განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019003193728 (3/ბ-522-19წ.)
განჩინება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) – მ------ თ-------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან, ქმედების განხორციელების დავალება - სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1.სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა
2019 წლის 19 სექტემბერს მ------ თ-------მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მასთან მიმართებით დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №5----- ბრძანების ბათილად ცნობა, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობაზე რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მისი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება და მის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება 2019 წლის 22 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ სარჩელი დაფუძნებულ იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. იგი 2013 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ 2015 წლის 26 თებერვლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტად რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2015 წლის 19 ივნისის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.1.2. 2017 წლის 30 ივნისს მასსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა №1-- ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ შრომით ფუნქციებს დაემატა ერთი ფუნქცია - გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციის შეთავსება, რასაც ახორცილებდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე შეთანხმების აქტის საფუძველზე. იგი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.
1.1.3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს № 5----- ბრძანების საფუძველზე მას როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტს რაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 22 აგვისტოდან.
1.1.4. 2019 წლის 21 აგვისტოს № 5------ ბრძანებას საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნა, რომელიც დამყარებულია მცდარ ფაქტებსა და არასწორ შეფასებებზე.
1.1.5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნის თანახმად მოკვლევის შედეგად თითქოსდა დასტურდებოდა მის მიერ თანამშრომლების -ი.კ-----–--ის და მ. ყ-----–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები და არაჯანსაღი სამუშაო გარემო ჭიათურის მერიის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ზემოაღნიშნული ფაქტები დადგინდა მხოლოდ რამოდენიმე თანამშრომლის ახსნა-განმარტებით იმგვარად, რომ მოცემულ საკითხზე არსებითი მოკვლევაც კი არ დაწყებულა, არც არავის გადაუმოწმებია მათი განმარტების სისწორე. ეს თანამშრომლები არც ფსიქოლოგს და არც სხვა რომელიმე პროფესიის მქონე პირებს გასაუბრებიან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლებიც კომპეტენტური იქნებოდნენ და დაადგენდნენ თუ რაში გამოიხატა მათზე მოსარჩელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა.
1.1.6.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნის თანახმად მისი მხრიდან თითქოსდა იკვეთებოდა ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის № 2-- დადგენილების“ დარღვევა, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.მოპასუხე მხარე მთლიანად დაეყრდნო რამოდენიმე თანამშრომლის განმარტებას. ამასთან დასკვნაში მითითებულია ისეთი ფაქტები, რომელთაც სამსახურთან არანაირი კავშირი არ აქვს.
1.1.7. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა თუნდაც ისინი ნაწილობრივ ან მთლიანადაც რომ შესაბამისობაში იყოს რეალობასთან შეუძლებელია ამ ფაქტების მძიმე დისციპლინარულ გადაცდომად შეფასება და გაუმართლებელია სახდელის სახით სამსახურიდან განთავისუფლების გამოყენება.
1.1.8. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნაში მითითებულია მასსა და ზ------ ხ------–--ეს შორის მომხდარ ინციდენტზე, რომელიც არც სამუშაო საათებში და არც სამსახურში მომხდარა და ამდენად, ხსენებულ პირთან უთანხმოება სამსახურს არ უკავშირდებოდა.
1.1.9. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნაში მიეთითა იმის თაობაზე, რომ მან გარკვეული ეჭვები გამოთქვა დოკუმენტების ნამდვილობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც მოკვლევა მიმდინარეობს სამართალდამცავ უწყებებში, რაც გახდა რეალური მიზეზი მისი სამსახურიდან განთავისუფლებისა, რადგან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ პირებს, რომელთაც მისი განთავისუფლების უფლება ჰქონდათ, გაუჩნდათ სურვილი მისი სამსახურიდან ჩამოშორებისა, რათა დარღვევებზე რეაგირება ვეღარ მომხდარიყო.
1.1.10. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნაში მიეთითა, რომ თითქოსდა მას მანამდე მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ თითქოსდა მოსარჩელე მ------ თ-------ს არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვს მიღებული. მისთვის გაურკვეველია თუ რამდენად კომპეტენტურმა პირმა შეისწავლა მისი საქმიანობა და რაზე დაყრდნობით გამოიტანა ეს დასკვნა. თავად რა კვალიფიკაცია ჰქონდათ ამ პირებს, ვინც აღნიშნული შეფასება დაწერეს.
1.1.11.მოსარჩელის განმარტებით, ის 2013 წლიდან დასაქმებულია საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე და მისი კვალიფიციურობა ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია, წლებთან ერთად კვალიფიკაციაც და გამოცდილებაც მოემატა და ამდენად, მისთვის გაუგებარია 2019 წელს როგორ გახდა არაკვალიფიციური. ასევე არასწორია მითითება იმაზე, რომ მას არ შეუძლია გუნდური მუშაობა,რადგან მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს იმუშაოს ჭიათურის მერიაში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანთან და ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
1.2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჭითურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგნელმა შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:
1.2.1.ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ზომის შეფარდების და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას საფუძველს წარმოადგენს რამდენიმე ეტაპიანი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სრული მოცულობის მოკვლევით გამყარებული დასკვნები. კერძოდ, მოსარჩელე მ------ თ-------ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილებას საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 ივნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მერის წარმომადგენლის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში ი----- ხ------–--ის №8------ მოხსენებითი ბარათის ირგვლივ ჩატარებული ინსპექტირება, ხოლო ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა დაიწყო დისციპლინური წარმოება სავარაუდო გადაცდომის ფაქტების დადასტურებასთან დაკავშირებით. ინსპექტირების განხორციელებისას საკითხის შეწავლის მიმართულებას წარმოადგენდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტი, რაც გულისხმობდა საორგანიზაციო და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების კუთხით, კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ის მიერ შინაგანაწესის დარღვევას, რაზეც მომზადდა ინსპექტირების დასკვნა №I---. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტები:
მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ის მიერ დარღვეულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა, ბ და გ“ ქვეპუნქტები, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: ა) სამუშაო შეასრულოს კეთილსინდისიერად და პირნათლად; ბ) შეასრულოს ხელმძღვანელის დავალებები და მითითებები; გ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები, ხოლო შრომითი შინაგანაწესის თანახმად წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროფესიული საჯარო მოხელე და საჯარო მოსამსახურე ვალდებულია აცნობოს მის უშუალო ხელმძღვანელს ან/და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს.წინასწარ ცნობილი მიზეზის გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის/დაგვიანების შემთხვევაში პროფესიული საჯარო მოხელე და საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს (უშუალო ხელმძღვანელს) გამოუცხადებლობის სავარაუდო პერიოდი, სათანადო მიზეზის მითითებით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ რამდენჯერმე მოეწყო ადგილზე გასვლა სამსახურში თანამშრომლების დასწრების შემოწმების მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილ იქნა მ------ თ-------ის მხრიდან „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წლის №2-- დადგენილების დარღვევა. მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი საფუძვლი გახდა მ------ თ-------ის მიმართ დისციპლინალური წარმოების დაწყებისა.
2018 წლის 21 ივნისს ადგილზე შემოწმებებისას გამოვლინდა, რომ სამსახურში იყო 50% - იანი დასწრება, კერძოდ ოთხი თანამშრომლიდან სამსახურში იყო ორი თანამშრომელი - მ-----ე ყ-----–---–ი და ი--- კ------–--ე, რომლებმაც საკითხთან დაკავშირებით მისცეს თავიანთი ახსნა-განმარტება დანარჩენი ორი თანამშრომლის- ი----- ხ------–--ისა და მ------ თ-------ის სამუშაო საათებში სამსახურში არყოფნის შესახებ. სულ სხვა ფაქტს ასახავდა ჩანაწერი ტაბელირების ჟურნალში. ტაბელირების ჟურნალიდან დგინდება მ------ თ-------ის მიერ მხოლოდ სამი დღის განმავლობაში სამსახურში არასტაბილურად გამოცხადება ხოლო ჟურნალის მიხედვით დანარჩენი დღეებში დასტურდება მისი სამსახურში გამოცხადება, ყველა დღე გატარებული და ხელმოწერილია. 2018 წლის 28 ივნისს ჩატარდა მორიგი გასვლა სამსახურში თანამშრომლების დასწრების შემოწმების მიზნით. შემოწმდა ტაბელის ჟურნალი, სადაც ჩანაწერი შეესაბამებოდა ფაქტს, თუმცა ტაბელირების ჟურნალში 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით დაფიქსირებული თანამშრომელთა დასწრების ჩანაწერი უკვე ჩასწორებული აღმოჩნდა თანამშრომლების მიერ. ამდენად, 21 ივნისს ჩატარებული შემოწმებით ადგილზე გასვლისას სამუშაოზე გამოცხადების ჟურნალი, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ იყო ხელმოწერილი, ხოლო 28 ივნისს განხორციელებული ანალოგიური მოქმედების დროს კი აღმოჩნდა შევსებული.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 17 აგვისტოს №5------ ბრძანების საფუძველზე მ------ თ-------ის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს 2018 წლის 23 აგვისტოს №1------ შიდა დოკუმენტით წარედგინა ინფორმაცია დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ. ასევე განსაზღვრულ იქნა ვადა საქმის ირგვლივ ახსნა-განმარტების წარმოსადგენად. დისციპლინური გადაცდომის ჩამდენმა პირმა 2018 წლის 29 აგვისტოს წარმოადგინა ახსნა-განმარტება, მას შემდეგ რაც წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი შედგენილ იქნა ინტერვიუს (გამოკითხვის) ფორმა, რომელიც შევსებულ იქნა მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ის მიერ. 28 ივნისს ჩამორთმეული ახსნა - განმარტება და 29 აგვისტოს ახსნა - განმარტება შინაარსობრივად იდენტურია და იძლევა ინფორმაციას, რომ მოსარჩელე მ------ თ-------ი გამოვიდა 11 საათზე სოფელ რგანის ადმინისტრაციული შენობიდან და წავიდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერთან წინასწარ შეთანხმებულ სამსახურებრივ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტი კი უშუალო ხელმძღვანელს - ი----- ხ------–--ეს ვერ შეატყობინა, რადგან ის სამსახურში არ გამოცხადებულა. ასევე განმარტავს, რომ მისი წასვლა აღნიშნა თანამშრომლებთან და მათ იცოდნენ თუ სად იმყოფებოდა იგი. მ------ თ-------ის ახსნა-განმარტებაში აღნიშნულმა ფაქტმა იმის შესახებ, რომ იგი სამსახურში არყოფნის პერიოდში თითქოსდა იგი იმყოფებოდა მერთან, წინასწარ შეთანხმებულ სამსახურებრივ შეხვედრაზე, დადასტურება ვერ ჰპოვა. გარდა ამისა, მან ვერ დაადასტურა არგუმენტირებულად როტომ ვერ ან არ შეატყობინა სამსახურიდან თვითნებურად გასვლა უშუალო ხელმძღვანელს. ამასთან მას სამსახურის დატოვების ფაქტი არ უცნობებია მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინაციის განყოფილების უფროსისთვის და არც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის, რისი ვალდებულებაც მას გააჩნდა მისი შტატისათვის დამტკიცებული სამუშაო აღწერილობის ფორმის შესაბამისად.
ამდენად, დადგინდა, რომ მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელმძრვანელ პირებთან შეუთანხმებლად ტოვებდა სამუშაო ადგილს. სამუშაოზე გამოცხადების ჟურნალის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით შეივსო 20 ივნისისა და 21 ივნისის გრაფაში მ------ თ------ის გასწვრივ არსებული შენიშვნის ველში დაფიქსირებულია, რომ ამ ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა შეხვედრაზე მერთან, ხოლო 19 ივნისის გრაფაში კი ნაჩვენებია, რომ შეხვედრაზეა გამგეობაში, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის თანამშრომლის გადაადგილებას სამუშაო საათებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №5------ ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსს სპეციალისტს რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.
1.2.2. 2019 წლის 04 ივლისის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რგანის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის ი----- ხ------–--ის №1------ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მომზადდა ინსპექტირების დასკვნა N I-----, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 17, 22 და 24 ივლისს ჩატარდა ინტერვიუ (გამოკითხვა) ი--- კ------–--ესთან, მ-----ე ყ-----–---–თან და ი----- ხ------–--ესთან, რომელთაც გააკეთეს 2019 წლის 04 ივლისის თარიღით შედგენილ №1------ მოხსენებითი ბარათის ირგვლივ განმარტება და დაადასტურეს მ------ თ-------ის მხრიდან მათთან კონფლიქტური ურთიერთობები, ძალადობა, შეურაცხყოფა, მუქარა, დამცირება. გარდა აღნიშნულისა, ი----- ხ------–--ის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ მ------ თ-------ი არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებივ უფლება-მოვალეობებს, რაც აფერხებს სამუშაო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას.
ინსპექტირების ჩატარების პერიოდში - 2019 წლის 22 ივლისს №6------ მოხსენებითი ბარათით დასტურდება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო პროცესი ფერხდება თანამშრომლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობის გამო.
2019 წლის 24 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მ------ თ-------თან, რომელსაც ესწრებოდა საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი და წარმომადგენელთა კოორდიციის განყოფილების თანამშრომელი, რა დროსაც მ------ თ-------მა 2019 წლის 04 ივლისის №1------ მოხსენებითი ბარათის ირგვლივ გააკეთა განმარტება, რაც წარმოადგენდა მისი მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებს თანამშრომლების მიმართ.
მ------ თ-------ი უთითებს 1996 წლის მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტზე,(მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელსაც უწოდებს ყალბს, თუმცა მან აღნიშნულის თაობაზე, სამსახურში დაცული დოკუმენტაცია ხელმძღვანელობის დაუკითხავად გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს საქმეზე გამოძიების დაწყების მიზნით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 26 ივნისს განსახილველად წარედგინა მოქალაქე ზ------ ხ------–--ის განცხადება (№5------) რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 25 ივნისს ეს უკანასკნელი მუშაობდა რა მის საკუთრების უფლებას განკუთვნილ სიმინდის ყანაში, მას თავს დაესხა მოქალაქე მ------ თ-------ი, რომელიც დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, კერძოდ დაჩეხვით, მოითხოვდა მას დაეტოვებია აღნიშნული მიწის ნაკვეთიდა სხვა დროს აღარ დაბრუნებულიყო ამ ტერიტორიაზე.
ზემოხსენებულ მოქალაქესთან გასაუბრებით დადასტურდა, რომ მოცემული ფაქტი მოხდა არასამუშაო საათებში, რომელსაც მოწმე არ ესწრებოდა, ხოლო მ------ თ-------მა უარყო ბრალდება და ჩხუბის დამწყებად ზ------ ხ------–--ე დაასახელა. ამდენად, მოწმეების არარსებობის გამო, მოცემულ ფაქტს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სათანადო რეაგირება ვეღარ მოჰყვა, თუმცა ამ ინციდენტის გამო განმცხადებელმა ზ------ ხ------–--ემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს - პოლიციას.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ №- საქმის ინსპექტირების შედეგად 2019 წლის 04 ივლისს № 1------ მოხსენებით ბარათში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი: დადასტურდა მ------ თ-------ის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები თანამშრომლების - ი----- ხ------–--ის, ი--- კ------–--ისა და მ-----ე ყ-----–---–ის მიმართ და არაჯანსაღი სამუშაო გარემო ჭიათურის მერიის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მ------ თ-------ის მხრიდან გამოიკვეთა „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017წლის №2-- დადგენილების დარღვევა.
ზემოხსწენებულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მ------ თ-------ის მიერ დისციპლინური გადაცდომა განმეორებით იქნა ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში და მას მოხსნილი და გაქარწყლებული არ ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს №- დასკვნის საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №5------ ბრძანებით მ------ თ-------ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ------ თ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1.1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 04 თებერვლის ბრძანებით მ------ თ-------ი დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის რგანის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე 0.5 საშტატო განაკვეთზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 02 მაისის №--- ბრძანებით მ------ თ-------ს გაუგრძელდა საგამოცდო ვადა ორი თვით 2013 წლის 05 მაისიდან 05 ივლისის ჩათვლით 0.5 საშტატო განაკვეთზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 03 ივლისის №2-- ბრძანებით, საგამოცდო ვადის გასვლის გამო, მ------ თ-------ი დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის რგანის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად 0.5 საშტატო განაკვეთზე 2013 წლის 06 ივლისიდან კონკურსის ჩატარებამდე. საგამოცდო ვადა ჩაეთვალა შრომის სტაჟში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 23 ივლისის №2-- ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის რგანის ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი (0.5 განაკვეთზე) მ------ თ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 21 ივლისიდან და დაინიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების რგანის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის 21 ივლისიდან რეორგანიზაციის დასრულებამდე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 26 თებერვლის №5-- ბრძანების საფუძველზე მ------ თ-------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტად რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 ოქტომბრის № 5------ ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მ------ თ-------ს შორის 2017 წლის 30 ივნისს გაფორმებულ №1-- ხელშეკრულებაში განსაზღვრულ შრომით ფუნქციებს დაემატა გამგებლის წარმომადგენლის ფუნქცია 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე შეთანხმების აქტის საფუძველზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 დეკემბრის № 5------ ბრძანების თანახმად მ------ თ-------ს მიენიჭა რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მე-2 კატეგორიის მე-3 რანგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 4.02.2013წ. ბრძანება №-- (ს.ფ 18);
- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 2.05.2013წ. ბრძანება №--- (ს.ფ 17);
- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 3.07.2013წ. ბრძანება №2-- (ს.ფ 19);
- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 23.07.2014წ. ბრძანება №2-- (ს.ფ 20);
- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 26.02.2015წ. ბრძანება №5-- (ს.ფ 21);
- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 16.10.2017 წ. ბრძანება №5------ (ს.ფ 22);
- შეთანხმე აქტი (ს.ფ. 23)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები
2.1.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს № 5------ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტს რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 22 აგვისტოდან.
2.1.3.მ------ თ-------ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
2.1.3.1.დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №5----- ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსს სპეციალისტს მ------ თ-------ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, რომელსაც საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 ივნისს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მერის წარმომადგენლის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში - ი----- ხ------–--ის მოხსენებითი ბარათი №8------ის ირგვლივ ჩატარებული ინსპექტირება, რაზეც მომზადდა ინსპექტირების დასკვნა №I---.
დადგინდა, რომ რგანის ადმინისტრაციული ერთეულს აქვს სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი. თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა ხდება ჟურნალში ხელის მოწერითა და სამსახურში მისვლა/წასვლის დროის დაფიქსირებით. 2018 წლის 21 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მოეწყო ადგილზე გასვლა სამსახურში თანამშრომლების დასწრების შემოწმების მიზნით. შემოწმებით გამოვლინდა, რომ სამსახურში იყო 50%-იანი დასწრება, ოთხი თანამშრომილიდან სამსახურში იყო ორი თანამშრომელი: მ------ ყ-----–---–ი და ი--- კ------–--ე, რომლებმაც საკითხთთან დაკავშირებით მისცეს თავიანთი ახსნა - განმარტებები დანარჩენი ორი თანამშრომლის- ი----- ხ------–--ისა და მ------ თ-------ის სამუშაო საათებში სამსახურში არყოფნის შესახებ. სხვა ჩანაწერი იყო ტაბელების ჟურნალში, სადაც სამსახურში გამოცხადება დააფიქსირა მხოლოდ ერთმა თანამშრომელმა - მ. ყ-----–---–მა. ტაბელირების ჟურნალიდან დადგინდა მ------ თ-------ის მიერ სამი დღის განმავლობაში სამსახურში არასტაბილური გამოცხადება. დანარჩენი დღეებით დასტურდება მისი სამსახურში გამოცხადება ჟურნალში ყველა დღე გატარებულია და ხელმოწერილია.
2018 წლის 06 ივლისსა და ამავე წლის 10 ივლისს ჩატარდა ინტერვიუ (გამოკითხვა) ი--- კ------–--ეს და მ------ ყ-----–---–თან, რომელთაც დაადასტურეს მ------ თ-------ის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევა, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონფლიქტური ურთიერთობები. საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან მოთხოვნილ იქნა ივნისის თვის სახელფასო ტაბელი. დადგინდა, რომ ივნისის თვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში წარდგენილ სახელფასო ტაბელში დასტურდება, რომ მ------ თ-------მა იმუშავა სრული სამუშაო გრაფიკით.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ №- საქმის ინსპექტირების შედეგად 2018 წლის 09 ივნისს №-------- შემოსულ განცხადებაში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი:
მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ის მიერ დარღვეულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ამავე განაწესის მე-9 მუხლი;
მ------ თ-------ის მხრიდან გამოიკვეთა „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №2-- დადგენილების დარღვევა.
2018 წლის 01 ივნისიდან ამავე წლის 30 ივნისამდე მ------ თ-------ის მიერ შესრულებული სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის იდენტობის დადგენას, დაკარგული საბუთების აღდგენას და სახლის ფლობის მოკვლევას, ჯამში შეადგენს 11 მოქალაქის საქმეს.
დადგინდა, რომ მ------ თ-------ის დისციპლინურ დარღვევაზე ცნობილი იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროს ხ------- ც---–---ისათვის, თუმცა ამ უკანასკნ--–-ს მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება დოკუმენტალურად არ ფიქსირდება.
მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი გახდა მ------ თ-------ის მიმართ დისციპლინარული წარმოების დასაწყებად. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 17 აგვისტოს №5------ ბრძანების საფუძველზე მ------ თ-------ის მიმართ დაიწყო დისციპლინარული წარმოება. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დისციპლინარული გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს 2018 წლის 23 აგვისტოს №1------ შიდა დოკუმენტით წარედგინა ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ. ასევე განესაზღვრა ვადა ახსნა - განმარტების წარსადგენად. მას შემდეგ რაც წარდგენილ იქნა მ------ თ-------ის მიერ ახსნა - განმარტება, შედგენილ იქნა ინტერვიუს (გამოკითხვის) ფორმა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის №---- ინსპექტირების დასკვნით დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩადენილია მსუბუქი დისციპლინარული გადაცდომა, რაც გამოიხატა მისი, როგორც რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში წარდგენილი თანამშრომლის მიერ, სამუშაო ადგილის შეუთანხმებლად დატოვებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მ------ თ-------ს მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების განსაზღვრა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №5------ ბრძანებით მ------ თ-------ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების დასკვნა
№I---. (ს.ფ 88-93);
-მ. ყ-----–---–ის, ი. კ------–--ის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 94-95);
- გამოცხადების ჟურნალი (96-99);
-ი. ხ------–--ის, მ. თ-------ის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 100-101);
-ინტერვიუ ( გამოკითხვა) (ს.ფ. 102- 108);
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირების დასკნა №---- (ს.ფ. 109- 117);
-ინტერვიუ გამოკითხვა (ს.ფ. 119);
-შუალედური შეფასების ოქმი (ს.ფ. 124 128);
- 2018 წლის 17 აგვისტოს № 5------- ბრძანება (ს.ფ. 129);
-ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №5------ ბრძანება (ს.ფ. 130)
-მხარეთა ახსნა - განმარტებები.
2.1.3.2 დადგენილია რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რგანის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის ი----- ხ------–--ის 2019 წლის 04 ივლისის №1------ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2019 წლის 29 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მომზადდა ინსპექტირების დასკვნა №----, საიდანაც ირკვევა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 17, 22 და 24 ივლისს ჩატარდა ინტერვიუ (გამოკითხვა) ი--- კ------–--ესთან, მ------ ყ-----–---–თან და ი----- ხ------–--ესთან, რომელთაც გააკეთეს 2019 წლის 04 ივლისის №-------- მოხსენებითი ბარათის ირგვლივ განმარტება და დაადასტურეს მ------ თ-------ის მხრიდან მათთან კონფლიქტური ურთიერთობები, ძალადობა, შეურაცხყოფა, მუქარა, დამცირება. სახელდობრ, ი----- ხ------–--ის ახსნა - განმარტებით დადგენილია, რომ მ------ თ-------ი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება - მოვალეობებს, რაც აფერხებდა სამუშაო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას. მოხსენებითი ბარათის ირგვლივ ი----- ხ------–--ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მ------ თ-------ის მხრიდან, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და შეურაცხყოფას მუდმივად აქვს ადგილი. იგი ყალბს უწოდებს მიწის მიღება - ჩაბარების აქტებსა და ასევე პრეზიდენტ შ----------ის მიერ დამოწმებულ სარეგისტრაციო მოწმობებს და შესაბამისად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს მოსახლეობაში, უარს აცხადებს მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენაზე, რაც აფერხებს მოქალაქეთა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას და იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა ი--- კ------–--ის, მ------ ყ-----–---–ის ახსნა - განმარტებითაც.
ინსპექტირების ჩატარების პერიოდში მ------ ყ-----–---–ის 2019 წლის 22 ივლისის №6------ მოხსენებითი ბარათით დადასტურდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო პროცესი ფერხდება თანამშრომლებს შორის კონლიქტური ურთიერთობის გამო. კერძოდ, 2019 წლის 22 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მივიდა ერთ - ერთი მოქალაქე ო-–-- გ---–-----ი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა მ------ თ-------თან, აღნიშნულ სიტუაციაში თვითონ არ ჩართულა. მოქალაქის წასვლის შემდეგ მ------ თ-------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა უწოდა „მოთრეული“, „უსინდისო“, „უვიცი“, „უწიგნური“, „ბოსლიდან გამოსული“, ეძახდა სხვადასხვა სახის უხამს და სალანძღავ სიტყვებს, რის გამოც შეეპასუხა, რის გამოც მ------ თ-------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კონფლიქტის დროს ის გახდა ცუდად და გადაწყვიტა გაცლოდა სიტუაციას. დაურეკა ი----- ხ------–--ეს და აცნობა, რომ იძულებული იყო დაეტოვებია სამსახური სამუშაო საათებში. აღნიშნულის შესახებ აცნობა ადმინისტრაციის უფროსს ხ. ც---–---ეს.
2019 წლის 24 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მ------ თ-------თან, რომელმაც გააკეთა განმარტება 2019 წლის 04 ივლისს №1------ მოხსენებითი ბარათის ირგვლივ. შეხვედრის დროს ერთ - ერთ ძირითად კითხვაზე 1996 მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტებთან (მიღება - ჩაბარების) დაკავშირებით, რომელსაც ის (მ------ თ-------ი) უწოდებდა ყალბს, რ. ც------–---–მა გააკეთა განმარტება მასზედ, რომ ამ დოკუმენტის იდენტიფიკაცია და სიყალბის დადგენა აღემატება ი. ხ------–--ის, მ. თ-------ის, ი. კ------–--ის და მ. ყ-----–---–ის კომპეტენციას. 2019 წლის 26 ივნისს შესული განცხადებით დადგინდა, რომ მოქალაქე ზ------ ხ------–--ე კონფლიქტში შევიდა მ------ თ-------თან, მეტიც განცხადებაში აღნიშნულია ფიზიკური ძალადობის და მუქარის შესახებ. მოქალაქესთან გასაუბრებით დადასტურდა, რომ ეს ფაქტი მოხდა არასამუშაო საათებში,რომელსაც მოწმე არ ესწრებოდა. მ------ თ-------მა უარყო ბრალდება და ჩხუბის დამწყებად ზ------ ხ------–--ე დაასახელა. აღნიშნულ ფაქტს მსვლელობა არ მოჰყვა მოწმეების არარსებობის გამო, რაც აღემატებოდა მათ კომპეტენციას. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ №- საქმის ინსპექტირების შედეგად 2019 წლის 04 ივლისის №1------ მოხსენებითი ბარათში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი: დადასტურდა მ------ თ-------ის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი თანამშრომლების ი. ხ------–--ის, ი. კ------–--ის, მ. ყ-----–---–ის მიმართ და არაჯანსაღი სამუშაო გარემო ჭიათურის მერიის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში;მ------ თ-------ის მხრიდან გამოიკვეთა „საჯარო სამსახურის დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის N 2-- დადგენილების დარღვევა;
ამდენად, 2019 წლის განმავლობაში მ------ თ-------ის მხრიდან მეორედ განმეორდა დისციპლინარული გადაცდომა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჭიათურის მუციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების დასკვნა
№----. (ს.ფ . 139-142);
-ი. ხ------–--ის,ი. კ------–--ის , მ. ყ-----–---–ის, მ. თ-------ის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 143- 150);
-გამოცხადების ჟურნალის (96-99).
2.1.3.3.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ივლისის №------ ბრძანებით დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული - 2019 წლის 29 ივლისის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნა №---- საფუძველზე დაწყებული იქნა დისციპლინური წარმოება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მ------ თ-------ის მიმართ. განისაზღვრა ვადა და დისციპლინური წარმოება დაევალა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს გაცემული №- დასკვნის მიხედვით დასკვნას საფუძვლად დაედო ამავე სამსახურის მიერ გაცემული ინსპექტირების №---- დასკვნა. ამავე დასკვნის შესაბამისად მ------ თ-------ს ეცნობა და განემარტა დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.
ზემოხსენებული დასკვნიდან გამომდინარე განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობაა: ა) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას. ბ) ახორციელებს მოკვლევას კონკრეტულ მისამართზე პირის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, ქონების მფლობელობისა და სხვა ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე. გ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. ამავე აღწერილობით მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში ანგარიშვალდებულია მერის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, სამსახურის ხელმძღვანელისა და მერის წინაშე.
დასკვნაში განხილულია რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მომუშავე თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში. დადგენილია, რომ მერის 2018 წლის 07 სექტემბრის ბრძანების შემდეგ მ------ თ-------ს რამდენჯერმე მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით. საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტებიდან კი ჩანს,რომ უშუალო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასების ფორმები შევსებული და წარმოდგენილია, რომლის თანახმადაც მ------ თ-------ს არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვს. ამავე დასკვნით არსებული ადამიანური რესურსების პირობებში შეუძლებელია გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენა.
დასკვნის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე ყურადღება გამახვილდა შემდეგ გარემოებებზე:
- დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ სახეზეა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომელთა კონფლიქტში და რის გამოც ფერხდება სამუშაო პროცესი შესაბამისად ადმინისტრაციულ ერთეულში.
- დისციპლინური გადაცდომის შედეგად დარღვეულია შრომის შინაგანაწესის, ასევე სამუშაოთა აღწერილობის ფორმით დადგენილი მოთხოვნები. ასევე იკვეთება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №2-- დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების დარღვევა.
- დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც შეფარდებულია 2018 წლის 07 სექტემბერს №5------ ბრძანების საფუძველზე, რაც კვლავ მოქმედებაშია, რადგან არ ფიქსირდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრეს მოხსნის დოკუმენტი.
- დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ არსებობს არადამაკმაყოფილებელი შუალედური შეფასება.
- დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ ხელმძღვანელობის პირის მიერ არაერთხელ იყო მიცემული სიტყვიერი გაფრთხილება კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრის თაობაზე, რაც არ იყო გათვალისწინებული, რასაც მოწმობს ინსპექტირების დასკვნა N----- და წინამდებარე დასკვნა.
-აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიერ ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომელთა კონფლიქტში და რის გამოც ფერხდება სამუშაო პროცესი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები არ იძლევა გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენის შესაძლებლობას.
დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული მასალების (ორგანიზაციის შინაგანაწესი, ინსპექტირების დასკვნა N----, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ბრძანება თანდართული ფორმით და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, წარმოდგენილი განცხადებები) შესწავლის შედეგად სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მ------ თ-------ის მიმართ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან განთავისუფლების განსაზღვრა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მერის ბრძანება(ს.ფ.63);
-დასკვნაN-(ს.ფ.151-163);
- ხ------- ც---–---ის, ე----- ა-----ის და რ---ი ც------–---–ის ახსნა-განმარტებები(ს.ფ.165-
169);
-შეფასების ოქმის თაობაზე ნ------–--ის ახსნა-განმარტება(ს.ფ.171);
-გამოცხადების ჟურნალის ჩანაწერები (96-99).
2.1.3.4. ი----- ხ------–--ის, მ-----ე ყ-----–---–ის, ი--- კ------–--ის მოხსენებითი ბარათის შესაბამისად მოცემული მოხელეები მიუთითებენ, რომ მ------ თ-------ი მუდმივად ავიწროებს მათ, ულახავს ხალხში რეპუტაციას, ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს. მათ ძალიან ბევრჯერ სცადეს დალაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი მათ და მათ ოჯახის წევრებსაც აყენებს შეურაცხყოფას. მუდმივად იმუქრება ბილწი და უხამსი სიტყვებით მაგალითად ,,კბილებით გამოგჭრით ყელს“ ,,წელებს დაგაყრევინებ,“,,უწიგნურებო და უვიცებო გაგყრით სამსახურიდან“. ცრუ ბრალდებების გამო რამდენჯერმე პოლიციას გამოუძახა.განსაკუთრებით აგრესიულია იმის გამო, რომ მეზობლებთან სადაო მიწები ვერ დაიმტკიცა და ამაში მათ ადანაშაულებს. შეფასებაზე უარი განაცხადა.
სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი----- ხ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ------ თ-------ი არის კონფლიქტური პიროვნება. მისი მიწის ნაკვეთებიდან გამომდინარე კონფლიქტი გრძელდება წლები. 2019 წლის 04 ივნისს გადაწყვიტა მოხსენებითი ბარათის დაწერა, რადგან იგი არ ასრულებდა მის მიერ მიცემულ დავალებებს, მაგალითად რომ წასულიყვნენ მოქალაქე მ------ გ--------ის კუთვნილი მიეწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხის გადასაწყვეტად. მ------ თ-------ი ამბობდა ,,დღეს არა ხვალ“ დაასე გრძელდებოდა დღეები, იგი ასევე თავს არიდებდა მოქალაქე ნ--–- ც---–---ის საქმეს. როდესაც მოქალაქეები კითხულობდნენ რა ხდებოდა მის საქმეზე მისი პასუხი იყო, რომ წარმომადგენლის ბრალით ვერ ხერხდებოდა საკითხის მოწესრიგება. იგი წლებია ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებს შემდეგი სიტყვებით: ,,უწიგნურო, არანორმალურო, უცოდინარო, უზრდელო, ჩემო მოთრეულო“, არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მითითებული მოწმის განმარტებით 2015 წელში მის მიმართ ამ უკანსკნელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას,ამასთან მ------ თ-------ი არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ყველა თამნამშრომლის და მოქალაქეების მიმართაც მიმართაც იყო აგრესიული. მაგალითად ო-–--ი გ---–-----ის მიმართაც, რომელმაც 2019 წლის ზაფხულში მოიკითხა თავისი საქმე და ამ უკანსკნელისაგან მიიღო აგრესიული დამოკიდებულება.
მოწმე მ------ ყ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობს 2015 წლიდან. მ------ თ-------ს სადაო აქვს მეზობლებთან მიწის ნაკვეთები. იგი კონფლიქტურია. მას ლანძღავდა შემდეგი სიტყვებით: ,,გონებაჩლუნგი, გაუნათლებელი, ბოსლიდან გამოსული და ა.შ.“ თანამშრომლები რადგან ვერ ეხმარებოდნენ თავისი პრობლემის მოგვარებაში ამიტომ იყო აგრესიული, იგი არ ესაუბრებოდა მ------ თ-------ს. მოქალაქე ო-–--ი გ---–-----თან მიმართებაში იგი მოიქცა აგრესიულად და როცა მოქალაქე წავიდა მას დაუწყო ლანძღვა იგივე სიტყვებით. მოწმე მიუთითებს, რომ გახდა ცუდად და ამის თაობაზე მოხსენებითი ბარათიც დაწერა. ასევე ადასტურებს მ------ თ-------ის მიერ ი----- ხ------–--ის მიმართ ძალადობის ფაქტს და ი--- კ------–--ის მიმართ ძალადობის მცდელობის ფაქტს. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მ------ თ-------მა შეხვედრისას გალანძღა. ასევე მოვიდა სამსახურში და გამოცხადების ჟურნალი გამოგლიჯა ხელიდან, აინტერესებდა თუ სად დადიოდნენ თანამშრომლები.
მოწმე ი--- კ------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობს 2015 წლის ივნისიდან. მ------ თ-------ი ეძახის უვიცს და არაფრისმცოდნეს. მიწის ნაკვეთების იდენტურობის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით 2019 წლის მაისის თვეში ის მას არ წაყვა, რის გამოც გარკვეული ტექნიკური შეცდომის გამო დარეკა 112-ში და დაიწყო მისი ლანძღვა, ეძახა ურცხვი, უზრდელი და წამოიწია მისკენ ხელებით, თუმცა თანამშრომლის ყოფნის გამო მან თავი შეიკავა. სამსახურის გარეთ ლანძღავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მოწმე დაადასტურა მ------ თ-------ის მიერ ი----- ხ------–--ისა და მ------ ყ-----–---–ის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებიც.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი----- ხ------–--ის ჩვენება (იხ.სასამართლო ოქმი);
- მოწმე მ-----ე ყ-----–---–ის ჩვენება (იხ.სასამართლო ოქმი);
- მოწმე ი--- კ------–--ის ჩვენება (იხ.სასამართლო ოქმი);
- მხარეთა ახსნა -განმარტება(იხ.სასამართლო ოქმი);
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ,,ე“ პუნქტის შესაბამისად პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/ მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
მოხმობილი კანონის ნორმები შეაჯერა რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან სასამართლომ მიუთითა, რომ მ------ თ-------ი მუშაობდა რა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტად - რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ქვეპუნქტის შესაბამისად მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ ,,ა“ დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ,,ვ“ თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
სასამართლომ კვლავ ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიუთითა , რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მ------ თ-------ის მიერ მძიმე დისციპლინარული გადაცდომის ჩადენა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ გადაცდომის ჩადენის დროისათვის იგი იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №5------ ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსს სპეციალისტს მ------ თ-------ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აპელირება გააკეთა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დისციპლინარული წარმოება განახორციელა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოხმობილი კანონის 93-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ, ხოლო ამავე კანონის 94-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად 1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მოცემული პროცედურები კანონის შესაბამისადაა გავლილი.
სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დასკვნებზე და აღნიშნა, რომ ორივე დასკვნაში (2019 წლის 29 ივლისის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნა №---- და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს გაცემული №- დასკვნა) ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული, რომ მ-----ე თ-------ი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დასკვნის მიხედვით განყოფილებისმე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობაა: ა) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას. ბ) ახორციელებს მოკვლევას კონკრეტულ მისამართზე პირის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, ქონების მფლობელობისა და სხვა ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე. გ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. ამავე აღწერილობით მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში ანგარიშვალდებულია მერის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, სამსახურის ხელმძღვანელისა და მერის წინაშე. დასკვნებიდან გამომდინარე ახსნა-განმარტებებით, მოკვლეული მასალით, მათ შორის შეფასებებითა და ფაქტების შესწავლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებით სასამართლომ მიაჩნია, რომ მ------ თ-------ი რიგ შემთხვევებში არ ასრულებდა ანგარიშვალდებული პირის მიერ განსაზღვრულ სამუშაოს. იგი ფაქტიურად თავისი სურვილის და არა დაკისრებული უფლებამოსილების შესაბამისად მოქმედებდა სამუშაოს შესასრულებლად და რომ მერის წარმომადგენელიც და დანარჩენი თანამშრომლებიც ამ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების მიხედვით დამტკიცებულია პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიულ ჩამონათვალი. აღნიშნული დადგენილების დანართის მიხედვით კი განსაზღვრულია თითოეული იერარქიული რანგისათვის კომპეტენციები. მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის დადგენილია შემდეგი კომპეტენციები: „1. ანალიტიკური აზროვნება; 2. გუნდური მუშაობა; 3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; 4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 5. საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზაციების უნარი; 6. დროის ეფექტიანი მართვის უნარი და ხაზგასმით მიუთითა, რომ გუნდური მუშაობა და გუნდური მუშაობის უნარი ერთ-ერთი მამოძრავებელი კომპეტენციაა საქმიანობის, დაკისრებული უფლება -მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის და მიუთითა, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში დასკვნის თანახმად გამორიცხულია არსებული ადამიანური რესურსების პირობებში გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენა. კომუნიკაციასთან დაკავშირებით კი საყურადღებოა, რომ მ------ თ-------ი კომუნიკაცია მიჰყავს კონფლიქტურ სიტუაციამდე, რაც ნათლად ჩანს მოწმეთა მიერ მოქალაქესთან ურთიერთობის ფაქტებიდან.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა იმაზე, რომ მ------ თ-------ის თანამშრომლებთან კომუნიკაცია აგებულია შეურაცხყოფის მიყენებაზე და რომ აღნიშნული არაკორექტული კომუნიკაცია სასამართლოს სხდომაზეც იქნა დაფიქსირებული მოწმე ი----- ხ------–--ის მიერ ჩვენების მიცემის დროს (იხ.ოქმი 18.10.19წ 16:57:05).
სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესზე, რომელიც დამტკიცებულია 2018 წლის 24 აგვისტოს № 5------ ბრძანების საფუძველზე და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის შინაგანაწესის მე-10 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესს, რომლის მიხედვითაც : „ 1. საჯარო მოსამსახურე გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად. ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას. ასევე არჩევს საუბრის ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაცის გაცვლა და ღია დიალოგი. 2. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა“. სასამართლომ მითითებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღნიშნა, რომ ორივე დასკვნით მ-----ე თ-------ის ქცევა შეუსაბამოა მოცემულ პრინციპთან. ერთმნიშვნელოვანია ზნეობრივი ნორმების დარღვევა და შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია თანამშრომლებთან.
რაიონულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია მ-----ე თ-------ის, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას. სასმართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 28 აპრილის „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის № 220 დადგენილებაის მიხედვით განმარტებულია , რომ „მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად“. განსახილველ შემთხვევაში კი დასკვნიდან გამომდინარე საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ უშუალო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასების ფორმები (კომპეტენციის გაცნობის ოქმი და შუალედური შეფასების ოქმი) შევსებული და წარმოდგენილია და მოხელეს არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვს. სასამართლომ მიუთითა იმის შესახებაც, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი დამტკიცებულია 2019 წლის 08 იანვრის №519 ბრძანებით, რომლის დანართით არის დამტკიცებული კომპეტენციის გაცნობის ოქმი, შუალედური და საბოლოო შეფასების ოქმები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მულის მე-2 პუნქტის თანხმად კი შეფასების შედეგები უნდა იქნეს გამოყენებული მოხელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებული ზომის განსაზღვრისას.
სასამართლომ მიუთითა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე და განმარტა მათი შინაარსი, სახელდობრ მიუთითა 96-ე მუხლზე, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება ბ) საყვედური გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით დ) სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლომ განმარტა, რომ ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს., ხოლო მოხმობილი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ასეთის სამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია მ------ თ-------ის მიერ მძიმე გადაცდომის ჩადენის ფაქტი და დისციპლინურ გადაცდომასთან შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის თანაზომიერება .
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-161-158 (კ-15), რომლითაც განიმარტა, რომ „საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით... სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.“
სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამასთან განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ელ ნაწილზე,რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას დაირღვა კანონმდებლობა, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მ------ თ-------ის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ------ თ-------მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3.1.აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არასწორად მიიჩნია, რომ თითქოსდა მას კონფლიქტი ჰქონდა თანამშრომლებთან, რითაც ფერხდებოდა სამუშაო პროცესი, რადგან სასამართლო დაეყრდნო ახსნა-განმარტებას და არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ ზემოაღნიშნული გამოწვეულ იქნა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მან მარტის თვეში მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვი შეტანის საფუძვლით, რის შედგეგაც შეექმნა პრობლემები.მის თანამშრომლებს- ი----- ხ------–--ეს, ი--- კ------–--ეს და მ------ ყ-----–---–ს სურდათ მისი სამსახურიდან მოშორება. სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო მათი ახსნა-განმარტება, მისი განმარტება კი არ გაიზიარა. შესაბამისად ინსპექტირების სამსახურის დასკვნა, რასაც დაეყრდნო ადმინისტრაციოული ორგანო, შემდეგ კი სასამართლო - ზოგადია და დაუსაბუთებელია მასში მითითებული განაცხადი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ის არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი და ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ასეთის შეფასებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ის 2013 წლიდან მუშაობდა საჯარო მოხელედ და რამოდენიმეჯერ დაწინაურდა, ასრულებდა რანგით უფროსის მოვალეობას.
3.2.აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ 2019 წლის 19 აგვისტოს მომზადებულ დასკვნაში მითითებული გარემოებები, ეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური წარმოებისას დარღვეულ იქნა პრინციპი, რომ მოხელე არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინარულ წარმოებაში თუ მას აქვს პირადი ინტერესი ან/თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე. მიუხედავად ამ გარემოებისა სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული დასკვნა, რაც გახდა შემდგომ უკვე უკანონო სადაო აქტის მიღების საფუძველი.
3.3. აპელანტის მითითებით, რაიონულ სასამართლოში დაკითხული ყველა მოწმე, მართალია, ამტკიცებდა იმას, რომ მან მათ მიაყენა შეურაცხყოფა, თუმცა მათ ვერ გაიხსენეს შეურაცხყოფის მიყენების თარიღები, რაც ცალსახად ამტკიცებს იმას, რომ ფაქტები მოგონილია და არ შეეფერება სინამდვილეს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოება დადგენილად მიიჩნია,3.4.აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა აგრეთვე ჭიათურის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის ინსპექტირების საკითხებში თ----- ბ-------ის დასკვნა, რომელმაც დაადასტურა, რომ მ------ თ-------სა და ზ------ ხ------–--ეს შორის კონფლიქტი სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხებოდა.
3.5. აპელანტის თვალსაზრისით, რაიონულმა სასამართლომ ,,ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის, ,,ადამიანის საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე და 23-ე მუხლების, ,,ევროპული სოლუალური ქარტიის“ 24-ე მუხლის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 98-ე და 87-ე მუხლების უგულებელყოფით მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების, სააპელაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას, გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
5. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე განჩინების 2.1.1.-2.1.3. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე გამეორების გარეშე და ამასთან დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
დავა წარმოშობილია საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან, მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის მოსამსახურეს შორის. დავის საგანს წარმოადგენს მ------ თ-------ისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, სახელდობრ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2019 წლის 21 აგვისტოს №5------ ბრძანების კანონიერების შემოწმება, რასაც შემდგომ დაეფუძნება ასეთიდან გამომდინარე მოთხოვნების (სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება) სამართლებრივი შედეგები.
პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად ეს კანონი კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა განეკუთვნება საჯარო საქმიანობის ერთ-ერთ სახეს. ამდენად, სწორედ ეს კანონი აწესრიგებს საჯარო მოსამსახურის ცნებას, სახეებს, სამსახურში მიღების, დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური გადაცდომისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის სახეებს, მათი დაკისრების, სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს, სტანდარტებს, პროცედურასა და წესებს. შესაბამისად, ამავე კანონითვე არის დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობათა ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.
პალატა განმარტავს, რომ ჭიათურის მინიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №5------ ბრძანება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მ------ თ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ამდენად, სარჩელის ფარგლებში უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი, 98-ე მუხლი და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს №- დასკვნა.
სააპელაციო სასამართლო სადავო ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს რა თვითმმართველობაში დასაქმებულ პირს და ამდენად, საჯარო მოსამსახურეს, იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი არა მხოლოდ უფლებამოსილებებით, არამედ ამავდროულად დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.
სააპელაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს განსაკუთრებულად მოეთხოვება ეთიკის ნორმებისა და ქცევის ზოგადი წესების დაცვა, რათა ასეთის დარღვევით ზიანი არ მიადგეს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, ამავე დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირსა და საჯარო ინტერესს.
სწორედ ზემოხსენებული დატვირთვის მატარებელია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 85-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილი საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ გადაცდომად განიხილავს შემდეგი სახის მოქმედებებს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას;
დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე;
ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს, ხოლო ამავე ნორმისმე-2 ნაწილის თანხმად კი
მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;
გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა;
დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი;
ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა;
ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი;
თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის (29.06.2017. №----) შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------ თ-------ი 2017 წლის 29 დეკემბრიდან მუშაობდა რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მე-2 კატეგორიის მე-3 რანგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 07 სექტემბრის №5----- ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსს სპეციალისტს მ------ თ-------ს, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს №- დასკვნის საფუძველზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 21 აგვისტოს №5------ ბრძანებით მ------ თ-------ს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ დისციპლინური გადაცდომა განმეორებით იქნა ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში და ამდენად გასული არ იყო წინარე დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადა.
მ------ თ-------ის მიმართ გაფრთხილების სახით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის №---- ინსპექტირების დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები:
-დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სავარაუდო პირის მიერ სახეზეა სამუშაო ადგილის შეუთანხმებლად დატოვება და გადაადგილება სოფლიდან ქალაქის მიმართულებით;
- დისციპლინური გადაცდომის შედეგად დარღვეულია შრომის შინაგანაწესის მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლი და სამუშაოთა აღწერილობის ფორმით დადგენილი მოთხოვნები. ასევე იკვეთება ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №2-- დადგენილების მე-12 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების დარღვევა.
მ------ თ-------ის მიმართ სამსახურიდან დათხოვნის სახით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის 19 აგვისტოს №- ინსპექტირების დასკვნა, რომლის თანახმადაც დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები:
- დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ სახეზეა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომლებთან კონფლიქტში, რის გამოც ფერხდება სამუშაო პროცესი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
- დისციპლინური გადაცდომის შედეგად დარღვეულია შრომის შინაგანაწესის, ასევე სამუშაოთა აღწერილობის ფორმით დადგენილი მოთხოვნები. ასევე იკვეთება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №2-- დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების დარღვევა.
- დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც შეფარდებულია 2018 წლის 07 სექტემბერს №5------ ბრძანების საფუძველზე, რაც კვლავ მოქმედებაშია, რადგან არ ფიქსირდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრეს მოხსნის დოკუმენტი.
- დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ არსებობს არადამაკმაყოფილებელი შუალედური შეფასება.
- დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ ხელმძღვანელობის პირის მიერ არაერთხელ იყო მიცემული სიტყვიერი გაფრთხილება კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრის თაობაზე, რაც არ იყო გათვალისწინებული, რასაც მოწმობს ინსპექტირების დასკვნა N----- და წინამდებარე დასკვნა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ამავე დასკვნით მიჩნეულ იქნა, რომ რგანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მიერ ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომელთა კონფლიქტში, რის გამოც ფერხდება სამუშაო პროცესი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და რომ წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები არ იძლევა გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენის შესაძლებლობას.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №2-- დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში. განსახილველი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-9 პუნქტის თანახმად საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე ნორმის მე-10 პუნქტის თანახმად კი საჯარო მოსამსახურე იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინები და საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებულ სხვა წესებს.
პალატა მიუთითებს, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს №5------ ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესის განმსაზღვრელი მე-10 მუხლის თანახმად: „1. საჯარო მოსამსახურე გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად. ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას. ასევე არჩევს საუბრის ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაცის გაცვლა და ღია დიალოგი. 2. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა .“
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული დასკვნების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-----ე თ-------ის ქცევა შეუსაბამოა ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ ქცევის წესებთან.
2017 წლის 28 აპრილის „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №220 დადგენილების მიხედვით „მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად“.
განსახილველ შემთხვევაში დასკვნაში გადმოცემული საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მის მიერ, როგორც უშუალო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასების ფორმები (კომპეტენციის გაცნობის ოქმი და შუალედური შეფასების ოქმი) შევსებული და წარმოდგენილია, რომლის თანახმადაც მ------ თ-------ს, როგორც მოხელეს, არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვს.
პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში აღებული უდაოდ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მ------ თ-------ი რიგ შემთხვევებში არ ასრულებდა ანგარიშვალდებული პირის მიერ განსაზღვრულ სამუშაოს და რომ იგი ფაქტიურად თავისი სურვილის და არა დაკისრებული უფლებამოსილების შესაბამისად მოქმედებდა სამუშაოს შესასრულებლად.
ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია,ასევე ვერ დაეთანხმება იმ პოზიციას, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის 2019 წლის №- ინსპექტირების დასკვნაში მითითებული ფაქტები, რაც საფუძლად დაედო სამსახურიდან გათავისუფლებას, მოგონილია და არ შეეფერება სინამდვილეს, რომ აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელი და არაკვალიფიციურია, რადგან მოცემული წერილობითი დოკუმენტის შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო, მიიჩნევს, რომ იგი შედგენილია შესაბამისი სრულყოფილი კვლევის ჩატარების შედეგად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთა მიერ.
პალატა ასევე ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანშეწონილობის თაობაზე და არ იზიარებს ამ თვალსაზრისთ მ------ თ------ის განმარტებას იმის შესახებ, რომ ინსპექტირების დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეიძლება განხილულ იქნას მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და რომ ამდენად, გაუმართლებელია მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების სახით სამსახურიდან გათავისუფლების გამოყენება, რადგან როგორც უკვე ზემოთ განიმარტა დისციპლინურ გადაცდომად კანონმდებელი განიხილავს საჯარო მოხელის მიერ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ, ხოლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე #ბს-161-158 (კ-15) „საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა“.
გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მხოლოდ ისეთ შემთხვევაშია ბათილი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთი მოსარჩელის მიერ დადასტურებულ ვერ იქნა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია რა, რომ სახეზე არ იყო მ------ თ-------ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა აღნიშნულს დაფუძნებული მოთხოვნები სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მ------ თ-------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე მ------ თ-------ი ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 და 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------ თ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე ნანა კალანდაძე