განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2020
საქმის ნომერი
330100119002996944
ინსტანცია
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002996944

საქმე №1ბ/204-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-----–------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, ბ--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

ი-----–------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ი-----–------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-----–------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 15 აპრილიდან - 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

 

მანვე, ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.

 

ი-----–------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში, ბ-----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი-----–------------ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მამიდის - მ-----------------ის მიმართ - გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ი-----–------------ის ქმედებით მ-----------------ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.

 

2019 წლის 28 მარტს ქ. თბილისში, ბ-----------------ში ა-----------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ი-----–------------ის მიმართ გამოიწერა №0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შესაბამისად, მოძალადეს ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოვება, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც ა-----------–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშულებების გამოყენებით.

ი-----–------------ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები - 2019 წლის 28 მარტს ი-----–------------ე მივიდა ქ. თბილისში, ბ-----------------ში, სადაც ცხოვრობდა 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ი-----–------------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

 

2019 წლის 28 მარტს ქ. თბილისში, ბ--------------ში ა-----------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ი-----–------------ის მიმართ გამოიწერა N0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შესაბამისად, მოძალადეს ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ი-----–------------ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და ორდერის მოქმედების ვადაში, 2019 წლის 14 აპრილს, მივიდა ქ. თბილისში, ბ--------------ში, რა დროსაც კომუნიკაცია დაამყარა მეუღლესთან - ა-----------–---–თან.

 

ი-----–------------ის მიერ მამიდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში კი სასამართლომ განმარტა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და სასჯელის დამძიმება, კერძოდ, ი-----–------------ის დამნაშავედ ცნობა 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება, რაც თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ი-----–------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილ ქმედებაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა ი-----–------------ის ქმედების არათანაზომიერი სასჯელი და ამ ნაწილში განაჩენი უნდა შეიცვალოს დამძიმებისკენ. ამავდროულად, ი-----–------------ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.

აპელანტის მითითებით, ი-----–------------ის მიერ მამიდის - მ-----------------ის მიმართ ძალადობის ჩადენა დადასტურებულია თავად დაზარალებულ მ-----------------ის ჩვენებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, მ-----------------ეს მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტკივილის შეგრძნებას, მითუმეტეს, რომ მან ექსპერტს განუმარტა, რომ 2019 წლის 14 აპრილს 21:00 საათზე, ძმისშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში. აპელანტის განმარტებით, ი-----–------------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენის ფაქტი ასევე დასტურდება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ლ-----------–---–-ას ჩვენებით.

აპელანტის განმარტებით, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს იმგვარი სახისა და ზომის სასჯელი, რომელსაც ექნება შემაკავებელი ეფექტი და მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშვება სურვილი განახორციელოს ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული მით უფრო რელევანტურია იმ ვითარებაში, როდესაც პირის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა იდენტური ქმედების განხორციელებისათვის. ბრალდების მხარის მოსაზრებით, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის გამოყენება, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ წამახალისებელიც კი იქნება მსჯავრდებულისათვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის, რისკენაც იგი, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, მიდრეკილია. ბრალდების მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო მექანიზმებზე, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებენ, განახორციელონ რიგი ღონისძიებები, რათა ქალთა მიმართ ძალადობა იქნეს სათანადოდ პასუხგაცემული.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის ი-----–------------ის დამნაშავედ ცნობისა და 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით.

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ი-----–------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–------------ის მიერ მ-----------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს. აპელანტის მიერ ი-----–------------ის მიმართ ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

ი-----–------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძალადობის ეპიზოდში ძირითადად ეფუძნება დაზარალებულ მ-----------------ის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად, 2019 წლის 14 აპრილს მასთან ერთად მცხოვრებმა ძმისშვილმა, ი-----–------------ემ, სახლში, კონფლიქტისას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახეში. ძმისშვილი მას ი-----–-- მამამ ზ-----------------ემ გაარიდა. კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული ი-----–------------ე საკუთარი ვალების გამო ოჯახს მატერიალურ ზიანს აყენებდა. დაზარალებულმა მ-----------------ემ განმარტა, რომ ი-----–------------ის მიმართ დღეის მდგომარეობით პრეტენზია არ გააჩნია.

 

ბრალდების მხარე ი-----–------------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მოწმე ლ-----------–---–-ას ჩვენებას, რომლის მიხედვით, 2019 წლის 14 აპრილს, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისი, ბ-----------------ში ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდათ მ-----------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ძმისშვილმა, ი-----–------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის მიერ გაცხადებული ფაქტი დაადასტურა მისმა ძმამ, ბრალდებულის მამამ - ზ-----------------ემ, რომელმაც განმარტა, რომ მისი დისა და შვილის კონფლიქტში ჩართვა და გაშველებაც კი მოუხდა. თავად ი-----–------------ე ადგილზე არ იმყოფებოდა.

 

აპელანტი ასევე აქცენტს აკეთებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, 2019 წლის 15 აპრილს მოქ. მ-----------------ეს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ბრალდების მხარე აქცენტს აკეთებს აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილზე, სადაც მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ძმისშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის შეფასებას აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილში და განმარტავს, რომ ისინი მთლიანად ეფუძნება დაზარალებულ მ-----------------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მათი დამოუკიდებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესაძლებლობას არ იძლევა. ამასთან, სასამართლოს მიერ ასევე გამოკვლეულ იქნა დაზარალებულ ა-----------–---–ის, მოწმეების - ო-–---------ის, გ------------------ისა და ა-–---------------------ის ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ი-----–------------ის მხრიდან მამიდის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. გასათვალისწინებელია ასევე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ი-----–------------ის ქმედებათა შედეგად, მ-----------------ეს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ი-----–------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ი-----–------------ემ ჩაიდინა მამიდის - მ-----------------ის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–------------ის მხრიდან ძალადობის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებული, რომლის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის. გარდა ამისა, მტკიცებულების საკმარისობის საკითხთან მიმართებით, პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ი-----–------------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა მ-----------------ის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი-----–------------ის დამნაშავეობაში დანაშაულის აღნიშნულ ეპიზოდში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატას ასევე მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ საქართველოს სსკ-ის 111; 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ი-----–------------ის მსჯავრდების კუთხით. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას ამ ნაწილში არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ა-----------–---–ის, მოწმეების - მ-----------------ის, ო-–---------ის, გ------------------ის, შ----------–--ის ჩვენებებით, №0----- შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

ამასთან, პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას ი-----–------------ისათვის საქართველოს სსკ-ის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ი-----–------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-----–------------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი ი-----–------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი-----–------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ი-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-----–------------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 15 აპრილიდან - 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ი-----–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები.

ნივთიერი მტკიცებულება: ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე