტერებული პირის მიმართ შეიძლება მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წინამდებარე დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №2---------- გადაწყვეტილების და 2019 წლის 27 მარტის №7--- ბრძანების) შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი, რადგან ამ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობაზეა დამოკიდებული მომდევო სასარჩელო მოთხოვნის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სასარგებლო აქტის გამოცემის შესახებ, დაკმაყოფილების საკთხი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი-მესამე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ და „გ“ პუნქტების თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის, ხოლო 23-ე მუხლის მიხედვით - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ან/და ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, ხოლო 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პალატა მიუთითებს, რომ უდავოდ დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მაისის N307 ბრძანებულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, რ-------- ფ----------ეს, დაბადებულს 1959 წლის 10 იანვარს საქართველოში, ზესტაფონის რაიონში, მცხოვრებს რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
2018 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე რ-------- ფ----------ე, ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოში მისი კუთვნილი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ,,VAZ’’-ის მარკის №A------- ავტომანქანით, გამოშვების წელი 2002 (შასის ნომერი: X----------------). მასთან ერთად საქართველოში შემოვიდა „ვოლვოს“ მარკის NB-------- სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც შემოიტანა მისი კუთვნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი, აღწერილი 31 ერთეულის ოდენობით და რომელიც დალუქული იყო საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი შემოტანისას. ნივთების ღირებულება შეადგენდა 20 000 რუსულ რუბლს, რაც ქართულ ლართან მიმართებაში შეადგენდა 5000 ლარს;
რ-------- ფ----------ეზე (პ/ნ 1----------) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა გაიცა 2018 წლის 29 ოქტომბერს.
2018 წლის 30 ოქტომბერს რ-------- ფ----------ის მიერ წარდგენილ იქნა გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (3694001945), რომელშიც აღნიშნულია, რომ რ-------- ფ----------ე ადეკლარირებს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელს (პირადი ნივთები, ღირებულებით: 5000 ლარი), რომელიც არ აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს და არაა განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. ამავე დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ იმპორტის გადასახადი შეადგენს - 0 ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვის ცენტრში, რ-------- ფ----------ის 2018 წლის 13 დეკემბერს წარდგენილ N2----------- განცხადებაში საბაჟო დეპარტამენტის უფროსისადმი აღნიშნულია, რომ იგი არის რუსეთის მოქალაქე. 2007 წელს მიმართა იუსტიციის სახლს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით. 2007 წლის 15 მაისს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა საქართველო მოქალაქეობა. 2018 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში შემოვიდა კუთვნილი ავტომანქანით: ВАЗ 21213 („ნივა“, გამოშვების 2002წ. შასის ნომერი: X----------------). ამავე განცხადებით რ-------- ფ----------ემ ითხოვა მის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუსლიხ „დ.ე“ პუნქტით დადგენილი შეღავათის გავრცელება. ამასთანავე, მან საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ პირადობის მოწმობა აიღო 2018 წლის 29 ოქტომბერს. საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ 2018 წლის 13 დეკემბრის, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადში საქონლის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია ავტომანქანა: ВАЗ 21213, გამოშვების 2002წ. შასის ნომერი: X----------------;
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 03 იანვრის N2---------- გადაწყვეტილებით, რ-------- ფ----------ეს 2018 წლის 13 დეკემბერს წარდგენილ N2----------- განცხადების პასუხად განემარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის. შესაბამისად, ფიზიკურ პირს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული შეღავათით საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას. რ-------- ფ----------ეს ეცნობა, რომ აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის ვადებთან დაკავშირებით მუდმივად ცხოვრების უფლების მიმღები პირისათვის დადგენილია შეზღუდვები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანების მე-20 მუხლის მე-10 პუქნტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კერძოდ, პირმა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) 30 კალდენდარული დღის განმავლობაში უნდა განაცხადოს სადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მიღების განზრახვის შესახებ და არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა განახორციელოს ზემოაღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცედურები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტმა რ-------- ფ----------ეს მიუთითა, რომ ვინაიდან მას საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება მიღებული ჰქონდა 2018 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათების მისაღებად შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2018 წლის 13 დეკემბერს და შესაბამისად, გასული იყო 30 კალდენდარულ დღეზე მეტი, მის განცხადებაში მითითებული ინფორმაცია ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 26 ივლისის N290-ე ბრძანების მე-20 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა;
აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის 24 იანვარს გასაჩივრებული იქნა რ-------- ფ----------ის მიერ, მომჩივანი ითხოვდა მის კუთვნილ ავტომობილზე: „ВАЗ 21213“, გამოშვების წელი: 2002, შასის ნომერი: X---------------- საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას, ვინაიდან მან აღნიშნული შეღავათების გავრცელების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართა 2019 წლის 26 და 29 ოქტომბერს და არა 2018 წლის 13 დეკემბერს, როგორც ეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 03 იანვრის N2---------- გადაწყვეტილებაში იყო მითითებული.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტის N7--- ბრძანებით, რ-------- ფ----------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანებით, შემოსავლების სამსახურმა დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 26 ოქტომბერს, სპგ „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოვიდა რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული „VAZ”-ის მარკის NA------- მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა რ-------- ფ----------ე. მასთან ერთად შემოვიდა სატვირთო ავტომანქანა „VOLVO“, ნომრით: B--------, რომელსაც მართავდა რუსეთის მოქალაქე ნ--------------------ი და გადაადგილება რუსეთის მოქალაქე რ-------- ფ----------ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების საქონელს, რომლის საერთო ღირებულება და წონა აღმატებოდა 500 ლარს და 30 კგ-ს და მასზე ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი. ვინაიდან შემოსვლისას საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის რ-------- ფ----------ეს არ განუცხადებია საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის განზრახვა და რომ სურდა ესარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით, იმავე დღეს გამოწერილ იქნა N6----------- საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ხოლო შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელების მიზნით საქონელი გაშვებული იქნა გეზ ქუთაისის მიმართულებით. ამასთან, ვინაიდან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ არ გააჩნდა (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტი - პირადობის ელექტრონული მოწმობა), ასეთი შეღავათის მისაღებად მას უნდა წარედგინა შესაბამისი გარანტია ან თავდებობის ხელშეკრულება. რ-------- ფ----------ემ მხოლოდ 2018 წლის 13 დეკემბერს მიმართა N2----------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მოსაპოვებლად, შესაბამისად, მას სადავო 2019 წლის 03 იანვრის N2---------- წერილით კანონიერად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
სწორედ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტის N7--- ბრძანებაში აღნიშნული მსჯელობა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ და უარი თქვა რ-------- ფ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული დასაბუთება არ ემყარება კანონის მოთხოვნებს და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოში შემოსვლისას, რ-------- ფ----------ის ქონების მიმართ სგპ „ყაზბეგის“ ზონაში, ადგილზე არ გავრცელდა იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით (იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის) გათვალისწინებული შეღავაღი და შემდგომი საბაჟო პროცედურების გავლის მიზნით, რ-------- ფ----------ე გადამისამართებულ იქნა ქუთაისის სერვის ცენტრში;
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული იყო იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებლების „დ.ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული საფუძვლებიც, კერძოდ, დასახელებული მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ;ეკონომიკური საქმიანობისათვის;
დადგენილია, რომ რ-------- ფ----------ე, ნამდვილად გამოცხადდა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრში, სადაც მის მიერ, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღების შემდეგ, შევსებულ იქნა გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (რეგისტრაციის თარიღი: 30.10.2018, 10:22:29);
დადგენილია, რომ რ-------- ფ----------ის კუთვნილი, 2019 წლის 26 ოქტომბერს შემოტანილი ქონების ნაწილი (31 დასახელების ნივთი) დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 199-ე „დ.ე” ქვეპუნქტით გათავლისწინებულ შეღავათს, ხოლო სატრანსპორტო საშუალება: „VAZ”, ნომრით: A-------, _ არა;
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (შემდგომში „ინსტრუქცია“) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-20 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;
“ინსტრუქციის“ 21.1-21.3 მუხლის მიხედვით, საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. საბაჟო დეკლარაციის სახეებია: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია; ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია; ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია. ზ) ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო დეკლარაცია. 21.4 მუხლით დადგენილია, რომ ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად. 21.7 მუხლის „გ“ პუნქტით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;
„ინსტურქციის“ 22.1 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება. 22.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, პირს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით.
პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (შემდგომში „ინსტრუქცია“) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. “ინსტრუქციით“ განსაზღვრულია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისა და ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შევსების შემთხვევები, პირობები და წესი.
„ინსტრუქციის“ 45.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით შესაძლებელია გაფორმდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი); 45.13 მუხლით, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით, საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს თავდებობის ხელშეკრულების (თავდებობის ხელშეკრელება წარმოადგენს გარანტიის სახეს, რომელიც „ინსტრუქციის 33.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით სავალდებულოა საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით) წარდგენისას. ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 დღეს.
ამავე „ინსტრუქციის“ 49.1 მუხლით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 49.4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, №XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას, როდესაც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირი „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს მის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება.
მოსარჩელის განმარტებით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას მოსარჩელემ განაცხადა, რომ შემოდიოდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად (თუმცა იმ მომენტისათვის მას როგორც საქართველოს მოქალაქეს ჯერ არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა) და რომ სურდა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ,,დ.ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით. სგპ „ყაზბეგის“ ზონაში შემოსვლისას მოსარჩელის განცხადების საფუძველზე გამშვები პუნქტის სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა უთხრა, რომ შეეძლო სურვილის მიხედვით აერჩია ტერმინალი ქ. თბილისში ან ქ. ბათუმში სადაც მომსახურეობა მისი თქმით იყო უფასო და ქალაქ ქუთაისში, სადაც მომსახურეობა ფასიანი იყო. მოსარჩელემ, რომელსაც სურდა ესარგებლა გარკვეული შეღავათებით, როგორც 31 ერთეულ ნივთზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე, აირჩია ტერიტორიულად მის საცხოვრებელ ადგილთან (ზესტაფონი სოფ. ზედა საქარა), ყველაზე ახლოს მყოფი მომსახურების ტერმინალი; ქ.ქუთაისში, შემოსავლების სამსახურში, მოსარჩელე გამოცხადდა იმავე დღეს, 26 ოქტომბერს, დილის 11:00 საათზე, კუთვნილ ავტომანქანასთან და რუსეთის ფედერაციიდან სატვირთო ავტომანქანა „ვოლვოს“ მეშვეობით შემოტანილ სხვადასხვა დასახელების ნივთებთან ერთად, სადაც სათანადო უფლებამოსილების მქონე პირებმა შეავსებინეს განაცხადი, როგორც ავტომანქანაზე ასევე შემოტანილი 31 დასახელების ნივთზე. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე შეღავათის გავრცელების საკითხის გადასაწყვეტად რ-------- ფ----------ე გააგზავნეს ქ. ქუთაისის მომსახურების სააგენტოში, სადაც დაუდასტურეს, რომ მას შეეძლო ესარგებლა კანონით მინიჭებული შეღავათებით. ანალოგიური მოთხოვნით დაფიქსირდა მოსარჩელის მისვლა შემოსავლების სამსახურში 2018 წლის 29 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ქუთაისის იუსტიციის სახლში აიღო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. აღმოჩნდა, რომ 31 დასახელების ნივთი დაექვემდებარა შეღავათს, რაც შეეხება ავტომანქანა „ნივაზე“ შეღავათების გავრცელებას, აღნიშნული შემოსავლების სამსახურმა საერთოდ რეაგირებას გარეშე დატოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს განცხადებით და ითხოვა ესარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათებით.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ რ-------- ფ----------ემ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისთანავე მოახდინა ზეპირი დეკლარირება როგორც იმ ნივთებზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდებოდა, ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებაზე რომელსაც ის უშუალოდ მართავდა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი იყო, რომ რ-------- ფ----------ე საქართველოში შემოვიდა 2018 წლის 26 ოქტომბერს „VAZ”-ის მარკის ავტომობილით და ამასთან 31 დესახელების მოძრავი ნივთი შემოიტანა „ვოლვოს“ მარკის სატვირთო ავტომანქანით. სგპ „ყაზბეგიდან“ შემდგომი საბაჟო პროცედურების გავლის მიზნით რ-------- ფ----------ე გადამისამართებულ იქნა ქუთაისის სერვის ცენტრში. სსიპ შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ რ-------- ფ----------ეს 2018 წლის 13 დეკემბრის განცხადების წარდგენამდე საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის განზრახვის შესახებ უფლებამოსილი პირებისთვის არ განუცხადებია და არც რაიმე სახის დოკუმენტი წარუდგენია, თუმცა მიუხედავად ამისა, შესაბამისი განცხადების არარსებობის (შემოსავლების სამსახურის მტკიცებით) პირობებშიც, შემოსავლების სამსახურმა მაინც დაუქვემდებარა 2018 წლის 26 ოქტომბერს რ-------- ფ----------ის მიერ შემოტანილი 31 დასახელების მოძრავი ნივთი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეღავათს. აღნიშნული შეღავათების გავრცელება განხორცილდა რ-------- ფ----------ის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირებული გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, რომლის შევსებისას რ-------- ფ----------ეს უკვე მიღებული ჰქონდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და შესაბამისად, ნათელია მისი საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლის განზრახვა. ამდენად, საგადასახადო ორგანოს მტკიცება, რომ მოსარჩელეს ასეთი განზრახვის შესახებ 2018 წლის 13 დეკემბრამდე არ განუცხადებია, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ-------- ფ----------ის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მოთხოვნის წარდგენის ვადად მიჩნეულ უნდა იქნას არა 2018 წლის 13 დეკემბერი, არამედ 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდი, რაც განაპირობებს მის მიმართ შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გავრცელების ვალდებულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე. კერძოდ, მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უკანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაბათილებელი არგუმენტები, რაც პალატას მისცემდა ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობის გაზიარების საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილია, _ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონს, არსებითად დარღვეულია მათი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული აქტების ბათილობა განაპირობებს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ კანონის შესაბამისი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების, ასევე სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად აკმაყოფილებს რა სააპელაციო საჩივარს, აუქმებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით აკმაყოფილებს რ-------- ფ----------ის სარჩელს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.
6. საპროცესო ხარჯები
დადგენილია რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში რ-------- ფუკარაძის წარმომადგენლობას ახორციელებდა ადვოკატი ე----- ტ--–----ე, რომლისთვისაც საადვოკატო მომსაუხურებისათვის რ-------- ფ----------ის მიერ 2019 წლის 21 აგვისტოს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით გადახდილ იქნა 300 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ-------- ფ----------ეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან (სსიპ შემოსავლების სამსახური) უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის (100 ლარი გადახდილი - სარჩელზე, ხოლო 150 ლარი _ სააპელაციო საჩივარზე) და ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 300 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. რ-------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ-------- ფ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის N2---------- გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 27 მარტის N7--- ბრძანება;
5. დაევალოს სსიპ შემოსვლების სამსახურს რ-------- ფ----------ის კუთვნილ „VAZ”-ის მარკის NA------- ავტომობილთან (შასის ნომერი: X--------------) მიმართებაში გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ პუნქტით დადგენილი შეთავათები;
6. დაეკისროს სსიპ შემოსავლების სამსახურს რ-------- ფ----------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარის და ადვოკატი მომსახურების საფასურის 300 ლარის ანაზღაურება;
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
მურთაზ მეშველიანი
გოჩა აბუსერიძე