განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210019003059699
საქმე №2ბ/9373-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - გ---------------–-–---–-
წარმომადგენლები - თ-----------–---–---
მოწინააღმდეგე მხარე - დ-------------–---–-, ლ----------
წარმომადგენელი - თ----------------
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ----------ს და დ-------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მ-------------ს სახელზე 2007 წლის 09 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2018 წლის 02 თებერვალს მ-------------სა და გ---------------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/6 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------, კვარტალი I, კორპუსი 2ა, ბინა N67 (ს/კ N-----------------------) და ამ წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ლ----------. ბათილად იქნას ცნობილი მ-------------ს სახელზე 2007 წლის 09 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და 2018 წლის 02 თებერვალს მ-------------სა და გ---------------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/8 ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------, კვარტალი I, კორპუსი 2ა, ბინა N67 (ს/კ N-----------------------) და ამ წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნას დ-------------–---–-
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
21. 1992 წლის 23 დეკემბრის პრივატიზების ხელშეკრულებით თ-------------ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისი, დ-------------, კვარტალი I, კორპუსი 2ა, ბინა N67 და საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 16) პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 8)
2.2. პრივატიზების მომენტისათვის ბინაში რეგისტრირებული იყო შვიდი პირი, მათ შორის მოსარჩელეები. პრივატიზაციის მასალებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ლ----------ს, მის დას და დედას თანხმობა აქვთ გაცხადებული ნივთის მესაკუთრედ თ-------------ს სახელზე აღრიცხვის თაობაზე. რაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ უარი აქვთ ნათქვამი მათ კუთვნილ წილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: სსუ ცნობა (ს.ფ. 10)
2.3. 2003 წლის 25 ივლისს გარდაცვლილი თ-------------ს სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება მიღებული აქვს მეუღლეს მ-------------ს, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------, კვარტალი I, კორპუსი
2ა, ბინა N67-ის მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 18)
სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 92)
2.4. მ------------- გარდაიცვალა 2019 წლის 01 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.28)
2.5. 2018 წლის 02 თებერვალის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ-------------ს სახელზე რეგისტირებული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------, კვარტალი I, კორპუსი 2ა, ბინა N67-ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა შვილიშვილი - გ---------------–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22)
საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 20)
2.6. ლ----------- წარმოადგენს მ----- და თ--------------ს შვილს, ხოლო დ-------------–---–- შვილიშვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობა (ს.ფ. 29, 30)
განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 31)
2.7. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით და მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ლ----------ს მიღებული აქვს მამის-თ-------------ს სამკვიდრო მასაში შემავალი უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილი, რაც შეადგენს მთლიანი ქონების 1/24 ნაწილს. იგი ამ დროისათვის ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მოწმის განმარტებით, მამის გარდაცვალების შემდგომ ლ---------- ცხოვრობდა სადაო ბინაში, მოსარჩელეები პერიოდულად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, თუმცა ნივთზე ფლობა არ მიუტოვებიათ, მათ აქვთ ბინის გასაღები, სადაც განთავსებულია მათი ნივთები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახაბ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის #107 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას.
2.9. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის № 107 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის დაჩქარების მიზნით დადგინდა მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის - პრივატიზაციის წესი. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამდენად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზების დროს თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ ის პირები, ვინც წარმოადგენდნენ ამ სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება მიეცა ყველა იმ პირს, რომელსაც ბინის პრივატიზაციის დროისათვის საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული ჰქონდა. სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული დადგენილებით სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს, მათ შორის, არასრულწლოვნებსაც. თუ პირი პრივატიზების პერიოდში ამოწერილი არ ყოფილა სადავო ფართობიდან და დადგენილი წესით უარი არ განუცხადებია საკუთრებაზე, იგი ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა თუ არა პრივატიზების ხელშეკრულების მხარეს. რამდენადაც მოსარჩელეები პრივატიზაციის დროს ამოწერილი არ ყოფილან სადავო ბინიდან, ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი წარმოადგენდნენ პრივატიზაციაზე უფლებამოსილ პირებს და ხსენებული დადგენილების თანახმად წარმოეშვათ სადავო ბინის ნაწილზე თანასაკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ სადავო ბინის პრივატიზების მომენტში ბინაში რეგისტრირებული იყო რვა პირი: მათ შორის მოსარჩელეები. შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა მოიპოვა საკუთრების უფლება ბინის 1/8 ნაწილზე.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის რედ.) 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1328-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ლ----------ს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება, რაც შეადგენს უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, დ-------------, კვარტალი I, კორპუსი 2ა, ბინა N67-ის 1/8 ნაწილიდან 1/24 ნაწილს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ პრივატიზაციაში მონაწილე პირებს და მათი წილი შეადგენს 1/8-1/8 ნაწილს. საბოოლოდ ლ----------ს წილი უძრავი ქონებიდან უნდა განისაზღვროს 1/6 (18+1/24) ნაწილით, ხოლო დ-------------–---–-ს 1/8 ნაწილით. შესაბამისად, მითითებული წილების გათვალისწინებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი მ-------------ს სახელზე გაცემული 2007 წლის 09 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მის სახელზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონება. ასევე ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი მ-------------ს და მოპასუხეს შორის 2018 წლის 02 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელეები ცნობილი უნდა იქნენ კუთვნილი წილების მესაკუთრეებად.
სასამართლომ არ გაიზიარა, მოპასუხის მითითება, რომ იგი წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ემსახურება მხოლოდ კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას, ხოლო როდესაც შემძენმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ გამსხვისებელი არ არის ნივთის მესაკუთრე, იგი ვერ ისარგებლებს ამ მუხლით მინიჭებული დაცვის უფლებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები წარმოადგენენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით დაკავშირებულ პირებს, შესაბამისად გონივრული წინდახედულობის ფარგლებში მოპასუხეს შეეძლო და უნდა სცოდნოდა კიდეც, რომ უძრავი ქონების ნაწილი, რომელზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მასსა და ბებიას შორის, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა თანაზიარ საკუთრებას. მითუმეტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები პერიოდულად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მათ ნივთზე მფლობელობა არ მიუტოვებიათ. შესაბამისად, მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული უძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენად.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:
3.1. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე ლ----------ს მიერ მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელეს სადავო საცხოვრებელ ბინასთან შემხებლობა არათუ მამის გარდაცვალების, არამედ დაოჯახების შემდეგ 1985 წლიდან აღარ ჰქონია. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ლ----------ს სადავო საცხოვრებელი ბინის თ-------------ს სახელზე რეგისტრაციის შესახებ წერილობით გამოხატული თანხმობით უძრავ ნივთთან მიმართებით მის უფლებაზე უარი არ უთქვამს. აპელანტის აზრით სასამართლომ არასწორად მიიჩნია არაკეთილსინდისიერ შემძენად, რადგან მისთვის არ ყოფილა ცნობილი ნასყიდობის საგნის სადავოობის შესახებ. გარიგების გაფორმებისას ის ენდო ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, სადაც ნივთის მესაკუთრედ მითითებული იყო გამყიდველის საკუთრების უფლების შესახებ. აპელანტი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ გარიგება კანონის შესაბამისად გააფორმა, რა დროსაც მან გამყიდველს ნასყიდობის საფასური გადაუხადა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. 1992 წლის 23 დეკემბერს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენლს და თ-------------ს შორის ქ. თბილისში დ-------------, პირველი კვ., 2ა კორპ., ბინა #67-ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის (პრივატიზაციის) შესახებ ხელშეკრულება დაიდო. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში საცხოვრებელი ბინა თ-------------ს საკუთრებად დარეგისტრირდა. პრივატიზაციის მომენტისთვის საცხოვრებელ ბინაში რეგისტრირებული იყო რვა პირი, მათ შორის იყვნენ მოსარჩელეები: დ-------------–---–- და ლ----------. (ტ.1.ს.ფ. 8-10)
4.1.2. მოცემულ შემთხვევაში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე აპელანტი სადავოდ არ ხდის პრივატიზაციის მომენტში სადავო საცხოვრებელ ბინაში მოსარჩელეების ჩაწერისა და ცხოვრების ფაქტს, თუმცა პრივატიზაციის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამაბრკოლებლად მიიჩნევს მოსარჩელე ლ----------ს მიერ გამოვლენილ ნებას უძრავი ნივთის თ-------------ს სახელზე რეგისტრაციის შესახებ. (ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სადავო საცხოვრებელი ბინის თ-------------ს სახელზე რეგისტრაციის შესახებ ლ----------ს მსგავსად ნება გამოვლენილია ამ უკანასკნელის ოჯახის სხვა წევრების, მათ შორის დედის - მ-------------ს მიერ) აპელანტის აზრით 1992 წელს ლ----------მ გამოხატა რა ნება სადავო საცხოვრებელი ბინის თ-------------ს სახელზე რეგისტრცაიის შესახებ, აღნიშნული ქმედებით მან უარი თქვა უძრავ ნივთთან მიმართებით პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე მოპოვებულ მის წილ საკუთრების უფლებაზე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზრებს მოპასუხე აპელანტების ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ამ მიმართებით ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის შესახებაც საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია აღნიშნული. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით პრივატიზაციის უფლების მქონე ერთ-ერთ პირზე საკუთრების უფლების აღრიცხვა, არ ნიშნავს იმას, რომ მასთან მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს საკუთრების უფლების მოპოვებაზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრივატიზაციის განხორციელებაზე ოჯახის ყველა წევრის ნების არსებობა გულისხმობს საკუთრების უფლების მოპოვებას ოჯახის ყველა წევრის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთ დამქირავებელზე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთრების ინსტიტუტი განვმარტოთ მხოლოდ უძრავი ნივთების შეძენის იურიდიული დეფინიციის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში მას გააჩნია სოციალური დანიშნულება, რაც პოზიტიურ-სამართლებრივი სახით ვლინდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებაში პირველ აბზაცში. (იხ. სუსგ № ას-934-877-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი). საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტების და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პრივატიზაციის დროს მოსარჩელეები რეგისტრირებული იყვნენ და სადავო საცხოვრებელი ბინაში ცხოვრობდნენ სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეებმა პრივატიზაციის შედეგად სადავო საცხოვრებელი ბინის 1/8-1/8 წილზე თანასკუთრების უფლება მოიპოვეს.
4.1.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ლ----------მ მამკვიდრებლის თ-------------ს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ლ----------ს მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სამკვიდროს (სადავო უძრავ ქონებაში თ-------------ს 1/8 ნაწილის 1/3 ნაწილი) ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს მოსარჩელე ლ----------ს მიერ ფაქტობრივი ფლობის განხორცილების ფაქტის შემოწმება წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებაა ის ფაქტი, რომ 2003 წლის 25 ივლისს გარდაცვლილ თ-------------ს სამი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე და შვილები დარჩა. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
პალატა განმარტავს, რომ სამემკვიდრეო-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება შეასრულოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი თ------------- 2003 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა, შესაბამისად, მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა. უდავოა, რომ მამკვიდრებელს სამი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები და მეუღლე დარჩა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვს თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება, რადგან სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა. მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ---------- აცხადებს, რომ მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ლ----------ს მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქობრივი ფლობით მიღების საკითხის გამოსარკვევად პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ი---------------–--ლი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ ლ---------- მამკვიდრებლის თ-------------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში სადავო საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდა. (იხ. 04.09.2019წ. სხდომის ოქმი 11:12:47-11:12:51) პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა, მხარემ მოწმეთა სასამართლო პროცესზე გამოცხადება ვერ უზრუნველყო. საქმის მასალებში ასევე არსებობს, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი, საიდანაც ირკვევა, რომ ლ----------ს რეგისტრაციის მისამართს ქ. თბილისი, დ-------------, I კვარტალი, კორპუსი 2ა, ბინა #67 წარმოადგენს.
სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მართალია აპელანტმა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე დაოჯახების გამო სადავო საცხოვრებელი ბინიდან მოსარჩელის გადასვლის შესახებ მიუთითა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, მოსარჩელეს სამკვიდროსგან დამოუკიდებლად პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო საცხოვრებელი ბინაზე თანასაკუთრების უფლება ისედაც გააჩნდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ მოსარჩელე ლ----------ს სხვა მისამართზე ცხოვრება, ამ უკანასკნელის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივი გზით დაუფლებას გამორიცხავდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პალატა აღნიშნულ მოსაზრებას გაიზიარებდა და დაადგენდა, რომ მოსარჩელე ლ---------- მამკვიდრებლის თ-------------ს გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სხვა მისამართზეც ცხოვრობდა, აღნიშნული არ გამორიცხავს სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის გზით მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ფიზიკური პირის მიერ რამდენიმე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) ქონას არ კრძალავს.
სააპელაციო პალატა ხაზგამისთ შენიშნავს, რომ მოსარჩელემ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დასადასტურებლად სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო ბარათი წარმოადგინა, სადაც მისი რეგისტრაციის მისამართად ქ. თბილისი, დ-------------, I კვარტალი, კორპუსი 2ა, ბინა #67-ია მითითებული, ასევე საქალაქო სასამართლოში მოწმის გამოცხადება უზრუნველყო, რომელმაც სადავო საცხოვრებელ ბინაში მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი დაადასტურა. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ფაქტი ეჭვქვეშ დადგებოდა, ამ პირობებში მხოლოდ ახსნა-განმარტება, როგორც მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან აპელანტი თავად წარმოადგენს პროცესის შედეგით დაინტერესებულ მხარეს და სხვა შემხვედრი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, რომელიც მის ახსნა-განმარტებებს დაადასტურებდა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მტკიცებულებების გაზიარებისთვის საჭირო სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპის რეალიზაციის პირობებში, ლ----------მ დაადასტურა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, აპელანტმა კი საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა გამაბათილებელი მტკიცებულება სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა, რაც პალატას უქმნის ვარაუდს, რომ სააპელაციო პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
4.1.4. ნოტარიუს მ--–---–-----ის მიერ 2007 წლის 09 აგვისტოს მ-------------ს სასარგებლოდ 2003 წლის 25 ივლისს გარდაცვლილ თ-------------ს დანაშთ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 7/24 ნაწილში ბათილია. (დ-------------–---–- - 1/8 ნაწილი (3/24) და ლ---------- - 1/6 (4/24) ნაწილი)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ----------მ მამის თ-------------ს დანაშთი ქონება ფაქტობრივი დაუფლების გზით მიიღო, რის შედეგადაც სადავო საცხოვრებელ ბინის 1/24 ნაწილზე (1/8 ნაწილის 1/3 ნაწილი) წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება, წინამდებარე განჩინებით დადგენილად იქნა ასევე მიჩნეული, რომ მოსარჩელეებმა სადავო საცხოვრებელი ბინის 1/8-1/8 ნაწილზე პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს თანასაკუთრების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამრიგად, გათვალისწინებით იმისა, რომ ნოტარიუს მ--–---–-----ის მიერ 2007 წლის 09 აგვისტოს მ-------------ს სასარგებლოდ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მთლიანი საცხოვრებელი ბინა მ-------------ს გადაეცა, მაშინ როდესაც უძრავ ნივთზე მოსარჩელეებს უკვე მოპოვებული ჰქონდათ თანასაკუთრების უფლება, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას, რომ ნოტარიუს მ--–---–-----ის მიერ მ-------------ს სასარგებლოდ 2007 წლის 09 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა 7/24 ნაწილში (1/8+1/6) ბათილია.
4.1.5. ქ. თბილისში დ------------ში, პირველი კვარტალი, კორპუსი 2ა-ში მდებარე, ბინა #67-ზე (საკადასტრო კოდი N 0----------------------) მდებარე უძრავ ქონებაზე 2018 წლის 02 თებერვალს მ-------------ს და გ---------------–-–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამავე ქონების 7/24 (დ-------------–---–- - 1/8 ნაწილი (3/24) და ლ---------- - 1/6 (4/24) ნაწილი) ნაწილში.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, რომლითაც, როგორც ნების გამომვლენი, ისე ნების მიმღები მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.
სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრა. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებებისა და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე .
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული, რაც თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შესაძლებლობაზე, მათი მოთხოვნები, თუ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლები დამაჯერებლად დაადასტურონ. მტკიცების პროცესში მხარე არ არის შეზღუდული და ის თავად წყვეტს რომელი ფაქტით დაამტკიცოს მოთხოვნის მართებულობა, თუმცა, ვალდებულია მითითებული ფაქტები სარწმუნო მტკიცებულებებს დაამყაროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალური წესი და დადგენილია, თუ რა საშუალებითაა შესაძლებელი სადავო გარემოებების დადასტურება, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა მტკიცებულებათა სათანადოობის შემოწმების აუცილებლობა. ნორმის დისპოზიცია, უმთავრესად, მტკიცების ტვირთის მატერიალური კანონმდებლობით განსაზღვრას უკავშირდება, კერძოდ, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების შედეგად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, შვილიშვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ-------------მ (მოსარჩელეების ლ----------ს დედა და დ-------------–---–-ს ბებია) სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება შვილიშვილთან გ---------------–-–---–თან (მოსარჩელე ლ----------ს დის შვილი) გააფორმა. ამდენად, ბებიას და შვილიშვილს შორის უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების არსებობის პირობებში, მოპასუხე აპელანტს უნდა ემტკიცებინა, რომ მართალია, გარიგება ოჯახის წევრთან-ბებიასთან გააფორმა, თუმცა, არსებობდა ქონების გასხვისების და მისი შეძენის ნამდვილი ნება, და რომ შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა, სცოდნოდა იმ საფრთხის თაობაზე, რომ აღნიშნული ქონების მიმართ ლ----------ს (დეიდა) და დ-------------–---–ს კანონიერი ინტერესი არსებობდა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სწორედ მოპასუხე გ----------------–-–---–ს უნდა ემტკიცებინა, რომ ის კეთილსინდისიერი შემძენია. მასვე უნდა დაედასტურებინა, თუ რამ განაპირობა ოჯახის წევრთან ხელშეკრულების დადება იმ ქონებაზე, რომელზედაც მათ შორის თავად მას პრივატიზაციის შედეგად თანასაკუთრების უფლება გააჩნდა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც პალატას აჩვენებდა, რომ ოჯახის წევრთან გარიგების გაფორმებას წინ უსწრებდა უძრავი ქონების შეძენით მოპასუხე აპელანტის ნამდვილი ინტერესი, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც ნასყიდობის საგნის ფასის რეალურად გადახდის ფაქტს დაამტკიცებდა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება. ბებიას და შვილიშვილს შორის უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება იმ დროს, როდესაც ქონების ნაწილზე ოჯახის სხვა წევრებს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული ჰქონდათ თანასაკუთრების უფლება, მიუთითებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაზე, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო გ---------------–-–---–-სთვის. საწინააღმდეგო გარემოებები, რაც უარყოფდა ამ პრეზუმფციას, მოპასუხე აპელანტს არ მიუთითებია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი გარიგება 7/24 ნაწილში ბათილია, გამოვლენილი ნების მოჩვენებითი ხასიათის გამო, რაც საკმარისი საფუძველია უძრავი ნივთის 1/6 ნაწილზე ლ----------ს, ხოლო 1/8 ნაწილზე დ-------------–---–-ს მესაკუთრედ ცნობისთვის.
4.1.6. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი დასკვნები სარჩელის დაკამაყოფილების შესახებ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სიმონ ჩხაიძე