განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.12.2019
საქმის ნომერი
330210016001583910
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001583910

საქმე № 2ბ/5058-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე – ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: მერაბ ლომიძე, გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე

 

I აპელანტი - ა------------ ე---- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ---- ო----–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ”ჯ--------ი”, შპს ”ტ----------–--------------–--ი”, დ----- ტ----ე, ი-----–ი გ--------ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ------- მ--–---–---–ი

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად

 

II აპელანტი - შპს ”ჯ--------ი” (მოპასუხე)

წარმომადგენელი -გ------- მ--–---–---–ო

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა------------ ე---- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ---- ო----–--ე

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად გამოყენებით გამოწვეული ზინაის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე ა------------ ე------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე შპს ”ჯ--------ის”, შპს ”ტ---------–-------------–--ის”, დ----- ტ----ის, ი-----–ი გ--------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა შპს ”ჯ-------ი”-ს, შპს ”ტ---------–-------------–--ი”-ს, დ----- ტ----ეს, ი-----–ი გ--------ს ,,ა------------ ე----"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 636 986 აშშ დოლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულება დადებულია ა------------ ე-----ს და შპს ,,ჯ-------ი''-ს შორის. მოსარჩელემ თავად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შპს ,,ჯ-------ი''-ს 2 000 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში. მოპასუხეთა განმარტებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება შპს ,,ჯ-------ი''-ს გადახდისუუნარობაზე. შპს შექმნილია მხოლოდ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მოპოვების მიზნით და უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია სპეციალური სავაჭრო სტატუსის მქონე კომპანიისთვის. შპს ,,ჯ-------ი'' წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას და მისი ბრუნვა აღემატება 1 000 000 000 ლარს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ”ჯ-------ი”-ს (ს/ნ 40494418) ა------------ ე------ს სასარგებლოდ დაეკისროს 3 636 986 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ა------------ ე------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე, გადაწყვეტილება შპს ”ჯ--------იმ”, სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:

 

5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტები ასაჩივრებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებას.

 

5.2. აპელანტმა ა------------ ე-----მ, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

აპელანტი განმარტავს, რომ ნაწილობრივ ასაჩივრებს საქმეზე მიღებულ 2017 წლის 2 აგვისტოს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2) 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენაზე. 3) 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებების გამოთხოვაზე. 4) 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება საქმის გადადებაზე უარის თქმისა და მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაზე გადაზრდის შესახებ. 5) 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე.

 

აპელანტის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს შემდეგში, რომ სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა და განმარტავს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში სასამართლომ დაუშვა რიგი სამართლებრივი და ფაქტობრივი შეცდომებისა, რომელთა გამოც ვერ მოხდა დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიკვლია ხელშეკრულების მონაწილე პირებთან დაკავშირებული ფაქტები. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, არასწორად დადგინა იმ სუბიექტთა წრე, რომლებაც შესაბამისი ვალდებულებები იკისრეს კომპენსაციის 2015 წლის 14 ივლისის ხელშეკრულებით. სასამართლომ არ გამოიკვლია და უფრო მეტიც არ კი იმსჯელა სარჩელში მოყვანილ არგუმენტაციაზე. სასამართლომ, ასევე, არასწორად შეაფასა კორპორაციული საფარველის გარღვევასთან (veil piercing) დაკავშირებული საკითხი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები, რომლებიც ემსახურებოდა კორპორაციული საფარველის გარღვევის საფუძვლების დეტალურ შემოწმებას. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ შეგნებულად აარიდა თავი ჯ-------ის და მისი ბენეფიციარების მხრიდან პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენების საკითხის გამოკვლევას, აშკარაა მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა აღნიშნულ ნაწილში. სასამართლომ არ გამოითხოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადგენდა იმ აშკარა ფაქტს, რომ შპს "ტ---------–-------------–--ი" შეგნებულად და ბოროტად სარგებლობდა ჯ-------ის კორპორაციული საფარველით. მან მიიღო 3.7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა და გაუგებარია რაში დაიხარჯა მოცემული ფულადი სახსრები. საბანკო ანგარიშებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აშკარა იქნება, რომ "ა------------ს" მიერ გამოცემული თანხები განაწილდა ხელფასებისა და პრემიების სახით "ტ---------–-------------–--ში".

 

5.2. აპელანტმა შპს ,,ჯ-------მა" ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტში სასამართლოს მიერ მითითებულია შპს ,,ჯ-------სა" და ა------------ ეს.ის-ს შორის დადებული კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების პირობები. საქმეზე თანდართული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ამ ხელშეკრულებით ა------------ ე-----ს მიერ ნაკისრი არცერთი ვალდებულება არ შესრულდა, შესაბამისად ამ პირობებში მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს თანხის დაკისრება, ვინაიდან თანხის გადახდა დამოკიდებულია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა შპს „ჯ-------სა“ და ა------------ ე----.-ს შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებულ კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ შპს „ჯ-------ის“ ვალდებულებებს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „ჯ-------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო თავად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებაზე, კერძოდ: სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მითითებისას მოსარჩელის პოზიციიდან ირკვევა, რომ იგი დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევს შპს „ჯ-------ის“ მიერ მოსარჩელის წინაშე დავალიანების არსებობას და მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ შპს „ჯ-------სა“ და ა------------ს შორის 2015 წლის 14 ივლისს დადებული კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება 2015 წლის ივლისში განეხორციელებინა 1 599 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების შეკვეთა, 2015 წლის სექტემბერში 2 720 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების შეკვეთა, 2015 წლის ნოემბერში 1 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილების შეკვეთა და 2016 წლის პირველ კვარტალში მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა 3 340 000 აშშ დოლარის შეკვეთა. შპს „ჯ-------ის“ ვალდებულება მიეწოდებინა გარკვეული რაოდენობის ავტომობილები მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შესაბამისად დამოკიდებული იყო თავად მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, კერძოდ ყოველი კონკრეტული შეკვეთისას უნდა მომხდარიყო გარკვეული რაოდენობის ავტომობილების მიწოდება, ამასთან ხელშეკრულების შესაბამისად შპს „ჯ-------ი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ვალდებული მოსარჩელისათვის გადაეხადა თანხა და მიეწოდებინა ავტომობილები, თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულების პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტში მოცემულ მის ვალდებულებას ავტომობილების შეკვეთასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის დადებული კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების ყველა პირობა და არ განხოციელდა არცერთი შეკვეთა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს იმ პირობებში, როდესაც მან დაარღვია ხელშეკრულების ყველა პირობა, უფლება არ აქვს მოთხოვნა წარუდგინოს შპს „ჯ-------ი“-ს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა------------ ე-----ს და შპს ”ჯ--------ის”, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების (გადახდის განვადებით) მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება კერძოდ: ა------------ ე------ს და შპს ,,ჯ-------ი''-ს შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა: ,,ა------------ს'' მხრიდან თანხების გადმორიცხვის შემდეგ შპს ,,ჯ-------ი'' აწვდიდა მოსარჩელეს ავტომობილებს. 2015 წლის 14 ივლისის ,,კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების'' დადების დროს შპს ,,ჯ-------ი''-ს დავალიანება შეადგენდა 3 789 586 აშშ დოლარს. აღნიშნული ვალის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2016 წლის ბოლოსათვის. ვალის დაფარვის მიზნით მოსარჩელე პერიოდულად შეუკვეთავდა შპს ,,ჯ-------ი''-ს ავტომობილებს და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა ნებისმიერი სახის ავტომობილების უსასყიდლოდ მიწოდებას. შპს ,,ჯ-------ი'', ასევე 2016 წლის პირველ კვარტალში მოსარჩელეს გადაურიცხავდა 2 000 000 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესრულების ვადა ამოიწურა 2016 წლის ბოლოს. ამ დროისათვის შპს ,,ჯ-------ი''-ს დავალიანება შეადგენს 3 636 986 აშშ დოლარს.

 

7. ა------------ ე-----ს სასარჩელო მოთხოვნის (ხელშეკრულების მოშლა) სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებაზე უარის თქმას, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს.

 

მიუხედავად იმისა, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, თუ არაჯეროვანი შესრულება კანონმდებლობა მხარეს გარდა პირველადი მოთხოვნისა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), ანიჭებს ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის (გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში - ხელშეკრულების შეწყვეტის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ვინაიდან pacta sunt servanta-ს პრინციპი პრიორიტეტულია სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ამიტომ კანონი ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის გარკვეულ წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა იყოს ნამდვილი, მეორე მხარე უნდა არღვევდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოთხოვნის კრედიტორი კონტრაგენტს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის გზით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე მსჯელობისას, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა. ზემოაღნიშნული პირობებიდან მოცეემულ შემთხვევაში, სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა). ხელშეკრლებიდან გასვლის შემთხვევაში შესრულების ვალდებულება ქარწყლდება და წარმოიშობა ახალი, უკვე შესრულებულის უკან დაბრუნების ვალდებულება

 

მოპასუხეთა მხრიდან, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რაც აპელანტს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობას წარმოუქმნიდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.

 

8. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ, ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრივი მოდელი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვლინდება, კერძოდ, მხარეები ორმხრივ უფლება-მოვალეობებზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, 2015 წლის 14 ივკლისის ,,კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების'' დადების დროს შპს ,,ჯ-------ის'' დავალიანება შეადგენდა 3 789 586 აშშ დოლარს. აღნიშნული ვალის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2016 წლის ბოლოსათვის. ვალის დაფარვის მიზნით მოსარჩელე პერიოდულად შეუკვეთავდა შპს ,,ჯ-------ის'' ავტომობილებს და ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა ნებისმიერი სახის ავტომობილების უსასყიდლოდ მიწოდებას.

 

9. სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობებს დაეთანხმა, ამასთან, უდავოა, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გააფორმეს ხელშეკრულება.

 

10. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.

 

მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. განსახილველ შემთხთხვევაში, პალატას მიანჩია, რომ 2015 წლის 14 ივლისის ,,კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების'' მხარეს არ წარმოადგენდა, არც დ----- ტ----ე და ი-----–ი გ--------ი და არც შპს ,,ტ---------–-------------–--ი''. შესაბამისად, არ დასტურდება, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ასევე, უსაფუძვლოა მოთხოვნა შპს ”ტ---------–-------------–--ი”-ს (დირექტორი ი-----–ი გ--------ი) მიმართ, როგორც შპს ,,ჯ-------ი''-ს 100%-იანი წილის მესაკუთრის, დ----- ტ----ის, როგორც შპს ,,ჯ-------ი''-ს დირექტორის და ი-----–ი გ--------ის, როგორც შპს ”ტ---------–-------------–--ი”-ს დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ ,,ა------------ ე------ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

11. წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები საოქმო განჩინებების გაუქმებას. აპელანტი ითხოვს გაუქმდეს 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენაზე. 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებების გამოთხოვაზე. 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება საქმის გადადებაზე უარის თქმისა და მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაზე გადაზრდის შესახებ. 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე. (იხ: სააპელაციო საჩივარი, ტ. II, ს.ფ. 154-185).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების წინმსწრები 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენაზე. 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა მტკიცებულებების გამოთხოვაზე. 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება საქმის გადადებაზე უარის თქმისა და მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაზე გადაზრდის შესახებ. 2017 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტიზის დანიშვნაზე, განჩინებების გაუქმების საფუძველი. განჩინება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

12. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ გარემოებები, რომელზედაც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით და გაებათილებინა მტკიცებულებები რომელსაც ეყრდნობა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 53-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა------------ ე-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ”ჯ--------ის”, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

4. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები მერაბ ლომიძე

 

გენადი მაკარიძე