განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
010100119003310367
ინსტანცია
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003310367

საქმე №1/ბ-75-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ რ------ რ-----ის ძე ბ---–-----–ის მიმართ, დაბადებული: 197- წლის 10 დ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბათუმი, ა-–---------------ის შეს. №10.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ რ------ ბ---–-----–მა ჩაიდინა: ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 29 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, 2--------- და ხ. ახვლედიანის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარედ, მ------ რ------ ბ---–-----–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ---–------- ვ----–---–ს, კერძოდ, მკერდის არეში ხელის დარტყმით გ---–------- ვ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 29 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, ფ--------- მეფის ქუჩა №108/112-ში მდებარე სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მ------ რ------ ბ---–-----–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ----- ა---–--ეს, კერძოდ, მხრის არეში ხელის დარტყმით მ----- ა---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მ------ რ------ ბ---–-----– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ---–------- ვ----–---–ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ------ რ------ ბ---–-----– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ----- ა---–--ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ რ------ ბ---–-----–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის, 2019 წლის 30 ოქტომბრიდან - 2019 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდა 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მ------ რ------ ბ---–-----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ მ------ რ------ ბ---–-----–ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ------ რ------ ბ---–-----–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან. ასევე, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მაშინ როდესაც, დღისით, ქალაქის ცენტრში, პიროვნება სრულიად უმიზეზოდ და ყოველგვარი მოტივის გარეშე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ქალბატონებს, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება ვერ მიაღწევს სასჯელის მიზნებს და ვერ გაზრდის მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის გრძნობას საზოგადოებისადმი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ რ------ ბ---–-----–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ რ------ ბ---–-----–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულთა ჩვენებებით, მოწმეების - ლ---------------–-–--------------------–----------------------------------------------------–------------- გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებული მ------ რ------ ბ---–-----–ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს), დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------ რ------ ბ---–-----–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა--- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ------ რ------ ბ---–-----– ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გ---–------- ვ----–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ----- ა---–--ის ეპიზოდი) - ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ რ------ ბ---–-----–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის, 2019 წლის 30 ოქტომბრიდან - 2019 წლის 01 ნოემბრამდე, პერიოდის გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მ------ რ------ ბ---–-----–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტან გ------- ძ-----ეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკი“-ის შესაბამის ანგარიშზე შეტანილი გირაო 4000 (ოთხი ათასი) ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი 7--------, დასტური N---------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მ------ რ------ ბ---–-----–ის მიერ ჩაბარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (ერთი) პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ------ განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე