განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
140100119002914305
ინსტანცია
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100119002914305

საქმე № 1ბ/221-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

2 მარტი, 2020 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის მდივანი: ნადეჟდა მარანელი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ-------- ბ------–---–ი

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული:

ნ-----–---- ნ-------–---–ი - დაბადებული 1----–-–----------------------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში

ადვოკატი: ქ------- გ------ი

პირველი ინსტანციის კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილი.

სასჯელი: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. მხარეთა პოზიცია

1.1. გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მსჯავრდებულ ნ-----–---- ნ-------–---–ის ინტესების დამცველმა ადვოკატმა ქ------- გ------მა. სააპელაციო საჩივრისა და სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის თანახმად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----–---- ნ-------–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამდენად, დაცვა ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას ბრალდების ამ ეპიზოდებში და მის დამნაშავედ ცნობას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში.

1.2. კონკრეტულად დაცვის მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, ბრალდების დასადასტურებლად. პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დააფუძნა მხოლოდ დაზარალებულ ნ-------- ჯ-----–---–ის და მოწმე ვ------ წ------–-–---–ის ჩვენებებს. დაცვის მხარის აზრით ეს ჩვენებები შესაბამისობაში არ არის სხვა მტკიცებულებეთან, მათ შორის დაცვის მოწმის - ქ------- ჯ-----–---–ის ჩვენებასთან. ამიტომ ისინი არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ და მათ საფუძველზე არ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

1.3. არ იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მუქარის ნაწილში, ნ-----–---- ნ-------–---–ის დამნაშავეობის შესახებ, დაცვის მხარე ნ-------- ჯ-----–---–ის და მოწმე ვ------ წ------–-–---–ის ჩვენებების სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს შემდეგი მსჯელობითაც. ეს მოწმეები აჩვენებენ, თითქოს მსჯავრდებული ეზოს კარებზე აბრახუნებდა და ისე ცდილობდა ეზოში შეჭრას. მაშინ, როდესაც საქმის მასალებით შემტვრეული იყო ხის მესერი და თუ ეზოში შესვლა უნდოდა, იქიდან თავისუფლად შევიდოდა.

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით დაცვა აღნიშნავს, რომ როგორც ნ-------- ჯ-----–---–ი, ისე ვ------ წ------–-–---–ი თავის ჩვენებებში ადასტურებენ თავდასხმისას ნ-----–---- ნ-------–---–ის მხრიდან დანის ფლობის ფაქტს. თუმცა ჩატარებული არ არის ამოცნობა და დაუდგენელია ის დანა ნახეს თუ არა მათ, რომელიც გამოძიებამ ამოიღო და რომლის ტარებასაც ედავება ბრალდება. სასამართლოში დაკითხვისას ნ-------- ჯ-----–---–მა აჩვენა, რომ დანა იყო დიდი. იგივეს ადასტურებს ჩვენებაში ვ------ წ------–-–---–იც. ამ დროს ამოღებული დანა არაა ასეთი პარამეტრების.

1.5. უშუალოდ მსჯავრდებულისაგან დანა ამოღებული არ არის. ის ამოიღეს მსჯარდებულის მამის - რ----- ნ-------–---–ისაგან. ამ უკანასკნელმა ისარგებლა თავისი უფლებით და არ მისცა ჩვენება შვილის წინააღმდეგ. ამდენად დაუდგენელია ატარებდა თუ არა ამ დანას მსჯავრდებული.

1.6. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ-----–---- ნ-------–---–ის ბრალეულობას ბრალდების ყველა ეპიზოდში. საუბარია არა მხოლოდ დაზარალებულის და ერთი მოწმის ჩვენებაზე. ამასთან ერთად ბრალდებამ წარადგინა არაერთი წერილობითი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულება და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამ მტკიცებულებებიდან მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გამოიკვილეს სასამართლოში. ყველა სხვა მტკიცებულება დაცვის მხარემ გახადა უდავო.

2. პალატამ დაადგინა:

2.1. ნ-----–---- ნ-------–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა, ცივი იარაღის ტარება, ჩადენილი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2.2. 2017 წლის 18 ნოემბერს, გვიანი ღამის საათებში, ქალაქ გ----–------------–---------------–- მდებარე რესტორან „ძ---–---–------–-“, ნ-----–---- ნ-------–---–მა შელაპარაკებისას სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ ბ-------ს, რის შედეგადაც ს------ ბ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლობით 21:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ნ-------- ჯ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ საუბნო გზაზე, ნ-----–---- ნ-------–---–ი, თანნაქონი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-------- ჯ-----–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.4. გორის რაიონული სასამართლოს, 2012 წლის 17 იანვრის, განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი ნ-----–---- ნ-------–---–ი, 2019 წლის 12 თებერვალს, ღამის სათებში, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. ამ საქმის განხილვისას, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეებმა წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა ნ-------- ჯ-----–---–მა აჩვენა, რომ იგი ნ-----–---- ნ-------–---–ის ყოფილი სიძეა. 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, მასთან სახლში მივიდა ბრალდებული და ჰკითხა, თუ რატომ არ თანხმდებოდა მის დასთან განქორწინებას. უპასუხა, რომ განქორწინებაზე თანახმა იყო, პირადობის მოწმობას მოაწესრიგებდა და განქორწინდებოდა. ნ-------–---–ი წავიდა, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში ისევ დაბრუნდა. იგი აგრესიული იყო, ხელში ეჭირა დიდი ზომის დანა და ემუქრებოდა, რომ თავს მოაჭრიდა, რა დროსაც ძალიან შეეშინდა. ნ-------–---–ი გარეთ იდგა, ამიტომ მან ჭიშკრის კარების დახურვა მოასწრო, რის შემდეგაც ბრალდებულმა ღობეს დაუწყო შემონგრევა, ცდილობდა ღობის ზემოდან გადმოსულიყო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დედამისიც, რომლმაც ასევე დაინახა, რომ ბრალდებულს ხელში დანა ეჭირა. მისი, როგორც დაზარალებულის პოზიციაა, რომ ბრალდებული დაისაჯოს კანონის შესაბამისად.

3.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე დაცვის მოწმის - ქ------- ჯ-----–---–ის ჩვენება. პალატა აღნიშნავს, რომ ეს ჩვენება ნათელს ვერ ჰფენს ბრალდებულის მიერ, ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა-არ ჩადენის ფაქტს, ვინაიდან ხსენებული მოწმე არ არის შემთხვევის უშუალო შემსწრე და მისთვის უცნობია საქმის დეტალების თაობაზე.

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამართლო სხდომაზე ბრალდების სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

3.5. მათ შორის, ვ------ წ------–-–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, ის იყო დაზარალებულ ნ-------- ჯ-----–---–ის დედა. 2019 წლის 12 თებერვალს ის და ნ-------- ჯ-----–---–ი იმყოფებოდნენ სახლში. დაახლოებით 21:00 საათზე შემოესმათ მამაკაცის ხმა, რა დროსაც მისი შვილი გამოვიდა გარეთ და თვითონაც გამოჰყვა. მან იცნო ნ-----–---- ნ-------–---–ი, გაიგონა ყვირილის და გინების ხმა. მან უთხრა ნ-------- ჯ-----–---–ს რომ მოკლავდა, რა დროსაც მისმა შვილმა მიხურა კარები. ნ-----–---- ნ-------–---–ი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და ეუბნეოდა, რომ სულ ერთია ყელი უნდა გამოეჭრა და კარებზე აბრახუნებდა. მას ძალიან შეეშინდა, რომ მის შვილს მოკლავდა. ნ-------–---–ი მივიდა ჭიშკრის გვერდით არსებულ ფიცრის ღობესთან და მუშტის ძლიერი დარტყმით შეამტვრია ღობე, რა დროსაც მან დაინახა, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ს ხელში ეჭირა მოზრდილი დანა და კვლავ უყვიროდა მის შვილს მოკლავდა, რა დროსაც ნ--------მა დაუყვირა მას, რომ მისთვის თავი დაენებებინა, თორემ პოლიციაში დარეკავდა. ამის შემდეგ ნ-----–---- ნ-------–---–ი წავიდა.

3.6. 2019 წლის 13 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ნ-------- ჯ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. დათვალიერებისას ნანახი იქნა დაზიანებული ფიცრის მესერი და ამოღებული იქნა ორი ფიცრის ნატეხი.

3.7. ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა, 2019 წლის 13 თებერვლის 00:30 საათზე.

3.8. 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ და ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ის დაკავებისთანავე გამოძიებას გააჩნდა დასაბუთებული საფუძველი ვარაუდისთვის, რომლის თანახმადაც დანა, რომელსაც ნ-----–---- ნ-------–---–ი ატარებდა და რომლითაც ჩაიდინა მიუქარა ინახებოდა მის საცხოვრებელ ბინაში, მსჯავრდებულის მამასთან - რ----- ნ-------–---–თან. ამ უკანასკნელმა ამოღების ოქმში დაადასტურა ეს ინფორმაცია და ხსენებული დანა ამოღებული იქნა.

3.9. გორის რაიონული სასამართლოს, 2012 წლის 17 იანვრის, განაჩენით ნ-----–---- ნ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3.10. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №--– დასკვნით დასტურდება, რომ რ----- ნ-------–---–ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას.

3.11. საინჟინრო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის №ი--------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღობის ფიცრებზე აღინიშნება დაზიანებები ტეხის სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ნ-------- ჯ-----–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის (კარ-მიდამოს) შემოსაზღვრული ხის ღობის ორი ფიცრის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ოდენობამ (პირდაპირი ხარჯებით), აღდგენითი-სამონტაჟო სამუშაოების გათვალისწინებით შეადგინა - 42,00 ლარი.

3.12. დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ბრალდების სამივე ეპიზოდში. სასამართლო შეაფასა ასევე დაცვის მხარის ვერსია, ბრალდების რიგ ეპიზოდებში ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა შემდეგი: დაზარალებულ ნ-----–---- ჯ-----–---–ის ჩვენება, რომელმაც ამხილა ბრალდებული დანის გამოყენებით მუქარაში, სრულ შესაბამისობაშია ვ------ წ------–-–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამ ჩვენებებით, 2019 წლის 12 თებერვალს ვ------ წ------–-–---–ი და ნ-------- ჯ-----–---–ი იმყოფებოდნენ სახლში. მათ თავს დაესხათ დანით შეიარაღებული მსჯავრდებული, რომელიც ცდილობდა ეზოში შეჭრას და მოკვლით ემუქრებოდა ნ-------- ჯ-----–---–ს. ამ უკანასკნელმა მოასწრო კარების დაკეტვა, რის გამოც ნ-----–---- ნ-------–---–მა დაიწყო ხის მესერის დამტვრევა. ამავე ჩვენებებს ამყარებს, 2019 წლის 13 თებერვლის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმადაც, დათვალიერებისას ამოღებული იქნა დაზიანებული მესერის ორი ფიცრის ნატეხი. ასევე, ექსპერტიზის №ი--------------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ღობის ფიცრებზე აღინიშნება დაზიანებები ტეხის სახით, აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნულის საპირისპიროდ არსებობს მხოლოდ მსჯავრდებულის განმარტება, რომლის თანახმადაც მას არაფერი მსგავსი არ ჩაუდენია. აშკარაა, რომ დაცვის მხარის ეს პოზიცია არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. ამავე დროს ის ეწინააღმდეგება კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, ბრალდების მხარის ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებებს, რის გამოც ის გაზიარებული ვერ იქნება.

3.13.პირველი ინსტანციის სასამართლომ, ნ-----–---- ნ-------–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გარდა მოწმეების ზემოაღნიშნული ჩვენებებისა, ამ ნაწილში ბრალდება დადასტურებულია ექსპერტიზის №--– დასკვნით. ამ დასკვნის თანახმად, 2019 წლის 13 თებერვალს, რ----- ნ-------–---–ისაგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ ცივ იარაღთა კატეგორიას. გორის რაიონული სასამართლოს, 2012 წლის 17 იანვრის, განაჩენით კი დადასტურებულია, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ი ნასამართლევია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

3.14. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს და ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

3.15. ამასთან პალატა შეაფასებს დაცვის მხარის არგუმენტებს ბრალდების ორ ეპიზოდთან დაკავშირებით მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მსჯავრდებულ ნ-----–---- ნ-------–---–ის ინტერესებს იცავდა ადვოკატი. არ დამდგარა საკითხი იმის შესახებ, რომ დამცველისა და დასაცავი პირის პოზიციები, სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ნ-------–---–ი როდისმე უკმაყოფილო იყო დამცველის კვალიფიკაციით ან მომსახურეობით. ამ ფონზეა მიღებული გადაწყვეტილება მტკიცებულებების უდავოდ გახდის თაობაზე, რაც საფუძველია დასკვნისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია გაცნობიერებულად და გათვალისწინებულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები. ეს შედეგი კი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო მტკიცებულებებს არ იკვლევს და იზიარებს იმ შინაარსით, როგორც ის წარუდგინა მხარემ. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე დაცვის მხრემ უარი თქვა ორ ეპიზოდში ბრალის აღიარებაზე და ითხოვა ამ ეპიზოდებში ბრალდებულის გამართლება. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ პროცესის შესაბამის ეტაპზე დაცვამ მტკიცებულბები უდავოდ გამოაცხადა, სასამართლომ არ გამოიკვლია ისინი. საქმის განხილვის მთლიანი მიმდინარეობის ერთობლივი შეფასებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორია და არ არღვევს სასამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით სარგებლობის პრინციპს.

3.16. ევროპული სასამართლო შეგვახსენებს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის მოთხოვნის დაცვა თითოეულ საქმეში უნდა შეფასდეს მთლიანობაში განხილვის შეფასებით და არა განცალკევებით მისი ცალკეული ასპექტისა და ეპიზოდის შეფასებით. თუმცა არც იმისი გამორიცხვა შეიძლება, რომ კონკრეტულმა ფაქტორმა შეიძლება ისეთი დიდი როლი ითამაშოს, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ სასამართლო განხილვის სამართლიანობა უკვე პროცედურის საწყის სტადიაზე. ევროსასამართლო შეგვახსენებს, რომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლის არც შინაარსი და არც სულისკვეთება არ ეწინააღმდეგება პირის სურვილს პირდაპირ, ან დუმილის გამოყენებით ნებაყოფლობით უარი თქვას მისთვის გარანტირებული სასამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. (კვიატკოვსკა იტალიის წინააღმდეგ. 30 ნოემბერი, 2000 წელი, განაცხადი N52868/99). თუმცა, იმისათვის, რათა ეს კონვენციის მიზნების შესაბამისი იყოს, უფლებაზე უარის თქმა არაირაზროვნად უნდა იყოს დადგენილი და მას თან უნდა სდევდეს შესაბამისი მინიმალური გარანტიები - მისი მნიშვნელობის თანაზომიერი (იხ. დიდი პალატის გადაწყვეტილება „სეიდოვიჩი იტალიის წინააღმდეგ“, განაცხადი N56581/00, პუნქტი 86; 2005 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება „კოლუ თურქეთის წინააღმდეგ“, განაცხადი 35811/97, პუნქტი 53). განხორციელებული უფლებაზე უარის თქმა უნდა იყოს არა მხოლოდ ნებაყოფლობითი, არამედ შეგნებული და გონიერი. იმისი მტკიცება, რომ ევროკონვენციის მეექვსე მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე უარის თქმა, პირმა თავისი ქმედებიდან გამომდინარე გამოხატა, დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ დადასტურებულია, რომ მას შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა თავისი ქმედების შედეგი (იხ. ევროსასამართლოს 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება „თალან თუნჩი თურქეთის წინააღმდეგ, განაცხადი N32432/96, პარაგრაფი 59 და ევროსასამართლოს, 2003 წლის 9 სექტემბრის, გადაწყვეტილება „ჯონსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ განაცხადი N 30900/02). პალატა აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს მოსაზრებები მთლიანადაა დაცული განსახილველ საქმეში. მსგავრდებულმა ნებაყოფლობით და სრულიად გაცნობიერებულად ჩაიყენა თავი იმ მდგომარეობაში, რამაც გამორიცხა მისი თანდასწრებით ყველა მტკიცებულების არსებითად გამოკვლევა, რაც მისი არჩევანია.

3.17. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, 2017 წლის 5 ივლისის N8აპ-17 განჩინებაში (პუნქტი 9) აღნიშნა: „საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. საპროცესო კოდექსი ორივე მხარეს თანაბრად ანიჭებს შესაძლებლობას, სადავოდ გახადონ ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოითხოვონ საქმის არსებითი განხილვისას მათი გამოკვლევა ან ცნონ მტკიცებულებები უდავოდ და უარი თქვან მათ გამოკვლევაზე. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. პალატა მიუთითებს, რომ მოსამართლემ ბრალდებულსა და მის ადვოკატს განუმარტა მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის სამართლებრივი შედეგები. დაცვის მხარემ მოსამართლის განმარტების შემდეგ კვლავ მიუთითა, რომ არ ხდიდა სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ სურდა მათი გამოკვლევა. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გ. უ-ს შეეზღუდა უფლება, დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა“.

3.18. აღნიშნულზე პალატა ყურადღებას ამახვილებს რამდენადაც მხარეების მიერ უდავოდაა მიჩნეული, 2019 წლის 13 თებერვლის, დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების ოქმი. ამ პროცედურის თანახმად, ნ-----–---- ნ-------–---–ის დაკავებისთანავე, უმოკლეს დროში, გამოძიების ორგანოში, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში იმყოფებოდა ნ-----–---- ნ-------–---–ის მამა - რ----- ნ-------–---–ი. მას თან ჰქონდა დანა, რომელსაც ატარებდა ნ-----–---- ნ-------–---–ი და რომლითაც ჩაიდინა მუქარა. ამ უკანასკნელმა ამოღების ოქმში დაადასტურა ეს ინფორმაცია და გადასცა ხსენებული დანა გამოძიებას. იმ ფონზე, როდესაც ეს მტკიცებულება სადავოდ არავის გაუხდია, საფუძველს მოკლებულია იმისი მტკიცება, თითქოს არ დასტურდება, რომ ამოღებული დანა არის ნივთი, რომლითაც გადაადგილდებოდა ნ-------–---–ი და ჩაიდინა მუქარა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც შემთხვევის შემსწრე დაზარალებული და მოწმე ცალსახად ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა მუქარა ჩაიდინა დანის გამოყენებით.

3.19. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

3.20. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

3.21. ხსენებული სტანდარტის რაობის სრულყოფილად განმარტებისათვის პალატა მოიხმობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებს. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49). ამავე სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

3.22. ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 21 აპრილის, №397აპ-14, განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

3.23. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ. შესაბამისად სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აფასებს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა.

3.24. პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებაც. თითოეული დანაშაული მისთვის სპეციფიკურ დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს და აქედან გამომდინარე, დასადგენი ფაქტობრივი გარემოებებიც სხვადასხვაა. მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, დანაშაულთა ერთი ნაწილის ჩადენისას, იმთავითვე იგულისხმება, რომ სასამართლოს მათი განხილვა მოუწევს მტკიცებულებათა სიმწირის პირობებში. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თითოეული მტკიცებულების სწორად, შეიძლება ითქვას ბოლომდე შეფასება და მისგან იმ ფაქტობრივი ინფორმაციის ბოლომდე ამოღება, რაც საჭიროა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, ისინი პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ბრალდების მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. ამავე ფროს, დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. შესაბამისად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, ის ფაქრობრივი გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ქმედებები, რაც აღწერილია მისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

3.25. პალატა უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. კანონის დასახელებული ნორმის თანახმად და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში პალატა, გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4.2. როგორც დანაშაულის საკანონმდებლო განმარტება მიგვითითებს, ქმედების განხორციელების ფორმა, კონკრეტულად კი იმ სიკეთის რაობა, რომლის ხელყოფაც დაზარალებულში მნიშვნელოვნად არასასიამოვნო განცდას იწვევს, ალტენატიულია. ასეთი შეიძლება იყოს სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება. თუ ბრალდება დაადასტურებს, რომ მუქარა ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთ-ერთის მიმართ იყო ჩადენილი, განსახილველი დანაშაული სახეზეა. რაც შეეხება განხორციელებული ქმედების აღქმას, ამ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად დგას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაული სახეზეა მხოლოდ მაშინ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან ჩამოთვლილ სიკეთეთაგან ერთ-ერთის დაზიანებით, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ ნიშნის - როგორც ფაქტობრივი გარემოების არსებობას ალტერნატივა არ აქვს. მისი არსებობა, ისევე როგორც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები, უნდა დასტურდებოდეს ზემოთ დასახელებული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

4.3. იმ საკითხის გარკვევა გამოიწვია თუ არა მუქარამ მისი განხორციელების რეალური შიში, შესაძლებელია პირველ რიგში უშუალოდ დაზარალებულის მხრიდან მიღებული ინფორმაციით. ის ერთადერთია, ვისაც უტყუარად შეუძლია დაადასტუროს მუქარის რეალურად აღქმისა და მასში საფუძვლიანი შიშის გამოწვევის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.

4.4. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული არა მხოლოდ ადასტურებს ასეთი შიშის გაჩენის ფაქტს, არამედ სრულიად რეალური და დამაჯერებელი არგუმენტებით ხსნის მისი გაჩენის მიზეზს. ამავე დროს მისი ჩვენება შინაარსობრივად თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებასთან. ამდენად, პალატა, დადგენილად მიიჩნევს რა ამ განაჩენის 2.3. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თვლის, რომ აღნიშნული ქმედებით ნ-----–---- ნ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ხსენებული კვალიფიკაციით.

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. როგორც ნორმის საკანონმდებლო განმარტება გვიჩვენებს, ამ დანაშაულის სუბიექტია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი. ამავე ნორმაში არაა მითითებული ტარების რაიმე სპეციფიკურ ფორმაზე, მაგალითად „მართლსაწინააღმდეგო ტარებაზე“. აღნიშნული გულისხმობს, რომ ხსენებული სუბიექტის მიერ ცივი იარაღის ტარება ყოველთვის ხვდება სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილის დისპოზიციის ფარგლებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ არსებობს ამ სუბიექტის მიერ ცივი იარაღის ტარების მართლზომიერი გზა.

4.6. აღნიშნული დანაშაული განზრახია. პირმა იცის, რომ ატარებს ცივ იარაღს და სურს ეს. თუ ასეთი ტარებისას პირმა ამ იარაღის გამოყენებით ჩაიდინა დანაშაული, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით. ეს დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და არ არის აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა. ქმედება დამთავრებულად ითვლება, ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან.

4.7. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდაოდ გამხდარი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ამ განაჩენის 2.4. პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად კი პალატა თვლის, რომ აღნიშნულით ნ-----–---- ნ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ხსენებული კვალიფიკაციით.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ნ-----–---- ნ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში დანაშაულის აღიარება. ასევე ის, რომ მან უდავოდ გახადა მტკიცებულებათა უდიდესი ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ნ-----–---- ნ-------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს წარსულში მისი ნასამართლობა.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

5.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

5.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

5.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს (ხულიგნური ქვენაგრძნობა. ასევე, მუქარის ეპიზოდში, ძალის დემონსტრირებით სხვისთვის ქმედების იძულების სურვილი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (სხვებისათვის მისი უპირატესობის დამტკიცების სურვილი), მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ძალადობის ეპიზოდში, მალვე შეწყვიტა იგი, ხოლო მუქარის ეპიზოდში, მსჯავრდებული იმუქრებოდა მაგრამ რეალურად არ განუხორციელებია ეს), ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ჩადენილია სიმთვრალეში, ძალადობის და ასეთის გამოყენების მუქარით). მათ შორის პალატა ითვალისწინებს ნ-----–---- ნ-------–---–ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

5.6. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სასჯელთან მიმართებაში. ნ-----–---- ნ-------–---–ის მიმართ, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატის აზრით, აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელია დანაშაულტა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

სარ-----ლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ-----–---- ნ-------–---–ის ინტესების დამცველი ადვოკატის ქ------- გ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 30 აგვისტოს, განაჩენი ნ-----–---- ნ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ნ-----–---- ნ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–---- ნ-------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ნ-----–---- ნ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 თებერვლიდან.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ-----–---- ნ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნ-----–---- ნ-------–---–ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დანა - როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი, უსასყიდლოდ ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ფიცრის ნატეხები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი