განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
340100119003210794
ინსტანცია
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100119003210794

საქმე №1ბ/173-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ა-–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ლაგოდეხის რაიონის ს------–----------–-–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ა-–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, ა-–------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.

 

ა-–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით ა-–------------ი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - ორი ეპიზოდისათვის.

2019 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის ს------–----------–-–-, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ა-–------------მა, თავის საცხოვრებელ სახლსა და ეზოში, თავისა და ტანის არეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს ზ-------------------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-–------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა კანონის ფარგლებში სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მისთვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მისი პირადი, ეკონომიკური და ოჯახური პირობები, მისწრაფება, აენაზღაურებინა ზიანი და შერიგებოდა დაზარალებულს, აგრეთვე, ის გარემოება, რომ აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას.

აპელანტის განმარტებით, 2019 წლის 16 აგვისტოს კონფლიქტი წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ზ-------------------ი არ იჩენდა მზრუნველობას ა-–------------ის არასრუწლოვანი შვილების მიმართ, რომლებიც მას ჰყავდა წინა ქორწინებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინება არ იყო რეგისტრირებული, ა-–------------მა დაზარალებულს გადაუფორმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კ----––- მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც მან მსჯავრდებულის დაპატიმრების შემდეგ გაყიდა, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დაადასტურა, რომ მის მიმართ არ ჰქონდა პრეტენზია, მის პატიმრობას არ ითხოვდა, მიატოვა ა-–------------ის შვილები, წაიღო გაყიდული მიწის ნაკვეთიდან მიღებული თანხა და წავიდა ოჯახიდან. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი შვილების მდგომარეობა, რომლებიც მისი მოხუცი მშობლების ანაბარა დარჩნენ, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს. აღნიშნული ფაქტების დასადასტურებლად მსჯავრდებულმა სააპელაციო საჩივარს დაურთო შვილების დაბადების მოწმობებისა და მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების ასლები.

მსჯავრდებულმა ასევე მიუთითა, რომ მან საქმის წარმოების დაწყებისთანავე, ნებაყოფლობით და კეთილსინდისიერად ითანამშრომლა გამოძიებასთან და სადავოდ არ გაუხდია დანაშაულში მისი მამხილებელი არც ერთი მტკიცებულება, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის დროულად და სრულფასოვნად გახსნას, სწრაფი და ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც მხედველობაში არ მიიღო არც ბრალდების მხარემ და უარი უთხრა მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ასევე, არ გაითვალისწინა სასამართლომ განაჩენის დადგენისას და შეუფარდა აშკარად მკაცრი სასჯელი.

მსჯავრდებულ ა-–------------ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-------------–---–მა, რომელმაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ზ-------------------ის, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა-–------------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა-–------------ისათვის დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემცირების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, კერძოდ, პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას, რის გათვალისწინებითაც მიაჩნია, რომ ა-–------------ს დანიშნული აქვს იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ა-–------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის კონვენციის) კონვენციის 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს, რომ ა-–------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულმა ა-–------------მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული ცხადყოფს, რომ პირობითი მსჯავრის გამოყენებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ა-–------------ის სათანადო ქცევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. პალატა მოცემულ შემთხვევაში ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელთა ნაწილობირვ შეკრების პრინციპის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ სწორედ ა-–------------ის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით იქნა გამოყენებული სასამართლოს მიერ განაჩენთან ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ შეკრებისა და არა მთლიანად შეკრების წესი. ამდენად, ა-–------------ისათვის დანიშნული სასჯელი როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი ალი ფასანოვის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა-–------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა-–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი. საბოლოოდ, ა-–------------ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი.

ა-–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია. ა-–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2019 წლის 17 აგვისტოს 03:00 საათიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე