განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003340425
საქმე №1ბ/329-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ ა----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
თ----------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, ა---–--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით თ----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თ----------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 23:15 საათზე, თბილისში, გ--------–ის ქუჩაზე, კ-------------ის ქუჩის მხრიდან კ--–----ის მოედნის მიმართულებით, თ----------–----–---–მა, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,ტოიოტა ისტს‘‘, სახელმწიფო ნომრით T--------, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია “საგზაო მოძრაობის შესახებ”‘ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა და დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ო-–----------ას. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ო-–----------ამ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორმა ა----------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და თ----------–----–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვა სოციალურად ტოლერირებული ქმედებაა, ამავდროულად, იგი საფრთხის შემცველია საზოგადოებისათვის, რაც მიუთითებს თ----------–----–---–ის პიროვნების ისეთ თვისებაზე, როგორიცაა მისი ზედაპირული დამოკიდებულება საჯარო ინტერესის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც მას გაცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ მართავს მომეტებული საფრთხის წყაროს - ავტომანქანას, რითაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
აპელანტის პოზიციით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დამნაშავედ ცნო თ----------–----–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სასჯელი, რომელიც გასაჩივრებული განაჩენით იქნა განსაზღვრული, არასამართლიანია ჩადენილი ქმედების და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. აპელანტმა მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის №1/7/851 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზნების მისაღწევად უდიდეს როლს თამაშობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი. სასჯელის ზომის განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პერსონალურ ბრალს, სამართლებრივი სიკეთის დაზიანების ხარისხს, პირის გამოსწორების შესაძლებლობას და ამავე დროს, საზოგადოების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლოს, როგორც სამართალშემფარდებელი ორგანოს ფუნქციაა, განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი, რომელიც, თავის მხრივ, მიმართული იქნება კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნების მიღწევისაკენ. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ლავირება მოახდინა სასჯელის ფარგლებში, არ გულისხმობს მის სამართლიანობას, თუ იგი, თავის მხრივ, არ იქნება შესაბამისობაში ბრალდებულის პიროვნებასთან, მის წარსულ გამოცდილებასთან.
სააპელაციო საჩივრის წარმდგენის მოსაზრებით, სასჯელის სახე და ზომა არ უნდა აღემატებოდეს იმ ზღვარს, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნას გადააქცევს პიროვნების დასჯად, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასჯა სასჯელის დანიშვნასთან მიმართებით წარმოადგენს არა მის მიზანს, არამედ თავისივე შინაარსობრივი მოცემულობიდან მის შემადგენელ ნიშანს. დანიშნული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით კი, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება იმ დატვირთვის მატარებელი, რაც სასჯელს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პიროვნების სამომავლო ქცევის ბალანსირების ფარგლებში უნდა გააჩნდეს. აპელანტის აზრით, შეუსაბამობაა სასჯელის ზოგად და ინდივიდუალურ პრევენციულობასთან მიმართებითაც, კერძოდ, სასჯელის, როგორც სახელმწიფოს საპასუხო რეაქციის მიზანს ბრალდებულის მიერ განხორციელებულ აკრძალვით ქმედებაზე, წარმოადგენს, ერთის მხრივ, ის ზოგადი გავლენა, რომელიც საზოგადოების ნაწილზე უნდა იქნეს მოხდენილი და, მეორეს მხრივ, თავად ბრალდებულის შეგნება, აღქმა თავის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგებისა.
აპელანტის განმარტებით, მაშინ, როდესაც პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, საწყისი ეტაპიდან ბრალდებულს არც კი უცდია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შეთანხმება რეალურად განხორციელდა მხოლოდ პროცესის მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე, ჩნდება იმის რეალური და ბუნებრივი მოლოდინი, რომ დანიშნულ სასჯელს ექნება ფულადი სახის სასჯელისთვის დამახასიათებელი ნაკლებ პრევენციული ეფექტი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კი, სრულ შეუსაბამობაშია სასჯელის უმთავრეს მიზანთან - რესოციალიზაციასთან. მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო მიზანია, რომ დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებელი პირის სრული მოცულობით დაბრუნება მოხდეს საზოგადოებაში, მისი მიღება სოციალური სახელმწიფოს წევრად, რომელიც ჩამოუყალიბებს მართლშეგნებას და რომელიც აქცევს საზოგადოებასთან თანხვედრაში მცხოვრებ საზოგადოების წევრად.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ თ----------–----–---–ის, დაზარალებულ ო-–----------ას, მოწმე ხ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №1--/ა და №0-------- დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ თ----------–----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა თ----------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების ნაწილში და ამ მიმართებით გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების შეუსაბამოდ მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ ფართო თეორიულ მსჯელობას სასამართლოს, როგორც სამართალშემფარდებელი ორგანოს ფუნქციაზე, სასჯელის სამართლიანობაზე და მისი განსაზღვრისას ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვაზე, სასჯელის მიზნებზე, ზოგად და ინდივიდუალურ პრევენციაზე, განსახილველი დანაშაულის ხასიათსა და მის საზოგადოებრივად საშიშროებაზე და განმარტავს, რომ აპელანტის მიერ გამოთქმული ზოგადი ფრაზები ვერ გახდება თ----------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არსებითად შეიცავს მხოლოდ ცალკეული სამართლებრივი ცნებებისა და პრინციპების ზოგად მიმოხილვას, რომელსაც არ გააჩნია რაიმე შემხებლობა თ----------–----–---–ისათვის შეფარდებული სასჯელის ხასიათთან.
პალატა განმარტავს, რომ თ----------–----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით (2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნის დისკრეცია შეზღუდულია არა მხოლოდ კონკრეტული სასჯელის მინიმალური და მაქსიმალური ზომის ფარგლებში სასჯელის განსაზღვრით, არამედ - საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებთან შესაბამისობის გათვალისწინებითაც (უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილება №58აპ-17). აღნიშნული ზოგადსავალდებულო ელემენტები მითითებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლში, რომლის მესამე ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ამ კონტექსტში აპელანტმა მიუთითა თ----------–----–---–ის პიროვნულ მახასიათებელზე, როგორიცაა მისი ზედაპირული დამოკიდებულება საჯარო ინტერესის მიმართ, მაშინაც კი, როდესაც მას გაცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ მართავს მომეტებული საფრთხის წყაროს - ავტომანქანას, რითაც პოტენციურ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე მიუთითა დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების დაგვიანებულ სურვილზე. პალატა განმარტავს, რომ ავტომანქანის - როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მართვა თავისთავად არ გულისხმობს პირის ზერელე დამოკიდებულებას საჯარო ინტერესისადმი. ასეთი საფრთხის წყაროს მართვის დროს უსაფრთხოების წესის დარღვევა, რასაც კონკრეტული შედეგი მოჰყვა, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, რაც დადგა კიდეც თ----------–----–---–ის შემთხვევაში. რაც შეეხება, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურებაზე შეთანხმებას პროცესის მიმდინარეობის ბოლო სტადიაზე, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არაა არსებითი ასეთი სურვილის გამოხატვის კონკრეტული ეტაპი, ზიანის ანაზღაურების და დაზარალებულთან შერიგებისაკენ გულწრფელი მისწრაფება სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინების ღირსია.
პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. ბრალდების მხარის არგუმენტები არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული ჯარიმის შეუსაბამობა თ----------–----–---–ის ქმედების ხასიათთან და მის პიროვნებასთან.
პალატა არ ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, ფულადი სახის სასჯელისათვის დამახასიათებელ ნაკლებპრევენციულ ეფექტზე და მიუთითებს, რომ სამართლებრივ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რეციდიული შემთხვევების ანალიზით, ფულად ჯარიმას სპეციალური პრევენციის თვალსაზრისით საუკეთესო შედეგი აქვს, მაშინ, როდესაც თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემთხვევაში, სპეციალურპრევენციული ზემოქმედება არაეფექტურია. ამასთან, არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნეს კანონმდებელის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.
პალატა იზიარებს აპელანტის მითითებას სასჯელის დანიშვნის დროს ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ თ----------–----–---–ისთვის სასჯელის დანიშვნისას ის გარემოებები, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და თ----------–----–---–ს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას.
ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი თ----------–----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ ა----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
თ----------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
თ----------–----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ფასანაური 2015“-დან მოპოვებული ვიდეომასალა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე