განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.07.2019
საქმის ნომერი
010310017002102311
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
24.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310017002102311

საქმე №3/ბ-157-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს-----------------------ი“

 

მესამე პირი _ თ------------------ე

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „ს-----------------------ის“ სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2017 წლის 25 სექტემბერს შპს „ს-----------------------ის“ წარმომადგენელმა თეონა ჭუმბურიძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოითხოვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს №A---------------- წერილის, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ ბათილად ცნობა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალდებულება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შპს „ს-----------------------ის“ სამეწარმეო საქმიანობაა ავტოლომბარდი, რომელიც სესხებს გასცემს ავტომანქანის უზრუნველყოფით. 2015 წლის 16 მარტს თ------------------ემ მიმართა შპს „ს-----------------------ს“ სესხის თაობაზე და უზრუნველყოფის მიზნით წარადგინა, მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა OPEL VECTRA B, სარეგისტრაციო ნომერი: NS-----, გამოშვების წელი - 1998, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №V------------------. თ------------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო №5------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ------------------ემ შპს „ს-----------------------ისაგან“ 1 წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 16 რიცხვში, კრედიტორზე გადაეხადა 59.7 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, ასევე, ყოველ მე-3 თვეში მართვის საკომისიო, 24 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გაუფორმა შპს „ს-----------------------ს“. ამავე ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად კი, მოსარჩელემ მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადასცა უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრედიტორი უკან გადაუფორმებდა მსესხებელს.

 

თ------------------ე არ ასრულებდა სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით მას შპს „ს-----------------------ის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება, 2885.02 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად, სალომბარდო ხელშეკრულების 3.1; 3.3 და 3.4 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მეოთხე კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარედგინა დალომბარდებული ავტომანქანა კრედიტორთან, რაც თ------------------ეს არ განუხორციელებია, რის გამოც შპს „ს-----------------------მა“ მიმართა რაიონულ სასამართლოს, თ------------------ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე N2-248/16) შპს „ს-----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თ------------------ეს შპს „ს-----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგანის რეალიზაცია, ხოლო უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და აღსრულების მიზნით იგი წარედგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

2017 წლის 29 აგვისტოს შპს „ს-----------------------მა“ მიიღო აღსრულების ეროვნული ბიუროს A---------------- გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებაში (საქმე A1-------) არსებულ სააღსრულებო ფურცელს (27.07.2017 წლის სამოქალაქო საქმეს N2/24667-126.) უბრუნებდა შპს „ს-----------------------ს“, შეუსრულებელი სახით, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული იყო აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობს იმას, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაცია, ხოლო, ვინაიდან გირავნობის საგანი, ავტომანქანა არ ირიცხებოდა მოვალის (თ------------------ის) სახელზე, ვერ ხერხდება მისი რეალიზაცია.

 

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აგვისტოს A---------------- გადაწყვეტილება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სააღსრულებო ფურცლით დადგენილია, რომ დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მოხდეს სესხის უზრუნველყოფის საგნის, OPEL VECTRA B, ავტომანქანის რეალიზაცია და სააღსრულებო ფურცელში არ არის აღნიშნული, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანი უნდა იყოს მოვალის სახელზე რეგისტრირებული. სასამართლომ დაადგინა სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ წესით უნდა აღსრულდეს. თუკი სააღსრულებო ბიურო ვერ ახდენს გადაწყვეტილების აღნიშნული პუნქტის აღსრულებას, ანუ, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციას, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ასევე, თანხის ამოღება მოპასუხის ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციით, რომლის აღსრულებაზეც სააღსრულებო ბიურომ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურომ განმარტა, რომ ვერ ხერხდება ავტომანქანის რეალიზაცია, ვინაიდან გირავნობის საგანი არ ირიცხება მოვალის სახელზე და ამის გამო უკან დააბრუნა სააღსრულებო ფურცელი, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ------------------ე.

 

მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს-----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს №A---------------- წერილი, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაავალა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, 2017 წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2-248/16), მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 16 მარტს თ------------------ემ მიმართა შპს „ს-----------------------ს“ სესხის თაობაზე და უზრუნველყოფის მიზნით წარადგინა, მის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა OPEL VECTRA B, სარეგისტრაციო ნომერი: NS-----, გამოშვების წელი - 1998, ავტომანქანის ტიპი-უნივერსალი, ავტომანქანის ფერი-ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №V------------------.

 

თ------------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო №5------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ------------------ემ შპს „ს-----------------------ისაგან“ ერთი წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 16 რიცხვში, კრედიტორზე გადაეხადა 59.7 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, ასევე, ყოველ მე-3 თვეში მართვის საკომისიო, 24 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გაუფორმა შპს „ს-----------------------ს“, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად კი, მოსარჩელემ მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადასცა უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხისა და მასთან დაკავშირებული სესხის სარგებლის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, კრედიტორი უკან გადაუფორმებდა მსესხებელს.

 

თ------------------ე არ ასრულებდა სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რის გამოც 2016 წლის 25 მაისის მდგომარეობით მას შპს „ს-----------------------ის“ მიმართ გააჩნდა დავალიანება, 2885.02 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შესაბამისად, სალომბარდო ხელშეკრულების 3.1; 3.3 და 3.4 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის რიცხვიდან მეოთხე კალენდარულ დღეს ნებაყოფლობით წარედგინა დალომბარდებული ავტომანქანა კრედიტორთან, რაც თ------------------ეს არ განუხორციელებია, რის გამოც შპს „ს-----------------------მა“ მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, თ------------------ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე №2-248/16) შპს „ს-----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თ------------------ეს შპს „ს-----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, ასევე, გადაწყვიტა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.

 

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2-248/16).

 

2017 წლის 26 ივლისის სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო წარმოება, კრედიტორის - შპს „ს-----------------------ის“ განცხადების საფუძველზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის №2-248/16 სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის მიერ 2017 წლის 22 აგვისტოს წერილით შპს „ს-----------------------ს“ ეცნობა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო აღსრულების ქვემდებარე აქტი (27.07.2017 წლის სამოქალაქო №2/24667-126. სააღსრულებო წარმოება A1-------). კრედიტორ შპს „ს-----------------------ს“ შეუსრულებელი სახით უკან უბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულია აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობს პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას.

ამის შედეგად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა და ზემოაღნიშნული წერილი და სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ შპს „ს-----------------------ს“ ჩაბარდა, 2017 წლის 29 აგვისტოს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი. 18.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ: გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსარჩელე მხარემ ამ წესის გამოყენებით აღძრა სარჩელი სასამართლოში აჭარისა და გურიის საარსრულები ბიუროს მიმართ და მოითხოვა აღმასრულებლის მიერ დასრულებული სააღსრულებო საქმის წარმოების უკანონოდ შეფასება და მისი განახლება.

 

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა;

 

ამავე კანონის 25-ე მუხლით დადგენილია აღსრულების დაწყების საფუძვლები და წესი. კერძოდ, 25.1 მუხლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 25.3 მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით.

 

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე №2-248/16) შპს „ს-----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, თ------------------ეს შპს „ს-----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1729.1 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის - 121 ლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სასამართლომ გადაწყვიტა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, ასევე, გადაწყვიტა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების დაფარვის განხორციელება, მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.

 

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (საქმე №2-248/16) და 2017 წლის 27 ივლისს იგი შპს „ს-----------------------ის“ მიერ აღსრულების მიზნით იგი წარედგინა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმე.

 

ასევე დადგენილია ისიც, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტმა 2017 წლის 22 აგვისტოს წერილით შპს „ს-----------------------ს“ აცნობა, რომ მას შეუსრულებელი სახით უკან უბრუნდებოდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრულია აღსრულების წესი, რაც, მოპასუხის შეხედულებით გულისხმობს პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირავნობის საგანი, ავტომანქანა არ ირიცხებოდა მოვალის (თ------------------ე) სახელზე, ვერ ხერხდებოდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. ამის შედეგად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, აღმასრულებლის აღნიშნული ქმედების, სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნებისა და ამ გზით სააღსრულებო წარმოების დამთავრების უკანონოდ შეფასება სასამართლოს მიერ და მოპასუხე მხარისათვის აღსრულების განხორციელების დავალდებულება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, სესხის უზრუნველყოფის საგნის, ავტომანქანის რეალიზაციის გზით.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლზე, რომელშიც რეგლამენტირებულია სააღსრულებო ფურცლის/ აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საფუძველები.

 

ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით თანახმად სააღსრულებო ფურცელი/ აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება იქ არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება;

დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/ აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

ვ) თუ ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუკი სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე.

 

11. თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/ აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვამდე კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე კრედიტორი ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე.

 

35.2. მუხლის თანახმად სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა, სააღსრულებო ფურცელში მოცემული აღსრულების წესი, რომელიც აღმასრულებლის შეხედულებით არ იძლეოდა შესაძლებლობას, აღსრულება მიქცეულიყო გირავნობის საგანზე, რასაც მოითხოვდა კრედიტორი, შპს „ს-----------------------ი“. მოპასუხის შეხედულებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გირავნობის საგანი, ავტომანქანა ირიცხებოდა თავად კრედიტორის, შპს „ს-----------------------ის“ და არა, მოვალის (თ------------------ე) სახელზე, რის გამოც მასზე შეუძლებელი იყო აღსულების მიქცევა, რადგანაც გირავნობის საგანი უკვე გადავიდა კრედიტორის საკუთრებაში და ის გირავნობის საგანს აღარ წარმოადგენს.

 

ამასთან, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი თავისი შინაარსით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, აღსრულება მიქცეული იქნას მოვალის სხვა ქონებაზე, რაც შპს „ს-----------------------ს“ სურს, რადგანაც ეს შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიყიდებოდა გირავნობის საგანი, ავტომანქანა და მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი დავალიანების დაფარვისთვის.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის სამართლბრივი რეგულაციისათვის საჭიროა განიმარტოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით (საქმე №2-248/16) მოცემული აღსრულების წესი.

სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-248/16) დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და სესხის უზრუნველყოფის სალომბარდო ხელშეკრულება №5-------, რომლის თანახმადაც, თ------------------ემ შპს „ს-----------------------ისაგან“ ერთი წლის ვადით აიღო სესხი, 995 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლით და აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა საკუთრების უფლებით გადაუფორმა შპს „ს-----------------------ს“ ისე, რომ მსესხებელს არ შეუძენია მასზე საკუთრება.

 

ხელშეკრულების 4.14. პუნქტის თანახმად, სესხის სახით აღებული თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ კი არ იქნება საკმარისი უზრუნვეყოფილი ქონება, კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს მსესხებლის სხვა ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ქონებიდან, სესხის, სესხის სარგებლის და ასევე, პირგასამტეხლოს ამოღება.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით ასევე, დადგენილია, რომ თ------------------ეს ვალდებულება არ აქვს შესრულებული და არც უზრუნველყოფის საგანი წარადგინა კრედიტორთან, რომ კრედიტორს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოეხდინა, სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. თუკი თ------------------ე ნებაყოფლობით წარადგენდა კრედიტორთან სესხის უზრუნველყოფის საგანს, ავტომანქანას, მაშინ შპს „ს-----------------------ი“ თავად მოახდენდა სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციას და დაიკმაყოფილებდა მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოვალეს არ დაუკმაყოფილებია კრედიტორის, შპს „ს-----------------------ის“ მოთხოვნა.

 

2017 წლის 25 ივლისს სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (საქმე №2-248/16) მითითებულია შემდეგი: დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა OPEL VECTRA B, სარეგისტრაციო ნომერი: NS-----, გამოშვების წელი - 1998, ავტომანქანის ტიპი-უნივერსალი, ავტომანქანის ფერი-ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: №V------------------. უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებიდან.

 

ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხე თ------------------ისათვის დაკისრებული დავალიანების გადახდა უპირველესად უნდა მომხდარიყო, უზრუნველყოფილი მოთხოვნის სახით, გირაოს საგნის იძულებითი გაყიდვით, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით დავალიანების დაფარვის წესი დადგენილია ასევე, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის სახითაც, მოვალის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

დადგენილია და უდავო, რომ კონკრეტული მოცემულობების პირობებში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება გიროას საგნით ვერ მოხერხდა, როგორც მხარეები მიუთითებენ, გირაოს საგანი, ავტომანქანა, რომელიც მოვალესთან ინახებოდა, აღსრულების დროს აღარ არსებობდა. ამასთან, მოასუხე მიიჩნევს, რომ ის კრედიტორის საკუთრებაშია უკვე აღრიცხული და კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნივთის იძულების წესით გაყიდვას, კანონი არ ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც გირაოს საგნით ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა, თვითონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელდეს მოვალის (თ------------------ის) კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებით და აღსრულების ამ წესის რეალიზებისათვის საჭირო არ არის დამატებით სხვა სააღსრულებო ფურცლის გამოწერა, ან კრედიტორის მიერ სხვა რაიმე მოქმედების განხორციელება.

 

ამ მხრივ სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო დავის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა OPEL VECTRA B, აღრიცხული იყო კრედიტორზე, შპს „ს-----------------------ზე“, თუმცა ამის მიუხედავად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მიიჩნია, რომ დავალიანების დაფარვა უზრუნველყოფის საგნის, ანუ კრედიტორის სახელზე აღრიცხული ავტომანქანის (გირაოს საგნის) რეალიზაციით უნდა მომხდარიყო და მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებიდან. სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის დათქმული, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოვალის სახელზე იქნება რეგისტრირებული.

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

ამდენად, აღმასრულებელი ვალდებული იყო, თუ სახეზე იქნებოდა გირაოს საგანი, მისი კრედიტორის სახელზე აღრიცხვის მიუხედავად მოეხდინა ავტომანქანის იძულებითი რეალიზაცია, რადგანაც ეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადგენილი. შესაბამისად, მოპასუხე მხარის ის მოსაზრება, რომ კრედიტორის საკუთრებაშია უკვე აღრიცხული და კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნივთის იძულების წესით გაყიდვის უფლება აღმასრულებელს არ გააჩნდა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც აღარ არსებობს უზრუნველყოფის საგანი, აღმასრულებლისათვის მოთხოვნილი იქნა აღსრულების მიქცევა მოვალის სხვა დანარჩენ ქონებაზე, რაც მოპასუხის მხრიდან არ იქნა გაზიარებული.

 

სასამართლოს განმარტებით ის გარემოება, რომ ვერ მოხდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია, აღმასრულებლისათვის არ წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას, აღსრულება დავალიანების დაფარვის მიზნით აღსრულება მიაქციოს მოვალე თ------------------ის სხვა ქონებაზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანიონთ განსაზღვრული წესის შესაბამისად, 2017 წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2-248/16).

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილია, აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი. მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება; ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კი აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელისათვის 2017 წლის 22 აგვისტოს უკან დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი და შესაბამისად, ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რითაც შეილახა კრედიტორის, შპს „ს-----------------------ის“ კანონიერი უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი: 1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:

ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;

ბ) მორიგდნენ;

გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;

დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;

ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

ამდენად, კრედიტორის ერთ-ერთ უფლებას წარმოადგენს აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრების უფლება, სასამართლო წესით.

 

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ს-----------------------ს“, როგორც კრედიტორის საპროცესო უფლებასთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელე მხარის, შპს „ს-----------------------ის“ მიერ მისი საპროცესო უფლებამოსილება რეალიზებული იქნა განსახილველი სარჩელით, რომლითაც ის მოითხოვს, მოპასუხე მხარისათვის აღსრულების განხორციელების დავალდებულებას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 25 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე №2-248/16), მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24.2 მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების შედეგად, რომელიც ეწინააღმდეგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს ადგება მოსარჩელე შპს „ს-----------------------ის“ კანონიერ უფლებას და ინტერესს. ამდენად, სასამართლომ შპს „ს-----------------------ის“ სარჩელი დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „სუპერ ავტოკრედიტის“ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.1 მუხლის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

ამავე კანონის მე-151 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 17.5 მუხლის ,,ა.ა" ქვეპუნქტის მიხედვით, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. 25.9 მუხლის თანახმად, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

აპელანტის განმარტებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, თანხის ამოღების მიზნით უნდა განხორციელებულიყო უზრუნველყოფის საგნის - ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია. ამასთან დადგენილია, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.

 

ამასთან, აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის დაფარვისათვის, გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს მოპასუხეების ნებისმიერი ქონებიდან. სასამართლო გადაწყვეტილების მითითებული პუნქტის შინაარსი ცალსახად ცხადყოფს, რომ მისი ამოქმედება უკავშირდება გირავნობის საგნის რეალიზაციის ფაქტს და მის შედეგად მიღებული თანხის არასაკმარისობას. შესაბამისად, თუ არ განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება, იმაზე, რომ რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხების არასაკმარისობის გამო აღსრულება უნდა მიექცეს მოვალეთა სხვა ნებისმიერ აქტივზე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიჩნეული აღსრულებაუნარიან აქტად, ვინაიდან, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უტყუარად დასტურდებოდა, რომ მასში მოცემული ვალდებულების შინაარსი არ შეესაბამებოდა არსებულ ფაქტობრივ რეალობას და შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების მიზნებისათვის არ არსებობდა აღასრულებელი მოთხოვნა.

 

აპელანტის განმარებით სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ვალდებულების უზრუნველყოფა მისი სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით გულისხმობს კონკრეტული მატერიალური სიკეთის ხარჯზე დადასტურებული ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, კრედიტორი უფლებამოსილია დამდგარი მატერიალური დანაკლისი აინაზღაუროს კონკრეტული ქონების ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, როგორც სესხის გაცემის ასევე დღეის მდგომრებით, წარმოადგენს კრედიტორი (მოსარჩელე), მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელე მხარეც ადასტურებს.

შესაბამისად, სახეზეა ისეთი სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა, რაც გამორიცხავს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაციას, ვინაიდან ის უკვე წარმოადგენს კრედიტორის საკუთრებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. აღნიშნული რეგულაციის არსებობა ცხადყოფს, რომ აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლა შეუძლია ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რისი არა ერთი შემთხვევაც არსებობს.

 

ამდენად აპელანტის აზრით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს გასცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და შეითავსა ის ფუნქცია, რაც კანონისმიერად სამოქალაქო დავის ფარგლებში აღსასრულებელი გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს ეკუთვნის. ამდენად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფის საკმარისი საფუძველი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 84.5 მუხლის მიხედვით, კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილია, აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი. მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: ა) გადახდევინება: ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ქონებას, ამის შესახებ აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს; ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, კი აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25.1 მუხლის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე … თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცდება.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება წარედგინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით ....

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებასთან ან ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ გასცა...

 

საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმე №2-248/16, შპს „ს-----------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თ------------------ეს შპს „ს-----------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა - 995 აშშ დოლარი, პროცენტი 2015 წლის 16 სექტემბრიდან, 2016 წლის 25 მაისამდე 537 აშშ დოლარი და 30 (ოცდაათი) ცენტი და მართვის საკომისიო - 72 აშშ დოლარი.

 

ამავე გადაწყვეტილებით თ------------------ეს შპს ,,ს-----------------------ის” სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების 251 დღეზე - 2015 წლის 16 სექტემბრიდან, 2016 წლის 25 მაისამდე 124 აშშ დოლარისა და 80 ცენტის ოდენობით.

 

დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა OPEL VECTRA B, სარეგისტრაციო NS-----, გამოშვების წელი - 1998, ტიპი -უნივერსალი ლურჯი 5/8, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო NV------------------ რეალიზაცია;

 

ამავე გადაწყვეტილებით უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ქონებიდან.

 

თ------------------ეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით შპს ”ს-----------------------ის” სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადახდილი ბაჟიდან 121 ლარის გადახდა (ს.ფ. 20-33).

 

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2017 წლის 25 ივლისს (საქმე №2-248/16) გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც აღსრულების მიზნით წარედგინა, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რის საფუძველზეც თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო სააღსრულებო საქმე (ს.ფ. 18, 56-57).

 

ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 აგვისტოს A---------------- გადაწყვეტილებით შპს „ს-----------------------ს“ შეუსრულებელი სახით უკან დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელი და წინასწარი საფასური, იმ საფუძვლით, რომ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული იყო აღსრულების წესი, რაც, გულისხმობდა პირველ რიგში სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების რეალიზაციას, ვინაიდან გირავნობის საგანი არ ირიცხებოდა მოვალის (თ------------------ე) სახელზე, ვერ ხერხდებოდა მისი რეალიზაცია (ს.ფ. 17).

 

სამოქალაქო დავის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანი, ავტომანქანა OPEL VECTRA B, აღრიცხული იყო კრედიტორზე, შპს „ს-----------------------ზე“, თუმცა ამის მიუხედავად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მიიჩნია, რომ დავალიანების დაფარვა უზრუნველყოფის საგნის, ანუ კრედიტორის სახელზე აღრიცხული ავტომანქანის (გირაოს საგნის) რეალიზაციით უნდა მომხდარიყო და მიღებული თანხის არასაკმარისობისას, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის კუთვნილი ნებისმიერი უძრავი, ან მოძრავი ქონებიდან. სასამართლო გადაწყვეტილებით არ არის დათქმული, რომ სესხის უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოვალის სახელზე იქნება რეგისტრირებული.

 

პალატა მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ვალდებული იყო, თუ სახეზე იქნებოდა გირაოს საგანი, მისი კრედიტორის სახელზე აღრიცხვის მიუხედავად მოეხდინა ავტომანქანის იძულებითი რეალიზაცია, რადგანაც ეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დადგენილი. შესაბამისად, მოპასუხე მხარის ის მოსაზრება, რომ კრედიტორის საკუთრებაშია უკვე აღრიცხული და კრედიტორის საკუთრებაში არსებული ნივთის იძულების წესით გაყიდვის უფლება აღმასრულებელს არ გააჩნდა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

ამასთან დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელი დაბრუნებულ იქნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის მიერ (ს.ფ. 17).

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 მუხლის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების თანახმად სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს (,,გ’’ პუნქტით) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება; (,,ე’’ პუნქტით) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააღსრულებო ფურცლის დაბრუნებას სჭირდებოდა ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, განსახილველ შემთხვევაში კი სააღსრულებო ფურცელი დაბრუნებულია სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტის მიერ, რითაც დარღვეულ იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 მუხლის ,,გ’’ და ,,ე“ პუნქტები.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელისათვის 2017 წლის 22 აგვისტოს უკან დაებრუნებინა სააღსრულებო ფურცელი, ასეთი ქმედება წინააღმდეგობაში მოდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან, რითაც შეილახა კრედიტორის, შპს „ს-----------------------ის“ კანონიერი უფლება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი არ უბრუნდება სააპელაციო საჩივარზე უარყოფის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი