განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210018002536368
საქმე N2ბ/260-2019
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - სს ,,ქ-----–- კ-–-----ი’’
წარმომადგენელი - ლევან მესხია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ-----ბ გ-----–--ლი
წარმომადგენელი - მადინა თვაური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ბრძანების (დისციპლინური სახდელის შესახებ) ბათილად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ-----ბ გ-----–--ლმა სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სს ,,ქ-----–- კ-–-----ის’’ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანების N24/06/16-2 ბათილად ცნობა, დისციპლინური სახდელის სახით „გ----------–--ის“ დაკისრების თობაზე.
2. ზ-----ბ გ-----–--ლმა სარჩელი შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
2.1. მოსარჩელე 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა სს ,,ქ-----–- კ-–-----ში'' გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 1 აპრილის Nგ/4 ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან, რაც გასაჩივრდა სასამართლოში. დამსაქმებელმა სარჩელი ცნო და 2016 წლის 13 ივნისის ბრძანებით ბათილად გამოაცხადა თავისივე 2016 წლის 1 აპრილის Nგ/4 ბრძანება და მოსარჩელე აღადგინეს სამსახურში, უვადოდ, შესაბამისი კომპენსაციის გადახდით. 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კუთვნილი შვებულება, თუმცა 24 ივნისს კვლავ მიმართა განცხადებით და შვებულების განცხადების განუხილველად დატოვება მოითხოვა. ამასთან, აცნობა დამსაქმებელს, რომ შვილის ავადმყოფობის გამო ვერ ცხადდებოდა სამსახურში, რის თაობაზე ბიულეტინს წარმოადგენდა მისი დახურვის შემდეგ. განცხადებას თან დაურთო შვილის დაბადების მოწმობის ასლი, ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მოგვიანებით წარდგენილი იქნა საავადმყოფო ფურცელი. 2016 წლის 18 ივლისს მოპასუხემ წერილით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომლის პასუხადაც ეცნობა, რომ შვილის მოვლის მიზნით შრომისუნარიანობის ფურცელი გაიხსნა მამაზე - მოსარჩელეზე 24.06.2016 წლიდან 07.07.2016 წლამდე.
2.2. 21.06.2016წ მოსარჩელემ წერილი მიწერა თანამშრომელს - დიანა კარაპეტიანს, რათა გაერკვია როდის დაერიცხებოდა იძლებითი განაცდურის თანხა, ასევე ითხოვა ინფორმაცია მისი აღდგენის რეალური მიზეზის შესახებ. დ. კარაპეტიანის მითითეების შესაბამისად, 2016 წლის 23 ივნისს მოსარჩელემ იმავე შინაარსის წერილით მიმართა კომპანიის იურისტს ირაკლი მიხელიძეს. აღნიშნულის გამო, მოსარჩელეს მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გ----------–--ა'', სამუშაო კომპიუტერის არამიზნობრივად გამოყენების გამო, რომლის გაუქმების მოთხოვნით 2016 წლის 28 ივნისის მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს, ხოლო 2016 წლის 18 ივლისის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან.
2.3. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის ბრძანება დისციპლინური სახდელის სახით - ,,გ----------–--ის’’ დაკისრების თაობაზე, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სს ,,ქ-----–- კ-–-----მა’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე არამიზნობრივად იყენებდა სამსახურეობრივ მეილს, რითაც არღვევდა შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებას. შესაგებლის ფარგლებში, მოპასუხემ ასევე მოითხოვა აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვება, შესაბამისი იურიდიული ინტერესის არ არსებობის საფუძვლით. მოპასუხის განმარტებით, ზ-----ბ გ-----–--ლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი არ წარმოეშობა (აღუდგება) რაიმე უფლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ-----ბი გ-----–--ლის სარჩელი მოპასუხე სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება N24/06/16-2.
4.1. სასამართლომ განმარტა, რომ სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. იმის გამო, რომ ამ ტიპის გარიგებების დროს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა დამოკიდებულია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენაზე, კანონი ხშირად განსაზღვრავს ამგვარ გარიგებებსა და მათი განხორციელების სამართლებრივ ჩარჩოებს.
4.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' დირექტორის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ,,გ----------–--ა'', ვინაიდან დამსაქმებლის მიერ არასწორად იქნა განმარტებული სამსახურეობრივი მეილის არამიზნობრივად გამოყენება. სასამართლომ არ გაიზიარა, მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო კომპიუტერი გამოიყენა არამიზნობრივად, კერძოდ კომპანიის სხვა დასაქმებულებთან ახდენდა ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნას, ახსნა-განმარტების მოთხოვნით, მასსა და საზოგადოებას შორის არსებული შრომითსამართლებრივ დავასთან დაკავშრებით.
4.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოსარჩელე სამსახურებრივ მეილს იყენებდა შვებულების, კომპენსაციის, შრომითი ხელშეკრულების და სხვა ინფორმაციის მიღების მიზნით, თუმცა აღნიშნული კომპანიის მიერ აღქმული იქნა, როგორც სამსახურებრივი მეილის არამიზნობრივად გამოყენება, რამაც გამოიწვია დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების აუცილებლობა.
4.4. სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მხრიდან არ ჰქონია ადგილი სამსახურებრივი მეილის არამიზნობრივ გამოყენებას, ვინაიდან მისი მიმოწერა ემსახურებოდა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' დირექტორის ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ,,გ----------–--ის'' გამოყენების თაობაზე როგორც კანონშეუსაბამო, მიჩნეული იქნა ბათილად.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ქ-----–- კ-–-----მა’’, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საქმისათვის უმნიშვნელოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ საქმის განხილვისას, გაურკვეველი დარჩა თუ რა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი შედეგის მიღწევა სურს მოსარჩელეს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით. სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა დამსაქმებლის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანება მოსარჩელეს თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რასაც საფუძვლად დაედო მოსარჩელეს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის 2016 წლის 10-14 და 17 ივლისს არ გამოცხადდა სამსახურში. შესაბამისად, 2016 წლის 24 ივნისის ბრძანებას (N24/06/16-2) არანაირი კავშირი არ აქვს ზ-----ბ გ-----–--ლის სამსახურიდან გათავისუფლებასთან.
6.2. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ბრძანების ბათილად ცნობას, შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელი განეკუთვნება აღიარებითი სარჩელის კატეგორიას. სსსკ-ს 180-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს აქვს მისი იურიდიული ინტერესი. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ თავად დოკუმენტის ბათილად ცნობა არ შეიძლება იყოს პირის მიერ დასახული მიზანი, უნდა არსებობდეს რაიმე იურიდიული შედეგი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია დოკუმენტის ბათილად ცნობით. აპელანტის განმარტებით, სსსკ-ს 178.III მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის მიხედვით აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემხთვევაში აუცილებელია სარჩელში მიეთითოს იურიდიული ინტერესი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი სარჩელის ფორმას აქვს შესაბამისი გრაფა, სადაც აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში ეთითება იურიდიული ინტერესი. აღნიშნული გრაფის განმარტებაში კი პირდაპირ არის ახსნილი, რომ იურდიული ინტერესის მიუთითებლობის შემთხვევაში სასამართლო უარს იტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებასა და განხილვაზე თუნდაც არსებობდეს სარჩელის მიღების ყველა სხვა წინაპირობა.
6.3. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული განმარტება, რომლის მიხედვითაც ,,იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.’’ აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ თავად იურდიული ინტერესის არსებობის გარკვევასთან მიმართებით საკასაციო პალატა იმავე საქმეში განმარტავს, რომ: ,,იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში''(სუსგ N ას-121-117-2016, პ.56).
6.4. აპელანტის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მოსარჩელის ისეთი იურიდიული ინტერესი, რომლის მიღწევასაც იგი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეძლებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი სამართლებრივი მგომარეობა არანაირად არ უმჯობესდება - მას არ წარმოშვება (ან აღუდგება) რაიმე უფლება, შესაბამისად აშკარაა, რომ დავის საგნის მიმართ არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი.
6.5. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს საერთოდ არ უნდა მიეღო სარჩელი წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამეთუ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოშობს აპელანტის მტკიცების გაზიარების საფუძველს სადავო ბრძანების კანონიერებასთან მიმართებით. კერძოდ, პალატა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში, დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7.1. 2012 წლის ნოემბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' რუსთავის ფილიალში გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე;
7.2. დამსაქმებლის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ'' ქვეპუნქტის საფუძველზე;
7.3. დამსაქმებლის 2016 წლის 13 ივნისის N13/06/16 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება Nგ/4 მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოსარჩელე აღდგენილი იქნა გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე, უვადოდ, შესაბამისი კომპენსაციის გადახდით.
7.4. 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ სამსახურებრივი მეილის საშუალებით მიწერა უფლებამოსილ თანამშრომელს დიანა კარაპეტიანს შვილის ავადმყოფობის გამო შვებულების გაფორმების თაობაზე, რაზეც ეცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას მიიღებდა შინაგანაწესით დადგენილ ვადაში.
7.5. 2016 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა მისი 2016 წლის 20 ივნისის შვებულების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება, რომელიც დაკმაყოფილდა. ამავე განცხადებით მოსარჩელემ აცნობა დამსაქმებელს, რომ შვილის ავადმყოფობის გამო ვერ ცხადდებოდა სამსახურში, რის თაობაზე ბიულეტინს წარმოადგენდა მისი დახურვის შემდეგ.
7.6. 2016 წლის 21 და 23 ივნისს მოსარჩელემ სამსახურეობრივი მეილით მიმართა კადრების განყოფილების თანამშრომელს და იურისტს, რომელთაგან მოითხოვა განმარტება თუ როდის დაერიცხებოდა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, ასევე ეცნობებიათ მისი გათავისუფლების და აღდგენის რეალური მიზეზი, აღდგენის შემდეგ ჩაითვლებოდა თუ არა 2016 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულება ძალაში და სხვა კითხვები სამსახურეობრივ მოვალეობებთან დაკავშირებით.
7.7. დამსაქმებლის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე, დასაქმებულის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გ----------–--ა'' იმ საფუძლით, რომ რამდენჯერმე, სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო კომპიუტერი გამოიყენა არამიზნობრივად, კერძოდ კომპანიის სხვა დასაქმებულებთან გააგზავნა ელექტრონული შეტყობინებები, ახსნა-განმარტების მოთხოვნით, მასსა და კომპანიას შორის არსებული შრომითსამართლებრივ დავასთან დაკავშრებით წარმოშობილ საკითხებზე, მაშინ როდესაც მისთვის განმარტებული იყო, რომ სამუშაო კომპიუტერი განკუთვნილი იყო შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
7.9. სს ,,ქ-----–- კ-–-----ის’’ დირექტორის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანების საფუძველზე, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტის საფუძველზე ზ-----ბი გ-----–--ლი გათავისუფლებულდა დაკავებული თანამდებობიდა.
8. სადავოდ გამხდარი - 2016 წლის 24 ივნისის ბრძანების N24/06/16-2 კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს მითითებული ბრძანების ბათილად აღიარება.
8.1. საგულისხმოა, რომ აპელანტის პრეტენზია უმთავრესად მიმართულია სათანადო იურიდიული ინტერესის არ არსებობაზე, რის გამოც დამსაქმებელი გაუმართლებლად მიიჩნევს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მითითებულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნულ ნაწილში შეაფასებს გადაწყვეტილების კანონიერებას და ამ მიმართულებით მისცემს სამართლებრივ შეფასებას პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, თანახმად სსსკ-ს 377.1 მუხლისა (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით).
8.2. სარჩელით სადავოდ გამხდარი ბრძანების ბათილობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
8.3. ბუნებრივია, რომ როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მას აქვს გარკვეული იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ფორმალური ინტერესის (აღძრას სარჩელი) არსებობა - არ არის საკმარისი წინაპირობა სარჩელის დასაშვებად (განსახილველად მისაღებად). როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი, და არა - რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე - ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც კანონშესაბამისი არაა და ეწინააღმდეგება სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.
8.4. პალატა საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის'' ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს'' პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული/დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40].
8.5. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ზ-----ბ გ-----–--ლს გააჩნია იურიდიული ინტერესი მოითხოვოს ბრძანების ბათილად ცნობა. კერძოდ, პალატის შეფასებით, სახეზეა მოსარჩელის დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი, რამეთუ მოსარჩელე ითხოვს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში დასაქმებულის წინააღმდეგ მიღებული დისციპლინური სახდელის - ,,გ----------–--ის’’ ბათილად ცნობას. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის სამართლებრივ ურთიერთობებში დისციპლინური სახდელის გამოყენება გავლენის მომხდენია პირის სამომავლო საქმიანობაზე, რადგანაც იმ ვითარებაში თუ იარსებებს დისციპლინარული სახდელი, დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს შესრულების პერიოდში სამუშაო კომპიუტერის არამიზნობრივ გამოყენებასთან მიმართებით, აღნიშნული ნებისმიერი სამომავლო პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან შეფასდება უარყოფითად და შესაბამისად უარყოფითი ზეგავლენა ექნება სამომავლოდ ზ-----ბ გ-----–--ლის დასაქმებაზე. კერძოდ, მოსარჩელისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მის ბიოგრაფიაში არ იყოს დისციპლინური სახდელი დროის არამიზნობრივ ხარჯვასთან მიმართებით, რაც მიუთითებს მისი მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე და სამუშაო საათებში პირადი ხასიათის საკითხების მოგვარებისაკენ. აპელანტის მოსაზრებით, ამ სახდელით ის მიუღებელი იქნება ნებისმიერი დამსაქმებლისათვის.
8.6. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში სადავოდ არ ხდის უშაულოდ გათავისუფლების თაობაზე ბრძანებას, რასთან მიმართებითაც აპელანტმა აღნიშნა, რომ სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რამეთუ იგი გათავისუფლდა სამსახურში რამდენიმე დღით გამოუცხადებლობის გამო, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელემ განმარტა, რომ მას ჰყავს შვილები და ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდა სამსახურის გაცდენა. შესაბამისად ამ თვალსაზრისით ნაკლებია დარღვევის ხარისხი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზ-----ბი გ-----–--ლის მიმართ იარსებებს დისციპლინური სახდელი მისი მხრიდან სამუშაოს შესრულების პერიოდში დროის არამიზნობრივ ხარჯვასთან მიმართებით, აღნიშნული უფრო მაღალი ხარისხის დარღვევად განიხილება და შესაბამისად მოსარჩელე დაინტერესებულია სწორედ აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობით. ზ-----ბ გ-----–--ლის ინტერესს არ შეადგენს კონკრეტულ დამსაქმებელთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის აღდგენა, არამედ სურს სხვა სამსახურის მოძიება და შესაბამისად მსგავსი ტიპის დისციპლინური სახდელის არსებობის პირობებში, მისთვის რთულია ნორმალური სამსახურის პოვნა, რადგანაც მისი რეპუტაციისათვის შემლახველია ამ საფუძვლით ,,გ----------–--ის’’ არსებობა. მოსარჩელის მტკიცებით, მას ვერც ერთი დამსაქმებელი ვერ გაუგებს, სამუშაოს შესრულების პერიოდში პირადი საქმეების მოგვარების ფაქტს.
8.7. ამდენად, ამ მხრივ პალატა გამართლებულად განიხილავს ზ-----ბ გ-----–--ლის იურიდიულ ინტერესს იდავოს 2016 წლის 24 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რამეთუ აღნიშნული ბრძანებით მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური სახდელის ერთ-ერთი სახე და შესაბამისად პირს არ შეიძლება შეეზღუდოს უფლება მოითხოვოს აღნიშნულის ბათილად ცნობა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი აღარ დაობს გათავისუფლების ბრძანებაზე, რასაც სულ სხვა გარემოება დაედო საფუძვლად.
9. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ პალატის შეფასების საგანია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევა, რისთვისაც შესწავლილი უნდა იქნეს ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძველი, ამ მხრივ კი ყურადღება უნდა გამახვილდეს გარემოებაზე, რომ 2016 წლის 24 ივნისის ბრძანებაში ,,გ----------–--ის’’ საფუძვლად მითითებულია რომ ,,დასაქმებული ზ-----ბ გ-----–--ლის მიერ მრავალჯერადად ადგილი ჰქონდა სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო კომპიუტერის არამიზნობრივ გამოყენებას, რომლის შედეგადაც ახდენდა კომპანიის სხვა დასაქმებულთან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნას, ახსნა-განმარტების მოთხოვნით, მასსა და საზოგადოებას შორის არსებული შრომითსამართლებრივ დავიდან წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით.’’
10. პალატა აღნიშნულ ნაწილში იზიარებს პირველი ინსტანციის შეფასებას და განმარტავს, რომ სამსახურეობრივ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების საფუძვლით იმ თანამშრომლისათვის მიწერა, რომელსაც ფუნქციურად ევალება ამგვარი ინფორმაციის სხვა დასაქმებულთათვის მიწოდება ვერ განიხილება ,,სამუშაო კომპიუტერის არამიზნობრივ გამოყენებად’’, რადგანაც კომუნიკაციაში მოცემული შინაარსი დაკავშირებულია სამსახურეობრივ საკითხებთან და შესაბამისად აღნიშნული მიმოწერისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება ვერ განიხილება მართლზომიერად.
11. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად მოიაზრებს ინდივიდის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
12. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
13. შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.). შრომის სამართლის მარეგულირებელი ნორმები ადგენს შრომითი ურთიერთობის მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელების ვალდებულებას, თუმცა დასაქმებულის სამართლებრივი მდგომარეობის არსის (დაქვემდებარების პრინციპით სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტს, შესაბამისად, მისი უფლებების შეზღუდვის კანონიერება ე.წ „პროპორციულობის ტესტის“ შესაბამისად უნდა იქნას შემოწმებული და დადგინდეს გონივრული ბალანსი დამსაქმებელი კანონიერ ინტერესსა და დასაქმებული ფიზიკური პირის სოციალური უფლებების შეზღუდვას შორის.
14. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
16. პალატა განმარტავს, რომ კანონით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი) გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. მითითებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.
17. შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე Nას-194-185-2016) განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014) და 2015 წლის 23 მარტის (საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებშიც.
18. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი]. (იხ. სუსგ. საქმე Nას-147-139-2017, 18.12.2017წ.)
19. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა სადავო ბრძანების კანონიერი საფუძვლის არსებობა, რაც გამართლდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ ზ-----ბ გ-----–--ლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მრავალჯერადად სამუშაო კომპიუტერის პირადი მიზნით გამოყენებას. ამასთან, ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად პალატა სამსახურეობრივ საკითხთან მიმართებით მიმოწერის განხორციელებას ვერ განიხილავს კომპიუტერის არამიზნობრივ გამოყენებად, რამეთუ ცალსახაა, რომ კომუნიკაციის აღნიშნული სტილი დამკვიდრებული იყო ორგანიზაციაში და რაც მთავარია დასაქმებული დაინტერესებული იყო წერილობითი სახით კომუნიკაციის არსებობაში, რადგანაც საკითხი შეეხებოდა მის შრომითსამართლებრივ უფლება-მოვალეობებს. პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ არ ჰქონია ადგილი სამსახურებრივი მეილის არამიზნობრივ გამოყენებას, ვინაიდან მისი მიმოწერა ემსახურებოდა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას, შესაბამისად, სს ,,ქ-----–- კ-–-----ის'' დირექტორის ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ,,გ----------–--ის'' გამოყენების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც, იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სკ-ს 54-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რადგანაც სადავო ბრძანება არ შეესაბამება კანონიერ საფუძვლებს.
20. შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა და დამატებითი არგუმენტების შეფასება მიზანშეუწონელია სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები ეკისრება აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს სახელმწიფო ხაზინაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ქ-----–- კ-–-----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გელა ქირია