განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
160100119003317223
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003317223

საქმე №1ბ/322-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ქ----–--------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მარნეულის რაიონის სოფელ ბ---–----ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენით ქ----–--------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5300 (ხუთი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქ----–--------–---ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ქ----–--------–---ს 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ქ----–--------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 01 ნოემბერს დაახლოებით 08:50 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ბ---–----ში, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გ----------------ს შელაპარაკება მოუვიდა ქ----–--------–---თან, რა დროსაც ქ----–--------–---მა მის ხელთ არსებული დანა სხეულის არეში დაარტყა გ----------------ს. დანის დარტყმის შედეგად გ----------------მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ქ----–--------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ლმობიერია და ქ----–--------–---ისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს და ქ----–--------–---ი დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, ხოლო სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. მოცემულ შემთხვევაში, ქ----–--------–---ისათვის შემაკავებელ ფაქტორს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, შესაძლოა, შეემჩნია იქ მყოფ პირებს, არ მოერიდა საზოგადოებას და ხალხმრავალ ადგილს, დანის გამოყენებით განახორციელა ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც ცალსახად ავლენს მის პიროვნულ უპატივცემულობას საზოგადოებისადმი და მის მიდრეკილებას განზრახი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისაკენ. აპელანტის აზრით, მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და კვლავ ჩაიდინოს ახალი, ანალოგიური დანაშაული. აღნიშნული კი სწორედ ის გარემოებების, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას სასჯელის დანიშვნის ეტაპზე.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ქ----–--------–---ის აღიარებით, დაზარალებულ გ----------------ის, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოილუსტრაციით, ექსპერტიზის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ქ----–--------–---მა ნამდვილად ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ ქ----–--------–---ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, მსჯავრდებული და დაზარალებული შერიგებულები არიან, ქ----–--------–---ს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, არის ოჯახში ერთადერთი მარჩენალი და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა, იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დადგენილ კვალიფიკაციას, ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების შესახებ შეიცავს მხოლოდ ზოგადი ხასიათის მსჯელობას და არ მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ საფუძვლებზე სასჯელის ნაწილში განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ქ----–--------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ქ----–--------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას.

ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი ქ----–--------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ქ----–--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქ----–--------–---ს (პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით - 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით) შეუმსუბუქდეს სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ქ----–--------–---ს 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ქ----–--------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: პლასტმასის და ლითონის დეტალები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე