განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
010100119003290197
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003290197

საქმე №1/ბ-141-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ც------ მ-----ის ძე ძ---–--ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 21 ი-----, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა ა----;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ც------ ძ---–--ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 ოქტომბერს, დღის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ა----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ც------ ძ---–--ემ, თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მეუღლეს - თ----- ც-–--–--ეს ხელის სახისა და მუცლის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ც------ ძ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ც------ ძ---–--ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, 2019 წლის 06 ოქტომბრიდან 2019 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 20 (ოცი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ც------ ძ---–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ც------ ძ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის ფაქტი, რომ ც------ ძ---–--ეს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ოჯახური, აგრესიული, ძალადობრივი ქმედების ჩადენაში ედებოდა ბრალი და აღნიშნულის მიუხედავად, მას დაუნიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ც------ ძ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ც------ ძ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-1 ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - თ------–-–--–----------------–---------------------------------------------–-----------–---ს დაკავების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ც------ ძ---–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-1 ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს, რომ მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ც------ ძ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ც------ ძ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ც------ ძ---–--ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, 2019 წლის 06 ოქტომბრიდან - 2019 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 20 (ოცი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ც------ ძ---–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს გ------ ძ---–--ეს (პ/ნ: 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის“ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი 1------, დასტური N ა-------, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე