განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002946447
საქმე №1ბ/47-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის, გიორგი ჩუბინიძის მდივნობით,პროკურორ - ვ---------------–---–ის,ადვოკატების - ნ----------–--ის, ზ-------------ის,მსჯავრდებულ - გ------------------ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ---------–--ის და ზ-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------–------------------–------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
გ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N0------------ გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის, 2 (ორი) თვის და 4 (ოთხი) დღის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
გ------------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით, გ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის შემდეგ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გ------------------მა კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:
2019 წლის 28 თებერვალს, ღამის საათებში, გ------------------მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი, მე-19ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „მონოლითი ჯგუფის“ დაცულ საცავში. აღნიშნულის შემდეგ, გ------------------მა სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა საცავში არსებულ სხვადასხვა დასახელების სამუშაო ნივთებს. აღნიშნული ქმედებით, შპს „მონოლით ჯგუფს“ შესაძლებელია მისდგომოდა 1700 (ათასშვიდასი) ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ------------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ---------–--ემ და ზ-------------ემ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის განმარტებით, განაჩენი გ------------------ის მიმართ დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლოა. იგი არ არის დამყარებული სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე. საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას ადასტურებს. ადვოკატების განმარტებით, სასამართლო პროცესზე არ დადგენილა რა მოიპარა გ------------------მა და საიდან მოიპარა, რადგან გაურკვეველი დარჩა, თუ რა რაოდენობის სამშენებლო მასალას ფლობდა შპს „მონოლითი ჯგუფი“ და რა დანაკლისი იყო ე.წ. საწყობში; ე.წ. საწყობის ბოქლომის მოსაჭიდებელი ვის მიერ იყო მოტეხილი; მშენებლობის დარაჯმა გ. მაჭარაძემ რომელი სამშენებლო მასალები შეინახა საცავში და რომელი არა. საერთოდ დაუდგენელი დარჩა ნივთები საიდან იყო მოპარული - საცავიდან, ეზოდან, თუ კორპუსში მიმოფანტული ნივთებიდან. საცავში გ------------------ი არ ყოფილა და ეს დაადასტურა ოდოროლოგიურმა ექსპერტიზის დასკვნამ. ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იბრაგიმოვის მიერ მოპარულ ნივთებზე მისი კვალის არსებობის დადგენა. განსახილველ სს საქმეზე პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა, მაშინ, როდესაც გ------------------ი პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ობიექტი იყო. ასევე, არათანმიმდევრული და საეჭვოა მოწმეების გ--–-----------ისა და გ-------------ის ჩვენებები. ამდენად, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება;
პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენლმა გ--–------------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „მ------–------------–ი“ სამუშაოთა მწარმოებელ მშენებელ-ინჟინერის პოზიციაზე. 2019 წლის თებერვალში მშენებლობას აწარმოებდნენ ნუცუბიძის ფერდობზე, რომელიც უკვე დასრულდა და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. შემთხვევამდე ორი დღით ადრე შეიძინა საღებავები, რომლებიც დაალაგა საწყობში, კარიდან 2-3 მეტრში სიგრძეზე. სულ იყო 12 ახალი და 2 ძველი საღებავი, რომელთაგან გახსნილი იყო დაახლოებით 6 ცალი. 2019 წლის 28 თებერვალს სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელსაწყოები შეინახეს კონტეინერში. მოგვიანებით, დაახლოებით შვიდი საათიდან, რვის ნახევრამდე შუალედში დაუკავშირდა დარაჯი გ-------------ე და აცნობა, რომ სამშენებლო ობიექტიდან სარემონტო ხელსაწყოები დაიკარგა. დაახლოებით 10 წუთში მივიდა ობიექტზე, რომლის უკანა მხარეს, საწყობებთან დაინახა თეთრი ფერის რუსული წარმოების ავტომანქანა „ვაზ 21 01“. შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ახლოს არ მიუშვეს. მან მანქანიდან დაახლოებით 10 მეტრში დაინახა სადენები, ე.წ. „პერფერატორი“, ე.წ. „ბარლგალკა“ და ე.წ. „პერფერატორის“ ტარი. გ--–------------მ დაადასტურა, რომ აღნიშნულ ობიექტზე საწყობის სახით ჰქონდათ კონტეინერი, სადაც ინახავდნენ ძვირადღირებულ სამშენებლო მასალებს. კონტეინერის კარი იკეტებოდა ბოქლომით და გასაღებს აბარებდნენ დარაჯს. იგი პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა საწყობში, რა დროსაც დაინახა, რომ კარები იყო ღია მდგომარეობაში, ბოქლომი კვლავ ეკეთა თუ არა, ყურადღება არ მიუქცევია. საწყობში არ დახვდა ერთი დიდი ე.წ. „პერფერატორი“, დიდი ე.წ. „ბარგალკა“, ერთი პატარა ე.წ. „პერფერატორი“ და სხვადასხვა ნივთები. ასევე აღმოჩნდა, რომ დაკარგული იყო ორი საღებავი. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისი ოქმების სისწორე და დამატებით აღნიშნა, რომ მან ამოიცნო ე.წ. „პერფერატორი“ და ე.წ. „ბარგალკა,“ რომელსაც ეწერა „ზაზა.“ მისი განმარტებით, ბრალდებულის ქმედების შედეგად შპს „მონოლითი ჯგუფს“ შესაძლოა მისდგომოდა 1800 ლარამდე ოდენობის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ქ.თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ, 19ა კორპუსში მდებარე შპს „მონოლით ჯგუფში“ დარაჯის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ობიექტის მეთვალყურეობა. იგი ღამის განმავლობაში 18:00 საათიდან - 09:00 საათამდე იმყოფება ობიექტზე. საწყობიდან ხელოსნებს დილით გააქვთ სამუშაო იარაღები, ხოლო საღამოს მას აბარებენ. 2019 წლის 28 თებერვალს, შვიდის ნახევრიდან შვიდ საათამდე შუალედში გაიგონა პოლიციის მანქანის საყვირების ხმა და მანქანის შუქი მოხვდა ფანჯარას, რის გამოც გამოვიდა გარეთ. მან დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ შავებში ჩაცმული მამაკაცი. თეთრი ფერის ავტომანქანა „ვაზ 21 01“ გაჩერებული იყო წინა მხრით მათი შენობის მიმართულებით. პოლიციის თანამშრომლებმა არ მიუშვეს ახლოს, იდგა დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით, საიდანაც დაინახა, რომ გაჩერებულ მანქანასთან ახლოს ელაგა ხელსაწყოები და საღებავი. გ-------------ემ განმარტა, რომ შპს „მონოლით ჯგუფის“ საწყობი მდებარეობს მშენებარე კორპუსის მინუს მეორე სართულზე, სადაც ინახავენ სამუშაო იარაღებს და სამშენებლო მასალებს. იგი შევიდა საწყობში, რომელიც იყო გატეხილი. კერძოდ, რაზეც ბოქლომი მაგრდება, ის სამაგრი იყო გამომძვრალი, ბოქლომი არ იყო გატეხილი. შემთხვევამდე თავად შეიტანა ხელსაწყოები საწყობში, ჩაკეტა საწყობი და შემდეგ ავიდა სამსახურში მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მომხდარი ფაქტის თაობაზე შეატყობინა ობიექტის ზედამხედველს - გ--–------------ს, რომელიც ნახევარ საათში მივიდა ობიექტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–--მა განაცხადა, რომ შემთხვევის პერიოდში მუშაობდა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ.თბილისში, ნ--–------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა მოქალაქე - გ------------------ი მისი კუთვნილი ავტომობილით - „ვაზ 2101“-ით, სახელმწიფო ნომრით „A------“, რომელიც ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა შპს „მონოლითი ჯგუფის“ სამშენებლო ხელსაწყოებს. ინფორმაციის თანახმად, ნივთების ნახევარი გ------------------ს უკვე ჩალაგებული ჰქონდა ავტომობილში. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------–---მ განაცხადა, რომ მუშაობდა შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 თებერვალს მიღებული შეტყობინების საფუძველზე თანამშრომელ ჯ-------------–თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ღობიდან დაახლოებით 5 მეტრში დაინახეს გ------------------ი, რომელიც მის მფლობელობაში არსებული თეთრი ფერის ავტომობილში - „ვაზ 21 01“ ალაგებდა ნივთებს. თანამშრომლებთან ერთად მიუახლოვდა ბრალდებულს, მოახდინეს იდენტიფიცირება და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მათთვის გ------------------ისგან ცნობილი გახდა, რომ საუბრობდა ქართულ ენაზე, თუმცა არ იცოდა წერა-კითხვა, რის გამოც გამომძიებელმა გამოიძახა თარჯიმანი. ამ უკანასკნელის მისვლის შემდეგ გ------------------ს გააცნეს დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის შესახებ და ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა ელ. სადენების საჭრელი და ქანჩი. ავტომობილის უკანა მხრიდან ამოღებული იქნა ე.წ. „პერფერატორი“, ე.წ. „ბარგაკლა“ და დიდი საღებავების სათლი. ავტომანქანის საბარგულთან მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა საღებავების სათლი, ელექტრო კაბელები დაახლოებით 4 შეკვრა და ერთი დამაგრძელებელი, ხოლო ავტომანქანის მარცხენა მხარეს, საბურავის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ე.წ. „პერფერატორი“ და ე.წ. „ბარგაკლა“. ამოღებული ნივთები დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ბრალდებულმა ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. ასევე მოხდა გ------------------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ამოღება და მისი ბრალდებულის სახით დაკავება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ-------------–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებელებმა - თ-------–---–--------------------------მ, ასევე ექსპერტებმა - კ-------------------------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, შესაბამისი ოქმების სისწორე და ავთენტურობა.
გ------------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 05:30 საათზე გამოვიდა სახლიდან, მოკლე გზით მიდიოდა ქ.თბილისში, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, რათა გადასულიყო სოფელ თხინვალაში მიწის ჩამოსატანად. იგი ყოველკვირა მიდიოდა სოფელში და 100 ტომარა მიწა მოჰქონდა თითო ჩასვლაზე. სახლიდან გამოსვლის შემდეგ შენიშნა პოლიციის ავტომანქანის შუქი, რომელიც აედევნა და გარკვეული პერიოდი მიყვებოდა, მოსახვევში ერთი პოლიციის მანქანა ჩაუდგა წინ, ხოლო მეორე - უკან და გააჩერებინეს მანქანა. პოლიციის ავტომანქანებიდან გადმოვიდა დაახლოებით 7-8 პირი, რომელთაგან მხოლოდ ერთს ეცვა ფორმა. ამ უკანასკნელს მანამდეც იცნობდა, მაგრამ მისი ვინაობა არ იცის. თავდაპირველად მიუახლოვდა ერთ-ერთი მათგანი, განუმარტა, რომ პოლიციის უფროსი იყო, რასაც ეტყოდა, ის უნდა გაეკეთებინა და უნდა ეღიარებინა დანაშაული. შემდეგ ერთი თანამშრომელი ჩაჯდა მის მანქანაში, რომელიც უკუსვლით წაიყვანა 50 მეტრის მანძილზე და შეიყვანა სიბნელეში მდებარე პარკში. პოლიციის უფროსი ეუბნებოდა სათვალიან თანამშრომელს, რომ „ყველა შემთხვევაში უნდა ვაღიარებინოთო.“ ამ დროს ჩაარტყეს თავში და ჩასვეს პოლიციის წინა მანქანაში, რომელშიც იჯდა მძღოლი, ერთი პოლიციის თანამშრომელი ჩაჯდა წინ, ხოლო მეორე - უკან. მიიყვანეს მის ავტომანქანასთან, რომლის წინა კარი იყო ღია, ხოლო საბარგულს ვერ აღებდნენ, რადგან ქვემოდან აქვს გასახსნელი. გადმოიყვანეს და უთხრეს გაეღო საბარგული, რაზეც უარი უთხრა. ამის გამო პოლიციის თანამშრომლებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთი ურტყამდა თავის არეში. დარტყმების შედეგად შეუძლოდ გახდა და ძირს მუხლებზე დაეცა. მისმა ნაცნობმა პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ „ავადმყოფია და არ მოკვდესო,“ რის გამოც დაალევინეს წყალი და მიაწოდეს სიგარეტი. პოლიციის თანამშრომლებმა გაიკეთეს ხელთათმანები, მისი მანქანის საბარგულიდან ამოყარეს მისი მწვანე ფერის ტომრები და საბარგულში ჩაალაგეს ე.წ. „ბარგალკა“, ე.წ. „პერფერატორი,“ ე.წ. „დრელი“ და ყვითელი ფერის საღებავის სათლები. აღნიშნულ ნივთებს გადაუღეს სურათები, შემდეგ ისევ გადმოალაგეს და ჩაალაგეს დარაჯის მიერ მიტანილ და მის მიერ შეძენილ ტომრებში. მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ პოლიციის განყოფილებაშიც, ეუბნებოდნენ რაღაც დოკუმენტებზე მოეწერა ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ შვილის, ძმის და შვილიშვილის დაიჭერით. გ------------------ის განმარტებით, მისდამი სამართალდამცავების ინტერესს უკავშირებს მის საქმიანობას, კერძოდ განმარტავს, რომ იმ ადგილზე, სადაც თვითონ ყიდდა მიწას, სავაჭრო საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული იყო ერთ-ერთი სამართალდამცავის მამა, რომელთანაც გარკვეული პერიოდით ადრე ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა და ეს უკანასკნელი დაემუქრა.
2019 წლის 28 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გაჩხრეკილი იქნა გ------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი ელსადენების საჭრელი ხელსაწყო, 1 ცალი 19 მმ დიამეტრის მქონე ქანჩი, ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მომწვანო ფერის „BOSCH ASHIIE“ ფირმის ე.წ. „პერფერატორი,“ მასზე არსებული ელსადენით და მეტალის დეტალით, 1 ცალი „CROWN“ ფირმის ე.წ. „ბარგალკა“, მასზე არსებული ელსადენით და საჭრელი ქვით. ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი გაუხსნელი, „AIPina“-ს ფირმის საღებავი, მასში არსებული სითხით. ავტომანქანის უკანა საბარგულთან ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი გაუხსნელი „AIPina“-ს ფირმის საღებავი, მასში არსებული სითხით. ავტომანქანის უკანა მარცხენა საბურავთან ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი შეკვრა ელსადენი ე.წ. „დამაგრძელებელი“, ერთი შეკვრა ოთხ წვერიანი შავი ფერის ელსადენი, ერთი შეკვრა ოთხ წვერიანი მოშავო ფერის ელსადენი, დიდი ზომის შავი ფერის ოთხ წვერიანი ელსადენი, რომლებიც ერთად მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში. ავტომანქანის უკანა მარცხენა საბურავის ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოწითალო მოვერცხლისფრო ფერის ე.წ. „პერფერატორი“, მასზე არსებული ელსადენით და მეტალის დეტალით, რომლის ზედაპირზე იკითხება წარწერა „MATRIX EHD 1250-30 Bohrhammer“ 1 ცალი მოშავო ფერის „STERN“-ის ფირმის ე.წ. „ბარგალკა“, მასზე არსებული ელსადენით და საჭრელი ქვით, რომლებიც ერთად მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში.
2019 წლის 28 თებერვლის ამოღების ოქმის თანახმად, გ------------------ისგან ამოღებული იქნა ავტომანქანა „ვაზ 2101“ სახელმწიფო ნომრით „A------“ და ორი გასაღები.
2019 წლის 28 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ქ-------–--–------–------------------------------------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსის მინუს მე-2 სართულზე განთავსებული სათავსო. სათავსოს კარი არის ღია მდგომარეობაში, კარებზე მოტეხილია ერთი ცალი მოსაჭიდებელი, რის გამოც ბოქლომი არის ჩაკეტილი ერთ მოსაჭიდებელზე, ბოქლომს ვიზუალური დათვალიერებით რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. აღნიშნულ სათავსოში განთავსებული სხვადასხვა დასახელების სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნივთები.
2019 წლის 28 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სამშენებლო ხელსაწყოები, კერძოდ: ერთი ცალი ე.წ. „ბარგალკა“ და ერთი ცალი ე.წ. „პერფერატორი.“ სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა“ არის მუქი ფერის, რომლის თავზე შეინიშნება ვერცხლისფერი დეტალი, ე.წ. „ბარგალკაზე“ მიერთებული შავი ფერის ელ. სადენი, ასევე ე.წ. „ბარგალკაზე“ დამაგრებულია საჭრელი ქვა, რომელსაც გააჩნია შავი ფერის მეტალის დამცავი. ე.წ. „ბარგალკაზე“ დაკრულია ორი ცალი წითელი ფერის სტიკერები, სადაც იკითხება „PERFORMANCE STERN PRAG125-1“, ე.წ. „ბარგალკაზე“ არსებულ მეორე სტიკერზე იკითხება ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, კერძოდ: 2-----------------------------------------------------------–-------------------------------------“. ამით ე.წ. „ბარგალკის“ დათვალიერება დასრულდა, იგი გამზადდა მსგავს ე.წ. „ბარგალკებთან“ ერთად ამოსაცნობად. სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“ არის მოწითალო მოვერცხლისფრო ფერის, საშუალო ზომის, რომელსაც გააჩნია ერთი ცალი მოწითალო ფერის სახელური, რომელიც მიერთებულია უკანა მხარეს, ასევე გააჩნია შავი ფერის სახელური, რომელიც მიერთებულია წინა მხარეს, ე.წ. „პერფერატორზე“ ასევე მიერთებულია შავი ფერის ელ. სადენი. ე.წ. „პერფერატორზე“ დაკრულია სტიკერი, რომელზეც იკითხება მწარმოებელი ფირმა „MATRIX“, ასევე იკითხება სერიული ნომერი „1------------“. ამით სამშენებლო ხელსაწყოს ე.წ. „პერფერატორის“ დათვალიერება დასრულდა, იგი გამზადდა მსგავს ე.წ. „პერფერატორებთან“ ერთად ამოსაცნობად.
2019 წლის 28 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „ბარგალკიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „ბარგალკა“. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „ბარგალკა“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, საჭრელ ქვაზე დამაგრებული დამცავით, ელ. სადენით, ე.წ. „ბარგალკაზე“ დაკრული სტიკერების ფერით, ფორმით და მათი ე.წ. „ბარგალკაზე“ ადგილმდებარეობით, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო - ე.წ. „ბარგალკა“.
2019 წლის 28 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „პერფერატორიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „პერფერატორი“. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „პერფერატორი“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, სახელურებით, ელ. სადენით, ე.წ. „პერფერატორზე“ დაკრული სტიკერების ფერით, ფორმით, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“.
2019 წლის 1 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა სამშენებლო ხელსაწყოები, კერძოდ: ერთი ცალი ე.წ. „ბარგალკა“ და ერთი ცალი ე.წ. „პერფერატორი,“ ქანჩი და ელ. სადენების მჭრელი ხელსაწყო. სამშენებლო ხელსაწყო ე.წ „პერფერატორი“ არის მუქი მწვანე ფერის, დიდი ზომის, რომელსაც გააჩნია ერთი ცალი დიდი ზომის შავი ფერის სახელური, რომელიც მიერთებულია უკანა მხარეს. ე.წ „პერფერატორზე“ ასევე მიერთებულია შავი ფერის ელ. სადენი. ე.წ. „პერფერატორზე,“ როგორც მარცხენა გვერდზე, ასევე მარჯვენა გვერდზე იკითხება წითელი ფერის წარწერა, მწარმოებელი ფირმის დასახელები „BOSCH“, ასევე ორივე გერდზე იკითხება თეთრი ფერის წარწერები „GSH 11 E“, ე.წ. „პერფერატორის“ წინა მხარეს დაკრულია შავი ფერის სტიკერი, სადაც იკითხება მწარმოებელი ფირმა და ტექნიკური მახასიათებლები, ე.წ. „პერფერატორს“ მარცხენა გვერდზე უკანა მხარეს გააჩნია შავი ფერის მარეგულირებელი პლასტმასის დეტალი, რომელზეც შეინიშნება რიცხვები. ე.წ. „პერფერატორს“ ასევე გააჩნია საბურღი მეტალის დეტალი. აღნიშნული ე.წ. „პერფერატორი“ მსგავს ე.წ. „პერფერატორებთან“ ერთად გამზადდა ამოსაცნობად. სამშენებლო ხელსაწყო ე.წ „ბარგალკა,“ არის მოყავისფრო ფერის, დიდი ზომის, რომელსაც სახელურზე დაკრული აქვს შავი ფერის რეზინა, ე.წ. „ბარგალკას“ წინა მარცხენა მხარეს გააჩნია შავი ფერის პლასტმასის სახელური, რომელზეც წითელ ფერში, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა იკითხება ლათინური წარწერა „CROWN“, ე.წ. „ბარგალკას“ გააჩნია შავი ფერის ელ. სადენი, ასევე ე.წ. „ბარგალკის“ როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს წითელ ფერში იკითხება ლათინურად წარწერა „CROWN“, ე.წ. „ბარგალკაზე“ დაკრულია მუქი ფერის სტიკერი, სადაც იკითხება მწარმოებელი ფირმის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლები, ე.წ. „ბარგალკის“ მარცხენა გვერდზე შავი ფერის საღებავით გაკეთებულია ქართულ ენოვანი წარწერა „ზაზა“. ბარგალკას გააჩნია საჭრელი ქვა დამცავთან ერთად. აღნიშნული ე.წ. „ბარგალკა“ მსგავს ე.წ. „ბარგალკებთან“ ერთად გამზადდა ამოსაცნობად. ერთი ცალი მეტალის ქანჩი არის დიდი ზომის მუქი ფერის, ერთი ცალი ელ. სადენების საჭრელის არის მუქი ფერის დიდი ზომის.
2019 წლის 1 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „პერფერატორიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „პერფერატორი“. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „პერფერატორი“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, სახელურის ფორმით, ელ. სადენით, ე.წ. „პერფერატორზე“ დაკრული სტიკერის ფერით და ფორმით, ე.წ. „პერფერატორზე“ არსებული შავი ფერის მარეგულირებელი პლასტმასის დეტალით, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“.
2019 წლის 1 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „ბარგალკიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „ბარგალკა“. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „ბარგალკა“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, სახელურზე დაკრული შავი ფერის რეზინით, ელ. სადენით, ე.წ. „ბარგალკაზე“ გაკეთებული შავი ფერის ქართულენოვანი წარწერით „ზაზა“, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ „ბარგალკა“.
2019 წლის 14 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გახსნილი და დათვალიერებული იქნა: ერთი ცალი 8 მეტრი სიგრძის მქონე, შავი ფერის, დიდი ზომის, მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი, რომელსაც გარედან გააჩნია შავი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, ხოლო შიგნით გააჩნია თეთრი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, რომლის შიგნით მოთავსებულია ოთხი ცალი მოშავო ფერის, მოლურჯო ფერის, მოყავისფრო ფერის და მონაცრისფრო ფერის მრავალ წვერიანი სპილენძის სადენები; ერთი ცალი 20 მეტრი სიგრძის მქონე, შავი ფერის, საშუალო ზომის, ელექტრო კაბელი, რომელსაც გარედან გააჩნია შავი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, ხოლო შიგნით მოთავსებულია ოთხი ცალი: ორი ცალი შავი ფერის, ერთი ცალი მოცისფრო ფერის და ერთი ცალი მოყავისფრო ფერის მრავალწვერიანი სადენები, რომელთა ბოლოებზეც დახვეულია მომწვანო ფერის იზოლაციის ლენტი; ერთი ცალი 18 მეტრი სიგრძის მქონე, შავი ფერის, საშუალო ზომის ელექტრო კაბელი, რომელსაც გარედან გააჩნია შავი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, ხოლო შიგნით მოთავსებულია ოთხი ცალი: ორი ცალი შავი ფერის, ერთი ცალი მოცისფრო ფერის და ერთი ცალი მოყავისფრო ფერის მრავალწვერიანი სადენები; ერთი ცალი 24 მეტრი სიგრძის მქონე მოთეთრო ფერის ელ. სადენი ე.წ „დამაგრძელებელი“, რომელსაც ერთ ბოლოში გააჩნია დიდი ზომის სამ განყოფილებიანი ელექტრო ენერგიის გამანაწილებელი, ხოლო მეორე ბოლოში გააჩნია შავი ფერის, დენის წყაროში შემაერთებელი მოწყობილობა. აღნიშნული ელსადენები და ე.წ. „დამაგრძელებელი“ მსგავს ელ. სადენებთან და დამაგრძელებელთან ერთად გამზადდა ამოსაცნობად.
2019 წლის 14 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, რბილი პლასტმასის გარსებით, მრავალწვერიანი ელ. სადენების ფერით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი; ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, პლასტმასის გარსით, მრავალწვერიანი სადენების ფერით და სადენებზე დახვეული მომწვანო ფერის იზოლაციის ლენტით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი; ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, რბილი პლასტმასის გარსით, მრავალწვერიანი ელ. სადენების ფერით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი; ამომცნობმა პირმა გ--–------------მ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ზომით, სიგრძით, ელექტრო ენერგიის გამანაწილებლით, დენის წყაროში შემაერთებელი მოწყობილობით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი ე.წ. „დამაგრძელებელი“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის #4-------- დასკვნის თანახმად, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ გ------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-----------------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ როგორც მის წინაშე წარდგენილი ქილებიდან ჩანდა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებში იყო სამშენებლო მასალების ნარჩენები, ცემენტი და ა.შ. როდესაც შემთხვევის ადგილი არის დანაგვიანებული სამშენებლო მასალებით, ასეთი ადგილიდან ექსპერტებმა არ უნდა აიღონ ნიმუშები. აღნიშნული არის ხელისშემშლელი პირობები და აქედან გამომდინარე ვერ ამოიცნო ძაღლმა. ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ გ------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა, ცალსახად არ გამორიცხავს იმ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის პირი იმყოფებოდა ან არ იმყოფებოდა იმ ადგილას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით, გ------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი; გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 28 იანვრიდან.
2016 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გ------------------ი შეწყალებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
2017 წლის 6 აპრილის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N0------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, გ------------------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 2 (ორი) თვით და 4 (ოთხი) დღით ადრე. გ------------------ი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2017 წლის 7 აპრილს.
პალატამ გააანალიზა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში შეაფასა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ საქმეზე შეკრებილია იმ აშკარა, სარწმუნო და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც, უტყურად, გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება გ------------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აპელირებს, რომ თითქოს ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე დაედგინა - რა მოიპარა გ------------------მა და საიდან, ნივთები საიდან იყო მოპარული - საცავიდან, ეზოდან, თუ კორპუსში მიმოფანტული ნივთებიდან. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ განვითარებულ პოზიციას და მიუთითებს, რომ შპს „მონოლითი ჯგუფის“ თანამშრომლებმა - გ--–------------მ და გ-------------ემ დეტალურად მოახსენეს სასამართლოს, თუ სად და რა ვითარებაში ინახავდნენ კომპანიის კუთვნილ სამშენებლო მასალებს და ხელსაწყოებს. კერძოდ, გ--–-----------ის განმარტებით, შემთხვევამდე ორი დღით ადრე შეიძინა საღებავები, რომლებიც დაალაგა საწყობში, სულ იყო 12 ახალი და 2 ძველი საღებავი. ასევე, მან და გ-------------ემ იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელსაწყოები ინახებოდა აღნიშნულ საწყობში და ასე მოხდა 2019 წლის 28 თებერვალსაც, ხელსაწყოები გ-------------ემ შეიტანა საწყობში და მისი კარი ბოქლომით დაკეტა, რომლის გასაღებიც ქონდა თავად. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის შემდეგ მათ სამშენებლო ობიექტთან დაინახეს „ვაზ 21 01“ მოდელის ავტომანქანა და მასთან ახლოს არსებული სხვადასხვა ხელსაწყოები, ხოლო როდესაც სამართალდამცავებთან ერთად დაათავლიერეს საწყობი, ნახეს, რომ მისი კარი იყო ღია მდგომარეობაში. გ-------------ის განმარტებით, ბოქლომი არ იყო გატეხილი, თუმცა ბოქლომი რაზეც მაგრდება, ის სამაგრი იყო გამომძვრალი. დაზარალებულის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საწყობში არ დახვდათ ორი ე.წ. „პერფერატორი“, ე.წ. „ბარგალკა“, ორი საღებავი და სხვადასხვა ნივთები, რომელთა საერთო ღირებულებაც იყო 1800 ლარამდე.
პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული კომპანიის თანამშრომელების ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სრულყოფილი, მათში რაიმე სახის წინააღმდეგობები არ არის გამოვლენილი, რის გამოც პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში. ამასთან, გ--–-----------ის და გ-------------ის ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია შემთხვევის ადგილის დათავლიერების ოქმთან და მასში მონაწილე გამომძიებლისა და ექსპერტების ჩვენებებთან, საიდანაც დგინდება, რომ ქ------–--–------–-------------------------------------ში მდებარე მშენებარე კორპუსის მინუს მე-2 სართულზე განთავსებული სათავსოს კარი იყო ღია მდგომარეობაში, მასზე მოტეხილი იყო ერთი ცალი მოსაჭიდებელი, რის გამოც ბოქლომი იყო ჩაკეტილი ერთ მოსაჭიდებელზე, სათავსო გამოიყენებოდა სხვადასხვა სამშენებლო ნივთების შესანახად.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული საცავიდან სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების უშუალოდ გ------------------ის მიერ დაუფლების ფაქტს, სააპელაციო პალატა ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები - გ-----------–--- და ჯ-------------–ი საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად, გარკვევით და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი, რომ ისინი ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ გამოცხადდნენ ქ-------–--–------–-----------------------------------ა კორპუსის მიმდებარედ, სადაც კორპუსის ღობესთან ახლოს დაინახეს, თუ როგორ ალაგებდა ნივთებს გ------------------ი მის მფლობელობაში არსებულ თეთრი ფერის ავტომობილში. სამართალდამცავებმა სრულყოფილად აღწერეს, თუ რა დასახელების ნივთები იქნა ნანახი და ამოღებული აღნიშნული ავტომანქანის წინა და უკანა სალონებიდან, ასევე მის მიმდებარედ ნიადაგის ზედაპირიდან.
სააპელაციო პალატის შეფასებით, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არის დამაჯერებელი და სარწმუნო. მათ წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში, რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.)“. ამდენად, მხოლოდ მათი პროფესიისა და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, დაუშვებელია მოხდეს მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების დისკრედიტაცია და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში გ-----------–---სა და ჯ-------------–ის ჩვენებები სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია მოწმეების გ--–-----------ისა და გ-------------ის ჩვენებებთან და ასევე გამყარებულია საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით.
გ------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი ელსადენების საჭრელი ხელსაწყო, 1 ცალი 19 მმ დიამეტრის მქონე ქანჩი, ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი ე.წ. „პერფერატორი,“ 1 ცალი ე.წ. „ბარგალკა“ და 1 ცალი საღებავის გაუხსნელი სათლი. ასევე, ავტომანქანის უკანა საბარგულთან, ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი საღებავის გაუხსნელი სათლი, ხოლო ავტომანქანის უკანა მარცხენა საბურავთან, ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი შეკვრა ელსადენი ე.წ. „დამაგრძელებელი“, ერთი შეკვრა ოთხ წვერიანი შავი ფერის ელსადენი, ერთი შეკვრა ოთხ წვერიანი მოშავო ფერის ელსადენი, დიდი ზომის შავი ფერის ოთხწვერიანი ელსადენი, ერთი ცალი მოწითალო მოვერცხლისფრო ფერის ე.წ. „პერფერატორი“ და 1 ცალი მოშავო ფერის ე.წ. „ბარგალკა“. ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად დაზარალებული კომპანიის წარმომადგენელმა გ--–------------მ თითეულ შემთხვევაში, მისთვის წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო სწორედ გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ე.წ. „პრეფერატორი, ორი ე.წ. „ბარგალკა“ და ოთხი ელექტრო სადენი, როგორც ის ნივთები, რომლებიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–------------მ დეტალურად მიუთითა იმ მახასიათებლებზე, რომელთა მეშვეობითაც შეძლო შპს „მონოლითი ჯგუფის“ კუთვნილი ნივთების ამოცნობა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებისა და მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს მათი სხვაგვარად შეფასების შესაძლებლობას მისცემდა. სააპელაციო პალატა ვერ გაიზაირებს მსჯავრდებულ გ------------------ის განმარტებას სამართალდამცავების მხრიდან მისდამი დაინტერესების თაობაზე, რომლებმაც თითქოსდა თავად ჩააწყვეს მის ავტომანქანაში დაზარალებულის კუთვნილი და მისი წარმომადგენლის მიერ ამოცნობილი ნივთები, შემდგომ დაასურათეს და განახორციელეს მათი ამოღება. მსჯავრდებულის ხსენებული ვერსია აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. რათქმაუნდა, პალატა მტკიცების ტვირთს არ აკისრებს დაცვის მხარეს და მისგან არ ითხოვს ამტკიცოს მსჯავრდებულის უდანაშაულობა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ხოლო დაცვის მხარე ავითარებს ვერსიას სამართალდამცავების მხრიდან მტკიცებულებების ფალსიფიკაციის თაობაზე მსჯავრდებულისადმი პირადი დაინტერესების გამო, მის მიერ განვითარებული ვერსია გამყარებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი დაცვის მხარის მიერ არ მოხდა არათუ იმ პირების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ პოლიციის რომელიმე თანამშრომლის ან მისი ოჯახის წევრის დაინტერესებას მსჯავრდებულ გ------------------ით და მისი საქმიანობით, არამედ მსგავსი პირების ვინაობის დასახელებაც კი არ მომხდარა სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გ------------------ი გახდა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტი, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს სათანადო რეაგირებას შესაბამისი ორგანოების მხრიდან, თუმცა არ წარმოადგენს მოცემული სს საქმის ფარგლებში განსახილველ საკითხს და სამართალდამცავების მხრიდან გ------------------ის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტი არ გამორიცხავს მის მიერ ბრალად წარდგენილი ქურდობის მცედლობის ჩადენას.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სასამართლოს წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა გ------------------ის შემხებლობას ამოღებულ ნივთებთან, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მსჯავრდებულის სუნის კვალი არ აღმოჩნდა შპს „მონოლითი ჯგუფის“ კუთვნილ საცავში, პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოებები იმთავითვე არ მიანიშნებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის წამოუდგენლობის მიზეზი ბრალდების მხარის განმარტებით არის ის, რომ იგი ჯერ კიდევ არ მიუღიათ შესაბამისი ექსპერტიზის ბიუროდან. რაც შეეხება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მისი ავტორის ჩვენებას. ექსპერტმა ბ-----------------მ დაადასტურა არა იმ ფაქტის კატეგორიული ხასიათი, რომ მსჯავრდებული გ------------------ი არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, არამედ განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული შედეგი - შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სუნის ნიმუშის გ------------------ის სუნის ნიმუშთან არაიდენტურობა არის კატეგორიული ხასიათის. ექსპერტმა ნათლად განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული იქნა დანაგვიანებული ნიმუში, რაც კვლევის ჩატარებისათვის არის ხელისშემშლელი ფაქტორი. ამდენად, ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია გ------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა, არ გამორიცხავს მის ყოფნას შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული ფაქტი დასტურდება არაერთი პირდაპირი ხასიათის ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებით, რომელთა ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
რაც შეეხება გ------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გ------------------მა, იმ პირობებში, როდესაც ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში წინა განაჩენით განსაზღვრული ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, 2019 წლის 28 თებერვალს, უკანონოდ შეაღწია შპს „მონოლითი ჯგუფის“ დაცულ საცავში და სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა იქ არსებულ სხვადასხვა დასახელების სამუშაო ნივთებს, რითაც შპს „მონოლით ჯგუფს“ შესაძლებელია მისდგომოდა 1700 (ათას შვიდასი) ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი.
განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცების სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა იყოს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე. ამასთან, აუცილებელი არაა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ: გ------------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) და განაჩენთა ერთობლიობით, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი.
გ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N0------------ გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის, 2 (ორი) თვის და 4 (ოთხი) დღის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 28 თებერვლიდან.
გ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- „STERN“-ის ფირმის „ბარგალკა“, „MATRIX“-ის ფირმის „პერფერატორი“, „BOSCH“-ის ფირმის „პერფერატორი“, „CROWN“-ის ფირმის „ბარგალკა“, ქანჩი და ელ.სადენების საჭრელი ხელსაწყო, ელ.სადენები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე ორი სათლი „ალპინას“ ფირმის საღებავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც გადაყვანილია ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების ავტოსადგომზე, ასევე ორი გასაღები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, გ------------------ის სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე