განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
200100119003032580
ინსტანცია
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200100119003032580

საქმე № 1ბ/06-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

27 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----- გ---–-----ი

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

გ--------- ნ-----–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–-------–-------------------------------------------

ადვოკატები: მ------- პ-----–---–ი, ლ--–- ჩ-------–---–ი

პირველი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილი (ორი ეპიზოდი).

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი

1.1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ გ--------- ნ-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი). აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 10 აპრილს, ქალაქ თე-–--–------------–-----------------------------–- მდებარე, ი-------------–---–-- სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, გ--------- ნ-----–---–მა, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ა---------– კ-----ეს მიაყენა მარცხენა წინამხრის შუა მესამედის გამჭოლი ჭრილობა იდაყვის ძვლის მოტეხილობით, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ასევე, ა---------– კ-----ეს აღენიშნება, მარცხენა თეძოს ფრთის მიდამოში ბრმა ჭრილობა, უცხო სხეულით, რომელიც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის მოქმედებით.

1.3. 2019 წლის 10 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქალაქი თ--–-------–-----------------------------–-, გ--------- ნ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დედის - ნ----- ბ----------ის საკუთრებაში არსებულ და მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს №---------- და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 10 აპრილს, გ--------- ნ-----–---–ი გადაადგილდებოდა, ქალაქ თ--–--–------------–---------------------------ე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ ქარხნული წესით დამზადებულ, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის, №---------- პისტოლეტს და 15 ერთეულ ვაზნას. ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით შეიარაღებულმა გ--------- ნ-----–---–მა, იმავე დღეს, ქალაქ თე-–--–------------–-----------------------------–- მდებარე, ი-------------–---–-- სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ზემოაღნიშნული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ა---------– კ-----ეს განზრახ მიაყენა, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––- გ--------- ნ-----–---–ი დაკავებული იქნა შსს თ--–---------------–--------------–--- თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №---------- და 14 ერთეული ვაზნა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

1.4. გ--------- ნ-----–---–ი, 2016 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------- ნ-----–---–ი იყო რა ნასამართლევი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, 2019 წლის 10 აპრილს, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქალაქი თ--–-------–-----------------------------–-, გ--------- ნ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დედის - ნ----- ბ----------ის საკუთრებაში არსებულ და მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტს №----------, ღირებულს 500 ლარად და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 27 აპრილს, შსს თ--–---------------–--------------–--- თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ--------- ნ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა, ნ----- ბ----------ის კუთვნილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №---------- და 14 ერთეული ვაზნა.

1.5. გ--------- ნ-----–---–ი, 2016 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------- ნ-----–---–ი იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––-, მისი დაკავებისას ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N---–- დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

1.6. გ--------- ნ-----–---–ი, 2016 წლის 22 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------- ნ-----–---–ი იყო რა ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, 2019 წლის 22 იანვარს, ქალაქ რუსთავში, ჩატარებული მისი პირადი გასინჯვისას ამოღებულ იქნა საკეცი დანა და საჯიგველი (კასტეტი), რომლებიც ექსპერტიზის N----–- დასკვნით განეკუთვნებიან ცივ იარაღთა კატეგორიას.

1.7. ბრალდების მხარის მიერ გ--------- ნ-----–---–ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი).

1.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--------- ნ-----–---–ი უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში (1.4 პუნქტით გათვალისწინებული ეპიზოდი). ბრალდების დანარჩენ ნაწილში ის ცნობილი იქნა დამნაშავედ თავდაპირველი კვალიფიკაციით.

2. მხარეთა პოზიცია

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ნოემბრის, განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თე-–---------------–--------------------- პროკურორმა დ----- გ---–-----მა. საჩივრისა და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის მიერ დაფიქსირებული პოზიციის თანახმად პროკურორმა ითხოვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ--------- ნ-----–---–ის, ბრალდების ამ ეპიზოდშიც დამნაშავედ ცნობა. ამავდროულად ბრალდებამ მოითხოვა დანიშნული სასჯელის დამძიმება, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელზე, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთის უფრო მეტი ვადის დამატების გზით.

2.2. ბრალდების მხარემ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მხარი დაუჭირა საჩივარს. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე პროკურორის მიერ გაჟღერებული დასაბუთების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ დაეუფლა რა დედის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღს, გ--------- ნ-----–---–ს არ ამოძრავებდა მისაკუთრების მიზანი. ბრალდების მხარის განცხადებით, არ ეთანხმება ამ დასკვნას ვინაიდან ასეთი მიზნის არსებობა დასტურდება მთელი რიგი მტკიცებულებებით და ფაქტობრივი გარემოებებით. მათ შორის, მსჯავრდებულის დედის ჩვენების თანახმად მას არასოდეს მიუცია შვილისათვის ამ იარაღის სახლიდან წაღების უფლება და არც, 2019 წლის 10 აპრილს, მისი წაღების შესახებ იცოდა; მსჯავრდებული 17 დღის განმავლობაში ფლობდა იარაღსა და ვაზნებს, ეს საკმარისი დროა იმისათვის, რათა სურვილის შემთხვევაში დაებრუნებინა ისინი მესაკუთრისათვის; მსჯავრდებულმა ადრეც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. პროკურორის მითითებით, ამ შემთხვევაში მისგან იარაღი ამოიღეს გატაცებიდან მეორე დღესვე, მაგრამ ის სასამართლომ დამნაშავედ მაინც ცნო. ამ ფონზე ბრალდების მხარისათვის გაუგებარია 17 დღე იარაღის და საბრძოლო მასალის ფლობის პირობებში, რატომ არ იკვეთება მისაკუთრების მიზანი.

2.3. მსჯავრდებული 17 დღე ფლობდა და შესაბამისად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ეს ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და უკანონო ტარების ნაწილში, სასამართლომაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ასეთ ვითარებაში, ბრალდებისათვის გაუგებარია რას ატარებდა მსჯავრდებული, თუ არ შეუძენია ასეთი ნივთები. პროკურორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ფლობა იყო უკანონო, მისი დაუფლება შესაძლებელი იყო ორი გზით - სისხლის სამართლის კოდესის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, ან ამავე კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენით. შესაბამისად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კოდესის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მაშინ მის მიერ ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა.

2.4. ბრალდების მხარემ ასევე მიუთითა განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე. პროკურორმა აღნიშნა, რომ გ--------- ნ-----–---–ი ცნობილია დამნაშავედ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილი დანაშაულისათვის. წინა განაჩენით პირობითად ჩათვლილი იყო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით, თავისუფლების აღკვეთის სახის რეალურად მოსახდელი სასჯელისაგან ნ-----–---–ი გათავისუფლდა პირობით, ვადაზე ადრე. ამ სასჯელიდან ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა მხოლოდ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულს ბრალდება აპროტესტებს და ითხოვს განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით მოსახდელი სასჯელიდან უფრო მეტი ვადა, ვიდრე ერთი წელია.

2.5. დაცვის მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია მთლიანად, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილშიც. მსჯავრდებულს არ ჰქონია, მის მიერ დაუფლებული, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მითვისების მიზანი და შესაბამისად არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარედგინა სასამართლოს. ასევე სამართლიანი და კანონიერია განაჩენით დანიშნული სასჯელი.

2.6. ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით შესაძლო დაკავალიფიცირებასთან დაკავშირებით დაცვის მხრემ აღნიშნა შემდეგი: მსჯავრდებულს ამ ქმედების ჩადენისათვის ბრალდება წარდგენილი არ ჰქონდა. ამიტომ შეუძლებელი იყო 236-ე მუხლით მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირება, რამდენადაც ეს იქნებოდა პირის ბრალდება სასამართლოს მიერ. ამასთან, ადვოკატების მითითებით, გარდა ამ ფორმალური მხარის, სახეზეა ასევე ის მოცემულობა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა გულისხმობს ასეთის შეძენას მუდმივად. დასახელებული ნივთების დროებით დაუფლება ვერ დაკვალიფიცირდება ხსენებული ნორმით.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3.2. სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები, ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

3.3. პალატა ასევე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში პალატა, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების და სასჯელის კანონიერების ნაწილში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა

4.1. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 10 აპრილს, გ--------- ნ-----–---–ი გადაადგილდებოდა ქალაქ თ--–--–------------–---------------------------ე, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, კერძოდ ქარხნული წესით დამზადებულ, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის, №---------- პისტოლეტს და 15 ერთეულ ვაზნას. 2019 წლის 27 აპრილს, ყ-----–--------------------–-------––-, გ--------- ნ-----–---–ი დაკავებული იქნა შსს თ--–---------------–--------------–--- თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №---------- და 14 ერთეული ვაზნა, რომლებსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. აღნიშნული პისტოლეტი რეგისტრირებულია ნ----- ბ----------ის სახელზე. ეს უკანასკნელი კი მსჯავრდებულ გ--------- ნ-----–---–ის დედაა და ისინი ერთად ცხოვრობენ ქალაქ თელავში მდებარე ბინაში. ამავე ბინაში ინახავდა ბ--------ი ხსენებულ პისტოლეტს და ვაზნებს, საიდანაც მას დაეუფლა მსჯავრდებული, 2019 წლის 10 აპრილს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით პრეიუდიციულად მიიჩნევა და გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. ამავე გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად პალატა აღარ შეუდგება ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების განხილვას და ყურადღებას გაამახვილებს მასზე, რაც სადავოს და საჩივრის საგანს წარმოადგენს. კერძოდ, შეაფასებს და დაადგენს ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალის დაუფლებისას, ჰქონდა თუ არა გ--------- ნ-----–---–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

4.1.2. ამრიგად, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის პალატამ უნდა გაარკვიოს გააჩნდა თუ არა მსჯავრდებულს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუფლებისას, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამ საკითხის გასარკვევად სასამართლოს წარედგინა ნ----- ბ----------ის და გ--------- ნ-----–---–ის ჩვენებები:

4.1.3. ნ----- ბ----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აჩვენა, რომ თბილისში შეიძინა მაკაროვის სისტემის იარღი ვაზნებთან ერთად, რაშიც გადაიხადა 500 დან 600 ლარამდე. მოწმის განმარტებით მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო ვინაიდან ამჩნევდა გ--------- ნ-----–---–ი იყო დათრგუნული და თავდაცვის მიზნით მოგერიებისთვის ქონოდათ ხსენებული იარაღი ოჯახში, ამასთან იცოდა გ--------- ნ-----–---–ს კონფლიქტი ქონდა უცხო პირებთან. მოწმემ ასევე აჩვენა, რომ ხსენებულ იარაღს ინახავდა სახლში. რაც შეეხება 2019 წლის 10 აპრილს, გ--------- ნ-----–---–ისთვის მას არ უთქვამს, რომ იარაღი წაეღო სახლიდან. მოწმის განმარტებით იგი თავს არ თვლის დაზარალებულად ვინაიდან დარწმუნებულია, რომ გ--------- ნ-----–---–ი ხსენებულ იარაღას არ მიითვისებდა და მას აუცილებლად დააბრუნებდა.

4.1.4. გ--------- ნ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, გ--------- ნ-----–---–მა განმარტა, რომ მართალია მან სახლიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი მაგრამ მას ხსენებული იარაღის მისაკუთრების მიზანი არ ქონდა და იგი აიღო დროებით, მხოლოდ თავდაცვის მიზნით. მოწმის განმარტებით ა---------– კ-----ისათვის სროლის შემდეგ მას ქონდა შოკი და თავიდან მომხდარს სრულად ვერ აცნობიერებდა. ამასთან განმარტა, რომ იგი აპირებდა იარაღის დაბრუნებას, ხოლო თავად სურდა გამოცხადებულიყო პოლიციაში.

4.1.5. შეაფასა რა ხსენებული ჩვენებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გ--------- ნ-----–---–ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ მან მართალია საცხოვრებელი სახლიდან აიღო დედამისის სახელზე რეგისტრირებული იარაღი, მაგრამ მას ხსენებული იარაღის მისაკუთრების მიზანი არ ამოძრავებდა და იგი აიღო კონკრეტული მიზნით, კერძოდ იმისთვის, რომ ა---------– კ-----ისათვის მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მან ხსენებული იარაღი იმავე დღეს არ დააბრუნა სახლში, აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ იგი მომხდარის გამო იყო შოკში, ამასთან მან იცოდა ჩადენილი ქმედების გამო მოხდებოდა მისი დაკავება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--------- ნ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

4.1.6. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნას და დამატებით განმარტავს შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

4.1.7. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

4.1.8. ხსენებული სტანდარტის რაობის სრულყოფილად განმარტებისათვის პალატა მოიხმობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამავე სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

4.1.9. პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

4.1.10. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარემ წარმოადგინა ვერსია, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულს განზრახული არ ჰქონია მის მიერ დაუფლებული იარაღის მისაკუთრება. პალატის აზრით ეს მოსაზრება დამაჯერებელია იმდენად მაინც, რომ ეჭვქვეშ დადგეს ასეთი მიზნის (მისაკუთრების) არსებობა. ამ მოსაზრებას ამყარებს არა მხოლოდ მსჯავრდებულის, არამედ მოწმე ნ----- ბ----------ის ჩვენებაც. როგორც აღინიშნა დაკითხვისას მან აჩვენა, რომ იარღი ვაზნებთან ერთად შეიძინა თავდაცვის მიზნით, მოგერიებისთვის, ვინაიდან იცოდა - გ--------- ნ-----–---–ს კონფლიქტი ქონდა უცხო პირებთან. ხსენებულ იარაღს ინახავდა სახლში, რის შესახებაც იცოდა გ--------- ნ-----–---–მა. პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის მიერ ამ განწყობით ნივთის შეძენა, სხვა არაფერია თუ არა ამ ნივთის თანასაკუთრებაში ქონა. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში სულ ორი წევრია. ნ----- ბ----------ის მიერ ასეთი განწყობით იარაღის შეძენა და სახლში შენახვა, საკმარისია დასკვნისათვის, რომ გ--------- ნ-----–---–ი ხსენებულ საგანს თვლიდა, როგორც თავის საკუთრებასაც. ასეთ პირობებში მტკიცება იმისა, რომ ბრალდებულს ამოძრავებდა მისაკუთრების მიზანი და აღარ აპირებდა იარაღის დაბრუნებას, გონივრულ ეჭვს მიღმა შეუძლებელია. ეს მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ გარემოების დასადასტურებლად ბრალდება მხოლოდ მოსაზრებებზე უთითებს და არ აქვს წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება.

4.1.11. აღნიშნული მსჯელობისას პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ საუბარია ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე. ასეთის შეძენა, შენახვა, ვინმესათვის თხოვება თუ სხავგვარად განკარგვა, შესაძლებელია მხოლოდ კანონით მკაცრად დადგენილი წესით. მათ შორის, „იარღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში ნ----- ბ----------ს არ შეეძლო მიეცა ნებართვა შვილისათვის ესარგებლა ხსენებული საგნებით. პალატის აზრით, მნიშვნელოვანწილად ეს განაპირობებს ბ----------ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულისათვის ასეთი უფლება არასდროს მიუცია. ამასთან, ბუნებრივია, ნ----- ბ--------ი ასეთ ნებართვას არ გასცემდა შვილის მხრიდან, რაიმე კანონდარღვევის ჩადენის შიშითაც. თუმცა ეს ყველაფერი, ისევე როგორც იარაღის ფაქტობრივად ფლობის ვადა - 17 დღე, გონივრულ ეჭვს მიღმა არ ადასტურებს, მსჯავრდებულის მხრიდან, დაუფლების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მისაკუთრების განზრახვას.

4.2. სამართლებრივი შეფასება:

4.2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე საკუთრებითი ურთიერთობანი. რეალურად ეს მუხლი იცავს საკუთრებით ურთიერთობასაც - მესაკუთრის უფლებას არ გავიდეს მისი სურვილის გარშე ქონება მისივე საკუთრებიდან. თუმცა, ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილში ჩამოთვლილი საგნების საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, კანონმდებელმა მათი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ამორიცხა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან და შეაფასა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტებიდან უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ უშიშროებას, საკუთრებით ურთიერთობასთან შედარებით.

4.2.2. მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ნიშნავს, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, ნივთის უკანონო და უსასყიდლო ამოღებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. მათ შორის ფარული დაუფლების (ქურდობის) გზით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ედავება ბრალდება გ--------- ნ-----–---–ს. შესაბამისად, მსგავსად ქურდობის შემადგენლობის, ამ ხეხით ქმედების ჩადენისას იარაღის ან/და საბრძოლო მასალის დაუფლება მაშინაა დამთავრებული, როდესაც პირი მისაკუთრების მიზნით, შეძლებს ამ ნივთების ფარულად ამოღებას სხვისი მფლობელობიდან, ფაქტობრივად ფლობს მას და მიეცემა მისი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა.

4.2.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც გ--------- ნ-----–---–ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუფლებისას არ ამოძრავებდა მისი მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად ჩადენილი არაა სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

4.2.4. ბრალდების მხარის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პალატა აფასებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რაობას და აღნიშნავს, რომ კანონის ამ ნორმით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა. კანონმდებლის მიერ დანაშაულად მიჩნეულია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, გარდა - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალისა, რაც თავისი შინაარსით და სამართლებრივი ბუნებით მომეტებული სოციალური საშიშროების შემცველია.

4.2.5. დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. უკანონო შეძენაა იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებისმიერი ფორმით დაუფლება, იქნება ეს ყიდვა, ვალში ჩათვლა, პოვნა თუ სხვა. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირს მიეცემა მისი განკარგვის შესაძლებლობა. აღნიშნული დანაშაულის სპეციფიკა და ხასიათი არის ის, რომ როგორც წესი ის ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა საჯაროდ.

4.2.6. იარაღის მართლსაწინაარმდეგო დაუფლებასა და მის მართლსაწინაარმდეგო შეძენას შორის განსხვავება შემდეგია: 1. მართლსაწინაარმდეგო შეძენა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღი კონკრეტული პირის მფლობელობიდან უკვე გასულია, დაკარგულია, ხოლო მართლსაწინაარმდეგო დაუფლება უნდა მოხდეს კონკრეტული პირის მფლობელობიდან ამოღების გზით. 2. იარაღის მართლსაწინაარმდეგო შეძენას ადგილი აქვს მფლობელის ნებითა და მასთან შეთანხმებით, მართლსაწინაარმდეგო დაუფლების დროს კი პირი იარაღს მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უსასყიდლოდ ამოიღებს. 3. დაუფლება ხდება არა დროებით, არამედ უვადოდ, მისაკუთრების მიზნით, შეძენა კი შეიძლება იყოს დროებითიც.

4.2.7. ამრიგად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლისა და ამავე კოდესის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის სამართლებრივი ანალიზი, ასევე ამ განაჩენის 4.1.1. და 4.1.11 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ--------- ნ-----–---–მა, 2019 წლის 10 აპრილს, ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა.

4.2.8. პალატის ყურადღების გარეშე ვერ დარჩება დაცვის მხარის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს არ შეიძლება ნ-----–---–ის მსჯავრდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, ვინაიდან ამ დანაშაულის ჩადენისათვის, მას ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. უპირველესად, პალატა აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოქმედებაა, რაც სასამართლოს საპროცესო უფლებამოსილებაა. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე, სასამართლო პრაქტიკა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლში, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის ფორმირებას ეხება, მითითებულია შემდეგი: ,,განაჩენში მითითებული უნდა იყოს ..., ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები‘‘. სასამართლო პრაქტიკაც ამ საკითხთან მიმართებით თანმიმდევრულია, ბუნებრივია, მთავარი პირობის - ,,ბრალდებულის სასარგებლოდ‘‘ პრინციპის დაცვით. პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორეს მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს დანაშაულში პირის ბრალეულობა. გადაკვალიფიცირება დასაშვებია ბრალდების ფორმულირებისა და მისი უცვლელობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

4.2.9. ამ კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, ქმედების კვალიფიკაციაში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას, სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი ბრალდებულს მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: DALLOS v. HUNGARY, SIPAVICIUS v. LITHUANIA, JUHA NUUTINEN v. FINLAND).

4.2.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში აბრამიანი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. განაცხადი N10709/02, 2008 წლის 9 ოქტომბერი, მიუთითა რა დანაშაულის ცალკეულ ელემენტებზე განმარტა, რომ ქრთამის აღება და თაღლითობა არსებითად განსხვავდება თავისი შემადგენობით. შესაბამისად აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში ზიანი ადგება ბრალდებულის დაცვის უფლებას, რადგან მას არ რჩება დრო კონკრეტული ბრალდების ირგვლის დაცვის მოსამზადებლად (იხ. პუნქტი 36). აღნიშნულით ევროსასამართლომ ცალსახად დაადატურა პოზიცია, რომლის თანახმადაც ქმედების კვალიფიკაციის შეცლა სასამართლოს მიერ დაუშვებელია თუ ეს გამოიხატება შინაარსობრივად და თვისობრივად ახალი ბრალდებით შეცვლით. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ განმარტა შემდეგიც: ევროპული სასამართლო შეგვახსენებს, რომ დალოშის საქმეშიც განმცხადებელი გასამართლებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალდების შეცვლის შედეგად, მაგრამ მას დარღვევა არ დაუდგენია, რადგანაც უზენაესმა სასამართლომ საქმეს გადახედა სრული მოცულობით სასამართლო სხდომაზე და ამავდროულად მოუსმინა ბრალმდებელსაც და ბრალდებულის დამცველსაც. ევროსასამართლომ აღიარა, რომ განმცხადებელს მიეცა საშუალება, შეცვლილი ბრალდების ირგვლივ, სრულად დაეცვა თავი უზენაეს სასამართლოში და რომ რეგიონალურ სასამართლოში საქმის განხილვისას დაშვებული ყველა დარღვევა გამოასწორა უზენაესმა სასამართლომ. (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დალოში უნგრეთის წინააღმდეგ“ § 48 - 53). იმავე დასკვნამდე მივიდა ევროსასამართლო სიპავიჩიუსის საქმეშიც, სადაც, ისევე როგორც ამ საქმეში, განმცხადებელი არ იყო ინფორმირებული ბრალდების შეცვლის შესახებ განაჩენის საჯაროდ გამოცხადებამდე. მაგრამ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე მოუსმინა მხარეებს და აქვე განიხილა განმცხადებლის საჩივარი ბრალდების შეცვლის შესახებ როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით და განმცხადებელს ჰქონდა დამატებითი შესაძლებლობა დაცვითი პოზიცია წარედგინა ასევე უზენაესი სასამართლოსათვის. (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, 2002 წლის 21 თებერვალი, საქმეზე „სიპავიჩიუსი ლიტვის წინააღმდეგ“, განაცხადი № 49093/99, § 29 - 34).

4.2.11. ითვალისწინებს რა ყოველივე ზემოაღნიშნულს პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდება თავისი შინაარსით არ არის ახალი. ნ-----–---–ს იგივე ქმედების ჩადენისათვის ბრალი წარედგინა გამოძიების საწყის ეტაპზევე. ქმედების ჩადენას, რაც გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის დაუფლებაში და მის 2019 წლის 27 აპრილამდე შენახვაში, დაცვის მხარე სადავოდ არც ხდის. სადავოა მხოლოდ ამ ქმედების სამართლებრივი შეფასება. არსებითია, რომ სასამართლო ჩადენილ ქმედებას მიიჩნევს იმაზე გაცილებით მსუბუქ დანაშაულად, ვიდრე გამოძიების კვალიფიკაციაა. ამდენად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ ნაწილში გ--------- ნ-----–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რის გამოც ის ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

4.2.12. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია ქმედების ამგვარი კვალიფიკაცია წარმოადგენს ფაქტის განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას, თუმცა არა თვისობრივად განსხვავებულ და ისეთ ახალ დანაშაულში მსჯავრდებას, რაც განჭვრეტადი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაცვის მხარისთვის. უფრო მეტიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების შინაარსი (იხ. ამ განაჩენის 1.4. პუნქტი) მოიცავს მითითებას მასზედ, რომ 2019 წლის 10 აპრილს მსჯავრდებული უკანონოდ დაეუფლა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ხოლო 27 აპრილს ეს ყველაფერი ამოიღეს მისგან. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ დაცვისათვის ბრალდების წარდგენისთანავე ცნობილი იყო, კონკრეტულად რა ქმედების ჩადენას ედავებოდა ბრალდება ამ ნაწილში. დაცვა ცალსახად ხვდებოდა, რომ მას ედავებოდნენ უკანონო დაუფლებასა და 17 დღის განმავლობაში შენახვას. ბრალდების მითითებული შინაარსის გონივრული შეფასება, სხვა დასკვნის გამოტანის საფუძველს არ ტოვებს.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

პალატა მიიჩნევს, რომ გ--------- ნ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს დანაშაულის ჩადენას და აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას კი წარმოადგენს, წარსულში მისი ნასამართლობა განზრახი დანასაულის ჩადენისათვის.

6. სასჯელის დასაბუთება

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს გ--------- ნ-----–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ--------- ნ-----–---–ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამ ნაწილში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს გ--------- ნ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ უნდა დაინიშნოს სასჯელი, რომელიც იქნება მიახლოებული სასჯელის მინიმალურ ვადასთან. ამასთან პალატა ითვალისწინებს, რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის და 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ--------- ნ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

6.6. პალატა კიდევ ერთხელ უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად და სააპელაციო საჩივრის ფარგლების გათვალისწინებით პალატა ვერ იმსჯელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელების, ასევე მათი დანაშაულთა ერთობლიობის წესით შეკრების კანონიერებაზე. ამავე დროს, სასჯელის სამართლიანობის პრინციპის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------- ნ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

6.7. განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შეკრების ნაწილში, პალატა თვლის, რომ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან, თავისუფლების აღკვეთის ნაწილი გ--------- ნ-----–---–მა რეალურად უკვე მოიხადა. ამ გარემოების, მოსახდელი სასჯელის ვადის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით არ არსებობს ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი. შედეგად, განაჩენთა ერთობლიობით გ--------- ნ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. პალატა თვლის, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თე-–---------------–--------------------- პროკურორის დ----- გ---–-----ის სააპელაციო საჩივარი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუფლების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრებისას სასჯელის დამძიმების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 29 ნოემბრის განაჩენში, გ--------- ნ-----–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

გ--------- ნ-----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილზე.

გ--------- ნ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 27 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------- ნ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს N-------------- გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 5 აპრილის, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ--------- ნ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი.

გ--------- ნ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 აპრილიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: მასრა, მინის ბოთლი, ლაქები, ტყვიის გულა, სისხლის ნიმუში, ვაზნები, დანები, საჯიგველები, ანაწმენდები განადგურდეს. ტანსაცმელი, იარაღის ბუდე, ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, ხატი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.

საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს ნ----- ბ----------ის (2----------) სახელზე რეგისტრირებული MAKAROV-PM მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის საპროცესო კონფისკაცია.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ხვიჩა კიკილაშვილი