განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
010100118002276553
ინსტანცია
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002276553

საქმე №1/ბ-169-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2020 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- ი------- ასული ტ----ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, ქვრივი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, ფ---------ის ქ.N3; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბ-----------ის ქ. N140, ბინა N41;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ------- ტ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 13 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქუჩა №63-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულის სადარბაზოში, ნ------- ტ----ემ, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, მობილური ტელეფონის თავში ჩარტყმის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ჟ--–---- დ-------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენით ნ------- ტ----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ და იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი.

 

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ნ------- ტ----ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაბამისად, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ უნდა შეიცვალოს გამამტყუნებელი განაჩენით, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი.

 

გამართლებულ ნ------- ტ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი პ----- შ----ე პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის არსებითი განხილვისას, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნებულ დაზარალებული ჟ--–---- დ-------ის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანხმად ირკვევა, რომ ნ------- ტ----ე ოქროს სამკაულებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, 2017 წლის 13 დეკემბერს ყვირილით და ლანძღვით მიიჭრა მის საცხოვრებელ მისამართზე, იძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, გაუღო კარი და სთხოვა სახლში ესაუბრათ, თუმცა ნ-------ი შეთავაზებას არ დათანხმდა, სადარბაზოში აგრძელებდა ლანძღვას, მოუქნია ტელეფონი, რომელიც მოხვდა შუბლის არეში.

 

მოწმე პ----- ბ---–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის ტაქსის მძღოლი, არაერთხელ მომსახურებია თავისი ავტომანქანით ნ------- ტ----ეს, 2017 წლის 13 დეკემბერს, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქუჩა №63-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთანაც მან მიიყვანა. მანქანიდან ნ-------ის გადასვლის და სადარბაზოში შესვლის შემდეგ, მანქანაში ელოდება მის დაბრუნებას. ცოტა ხანში სადარბაზოდან შემოესმა ხმაური, ყვირილის ხმა, გადავიდა მანქანიდან და შევიდა სადარბაზოში, ხმის მიმართულებით წასულმა მეხუთე სართულზე დაინახა ნ-------ი, რომელიც უცნობ ქალბატონთან კამათობდა. შეესწრო მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს.

 

მოწმე მ------ ს------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული ჟ--–---- დ-------ე მისი დედამთილია. 2017 წლის 13 დეკემბერს მათთან სახლში ყვირილით და ლანძღვით მივიდა ნ------- ტ----ე, რომელიც სახლში შეუსვლელად, სადარბაზოშივე იდგა და ილანძღებოდა. მოხდა შეხლა-შემოხლა ტ----ესა და დ-------ეს შორის, რა დროსაც ტ----ემ დ-------ეს მობილური ტელეფონი მოარტყა შუბლის არეში.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 20 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ 2017 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, ჟ--–---- დ-------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთი შუბლის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ღ-------- უ-----–---–მა.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 27 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, დაზიანება აღენიშნებოდა ნ------- ტ----ესაც, კერძოდ: 2017 წლის 13 დეკემბერს პირადი შემოწმების მონაცემებით, ნ------- ტ----ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარცხენა მტევნის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ დაადასტურა მის მიერ დასკვაში მითითებული გარემოებების სისწორე.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ნ------- ტ----ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებული ჟ--–---- დ-------ე არ დაკითხულა და გამოქვეყნდა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამდენად, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია სხვა პირდაპირი და ამ მტკიცებულებებთან ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ, შემთხვევის თვითმხილველი მ. ს------–---–ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება ნ------- დ-------ის მხრიდან ჟ--–---- დ-------ისათვის შუბლის არეში დაზიანების მიყენების ფაქტი, აღნიშნული ჩვენება თანხვედრაშია თვით დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან, ასევე ჟ--–---- დ-------ის შუბლის არეში დაზიანების არსებობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ პირმა ძალადობრივი ქმედებით განიცადოს ფიზიკური ტკივილი. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული ჟ. დ-------ე მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში არაფერს უთითებს ფიზიკურ ტკივილის განცდის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები და მათ შორის ფიზიკური ტკივილის შეგრძნების ფაქტი. შესაბამისად, დაზარალებულის განმარტების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, მან განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი შუბლის არეში ტელეფონის დარტყმით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნ------- ტ----ის ბრალდების დადასტურება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------- ტ----ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენი ნ------- ტ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ნ------- ტ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნ------- ტ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს ნ------- ტ----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულ ნ------- ტ----ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე