განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
160100119003277833
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003277833

საქმე №1ბ/286-20 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ა----–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–-----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა----–------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 28 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მარნეულის რაიონი, სოფელ ა------–--ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

ა----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

ა----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ა----–------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელი ა------–--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა----–------------მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი თავის მეუღლეს ა---------------ას, რომელიც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით გავიდა ეზოში. ა----–------------ი მისგან ითხოვდა სახლში შესვლას, რის გამოც, მარჯვენა მკლავში დაეჭიდა ორივე ხელით, თმები დაქაჩა და მარჯვენა ლოყაში დაარტყა ხელი. ჩხუბის დროს ეზოში შემოსულ თავის შვილს - ა---–------------ს, რომელიც შეეცადა დედის - ა---------------ას დაცვას, ა----–------------მა ორჯერ მარჯვენა ფეხის და ერთხელ ზურგის არეში მოახვედრა მის მიერ ნასროლი ქვები. ხოლო, ა---------------ას ქვა ესროლა და მოახვედრა მარჯვენა ფეხის კოჭში. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა ა---------------ამ და ა---–------------მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ა------–--ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა----–------------მა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი თავის მეუღლეს ა---------------ას და ფიზიკურად იძალადა მის მიმართ. ასევე, ჩხუბის დროს სახლში დაბრუნებულ შვილს - ა---–------------ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის განხორციელების მომენტში, ა----–------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს ა---–------------ს და მეუღლეს - ა---------------ას, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----–------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ--–-----------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა----–------------ისათვის ჰუმანური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ა----–------------ის მიმართ არის უკანონო, დაუსაბუთებელი და არასამართლიანი, ვინაიდან იგი ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას გულწრფელად აღიარებს და ინანიებს, თუმცა მის მიმართ გამოტანილ იქნა ზედმეტად მკაცრი სასჯელი. ა----–------------ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, ასევე დაეთანხმა ბრალის აღიარების შესახებ გამამტყუნებელი განაჩენის ფაქტობრივ საფუძვლებს. მის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის შეუსაბამო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან. ა----–------------ს არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოება, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია: მისი წარსული ცხოვრება არ არის შებღალული, მას ჰყავს ასაკოვანი დედა, მეუღლე და შვილი, დაზარალებულებს ა---------------ას და ა---–------------ს რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ და ისინი შეურიგდნენ ბრალდებულს. აპელანტის მითითებით, ა----–------------ი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულისათვის.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ბრალდებულ ა----–------------ის აღიარებით, დაზარალებულების - ა---–------------ისა და ა---------------ას გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 29 ოქტომბრის ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმებით, 2019 წლის 29 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა----–------------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ა----–------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მსჯავრდებულ ა----–------------ისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში და განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მოტივი, კერძოდ, მის მიერ განხორციელებულია მუქარა და ძალადობა, ასევე მხედველობაში მიიღო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი მისი ქმედებების შედეგები, ამასთან, ის ფაქტიც, რომ ა----–------------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ის შერიგებულია დაზარალებულებთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ა----–------------ს სასჯელი დაუნიშნა იმ სახითა და ზომით, რაც სრულ თანხვედრაშია მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათთან და დამნაშავის პიროვნებასთან.

 

ამდენად, ა----–------------ისათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე ისეთ გარემოებაზე მითითებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სასჯელის დანიშვნისას და სააპელაციო სასამართლოსათვის გახდებოდა მისი შემსუბუქების საფუძველი. ამასთან, პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მინიმალური ზომა - 6 თვე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ა----–------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა----–------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ა----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ა----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ა----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 ოქტომბრიდან.

ა----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე