განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003058391
საქმე № 1ბ/2004-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მაკა გველესიანი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ----------------ე.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ-----------–--–-–---–ი.
გამართლებული: ნ----- ნ------------ი, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–-------–----–------------------------------.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
განაჩენის მიხედვით: ნ----- ნ------------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველით ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თარჯიმანი: ვიტალი მინასაზოვი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ნ----- ნ------------ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა პ------- ო----------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები: საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სასამართლოს წინაშე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი მ------ ლ----------ე, ასევე დაზარალებულისა და ნ----- ნ------------ის შვილი ტ-------- ს--–-------, გამომძიებელი ი----- ქ---–--ე. დაცვის მხარემ საქმეში არსებული მოწმეები: მ----------------------------–--------------------------–-----------------------–---–--------------------–---–------------------- არ გახადა სადავოდ და შესაბამისად, მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა. რაც შეეხება ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. აღნიშნულს უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში, თუ არსებობს სათანადოდ გამაწონასწორებელი ფაქტორები. აპელანტს ასეთ დამაბალანსებელ ფაქტორად მიაჩია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და მისი გადარჩენის ინტერესს ემსახურებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ----- ნ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გთავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა გ----------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ნ----- ნ------------მა და მისმა ადვოკატმა დ-----------–--–-–---–მა ითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ნ----- ნ------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ----- ნ------------ს წარედგინა ბრალდება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი). მასვე, ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ; (2019 წლის 9 ივნისის ეპიზოდი). მასვე, ბრალი წარედგინა მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ----- ნ------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ--------–--------–----–----------------–-------–----–--–- ნ----- ნ------------მა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში განთავსებულ სამზარეულოში, ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდგომ ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე პ------- ო----------ზე, კერძოდ, მუშტებს ურტყამდა თავის არეში და თმებს ქაჩავდა, რის გამოც პ------- ო----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, მ--------–--------–----–----------------–-------–----–--–- ნ----- ნ------------მა მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის საძინებელში და ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში განთავსებულ სამზარეულოში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე პ------- ო----------ზე, კერძოდ, საძინებელში შესვლისთანავე ამ უკანასკნელს თავში ურტყამდა მუშტებს, ამავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. პ------- ო----------მ სამზარეულოში გაქცევით სცადა თავის შველა, მაგრამ ნ----- ნ------------ი იქაც მივიდა და გააგრძელა მისი ცემა, დააზიანა კარის მინა, რომლის ნატეხებითაც მეუღლეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ორივე ხელის მაჯებზე მინის ნატეხის რამოდენიმეჯერ დასმის გზით მიაყენა დაზიანებები. ნ----- ნ------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით პ------- ო----------მ მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ნ----- ნ------------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველით ნაწილი(ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ნ----- ნ------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ნ----- ნ------------მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ხოლო საბოლოო სიტყვაში დააფიქსირა, რომ იგი არ აღიარებს მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ------- ო----------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ------- ნ------------მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მარნეულის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ი----- ქ---–--ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 09 ივნისს, მან დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო პ------- ო----------ს შეტყობინება, რომლის მიმართაც მეუღლემ განახორციელა ოჯახში ძალადობა. მან ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული პ------- ო----------, რომელმაც დეტალურად აღწერა სრული ვითარება, კერძოდ მეუღლემ 2019 წლის 8 და 9 ივნისს მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. 2019 წლის 9 ივნისს, ოჯახში წარმოშობილი კონფლიქტის დროს ჩაიმსხვრა მინები, სწორედ ამ მინებით დაუზიანა დაზარალებულ პ------- ო----------ს ხელები, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. 09 ივნისს ნ----- ნ------------მა მეუღლის მიმართ განახორციელა მკვლელობის მუქარა, რომელიც დაზარალებულის განმარტებით რეალურად აღიქვა. ასევე მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ვითარების აღდგენის თაობაზე, რომელიც მიმდინარეოდა ღამის საათებში, მასში მონაწილეობდნენ ექსპერტები, მოხდა ფოტოების ფიქსაცია, რომელიც თან ერთვის ოქმს. მის მიერ ამოღებულ იქნა ფარდა, რომელზედაც სავარაუდოდო დარჩენილი იყო სისხლის ლაქების კვალი. ასევე ჩატარდა დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება, რა დროსაც დაზარალებულს ორივე ხელზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის სახით, რომელიც მიაყენა მეუღლემ საცხოვრებელ სახლში დაზიანებული მინის ფრაგმენტით. საქმეზე გამოკითხულ იქნა მოწმეები, მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიც, საქმეზე დანიშნული იყო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა პ------- ო----------ს მეუღლე - ნ----- ნ------------ი.
მოწმე მ------ ლ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში, ექსპერტად. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 10 ივნისს, მან შეამოწმა პირადი გასინჯვით პ------- ო----------, რის შემდგომაც შეცდომით გასცა დასკვნა, კერძოდ სხვა დასკვნის კოპირება გააკეთა, სადაც მიუთითა, რომ დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა. მას შეეშალა ჩანაწერები და დაზარალებული ქალბატონის ნაცვლად, კომპიუტერში შეიტანა სხვა ჩანაწერი. შემდგომში, როდესაც მასთან გამომძიებელი მივიდა აღმოაჩინა ეს ჩანაწერები და მისცა ჩვენება, რომ ქალბატონს სხეულზე ჰქონდა დაზიანებები ორივე მტევანზე სხვადასხვა ზომის სწორკიდეებიანი კანის ზერელე ჭრილობების სახით. უფრო კონკრეტულად კი, წინა მხრის წინა ზედაპირზე აღენიშნება ირიბად მდებარე მრავლობითი მოწითალო ნაზი ფუფხით დაფარული ხაზოვანი ხასიათის კანის ზერელე ჭრილობები, ზომები 3 სმ-დან, 5 სმ-მდე. მარცხენა წინა მხარეზეც ასევე 3 სმ-დან, 4 სმ-მდე ანალოგიური ხასიათის ჭრილობები. სავარაუდოდ დაზიანებები მიყენებული უნდა ყოფილიყო მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. მას დადგენილებაში ჰქონდა მითითებული, რომ ეს დაზიანებები დაზარალებულს მიაყენა მეუღლემ. გამოკითხვის ოქმს ის გაეცნო, შენიშვნა არ ჰქონია და ისე მოაწერა ხელი.
მოწმე ტ-------- ს--–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ნ----- ნ------------ისა და პ------- ო----------ს შვილი, დაოჯახებულია და ცხოვრობს მეუღლის ოჯახში. მან გაიგო რომ მის მშობლებს შორის მოხდა რაღაც კამათი, თუმცა პირადად არ შესწრებია. დედამისი ნახა მამამისის დაკავების შემდგომ, რომელსაც სახეზე რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. კითხვაზე თუ რა მოხდა მათ შორის, დედამისმა უპასუხა, რომ იყო განერვიულებული და დარეკა პოლიციაში. მოწმის ჩვენებით წარსულში მის მშობლებს შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
2019 წლის 10 ივნისს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ მ--------–--------------------–------–----–--–ი, მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ი----- ქ---–--ის, მოწმე პ------- ო----------ს, ექსპერტების- ნ--------------------------------–---–----------------------–----------- მონაწილეობით, ღამის საათებში, ტექნიკური განათების პირობებში, მშრალ ამინდში, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც პ------- ო----------ს გაეცნო მისი უფლება მოვალეობები, წაეკითხა მის მიერ მიცემული ჩვენება და მიეცა წინადადება მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში. პ------- ო----------მ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სამზარეულოში, საძინებელ ოთახში მიუთითა ადგილი, სადაც მეუღლემ ნ----- ნ------------მა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. პ------- ო----------ს მითითებით სრულად იქნა აღდგენილი ვითარება, თუ რა ვითარებაში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პ------- ო----------ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მეუღლე, ექსპერიმენტის დროს გადაღებული იქნა ფოტოსურათები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო N--------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი მ------ ლ----------ე) დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით პ------- ო----------ს 10.06.19წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება
სხვა მტკიცებულებები - გ------- ო------–---–ის, მ------- კ----------ის, ნ-----–- გ------ის, ვ----- პ------–---ის, ნ-----------ის, ნ-------- ჯ-----–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები არსებით სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაონული სასამართლოს არგუმენტებს ნ----- ნ------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ----- ნ------------ის მიერ პ------- ო----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ნ----- ნ------------მა ჩაიდინა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის პ------- ო----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ნ----- ნ------------ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ნ----- ნ------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - პ------- ო----------ს და ნ----- ნ------------ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და და ნ----- ნ------------ს. მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულმა - პ------- ო----------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო ნ----- ნ------------მა ისარგებლა დუმილის უფლებით, ხოლო საბოლოო სიტყვაში არ აღიარა მეუღლის მიმართ ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გახორციელების ფაქტები. ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და პალატას მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ნ----- ნ------------ის მიერ. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ნ----- ნ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია ექსპერტ - მ------ ლ----------ის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ვიზუალური დათვალიერების ოქმი. სასამართლო-სამედიცინო N--------- დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით პ------- ო----------ს 10.06.19 წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. რაც შეეხება მოწმე მ------ ლ----------ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულს სახეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები მან შეცდომის (ბეჭვდითი) გამო, აღნიშნული ვერ ასახა დასკვნაში და ჩანაწერებით აღიდგინა რეალობა, მაგრამ ექსპერტმა სასამართლო პროცესზე ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულებები (ჩანაწერები), რომელითაც დაადასტურდებოდა მის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განმარტება, რაც აკნინებს ექსპერტის ჩვენების სანდოობას. დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებას შორის არსებული ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მ------ ლ----------ის ჩვენებას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სააპელაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს. ამასთან, ვიზუალური დათვალიერების ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისა და ვიზუალური დათვალიერების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის დადგენა და არა მისი მიმყენებელი პირისა და ტკივილის შეგრძნების განსაზღვრა. ექსპერტიზის დასკვნითა და ვიზუალური დათვალიერების ოქმით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ (ნ----- ნ------------მა თუ სხვა პირმა) მიაყენა, ან როდის და რა ვითარებაში მიიღო პ------- ო----------მ დაზიანება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნითა და ვიზუალური დათვალიერების ოქმით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია.
ბრალდების მხარემ ნ----- ნ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რასაც პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან შემთხვევის ადგილის დათვლიერების ოქმით დგინდება თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე 2019 წლის 10 ივნისს (ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2019 წლის 10 ივნისს, 04:25-05:00 საათების პერიოდში), რა დროსაც დაზიანებული იყო სამზარეულოში კარის, ფანჯრის მინები, სარკე და პლასტმაისის სკამი, ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა სამზარეულოს ფარდა მოწითალო ლაქებით და სამზარეულოს შენობის წინ გარეთ ხის მაგიდის ზედაპირიდან, ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით, მოწითალო ფერის ლაქები. აღნიშნული ოქმი შეუძლებელია მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად სამზარეულოში ნივთების ან დაზარალებულის მიმართ დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში. ამასთან, არ არის დადგენილი ამოღებულ ფარდასა და ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ნიმუში წარმოადგენს თუ არა ადამიანის სისხლს და ეკუთვნის თუ არა პ------- ო----------ს, ან ნ----- ნ------------ის გენეტიკურ პროფილს (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დადგენილია რომ ნ----- ნ------------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები).
ბრალდების მხარე ნ----- ნ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია გამომძიებელ ი----- ქ---–--ის და მოწმე ტ-------- ს--–-------ს ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზაირებს, ვინაიდან მათი ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს ნ----- ნ------------ის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას.
ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმი, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენში, პუნქტი 45. განმარტებულია, რომ ,,..საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, დაზარალებულ პ------- ო----------ს მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს პ------- ო----------ს ნათქვამის ნამდვილობა.
ზემოხსენებული მტკიცებულებით არ დგინდება გაუჩნდა თუ არა პ------- ო----------ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არის თავად დაზარალებული პ------- ო----------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და მისი მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. შესაბამისად ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს არსებობდა თუ არა მუქარა და მისი შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ, ნ----- ნ------------ის მხრიდან პ------- ო----------ს მიმართ განხორციელდა თუ არა მუქარა და აღნიშნული აღიქვა თუ არა მან რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, გამოკველული მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ----- ნ------------ის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიბო ექსპერიმენტის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო ნ----- ნ------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა ნ----- ნ------------ის ბრალეულობას. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ნ----- ნ------------მა ჩაიდინა ძალადობა და მუქარა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ნ----- ნ------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაზარალებულის- პ------- ო----------ს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ნ----- ნ------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულთა ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ნ----- ნ------------მა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის -პ------- ო----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ნ----- ნ------------ის დამნაშავეობაში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ნ----- ნ------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ნ----- ნ------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ნ----- ნ------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ----- ნ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნ----- ნ------------ს აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოწითალო ფერის ლაქის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ერთი ცალი ფარდა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ნ----- ნ------------ის ტანსაცმელი- დაუბრუნდეს ნ----- ნ------------ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი