განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
180100119003186406
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003186406

საქმე №1ბ/113-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი--- ლ-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 22 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №3----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. მ–--------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

ი--- ლ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 იანვრის ეპიზოდი), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი--- ლ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ი--- ლ-------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 06 ივნისს, დაახლოებით 18:45 საათზე, ქ. მ–-----–----------------------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ი--- ლ-------ს და მის შვილს ნ---- ლ-------ს მოუხდათ კამათი, რადგან ი--- ლ-------ს სურდა ძაღლის სახლიდან გაშვება და ფეხი აუქნია. ვინაიდან ნ---- ლ-------ი გამოექომაგა ძაღლს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი--- ლ-------მა შვილს, ნ---- ლ-------ს სახეში დაარტყა ხელი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც ნ---- ლ-------ი დაეცა იატაკზე, ი--- ლ-------მა წამოაყენა და კიდევ ორჯერ ჩაარტყა მუშტი თავის არეში, შემდეგ კი ჭიქის ჩარტყმას ცდილობდა თავში, რა დროსაც ნ---- ლ-------მა ხელი აიფარა თავზე და ჭიქა მოხვდა მარცხენა ხელში. აღნიშნული ძალადობის შედეგად ნ---- ლ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 19 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. მ–-----–----------------------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, ი--- ლ-------ს და მის მეუღლეს ე-–---- წ---–-----ეს მოუხდათ კამათი ი--- ლ-------ის საზღვარგარეთ წასვლის საკითხთან დაკავშირებით. კამათის დროს ი--- ლ-------მა მეუღლეს უყვირა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მარცხენა თვალთან დაარტყა მუშტი, რის შედეგად კიდევ ცდილობდა დარტყმას, მაგრამ შვილებმა ნ---- და თ--- ლ-------ებმა შეაჩერეს. აღნიშნული ძალადობის შედეგად ე-–---- წ---–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი--- ლ-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან ი--- ლ-------ს დაენიშნა ჩადენილი დანაშაულებისათვის დაწესებული სასჯელის მსუბუქი სახე და ზომა, რაც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს და მსჯავრდებულის პიროვნებას. სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში იმსჯელა მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებზე არ უმსჯელია. აპელანტის აზრით, სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა გაეთვალისწინებინა ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, ძალადობის ინტენსივობა, სისტემატური ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში გრძელდებოდა მეუღლის და შვილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე ფიზიკური ფორმით განახორციელა ძალადობა ორთავეს მიმართ, რა დროსაც, მან იარაღად გამოიყენა ჭიქა, რომლის ჩარტყმა უნდოდა თავში, მაგრამ ხელი აიფარა ნ---- ლ-------მა, რის გამოც თავში ჩარტყმა ვერ შეძლო. ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს ი--- ლ-------ი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, რაც არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

აპელანტის მითითებით, აღნიშნული დანაშაული დღეის მდგომარეობით საკმაოდ გავრცელებულია და ხშირია მოძალადის მხრიდან ძალადობის ფაქტების განმეორების რისკები, რაც უნდა შეეფასებინა სასამართლოს სწორედ სასჯელის დანიშვნის დროს, მით უფრო, რომ პირველი შემთხვევა არ ყოფილა ი--- ლ-------ის მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი და სასჯელი უნდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. აპელანტის განმარტებით, სასჯელის ერთ-ერთი მიზანია ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა მათაც არ ჩაიდინონ ანალოგიური ან სხვა დანაშაული, რის მიღწევაც შეუძლებელია მსგავსი მსუბუქი სასჯელის დანიშვნის პირობებში. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტები, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - ნ---- ლ-------ის და ე-–---- წ---–-----ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ--- ლ-------ის, დ-------- ბ--–-------ის, მ------- ჯ----ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის მითითებას იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია ი--- ლ-------ის ქმედების დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ, მისი ძალადობის სისტემატურ ხასიათზე, დანაშაულის ჩადენაზე მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაულის ჩადენის ხერხზე - ჭიქის გამოყენებაზე და აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლები არ წარმოადგენენ სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებს, რომლებიც გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით, ამასთან, სწორედ ეს გარემოებები გახდა ი--- ლ-------ისათვის სასჯელის ყველაზე მკაცრი სახის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის საფუძველი, მაშინ, როდესაც მუხლის სანქცია ითვალისწინებდა სასჯელის უფრო მსუბუქ ალტერნატივას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას ი--- ლ-------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია დამნაშავის ინდივიდუალური მახასიათებლები. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი--- ლ-------ი დაავადებულია ტუბერკულოზით, დაქვეითებული აქვს სმენა, ასევე, სახეზე გვაქვს მისი მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს, რაც დასტურდება საქმეში არსებული დაზარალებულების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით, რომელთა თანახმად, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და ისინი აგრძელებენ თანაცხოვრებას.

 

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ი--- ლ-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ი--- ლ-------ის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სამართლიანად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ი--- ლ-------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ი--- ლ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი--- ლ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი და 2018 წლის 19 იანვრის ეპიზოდი), გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 06 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 19 იანვრის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი--- ლ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

ი--- ლ-------ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ი--- ლ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 07 ივნისის 00:44 საათიდან - 2019 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნულისააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - CD დისკი, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, გადმოგზავნილ იქნეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და დართულ იქნას სისხლის სამართლის საქმეზე საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე