განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003164085
საქმე №1/ბ-67-2020 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ დ-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 1-----–--ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ.ბათუმში, გ-------------ს ქ.№2ა, ბინა №1-ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ.ბათუმში, შ-----–---- ქ.№53-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ------ დ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.ბათუმში, გ------- შ-----–---- ქ.№53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ------ დ-------ე, სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მშობლებს _ თ------ დ-------ეს და შ--–--- დ-------ეს.
ზემოაღნიშნულის გამო ზ------ დ-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:
ზ------ დ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ნ----- დ-------ეს.
გამართლებულ ზ------ დ-------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-- ბ------–---–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზ------ დ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების _ ს---–--- ბ-----ის, ნ-------- დ-------ის გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები იძლევა ზ------ დ-------ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივ საფუძველს. აპელანტის მითითებით, საყურადღებოა გამომძიებელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებმაც ირიბად, მაგრამ თანმიმდევრულად დაადასტურეს ზ------ დ-------ის მიერ მშობლების მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ზ------ დ-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ------ დ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:
მოწმე ს---–--- ბ-----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ იგი 2016 წლიდან მუშაობს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 20 ივლისს, 19:36 საათზე, ამავე განყოფილების სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქ.ბათუმში, გ.შარვაშიძის ქ.№53-ში მცხოვრებ შ--–--- დ-------ეს თავისი შვილი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეჩხუბებოდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, ის და გამომძიებელი ჯემალ ცეცხლაძე გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ შეტყობინების ინიციატორი შ--–--- დ-------ე მეუღლესთან _ თ------ დ-------ესთან ერთად, რომლებიც იყვნენ შეშინებულები და აღელვებულები. როგორც შ--–--- დ-------ემ განუმარტათ, მათი შვილი _ ზ------ დ-------ე აყენებდათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდათ და ემუქრებოდათ სიცოცხლის მოსპობით, აგრეთვე, ავტომანქა--ს დაზიანებით, ბუნებრივი აირის გაშვებით და საცხოვრებელი სახლის აფეთქებით.
მოწმე ნ-------- დ-------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ.ბათუმში, გ.შარვაშიძის №53-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ოჯახთან ერთად. ამავე სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ მისი მშობლები შ--–--- და თ---------- დ-------ეები და უმცროსი ძმა _ ზ------ დ-------ე. 2019 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 19:40 საათზე დაბრუნდა სახლში, რა დროსაც დედამისმა შ--–--- დ-------ემ მოუყვა, რომ ზ------ დ-------ე მთელი დღის განმავლობაში აგინებდა და მოკვლით ემუქრებოდა მას და მამამისს, თ------ დ-------ეს, ასევე აპირებდა ავტომანქანის განადგურებას, გაზის გაშვებას და სახლის აფეთქებას. შ--–--- დ-------ე იყო ძალიან შეშინებული და უთხრა, რომ პოლიცია ჰყავდა გამოძახებული.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა თ------ დ-------ემ და შ--–--- დ-------ემ ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს საკუთარი შვილის, ზ------ დ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა ზ------ დ-------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა გამართლება.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/13.12.2012).
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ზ------ დ-------ე სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა თავის მშობლებს _ შ--–--- და თ------ დ-------ეებს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ ზ------ დ-------ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულების _ შ--–--- დ-------ის და თ------ დ-------ის გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ამხელდნენ ზ------ დ-------ეს მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
რაც შეეხება მოწმეების _ ს---–--- ბ-----ის და ნ-------- დ-------ის ჩვენებებს, ისინი ირიბი ხასიათისაა, ვინაიდან, ხსენებული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, ხსენებული მოწმეების ჩვენებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ------ დ-------ის მიერ შ--–--- დ-------ის და თ------ დ-------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება ზ------ დ-------ის მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი კანონიერია და სააპელაციო პალატას არ გააჩნია მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი ზ------ დ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ზ------ დ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.გამართლებულ ზ------ დ-------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ------ დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს _ ნ----- დ-------ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/