განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
010100119002994346
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119002994346

საქმე №1/ბ-768-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ლერი თედორაძე

მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---------------ე

 

მსჯავრდებული: ო---------–-------ე, დაბადებული 1991 წლის 28 ივნისს, აზერბაიჯანის მოქალაქე

ადვოკატი: მ-------------ე;

თარჯიმანი: ტ------------–---ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო---------–-------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 30 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო---------–-------ემ, თავისი მობილური ტელეფონით 5-------1, დარეკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 სამსახურში და გააკეთა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, სადაც განმარტა, რომ ქ--------–--------–---–----------ში მდებარე სასტუმრო "შ---------ში" განთავსებულ სამორინე "მ–-------აში" არის ასაფეთქებელი მოწყობილობა "ბომბი", რომელიც აფეთქდება ოცდაათ წუთში.

 

ო---------–-------ეს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სამორინე "მ–-------ას" მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მნიშვნელოვნად შეილახა მისი იმიჯი.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ო---------–-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენით: ო---------–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის წლის ვადით; მსჯავრდებულ ო---------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 აპრილიდან; ო---------–-------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. დადგინდა, რომ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ: მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ო---------–-------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; cd დისკები, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 30 მარტს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო---------–-------ემ, თავისი მობილური ტელეფონით 5-------1, დარეკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი 112 სამსახურში და გააკეთა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება, სადაც განმარტა, რომ ქ.ბათუმში, ნინოშვილის 21-ში მდებარე სასტუმრო "შ---------ში" განთავსებულ სამორინე "მ–-------ა"-ში არის ასაფეთქებელი მოწყობილობა "ბომბი", რომელიც აფეთქდება ოცდაათ წუთში. ო---------–-------ეს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სამორინე "მ–-------ას" მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მნიშვნელოვნად შეილახა მისი იმიჯი.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო---------–-------ეს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------ემ, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის ქმედება ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/ საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური, პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება. შესაბამისად, ცხადია, რომ სსკ-ის 331-ე მუხლს კვალიფიკაციისათვის სჭირდება ტერორისტული მიზნის არსებობა, რაც საქმეში არსებული და გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ო---------–-------ეს ქმედებაში.

 

მნიშვნელოვან ზიანთან მიმართებით, აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის N 493აპ-14 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია ზიანის ოდენობის შესახებ, ხოლო ამ ნაწილში დაზარალებულის ჩვენება იძლევა მხოლოდ ვარაუდის საფუძველს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და ო---------–-------ეს გამართლებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ო---------–-------ე წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 331-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დაენიშნოს არასაპატიმრო სასჯელი.

 

ბრალდების მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა კანონიერი და სამართლიანი განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ო---------–-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------ემ, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ---------------ემ ითხოვა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: შეტყობინებით N8-----, შემთხვევის ადგილის შემოწმების ოქმით „სამორინე მ–-------ა“, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნ--------–----ის, მ-------–--ის, ო---------–-------ეს, გ------------ის, გ-------–----ის გამოკითხვის ოქმებით, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმით, ხმის ნიმუშის აღების ოქმით, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ო---------–-------ემ ნამდვილად ჩაიდინა ტერორიზმის ცრუ შეტყობინება.

 

ო---------–-------ეს ჩვენების თანახმად, 2019 წელს 30 მარტს მივიდა სასტუმრო შ---------ის შენობაში არსებულ კაზინოში, მაგრამ არა სათამაშოდ, არამედ უყურებდა მოთამაშეებს და დადიოდა მაგიდებს შორის. უცებ გაიგონა ორი თურქი ეროვნების პირების საუბარი, რომ სამორინეში იყო ბომბა და 30 წთ-ში აფეთქდებოდა. ამის გაგონებაზე ძალიან შეეშინდა, აღელდა და რაც მოიფიქრა ის იყო, რომ დარეკა 112-ში და უთხრა ბომბის შესახებ, რომელიც აფეთქდებოდა 30 წთ-ში. თუმცა, ამის შემდეგ კიდევ დაახლოებით ერთი საათი გაჩერდა სამორინეში და როდესაც დაიწყო ევაკუაცია მაშინ გავიდა გარეთ, სადაც დაინახა, რომ სასტუმროსთან უკვე პოლიციელები იკრიბებოდნენ და გაცილდა იქაურობას. წავიდა იმ სასტუმროში სადაც ცხოვრობდა და გამორთო ტელეფონი, რადგან ოჯახის წევრებთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და არ უნდოდა მათ დაერეკა. ო---------–-------ემ ასევე განმარტა, რომ გარდა მშობლიური აზერბაიჯანული ენისა, ფლობს რუსულ და თურქულ ენებს და სამორინეში შესვლისას პერსონალთან ურთიერთობა არ გასჭირვებია, თუმცა, როდესაც მოისმინა ბომბის შესახებ არ დაიჯერა და იმავდროულად, რადგან არ იცოდა ქართული ენა, არ უთხრა გაგონილი სამორინეს მომსახურე პერსონალს.

 

პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ არადამაჯერებელია ბრალდებულ ო---------–-------ეს მიერ მიცემული ჩვენება და იგი ემსახურება პასუხისმგებლობის თავიდა აცილებას. ამავდროულად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.

 

გარდა უდავო მტკიცებულებებისა, ო---------–-------ეს მიერ ჩადენილი დანაშაული - ტერორიზმის ცრუ შეტყობინება - დადგენილი და დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე გამოკითხული მოწმეთა ჩვენებებით, სახელდობრ:

 

დაზარალებულის წარმომადგენლის შ--------------–---–ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს მენეჯერად სასტუმრო ,,შ---------ში“ არსებულ აზარტული სათამაშო სამორინე ,,მ–-------აში“. 2019 წლის 30 მარტს ტელეფონით შეატყობინეს, რომ 112-ის ცხელი ხაზზე მიღებულ იქნა შეტყობინება უცხო მამაკაცის მიერ, რომლის მიხედვით სამორინეში არის ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ ,,ბომბი“, რომელიც ამოქმედდება 30 წუთში, რის გამო სამორინეში მისულები იყვნენ პოლიციის მუშაკები. სამორინეში მისვლისთანავე, პოლიციელებმა მისგან მოითხოვეს სამორინეს ევაკუაციას. ევაკუაციის შესახებ აცნობა სასტუმრო ,,შ---------ის“ ხელმძღვანელობას უცხოეთში, რომელმაც მოსმენილი ინფორმაციის შემდეგ განაცხადა უარი სამორინეს ევაკუაციაზე, ვინაიდან დარწმუნებული იყო სამორინეს უსაფრთხოების სამსახურის გამართულობასა და სწორ მუშაობაში, ფიქრობდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია იყო ცრუ შეტყობინება და განგაში მიზანმიმართული იყო სამორინეს იმიჯისა და ფინანსურად დაზარალებისაკენ. მიუხედავად ამისა, პოლიციის მუშაკება ასაფეთქებელი ნივთიერების სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, მაინც მოახდინეს სამორინეს ევაკუაცია და სამორინეს ტერიტორიაზე დაიწყეს გამნაღმველებმა მუშაობა. არამარტო სამორინე, არამედ მთელი სასტუმრო ,,შ---------ი“ სასტუმროს მენეჯერის გადაწყვეტილებით, დაიცალა სტუმრებისგან. საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამორინეს ტერიტორიაზე არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა. იგი ფიქრობს, რომ შესაძლოა ცრუ ზარი განხორციელდა სამორინესა და სასტუმრო ,,შ---------ის“ იმიჯის შესალახად და ფინანსურ ზარალის მისაყენებლად, რადგან სამორინე სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით კი შაბათ საღამოს, როდესაც უქმე დღეებში საზღვარგარეთიდან სათამაშოდ ჩამოდის ძირითადი მოთამაშეების ნაკადი და სრული დატვირთვით იწყებს სამორინე მუშაობას. სწორედ იმ საღამოს, როდესაც სრული დატვირთვით მუშაობდა სამორინე განხორციელდა ცრუ ინფორმაცია მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, რის გამოც სამორინემ განიცადა დიდი ფინანსური ზარალი დაახლოებით 100000 აშშ დოლარის ოდენობით და შეილახა მისი იმიჯი.

 

მოწმე ქ------------------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს სასტუმრო ,,შ---------ის“ პირველ სართულზე არსებულ აზარტულ სათამაშო სამორინე ,,მ–-------აში“ დილერის პოზიციაზე. სამორინე სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით კი შაბათ საღამოს, როდესაც უქმე დღეებში საზღვარგარეთიდან სათამაშოდ ჩამოდის ძირითადი მოთამაშეების ნაკადი და სრული დატვირთვით იწყებს სამორინე მუშაობას. 2019 წლის 30 მარტს სამსახურში ასრულებდა მის მოვალეობას სათამაშო დარბაზში მოთამაშეები იყვნენ. საათი ზუსტად არ მახსოვს ყველა სათამაშო მაგიდასთან მივიდა იმ დღის მორიგე პასუხიმგებელი პირი და უთხრათ, რომ ყველა სათამაშო მაგიდა დაიხუროსო. ბრძანების მიხედვით დახურეს ყველა სათამაშო მაგიდები და მოთამაშეები გაიყვანეს გარეთ, ხოლო მოსამსახურე პერსონალი გავიდა მოსასვენებელ ოთახში, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელობის მითითებით სამორინე დაიცალა, როგორც მოთამაშეებისგან ასევე მოსამსახურე პერსონალისგან. მან შეიტყო, რომ სამორინეს დაცლა ადამიანებისგან, განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით, რადგან მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ თითქოსდა სამორინეში იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, კერძოდ ,,ბომბი“. სამორინე გაჩერებული იყო და არ მუშაობდა, რამდენიმე საათის განმავლობაში. თუმცა, სამორინეს ტერიტორიაზე არანაირი ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა.

 

პოლიციის მუშაკ ი-----–--–---–-----ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2019 წლის 01 აპრილს, იმყოფებოდა სამსახურში რად დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2019 წლის 30 მარტს, ქ--------–-------–---–ის ქუჩაზე არსებულ სამორინე „მ–-------აში“ ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ გააკეთა 2--------- წელს დაბადებულმა აზერბაიჯანის მოქ. ო---------–-------ემ, აღნიშნული პიროვნება ამ დროისათვის იმყოფება ქ.ბათუმში მდებარე, ო-------–----------– კომპლექსში ამ ფაქტის შესახებ, ეცნობა სამსახურებრივ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაწყებული იქნა გამოძიება.

 

მოწმე ი--------–--ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს ქ.ბათუმში სასტუმრო ,,შ---------ის“ პირველ სართულზე არსებულ აზარტულ სათამაშო სამორინე ,,მ–-------აში“ დილერის პოზიციაზე. სამორინე სრული დატვირთვით მუშაობს მხოლოდ შაბათ-კვირას, განსაკუთრებით კი შაბათ საღამოს, როდესაც უქმე დღეებში საზღვარგარეთიდან სათამაშოდ ჩამოდის ძირითადი მოთამაშეების ნაკადი და სრული დატვირთვით იწყებს სამორინე მუშაობას. 2019 წლის 30 მარტს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მის მოვალეობას, სამორინეში მოთამაშეები იმყოფებოდნენ, დაახლოებით 23:30 საათზე, ყველა სათამაშო მაგიდასთან მოვიდა იმ დღის მორიგე პასუხიმგებელი პირი მენეჯერი და გვითხრა რომ ყველა სათამაშო მაგიდა დაიხუროსო, რის გამოც ბრძანების მიხედვით დახურეს ყველა სათამაშო მაგიდები და მოთამაშეები ხელმძღვანელობამ გაიყვანა გარეთ ისე, რომ მოთამაშეებს განუმარტეს თითქოს სათამაშო აპარატებს შეექმნათ სისტემური პრობლემა, მოთამაშეების გაყვანა შენობიდან მოხდა მშვიდად და აუღელვებლად, ყოველგვარი პანიკის გარეშე. ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა თუ რაში იყო საქმე და რა ხდებოდა, ვინაიდან პერსონალმა არაფერი არ იცოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი უთხრეს, რომ ყველა პერსონალიც უნდა გავსულიყავით გარეთ და მართლაც მთელი სამორინე დაიცალა, როგორც მოთამაშეებისგან ასევე მოსამსახურე პერსონალისგან. მან შეიტყო, რომ სამორინე დაიცალა უსაფრთხოების მიზნით რადგან ვიღაცამ გააკეთა შეტყობინება პოლიციაში, რომ სამორინეში იყო ბომბა. პოლიციელებმა დაათვალიერეს სამორინე, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩენილა.

 

უდავო მტკიცებულებით, კერძოდ კი N 1----- ფონოსკოპიური ექსპერტიზით, ირკვევა, რომ ექსპერტიზა წარდგენილი აუდიო ჩანაწერებზე, რომლებზეც ჩაწერილია მამაკაცის ხმა განხორციელებული ტელეფონიდან 5-------1 თ---–--–-----–---------------აში მდებარე შსს 112-ის სამსახურში 30.03.2019 წელს 20:40:58 სთ-ზე იდენტურია ხმის ნიმუშის რომელიც ეკუთვნის ო---------–-------ეს.

 

საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ო---------–-------ემ ჩაიდინა ტერორიზმის ცრუ შეტყობინება, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექის 331-ე მუხლით, თუმცა, არ იზიარებს ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსსკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“, რაც იძლევა მხარეებისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭებისა და მათი ფუნქციების გამიჯვნის გზით, სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის შესაძლებლობას.

 

მხარეთა თანასწორობა და სამართალწარმოების შეჯიბრებითი ხასითი უზრუნველყოფილია სამართალწარმოების ყველა სტადიაზე - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლო განხილვის დროსაც. ამ შემთხვევაში, დაცვისა და ბრალდების ფუნქციები გამოყოფილია სასამართლოს უფლებებიდან, რადგანაც, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო გამოდის მედიატორის როლში, არ მონაწილეობს მტკიცებულებათა მოძიებაში, არ გააჩნია საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა გამოკვლევის უფლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: ‘’კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ბოჭავს მოსამართლეს საქმეში არ გამოიყენოს და ან უგულვებელყოს ფუნდამენტური და იმპერატიული კონსტიტუციური პრინციპები, იმ მიზეზით, რომ მხარეები არ აპელირებენ მათზე, გამორიცხავს სამართლიანი სასამართლოს განხილვის და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05/10/2015წ გადაწყვეტილება N608,609 11-20).

 

მართალია, სასამართლო არ მონაწილეობს მტკიცებულებათა გამოკვლევაში, მაგრამ იგი ახდენს მხარეების მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს საქმის განხილვისას მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის გამოკვლევის მიზნით სასამართლოს აქტიურ მონაწილეობას მტკიცებულებათა მოპოვებასა და გამოკვლევის პროცესში, მაგრამ სასამართლო ვალდებულია მხარეებს შეუქმნას მათი უფლებების რეალიზაციისათვის საჭირო პირობები, მათ შორის, გამონაკლის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ მტკიცებულებათა მოპოვებაში. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, რადგანაც მხარეები, თავიანთი შეხედულებისამებრ, მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს, რა დროსაც, სასამართლოს მიზანია მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა, წარდგენილი ბრალდების შეფასება და ამის შემდგომ, საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, ხოლო, თუ წარდგენილი ბრალდების არსი იმდაგვარადაა ფორმულირებული, რომ შეიცავს არა წარდგენილი ბრალდების, არამედ სხვა დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო, მართალია, უფლებამოსილია წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიციროს სხვა ბრალდებაზე, მაგრამ ისე, რომ თვისობრივად არ გასცდეს წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. ასეთ შემთხვევაში, კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ სასამართლომ ამგვარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მტკიცებულებათა შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, რაც უნდა იძლეოდეს ბრალდების გადაკვალიფიცირების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავი ეხება ტერორიზმს. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ თავის მიზნებისათვის, ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის კრიმინალიზებულია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ტერორიზმის შესახებ ადრესატისათვის ცრუ შეტყობინების მიწოდებისთანავე. ეს დანაშაული ჩადენილი შეიძლება იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით და მიმართულია საზოგადოების უშიშროებისათვის ზიანის მისაყენებლად, სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური საქმიანობის დეზორგანიზაციისაკენ, ასევე ცალკეული იურიდიული თუ ფიზიკური პირების უფლებებისა და ინტერესების დარღვევისაკენ. ქმედების მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს - დაწყებული ხულიგნურით და დამთავრებული პოლიტიკურით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაში.

 

საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია ის გარემოება, რომ 2019 წლის 30 მარტს ნომერზე 112 შევიდა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ქ--------–--------–---–----------ში მდებარე სასტუმრო "შ---------ში" განთავსებულ სამორინე "მ–-------აში" დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც შემოწმების შედეგად არ დადასტურდა, ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

გასაჩივრებული განაჩენით ო---------–-------ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მისი მოქმედებით სამორინე „მ–-------ას“ მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და მნიშვნელოვნად შეილახა მისი იმიჯი. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ო---------–-------ეს მოქმედებით სამორინე „მ–-------ას“ სრულფასოვან ფუნქციონირებას შეეშალა ხელი, მაგრამ ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს და სრულად იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ჯეროვნად შეეფასებინა მნიშვნელოვანი ზიანი, ვინაიდან, ამ მუხლის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დაზარალებულ მხარეს პირდაპირი მტკიცებულების სახით სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლების მიზნით, უნდა წარმოედგინა შესაბამისი დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დადგინდებოდა მიყენებული ზიანის ოდენობა და სასამართლო იმსჯელებდა, თუ რამდენად იყო ეს ზიანი მნიშვნელოვანი სამორინესათვის, მხოლოდ დაზარალებულის განმარტება ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას მსჯავრდებულის მიმართ ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.

 

პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს წარდგენილი მნიშვნელოვანი ზიანის მაკვალიფიცირებელ გარემოებად ბრალდების მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა მატერიალური ზიანისა მომხდარი ფაქტით მნიშვნელოვნად შეილახა ორგანიზაციის იმიჯი სტუმრების თვალში, რადგანაც, სასტუმროს იმიჯი დამოკიდებულია უშუალოდ მის საქმიანობასთან, მომსახურეობასთან და არა სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც დაკავშირებული არ არის ორგანიზაციის საქმიანობასთან და დგება გაუთვალისწინებელი გარემოებების შედეგად, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ო---------–-------ეს მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს მაკვალიფიცირებელი გარემოება მნიშვნელოვანი ზიანი და შესაბამისად, მისი მოქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

რაც შეეხება სასჯელს, ამ მიმართებით, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე.

 

ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ო---------–-------ეს მიმართ, ბრალდების ამ ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

სასჯელის განსაზღვრისას, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ო---------–-------ეს მიმართ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს, რაც, მსჯავრდებულის პიროვნების (არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას) და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ამ დანაშაულის საზოგადოებისათვის საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ ო---------–-------ეს ინტერესების დამცველი ადვოკატის, მ-------------ის, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3.ო---------–-------ეს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე;

 

4.ო---------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

5.მსჯავრდებულ ო---------–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 აპრილიდან;

 

6.ო---------–-------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია;

 

7.საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს ო---------–-------ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; CD დისკები, რაც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/

 

მოსამართლეები: /მ. გორგოძე/

 

/თ. სვანიძე/