განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
330100119003333302
ინსტანცია
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003333302

საქმე №1ბ/327-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 06 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №5-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის ქ. ცხინვალი, ი---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ც-------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით გ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისი, ქ---–------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ----------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას, მ----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა ყბის არეში და ხელი - ყელის არეში. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად მ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულ გ----------------ისათვის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა რეალური მოხდით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი და იგი უნდა შეიცვალოს. სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრისას სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, ამასთან, გაცნობიერებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხი, დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კნონის დაცვასთან, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, სისტემატურობა და რაც მთავარია, მისი ქცევა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ. აპელანტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, ერთის მხრივ, უზრუნველყოფდეს სამართლიანობის აღდგენას და მეორეს მხრივ, უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გაკიცხვის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

სააპელაციო საჩივრის წარმდგენის მითითებით, სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან ან/და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეაფასოს, თუ რამდენად გულწრფელია ბრალდებულის აღიარება, რამდენად იგრძნობა ბრალდებულში სინანულის გრძნობა, რამდენად არის გამოხატული ბრალდებულის პოზიცია არა სამომავლო პერსპექტივებთან, არამედ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან, ხშირ შემთხვევაში ბრალდებულის აღიარება ატარებს ფორმალურ ხასიათს, რომელიც მიმართულია არა დანაშაულის სინანულისკენ ან განცდისკენ, არამედ სასჯელის შემსუბუქებისკენ, რაც წინააღმდეგობაში მოდის სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალურ ნიშნებთან.

აპელანტის განმარტებით, ფიზიკურ ძალადობას ოჯახში გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. როდესაც ჩადენილია ოჯახში ძალადობა, ასეთ დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხს და ბრალდებულისათვის დამაფიქრებელ ფაქტორს, რომ მისი აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა, არ იქნება მიბმული არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებასთან.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ გ----------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ---–-----------–---მა რომელმაც ითხოვა აპელანტის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა გ----------------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების, კერძოდ, მისთვის რეალური თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის ნაწილში და ამ მიმართებით დაუსაბუთებლად მიიჩნია გასაჩივრებული განაჩენი. სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, რაზეც ქვემოთ ექნება მსჯელობა.

 

თავდაპირველად პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გ----------------ის აღიარებით, დაზარალებულ მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ გ----------------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აპელანტი თავის უშუალო მოთხოვნას, მსჯავრდებულ გ----------------ისათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ამყარებს ოჯახში ძალადობის მწვავე ხასიათზე, მისთვის სასჯელის დანიშვნისას სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპების გაუთვალისწინებლობაზე და მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთისაგან განსხვავებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისა და არ იქნება შემაკავებელი ხასიათის. სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა გ----------------ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, რომელიც მსჯავრდებულის სასარგებლოდ არსებობდა, ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ყურადღება მიაპყრო დაზარალებულის პოზიციას, რომლის თანახმად მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, რომ გ----------------ის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ყოველივე აღნიშნული ერთობლიობაში რეალურ საფუძველს წარმოადგენდა სასჯელის ისეთი სახისა და ზომის შერჩევისათვის, რაც დაენიშნა გ----------------ს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ----------------ისათვის შერჩეული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებაზე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა უზრუნველყოფდეს სასჯელის ერთ-ერთი მიზნის - სამართლიანობის აღდგენის მიღწევას. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანი სასჯელის დანიშვნის გზით მიიღწევა. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტმა მიუთითა სასჯელის დანიშვნისას ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე, თუმცა არ მიუთითებია, თუ რაში გამოიხატა აღნიშნული პრონციპის უგულვებელყოფა სასამართლოს მხრიდან, სააპელაციო საჩივარი ასევე არ შეიცავს აღნიშვნას, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა გ----------------ის ქმედების ხასიათთან. სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად. გასათვალისწინებელია, რომ გ----------------ს დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლი ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, გ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 ნოემბრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ----------------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე