განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210019001867553
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/538-2019 20 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები თამარ სვანიძე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ა-----------–------–--ი“ ლ------ ყ---------ე შპს ,,ე--------- ს----–-“ დ-------- გ----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- შპს „ა------------–-------–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- შპს „ა------------–-------–---ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. დადგენილია და მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, რომ შპს „ა------------–-------–--ს“ და შპს „ე--------- ს----–-ს“ შორის 2009 წლის 16 თებერვალს გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე სადგომი მოედნების და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 242 000 აშშ დოლარით, დღგ-ს გარეშე. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შპს „ე--------- ს----–-ის“ ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ ბეტონის ფილა, საიდანაც დააგო 193.4 კვ.მ ფილა. შპს „ე--------- ს----–-მა“ საკუთარი ინტერსებისათვის მოიხმარა - 316.6 კვ.მ, ასევე საწარმო კორპუსის მ–--ებლობისათვის მოიხმარა - 426 კვ.მ, ხოლო 48 კვ.მ დაუბრუნა უკან შპს „ა------------–-------–--ს“ 2012 წლის 12 სექტემბერს. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია 936 კვ.მ ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება - 49 701.60 ლარი, აღნიშნული ასევე დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით;
2.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 9 იანვრის წერილით, შპს „ე--------- ს----–-ის“ დირექტორმა შპს „ა------------–-------–--ს“ მისი 2011 წლის 12 სექტემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ. მოიხმარეს თავად, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით, 474 მ3 დაგების გარეშე იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა შპს „ა------------–-------–---ს“ საკუთრებას, ხოლო 193.4 მ3 დაგებული იყო თავად მოსარჩელის მიერ. დადგენილია და მხარეებს ასევე სადაოდ არ გაუხდიათი ის გარემოება, რომ დარჩენილი 474 მ3 ფილაც შპს „ე--------- ს----–-მა“ გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის, რის შესახებაც 2013 წელს უკვე იცოდა შპს „ა------------–-------–--მა“;
2.3. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;
2.5. განსახილველ შემთხვევაში, 2009 წლის 16 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო N1----- ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე სადგომი მოედნების და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 242 000 აშშ დოლარით დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შეიძინა და მოპასუხის ტერიტორიაზე შეიტანა 984 კვ.მ. ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის ფილა, საიდანაც მომზადებულ ვაკისზე და ე.წ. „ბოგირების“ მოსაწყობად დააგო 193.4 კვ.მ. ფილა. ამის შემდეგ შემკვეთმა შპს „ე--------- ს----–-მა“ შემსრულებელს - შპს „ა------------–-------–--ს“ შეაჩერებინა სამუშაოები, 2012 წლის 12 სექტემბერს კი უკან დააბრუნა ფილების ნაწილი - 48 კვ.მ ოდენობით;
2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი;
2.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, „სსკ 636-ე მუხლით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცვად და მხარეთა შორის უფლებების და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომელიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგალითად, ისეთი სპეციფიკური მასალების და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარების და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავებას, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევას, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოდ მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (საქმე ას-697-663-2015);
2.8. მითითებული განმარტების მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მენარდეს შპს „ა------------–----- მ–---“ წარმოეშვა უფლება, მოეთხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულება და მის მიერ შეძენილი მასალების უკან დაბრუნება. 2012 წლის 9 იანვრის წერილით, შპს „ე--------- ს----–-ის“ დირექტორმა შპს „ა------------–-------–--ს“, მისი 2011 წლის 12 სექტემბრის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ მიერ შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ მოიხმარეს თავად, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით, 474 მ3 დაგების გარეშე იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა შპს „ა------------–-------–---ს“ საკუთრებას, ხოლო 193.4 მ3 დაგებული იყო თავად მოსარჩელის მიერ. 2012 წლის 12 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 48 კვ.მ ფილა, დარჩენილი 474 მ3 ფილა კი გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის, რის შესახებაც, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, 2013 წელს აცნობა მენარდეს;
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 2. ნატურით დაბრუნების ნაცვლად მოვალეს ეკისრება ფულადი ანაზღაურება, თუ: ა. შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხულია მისი დაბრუნება; ბ. მიღებულ საგანს მხარე გამოიყენებს, გაასხვისებს, უფლებრივად დატვირთავს, გადაამუშავებს ან გადააკეთებს; ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 3. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენებას;
2.11. როგორც უკვე აღინიშნა, 2013 წლისათვის მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ შპს „ე--------- ს----–-ი“ მას ვერ დაუბრუნებდა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების მიზნით შეძენილ ფილებს, რადგან მათი ნაწილი თავად დააგო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნაწილი კი შემკვეთმა გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის. ამდენად, 2013 წელს მას უკვე შეეძლო მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოპასუხისათვის, თუმცა სარჩელი სასამართლოში შემოიტანა მხოლოდ 2017 წლის 31 მარტს;
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს;
2.13. ვინაიდან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გაშვებული აქვს, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები თუმცა, დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, შედეგად მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „ე--------- ს----–-“-სა და შპს „ა----- მ-----–------მ–---“-ს შორის 2009 წლის 16 თებერვალს დაიდო N1----- ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით შპს „ა----- მ-----–------მ–--მა“ შპს „ე---------- ს----–-“-ის ტერიტორიაზე შეიტანა და დაასაწყობა 984 კვ.მ. ორმაგი არმირების რკინა-ბეტონის ფილა. შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში შპს „ა----- მ-----–------მ–---“-მა შპს „ე--------- - ს----–-“-ის ტერიტორიაზე დააგო 193,4 კვ.მ. ფილა. ამის შემდეგ დამკვეთის მოთხოვნით სამუშაო შეწყდა. შპს „ე----------ს----–-“-მა უკან დაუბრუნა მენარდეს 48 კვ.მ. ფილა, დანარჩენი მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის. 2012 წლის 12 სექტემბერს მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურეს, რომ შპს „ე--------- - ს----–-“-ის ტერიტორიაზე შპს „ა----- მ-----–------მ–---“-ს შეტანილი და დასაწყობებული ჰქონდა 984 კვ.მ. ორმაგი არმირების რკინა ბეტონის ფილა. უკან დაბრუნებული 48 კვ.მ. 2012 წლის 9 იანვარს შპს „ე--------- - ს----–-“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით (N01-03) დაუდასტურა შპს „ა----- მ-----–------მ–---“-ს, რომ „984 კვ.მ ფილებიდან 474 კვ.მ. დაგების გარეშე განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენს შპს „ა----- მ-----–------მ–---“-ს საკუთრებას. დაგებულია 193,4 კვ.მ., დანარჩენი მოხმარებულია მათ მიერ და მას დავიწერთ მასალის სახით“;
3.2. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მხარეებს დაეკისრათ ვალდებულება მიღებულის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურებისა. შპს „ე--------- - ს----–-“-მა შპს „ა----- მ-----–------მ–---“-ს მოთხოვნა უნებართვოდ გახარჯული ნივთის დაბრუნების თაობაზე არ დააკმაყოფილა. შპს „ა----- მ-----–------მ–--“-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისის ნივთის (შეცვლილი სახით) დაბრუნება ან/და ღირებულების დაკისრება. მოპასუხე მხარეს არც შესაგებელითა და არც სასამართლო სხდომაზე არცერთი საქმის ფაქტობრივი გარემოება სადაოდ არ გაუხდია. დაადასტურა, რომ შპს „ე--------- - ს----–-“-ის ტერიტორიაზე შეტანილი 984 კვ.მ. რკინა-ბეტონის ფილის მესაკუთრე არის შპს „ა----- მ-----–------მ–---“. ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ დაგებულია 193,4 კვ.მ. ფილა, 84 კვ.მ. ფილა უკან დაუბრუნა, ხოლო დანარჩენი მოიხმარა პირადი ინტერესებისათვის. სადავოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გაუშვა სარჩელის სასამართლოში წარდგენის სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. თუმცა, მოპასუხის ინიციატივით, რომ საქმის არსებითად განხილვამდე შპს „ე----------ს----–-“-ს ნებაყოფლობით დაებრუნებინა მოსარჩელის კუთვნილი რკინა-ბეტონის ფილები (რა თქმა უნდა მსგავსი და არა იგივე) სხდომა რამდენჯერმე გადაიდო;
3.3. მოსამართლემ ისე მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად, რომ არანაირი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამ წლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გაშვებული აქვს, რაც სასამართლო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ეს არის მცდარი და მოთხოვნის შეუსაბამო დასკვნა. მოთხოვნის შეუსაბამო იმიტომ, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ზიანის ანაზღაურება. ეს საკითხი ამ მხარეთა შორის დავის საგანი იყო 2014 წელს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე შპს „ა----- მ-----–------მ–--მა“ სასარჩელო წარმოება დაასრულა 2016 წლის 3 ივნისს. განსახილველ შემთხვევაში კი დავის საგანია ნივთის დაბრუნება ან თანხის დაკისრება;
3.4. საყურადღებო ფაქტორი, რომელსაც არ შეხებია მოსამართლის ყურადღება არის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლემ განმარტა, რომ შპს „ა----- მ-----–------მ–--მა“ 2013 წელს (და რატომ 2013?) უკვე იცოდა, რომ შპს „ე--------- ს----–-“-ი ვერ დაუბრუნებდა მის მიერ ხელშეკრულების შესრულების მიზნით შეძენილ ფილებს, რადგან მათი ნაწილი თავად დააგო, ნაწილი კი შემკვეთმა გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის. ამიტომ 2013 წელს უნდა მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, სარჩელი კი 2017 წლის 31 მარტს შემოიტანა“. მართალია შპს „ა----- მ-----–------მ–--მა“ 2014 წელს დაიწყო სასამართლოში დავა ამავე მოპასუხესთან, იგივე ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა დავა დასრულდა 2016 წელს;
3.5. მოცემულ შემთხვევაში პირს აქვს საკუთრების უფლება ნივთზე, რომელიც არამართლზომიერი საფუძვლით იმყოფება სხვა პირის მფლობელობაში, რომელმაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოს განკარგა იგი, თუმცა აღიარებს ამ ნივთზე ამ პირის საკუთრების უფლებას და იღებს ვალდებულებას მის ვალად აღებაზე. მოპასუხემ იცოდა, რომ მისი კუთვნილი ნივთი გახარჯული იყო, თუმცა რკინა-ბეტონის ფილების შეცვლა სხვა იმგვარივე ნივთებით დასაშვები იყო, ასეთ შემთხვევაში კი მოვალეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა. დამკვეთის მიერ გახარჯული ნივთის ვალად აღების თაობაზე კრედიტორისათვის წერილობით მიცემული დაპირება ვალის გადახდისა კრედიტორს აძლევდა დასაბუთებული ვარაუდის მართლზომიერ საფუძველს, რომ მისი უფლება არ იქნებოდა დარღვეული. „დავიწერთ მასალის სახით“ არის მოვალის მიერ ვალდებულების არსებობის წერილობითი დადასტურება, რაც სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ „სხვაგვარ აღიარებად“ უნდა იქნას განხილული, რომელიც ხანდაზმულობის ვადის დინების შეწყვეტას იწვევს. „დავიწერ“ - არ ნიშნავს „წაგართმევ“, „არ დაგიბრუნებ“ და ა.შ. სხვისი ნივთის მითვისებას, რაც აშკარად ადასტურებს უფლების სადავოობას;
3.6. აქედან გამომდინარე, 2014 წელს შპს „ა----- მ-----–------მ–--მა“ დაიწყო დავა ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ამ სარჩელის განხილვის დროისათვის მას არ ჰქონია დასაბუთებული ვარაუდი ან/და შემკვეთისაგან მიღებული უარი ნივთის დაბრუნების მოთხოვნაზე და რადგან სადაო ხელშეკრულების 8.1. მუხლი აძლევდა შესაძლებლობას ნივთებთან დაკავშირებით შეთანხმებით შეიძლებოდა დავა დამთავრებულიყო, არ წარადგინა სასარჩელო მოთხოვნა. ამის საფუძველს აძლევდა შემკვეთის გაცხადებული დასტური ვალის არსებობისა. ეს არის ის დასაბუთებული ვარაუდი, რომ შემკვეთი ნებაყოფლობით (შესყიდვა, გაცვლა, გაქვითვა და ა.შ) დააბალანსებდა მოთხოვნას. როდესაც ვალდებულების შესრულება განსაზღვრულია კრედიტორია მოთხოვნით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოვალისათვის შესასრულებლად მიცემული დროის გასვლისთანავე;
3.7. საქალაქო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულად ჩათვლის საკითხი ისე გადაწყვიტა, რომ არ შეაფასა პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტი ამ მხარეთა შორის ამავე ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2014 წლის მარტიდან 2016 წლის ივნისამდე სასამართლო დავის მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. დადგენილია, რომ 2014 წლის 18 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შპს „ა----- მ-----–----- მ–---“-ს სარჩელი შპს „ე----------ს----–-“-ის მიმართ (სხვა საკითხებთან ერთად) 2009 წლის 16 თებერვლის N1----- ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. სკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ სარჩელში სხვა ნივთების დაბრუნების მოთხოვნაც წარუდგინა უფლებამოსილმა პირმა შემკვეთს. თუმცა, იმის გამო, რომ მას ხელთ ჰქონდა შემკვეთისგან წერილობითი დადასტურება ნივთის დაბრუნების ან ღირებულების გადახდის ვალდებულებისა, მან იგი უდავო გარემოებად მიიჩნია და ამ სარჩელში ეს მოთხოვნა არ ჰქონია. თუმცა, დაეკისრა რა თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება (2016 წლის 3 ივნისი) მაშინვე წაუყენა მოთხოვნა შემკვეთს მის მიერ გახარჯული ნივთის ნაცვლად სხვა ნივთის დაბრუნების ან მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რადგან სკ-ის 354-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად;
3.8. ამდენად, შპს „ა----- მ-----–----- მ–---“-ს თანხის დაბრუნების ვალდებულება 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით დაეკისრა. შპს „ა----- მ-----–----- მ–---“-ს შპს „ე----------ს----–-“-ის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წელს და რადგან შპს „ე----------ს----–-“-მა არ შეასრულა მოთხოვნა, მან 2017 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა სასამართლოს. შესაბამისად, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.2-2.3 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს შემდეგს;
4.2. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს „ა------------–-------–--ს“ და შპს „ე--------- ს----–-ს“ შორის 2009 წლის 16 თებერვალს გაფორმდა №1----- ხელშეკრულება, მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, 3000 კვ.მ. ფართობზე სადგომი მოედნების და სავალი გზების ორმაგი არმირების ბეტონის საფარის მოწყობის შესახებ, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას;
4.3. დადგენილია, რომ 2013 წლის მაისში შპს ,,ა-----------–------–--ი“-ს სარჩელის საფუძველზე, შპს ,,ე--------- ს----–-“-ის მიმართ, დაიწყო სასამართლოში დავა, სადაც მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა №1----- ნარდობის ხელშეკრულების უკანონოდ (ვადაზე ადრე) შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. ს/ფ.: 27-80;
4.4. დადგენილია, რომ ზემოთ (4.3. პუნქტში) მითითებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2016 წლის 03 ივნისს (იხ. ს/ფ.:81-97);
4.5. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის მაისში აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა №1----- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელის მიერ შპს „ე--------- ს----–-ი“-ს ტერიტორიაზე შეიტანილი 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილების დაბრუნების ან/და მისი ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი და სწორედ ამ დავის (2013 წელს დაწყებული დავის) დასრულების შემდეგ - 2017 წლის 31 მარტს მოითხოვა მოსარჩელემ - შპს ,,ა------------–-------–--მა“ ვინდიკაციური სარჩელით მის მიერ მოპასუხის ტერიტორიაზე შეტანილი მისი კუთვნილი მოძრავი ნივთის უკან დაბრუნება;
4.6. 2012 წლის 09 იანვარს შპს „ე--------- ს----–-ი“-ს დირექტორმა შპს „ა------------–-------–--ს“ აცნობა, რომ მათ მიერ შეტანილი 984 კვ.მ. ბეტონის ფილიდან 316.6 კვ.მ. მოიხმარეს თავად, რასაც დაიწერდნენ მასალის სახით, 474 მ3 დაგების გარეშე იყო განთავსებული ქარხნის ტერიტორიაზე და წარმოადგენდა შპს „ა------------–-------–---“-ს საკუთრებას (იხ. ს/ფ.: 20-22);
4.7. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოსარჩელემ შპს „ე--------- ს----–-ი“-ს ტერიტორიაზე შეიტანა 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილები, რომლითაც უნდა გაეკეთებინა ბეტონის საფარი. ამასთან, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აღნიშნული ფილების ღირებულება იყო 49 701.60 ლარი;
4.8. დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ე--------- ს----–-მა“ (შემკვეთი) შეუწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელეს (შემსრულებელს), თუმცა აღნიშნული ფილები მისთვის არ დაუბრუნებია. დადგენილია, რომ აღნიშნული ფილები დღეისათვის დამოუკიდებელ საგნად აღარ არსებობს, რადგან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შემკვეთმა ისინი გამოიყენა საფარის მოწყობისათვის;
4.9. ზემოთ მითითებული ფაქტების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ 936 კვ.მ. რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილების შპს „ა------------–-------–---“-სათვის კუთვნილების ფაქტი შპს „ე--------- ს----–-ს“ სადაოდ არასდროს გაუხდია. შესაბამისად შპს „ა------------–-------–--ს“ მითითებული მოძრავი ნივთის დაბრუნების ან/და მისი ღირებულების ანაზღაურების უფლება გააჩნდა ნებისმიერ დროს. აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელემ დააყენა სწორედ ვინდიკაციური სარჩელით, ხოლო ასეთი სარჩელით დაყენებული მოთხოვნის მფლობელის (მოსარჩელის) უფლება, როგორც წესი ნათელია და მას (მესაკუთრეს/მოსარჩელეს) ყოველთვის აქვს უფლება სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს მისი კუთვნილება (ნივთი). ცალსახად დადასტურებულია, რომ 936 კვ.მ. რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილებზე შპს „ა------------–-------–---“-ს საკუთრების უფლებას ჯერ კიდევ 2012 წლის 09 იანვრის წერილში აღიარებდა შპს ,,ე--------- ს----–-ი“ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.6. პუნქტი); მითითებულ წერილში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ფაქტი, რომ შპს „ა------------–-------–---“-ს კუთვნილი მოძრავი ნივთის - 984 კვ.მ. ბეტონის ფილის ნაწილი (316.6 კვ.მ.) მოიხმარა შპს „ე--------- ს----–-მა“ (რასაც დაიწერდნენ მასალის სახით), ხოლო ნაწილი (474 მ3) კი განთავსებული იყო მის (შპს ,,ე--------- ს----–-ის“) ტერიტორიაზე. ამ მოცემულობის პირობებში ცალსახად არ იკვეთება ის გარემოება თუ როდის დაუბრუნებდა შპს „ე--------- ს----–-ი“ ამ მოძრავ ნივთებს შპს „ა------------–-------–--ს“, თუმცა ამ უკანასკნელის უფლების აღიარების პირობებში მას ყოველთვის შეეძლო მოეთხოვა ფილების დაბრუნება, რაც განახორციელა კიდეც მესაკუთრემ, მას შემდეგ, რაც იდავა ზიანის ანაზრაურების საკითხზე მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე და აღნიშმულ დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში - 2016 წელს. მითითებულის შესაბამისად შპს „ა------------–-------–---“ მანამდე ვერც ივარაუდებდა, რომ ის მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მიიღებდა თავის ნივთს (დასაწყობებულ ფილებს და გახარჯული ფილის საფასურს). აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხეს წაეყენა ახალი სარჩელის შეტანით. ყოველივე კი ცხადყოფს, რომ მოპასუხე მხარის - შპს „ე--------- ს----–-ი“-ს მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა;
4.10. „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17) - იხ. სუსგ №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.;
4.11. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრამდე შპს „ა------------–-------–--სა“ და შპს „ე--------- ს----–-ს“ სადაოდ არასდროს გაუხდიათ ფილების კუთვნილების, მისი დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი და არც არასდროს დაუთქვამთ კონკრეტული დრო მათი დაბრუნებისა.
4.12. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ მოპასუხის ტერიტორიაზე განთავსებული ფილები წარმოადგენდა შპს ,,-------------–-------–---“-ს საკუთრებას, ამ უკანასკნელმა 31.03.2017 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან მისი (მოსარჩელის) კუთვნილი მოძრავი ნივთის - 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის გამოთხოვა, ხოლო დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება 49 701.60 ლარის ოდენობით;
4.13. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება;
4.14. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება;
4.15. საქმის წარმოების პროცესში შპს ,,ე--------- ს----–-ი“-ს წარმომადგენლის განმარტებით დადგინდა, რომ სადავო 936 კვ.მ. ფართის რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილები დღეისათვის დამოუკიდებელ საგნად აღარ არსებობს, რადგან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შემკვეთმა ისინი გამოიყენა საფარის მოწყობისათვის. ამასთან, ფილების ღირებულება - 49 701.60 ლარი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, შპს ,,-------------–-------–---ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 49701.60 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხზე შედავებას, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას;
4.16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება და ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ №ას-1470-2018; 15.02.2019);
4.17. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ასევე შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი;
4.18. სსკ-ის 985-ე მუხლის თანახმად, თუ ხელმყოფმა განზრახ არ გაითვალისწინა სხვა პირის უფლებამოსილება,მაშინ ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს ის მოგება, რომელიც აღემატება ქონებრივ დანაკლისს. ხელმყოფმა უნდა წარმოადგინოს ცნობები იმის თაობაზე, თუ რა მოგება მიიღო მან სხვისი ქონების გამოყენებით;
4.19. პალატა განმარტავს, რომ ხელყოფის კონდიქცია ჰგავს დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მაგრამ იგი წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას. ხელყოფის მოთხოვნის წამოყენების საფუძველი ხელყოფის არამართლზომიერებაში მდგომარეობს, რადგან თავად მოქმედება აკრძალული არ არის (ამ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა დელიქტთან და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნასთან), არამედ გადამწყვეტი გარემოება არის ის, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას ეკუთვნოდა. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის კრედიტორი არის უფლებამოსილი პირი, ე.ი. განკარგვის უფლების მქონე (მესაკუთრე, კეთილსინდისიერი მფლობელი), მოთხოვნის მოპასუხე არის არაუფლებამოსილი პირი, ე.ი. პირი, რომელსაც არ აქვს განკარგვის უფლება (იგი არც უფლების მესაკუთრეა და არც განკარგვაზე უფლებამოსილი). განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება (სუსგ ას-472-448-2013, 27.01.2015წ. საქმე №ას-308-293-2013, 30.05.2017წ. საქმე №ას-197-186-2017);
4.20. ამასთან, სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ვინაიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, მათ მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10-წლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს დაცული აქვს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმე # ას-225-215-2016, 25 მაისი, 2016 წელი; საქმე #ას-15-15-2016, 01 მარტი, 2016 წელი. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები;
4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია;
4.23. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.24. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-----------–------–--ი’’-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ა-----------–------–--ი’’-ს სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს; შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,ა-----------–------–--ი’’-სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 936 კვ.მ2 რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება 49701.60 ლარის ოდენობით;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. შპს ,,ა-----------–------–--ი’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ა-----------–------–--ი’’-ს სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს; შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,ა-----------–------–--ი’’-სასარგებლოდ დაეკისროს 936 კვ.მ2 რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება 49701.60 ლარის ოდენობით;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.2. ვინაიდან სარჩელი და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,ა-----------–------–--ი’’-სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა სრულად 3479,50 ლარის ოდენობით;
6.3. შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,ა-----------–------–--ი’’-სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,-------------–-------–---’’-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,-------------–-------–---’’-ს სარჩელი მოძრავი ნივთების ღირებულების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,-------------–-------–---’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 936 კვ.მ2 რკინა-ბეტონის ორმაგი არმირების ფილის ღირებულება 49701.60 ლარის ოდენობით;
5. შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,-------------–-------–---’’-სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა სრულად 3479,50 ლარის ოდენობით;
6. შპს ,,ე--------- ს----–-’’-ს შპს ,,ა------------–-------–---’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი