განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210019002961076
№2/ბ-1240-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
აპელანტი - დ---თ ბ------–---ი
წარმომადგენელი - ნინო შავგულიძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს----------–--------ი’’
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს ,,ს----------–--------ის’’ (წარმომადგენელი გ--------–-----ა) სარჩელი დ---თ ბ------–---ის (წარმომადგენელი ლ--------–--ე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2.2. გამოთხოვილი იქნა დ---თ ბ------–---ის უკანონო მფლობელობიდან სს ,,ს----------–--------ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. ქუთაისი, ა------–-----–ის 1--–- შესახვევი, #--, ბინა 1-, ს/კ 0------------------ და მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ ფართი გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2.3. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის 1--–- შესახვევი, #--, ბინა 1- -ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0------------------) რეგისტრირებულია სს ,,ს----------–--------ის’’ საკუთრებად.
3.2. სს ,,ს----------–--------ის’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე - ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის 1--–- შესახვევი, #--, ბინა 1- (ს/კ 0------------------) ფაქტობრივად ფლობს დ---თ ბ------–---ი, მესაკუთრის ნებართვის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
3.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.
3.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის 1--–- შესახვევი, #--, ბინა 1-, საკადასტრო კოდით (ს/კ 0------------------) თავისი საკუთრებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
3.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
3.8. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე არ არის ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის 1--–- შესახვევი, #--, ბინა 1--ში, მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მესაკუთრე. მისი ქონების მფლობელობის წინააღმდეგია მოსარჩელე, რომელსაც მოპასუხის გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ქონების ფლობის უფლება. ის არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც ის გამოსახლებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი ქონებიდან. მისი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემით აღდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება.
3.9. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.10. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 268-ე და 269-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილება - დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები
4.1. აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო ქონების მფლობელი არის მოპასუხე დ---თ ბ------–---ი. მოპასუხე არის სამხედრო პირი, ის არ იმყოფება საქართველოში და შესაბამისად არ ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ სხვა პირები და არა დ---თ ბ------–---ი, შესაბამისად, ის მოცემულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
5.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
5.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ (მდებარე - ქ. ქუთაისში, ა------–-----–ის ქუჩა, 1--–- შესახვევი, #--, ბინა 1--ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) მესაკუთრეა სს ,,ს----------–--------ი’’.
5.7. უძრავ ქონებას, სს ,,ს----------–--------ის’’ ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე დ---თ ბ------–---ი.
5.8. დ---თ ბ------–---ს სადავო ქონების ფლობის/სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
5.9. სააპელაციო პალატა არ იზირებს აპელანტის მტკიცებას, რომ დ---თ ბ------–---ი არ არის სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელი და ის მოცემულ დავაში წარმოადგენს არასათნადო მხარეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
5.9.1. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით, საქმის მომზადების ეტაპზე, ამ გარემოების შესახებ არ მიუთითებია და სათანადო შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს დ---თ ბ------–---ი, არ განუხორციელებია. პირიქით, თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელში დ---თ ბ------–---ის ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფლად) მითითებულია სწორედ ის მისამართი (ქ. ქუთაისი, ა------–-----–ის ქუჩა #1--–-, შ. #--/1-), სადაც მდებარეობს სს "ს----------–--------ის" კუთვნილი უძრავი ქონება. (ს. ფ. 31-38). მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოებაც, დ---თ ბ------–---ი იყო აღნიშნული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე. ასევე, ნიშნადობლივია, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოხატული მზაობაც, სს "საქართველოს ბანკთან" დავის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით.
5.9.2. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოპასუხის საპროცესო თავდაცვის მნიშვნელოვანი საშუალება შესაგებლის ინსტიტუტია, რომელშიც ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. მოპასუხის მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურსამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
5.9.3. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ დ---თ ბ------–---ი არ წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელს. ამ ფაქტის დასადასტურებლად კი მიუთითა, რომ მოპასუხე სამხედრო პირია და იმყოფება საზღვარგარეთ. მართალია, ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ მისი უდავოდ გაზიარების შემთხვევაშიც, პალატა აღნიშნავს, რომ სამხედრო პირის, გარკვეული პერიოდით, სამსახურებრივ მივლინებაში საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენს უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გამომრიცხავ უდავო გარემოებას.
5.9.4. ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო შედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებზე ვერ განახორციელა და სამოქალაქო საპოცესო კოდექსით დადგენილი წესით ვერ გააქარწყლა ისინი.
5.10. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.11. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.12. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ აპელანტი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივ მფლობელს, რომლის მიერაც არ არის გასაჩივრებული სს ,,ს----------–--------ის’’ საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის - თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების კანონიერება. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობისა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნის თაობაზე გარემოებები მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.
5.13. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
5.14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
5.15. დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ სს ,,ს----------–--------ის’’ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერება და მისი წარმოშობის საფუძველი, სასარჩელო წარმოების საერთო წესით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. მეტიც, მას სასამართლოსათვის არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.
5.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. პალატის აზრით, აპელანტს სადავო ქონების ფლობის საფუძველი არ გააჩნია, რადგან, ქონებაზე საკუთრების შეძენის შემდეგ, მესაკუთრემ დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა და მფლობელობის შეწყვეტა მოსთხოვა.
5.17. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი იყო საფუძვლიანი და სწორად დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს დ---თ ბ------–---ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი