განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
330100119003292483
ინსტანცია
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003292483

საქმე №1ბ/299-20 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---------–-–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ვ----------–---–-------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით ა---------–-–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა---------–-–------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ა---------–-–------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

დაახლოებით 17 წელია ბრალდებული ა---------–-–------ე და ი--------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ჰყავთ სამი საერთო შვილი - 12 წლის მ-------–------ე, 6 წლის მ-------–------ე და 4 წლის გ--------–------ე. ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისი, ს-------–---–----------------------ში.

 

2019 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისი, ს-------–---–-- ქუჩა №------------ში ი--------ეს მეუღლემ - ა---------–-–------ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სახლში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაუგრიხა ხელი და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ი--------ემ მიიღო სხეულის დაზიანება და ტკივილი განიცადა.

 

2019 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. თბილისი, ს-------–---–-- ქუჩა №------------ში ა---------–-–------ემ, მეუღლესთან ჩხუბის დროს, როდესაც არასრულწლოვანი მ-------–------ე ცდილობდა დედის დახმარებას, ასევე სახეში ხელი გაარტყა არასრულწლოვან შვილს მ-------–------ეს, არასრულწლოვანი შვილების (გ--------–------ის და მ-------–------ის) თანდასწრებით, რა დროსაც არასრულწლოვანმა მ-------–------ემ ტკივილი განიცადა.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ა---------–-–------ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა---------–-–------ის ბრალეულობას მისთვის წარდგენილ ბრალდებებში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ა---------–-–------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და კანონის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება წარდგენილ ბრალდებებში ა---------–-–------ის უდანაშაულობის თაობაზე არის უკანონო, დაუსაბუთებელი და მასში უნდა შევიდეს ცვლილება. სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები - მ-------–---–-----ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ა---------–-–------ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ი--------ის მიერ წარმოდგენილი განცხადებები და ფოტოსურათები, შეტყობინება დანაშაულის შესახებ. 112-ის აუდიოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები. აპელანტის მითითებით, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და მოწმემ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის, მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. მიუხედავად, ამისა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა ა---------–-–------ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად შერაცხული ყველა დანაშაულებრივი ქმედება. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს პოზიციას და არგუმენტაციას იმ ნაწილში, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხრიდან არ იქნა წარდგენილი ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა---------–-–------ის მხრიდან მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

აპელანტმა მიუთითა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ, სადაც მითითებულია, რომ ოჯახური ძალადობის პირთა გასამართლება უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, როდესაც მსხვერპლს უკან გააქვს საჩივარი. საკითხის ამგვარი განვითარება მიუთითებს პოზიციის შესახებ, რომლის მიხედვითაც დამნაშავის ეფექტიანი გასამართლება არა მსხვერპლის, არამედ სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს. ასევე, ოჯახური ძალადობის საქმეებში, ზოგჯერ ერთხელ ხელის მსუბუქად დარტყმამ შესაძლოა არც დატოვოს დაზიანების იმგვარი კვალი, რაც ექსპერტიზის შედეგად დადასტურდება, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ძალადობის ფაქტზე (მაგალითად, მოწმეები), შესაძლოა მოპოვებული ვერ იქნეს ობიექტურად მათი არარსებობის გამო. ბრალდების მხარემ ასევე მოიხსენია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს, კერძოდ, ე. წ. „სტამბოლის კონვენცია“ და მიუთითა, რომ აღნიშნული კონვენციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ქალთა მიმართ ყველა სახის ძალადობის შემთხვევებში დაუსჯელობისთვის ბოლოს მოღება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ ა---------–-–------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ-------------მა წარადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას ა---------–-–------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:

 

ა---------–-–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებებს, როგორიცაა დაზარალებულთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ა---------–-–------ეს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მეუღლისა და მამის − ა---------–-–------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ა---------–-–------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები, ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მოშველიებით, უთითებს, რომ ოჯახური ძალადობა ხშირად ოჯახური და პირადი მიზეზების გამო ხდება, რომელიც განიხილება ორ პირს შორის და ამის ნიადაგზე წამოჭრილი კონფლიქტიც, რომელიც გადაიზრდება ფიზიკურ ძალადობაში, სხვათათვის შეუმჩნეველი რჩება. ასეთ დროს სახეზეა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. ამასთან, ხელის ერთხელ მსუბუქად დარტყმამ შესაძლოა არც დატოვოს დაზიანების იმგვარი კვალი, რაც ექსპერტიზის შედეგად დადასტურდება, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა ძალადობის ფაქტზე (მაგალითად, მოწმეები), შესაძლოა მოპოვებული ვერ იქნეს ობიექტურად მათი არარსებობის გამო. ბრალდების მხარემ ასევე მიუთითა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლზე, რომელიც წევრი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

ამ მიმართებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ,,ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ" (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Hassan v The UK) №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ა---------–-–------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

კერძოდ, ბრალდების მხარემ ა---------–-–------ის ბრალის დამადასტურებლად მიუთითა მ-------–---–-----ის გამოკითხვის ოქმზე, ბრალდებულ ა---------–-–------ის გამოკითხვის ოქმზე, ბრალდებულის დაკავების ოქმზე, ი--------ის მიერ წარმოდგენილ განცხადებებზე და ფოტოსურათებზე, შეტყობინებაზე დანაშაულის შესახებ, 112-ის აუდიოჩანაწერზე, ექსპერტიზის დასკვნასა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებზე. აპელანტს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები საკმარისია ა---------–-–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად და ქმნიან ისეთ ერთობლიობას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სათანადო სტანდარტს წარმოადგენს. შესაბამისად პალატა შეფასებას მისცემს აღნიშნულ მტკიცებულებებს.

 

მოწმე მ-------–---–-----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილებაში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 12 ოქტომბერს მის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია მასზედ, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, ი--------ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ჩამდენი პირი ა---------–-–------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფ---------------------------–--------------------–-- ქუჩების კვეთაზე, რაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელს.

 

აპელანტის მიერ ასევე მითითებულია ი--------ის განცხადებებსა და ფოტოსურათებზე, სადაც აღნიშნულია, რომ მას 2019 წლის 9 ოქტომბერს მისმა მეუღლემ ა---------–-–------ემ შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც სხეულზე აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები. მის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე კი ასახულია ამ დაზიანებების ლოკალიზაცია. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, 11.10.2019 წ. მოქ. ი--------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დასაბუთებულად იმსჯელოს ა---------–-–------ის მიერ ოჯახში ძალადობის განხორციელების ფაქტებზე და მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდოს მხოლოდ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინოს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, ის აღწერს მხოლოდ დაზიანებების არსებობის ფაქტსა და მათი მიყენების ხერხებს. საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ მათში აღწერილი გარემოებები არ არის დადასტურებული დაზარალებულების მიერ, არ შეიძლება გახდეს ა---------–-–------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ა---------–-–------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ა---------–-–------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ა---------–-–------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ა---------–-–------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა---------–-–------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ა---------–-–------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა---------–-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გამართლებულ ა---------–-–------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

- შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დეპარტამენტიდან გამოგზავნილი აუდიოფაილი 1 ცალ ლაზერულ დისკზე და ი--------ის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე