განაჩენი

სისხლის სამართლის 27.03.2020
საქმის ნომერი
330100118002523302
ინსტანცია
თარიღი
27.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002523302

საქმე №1ბ/411-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

სხდომის მდივნები - ლელა ბახტაძე, ნადეჟდა მარანელი, გიორგი ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------- ც--–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული: მ-----– მ-----. დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. თ---–--–-------------------------------------ში.

 

ადვოკატები: ს--–------------–---–ი, ი--------------–--ლი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი: მ-----– მ-----მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,2907 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 5 ცალი აბი.

2018 წლის 14 აპრილს თბილისში, რ---------–----------ში (შესასვლელი გ----------------------დან) მდებარე ღამის კლუბ კაფე ,,გ--–----–ი“ მ-----– მ-----მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 5 ცალი აბი 420 ლარად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:

 

მ-----– მ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

მ-----– მ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– მ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

მ-----– მ-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

მ-----– მ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ-----– მ-----ს დაეწყო 2018 წლის 11 მაისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----– მ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–------------–---–მა.

 

ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მ-----– მ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩნის გამოტანა.

 

აპელანტის პოზიციით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა მ-----– მ----ის მიერ ბრალად წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა - საქმეზე შეკრებილი როგორც უდავოდ ცნობილი, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ იძლევა მ-----– მ----ის მსჯავრდების საფუძველს წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგი: პირველი ინსტანციიის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ს---–------ მ------–---–მა განმარტა, რომ არაერთხელ მოუხმარია კლუბური ნარკოტიკი - ექსტაზი და მდმ-ა. მისივე ჩვენებით, კლუბ ,,გ--–---ის" საპირფარეშოში გადასცეს 5 აბი. აბები იყო მოწითალო ფერის და მათზე გამოსახული იყო ხელის მტევანი. ისინი დაუყოვნებლივ მიიტანა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და გადასცა გამომძიებელს. სამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------ თ----------–--ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 აპრილს მის მიერ ამოღებული და დალუქული იქნა 5 ცალი მოწითალო ფერის აბი. ესპერტმა ა-–---------- დ--------ემ კი განმარტა, რომ საექსპერტო კვლევისთვის გამომძიებლისგან მიიღო დალუქული პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა 5 აბი, რაც გამოიკვლია და გასცა დასკვნა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთმკიცებად დართული ამოღებული ნივთირება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნივთიერება წარმოადგენდა ფხვნილს და არა აბებს. ბუნებრივია, მათზე არ იქნებოდა ის გვარეობითი და სახეობითი ნიშნები, რომლებიც მითითებული იქნა ამოღების ოქმში და ექსპერტიზის დასკვნაში. ამიტომ დაცვის მხარე თვლის, რომ შეუძლებელია, გონივრულობის სტანდარტით მოხდეს ამ მტკიცებულების მ-----– მ-----სთან დაკავშირება, ვინაიდან იგი თავისი ნიშან-თვისებებით არ იძლევა მ-----– მ----ის მსჯავრდების საფუძველს. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ შესაძლებელი იყო, კვლევის შედეგად აბებს განეცადა ცვლილება ფხვნილის სახით და მიაჩნია, რომ დაუშვებელია პირის მსჯავრდება დაფუძნებული იყოს ასეთ ვარაუდზე.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ სუბიექტური და არასანდოა საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმე ს---–------ მ------–---–ი, რომელიც მ-----– მ-----ს ამხელს დანაშაულის ჩადენაში. ს---–------ მ------–---–ი თვითონაა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და გამსაღებელი და შესაძლოა, თვითონ გააჩნდეს მოტივაცია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევისა, რაც აიძულებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მას ნარკოტიკული საშუალება საერთოდ არ შეუძენია მ-----– მ----ისგან ან რაც გადასცეს, არ ყოფილა ნარკოტიკი. შემდეგ კი გამომძიებელს გადასცა სრულიად სხვა ვითარებაში შეძენილი ნარკოტიკი, რომელზედაც განაცხადა, რომ თითქოს იგი მ-----– მ----ისაგან შეიძინა.

 

ადვოკატმა ი--------------–--ლმა გაიზიარა ადვოკატ სალომე ჯნუაშვილის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხვნა, და როგორც შესავალ, ისე დასკვნით სიტყვებში მოითხოვა მ-----– მ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

მსჯავრდებული მ-----– მ----- დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა მ-----– მ----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში. ბრალდების მხარის პოზიციით საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისია მ-----– მ----ის მიმართ გამამტყუნრებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე kuznecov v.russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის ¹397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმების შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ-----– მ----ის მიერ ბრალად შერაცხული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, რომ მ-----– მ----ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც მათ პალატა ვერ გაიზიარებს

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მიჩნეული იქნა უდავოდ და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული. მოწმის სახით დაკითხული იქნენ ს---–------ მ------–---–ი, გ------ თ---------–--ე და ა-–---------- დ--------ე. ასევე გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ს---–------ მ------–---–მა აჩვენა შემდეგი: ახლობელ ქ---- მ---------ისგან დაახლოებით 1 წლის წინ გაიცნო მ-----– მ-----, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს ძირითადად ღამის კლუბებში ხვდებოდნენ. ს---–------ მ------–---–ი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია. კლუბებში ყოფნისას სხვადასხვა პირებისგან, მათ შორის, ქ---- მ---------ისგან და მ-----– მ----ისგან მოხმარების მიზნით ყიდულობდა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკულ საშუალებას - ექსტაზს და მდმა-ს. იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც განაცხადა, რომ მზად იყო, გამოძიებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორების შესახებ, ასევე ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და მონაწილეობას მიიღებდა ნარკოგამსაღებლების გამოსავლენად ჩატარებულ ოპერატიულ ღონისძიებებში. ამ მიზნით გამომძიებელმა გ------ თ----------–--ემ გადასცა 500 ლარი და აღჭურვა აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც კაფე ,,გ--–----–ი“ მ-----– მ-----ს შეუთანხმდა, რომ მისგან შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალებას და ამისათვის გადასცა 420 ლარი, ასევე - ტაქსის ფული. მ-----– მ----- შეპირდა, რომ მიუტანდა ხარისხიან ნარკოტიკულ საშუალებას - 5 აბ მდმა-ს. შეთანხმებისამებრ მ-----– მ-----მ კაფე ,,გ--–---ის“ საპირფარეშოში გადასცა 5 აბი მდმა. აბები იყო მოწითალო ფერის და მასზე გამოსახული იყო ხელის მტევანი. ს---–------ მ------–---–მა მისთვის აბების გადაცემისთანავე დატოვა კლუბი და მივიდა რუსთაველის 34-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გამომძიებელ გ------ თ----------–--ესთან, რომელმაც მისგან ამოიღო და დალუქა აბები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწის სახით დაკითხულმა გ------ თ----------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლად. 2018 წლის 21 მარტს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტებთან დაკავშირებით. მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ვინმე ს---–------ მ------–---–ი იცნობდა ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს. ამიტომ იგი გამოიკითხა მოწმის სახით. გამოკითხვისას მოწმემ გამოთქვა თანხმობა, მონაწილეობა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. 2018 წლის 14 აპრილს ს---–------ მ------–---–ს საკონტროლო შესყიდვისთვის გადაეცა ფულადი თანხა - 500 ლარი, აღიჭურვა აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით წავიდა კაფე ,,გ--–----–ი“. გამომძიებელი მასზე ახორციელებდა ვიზუალურ კონტროლს. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ ს---–------ მ------–---–ი შეხვდა თბილისში, რ---------–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და წარუდგინა შესყიდული მოვარდისფრო ფერის 5 ცალი აბი პაკეტში, რაც გ------ თ----------–--ემ ამოიღო და დალუქა მისივე თანდასწრებით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- დ--------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 14 აპრილს გაცემული დასკვნის შინაარსი, რომლის თანახმადაც: უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, კუსტარული წესით დამზადებული, მოწითალო-ნარინჯისფერი (თეთრი ჩანართებით), მრგვალი ფორმის, ცალ ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით ხუთი ცალი აბი, საერთო წონით 1,4535 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 0,2907 გრამის ოდენობით. მოწმემ განმარტა, რომ ნივთიერებები დალუქული სახით იყო წარდგენილი. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევას არ ჩაატარებდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება. გამოკვლევისას დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შესაფუთი მასალის გახსნისას მასში აღმოჩნდა ფხვნილისებრი ნივთიერება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატამ იმსჯელა მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, რომ არ არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების) ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, აგრეთვე პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით, რაზედაც მხარეები შეთანხმდენენ, პალატას დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელმა ს---–------ მ------–---–მა გამოთქვა მზადყოფნა, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის გამოსავლენად ეთანამშრომლა საგამოძიებო ორგანოსთ და მონაწილეობა მიეღო შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში. ამ მიზნით მას გადაეცა 500 ლარი და აღიჭურვა სათანდო აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით, რის შემდეგაც შეუთანხმდა მ-----– მ-----ს, რომ მისგან შეიძენდა ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა"-ს, რისთვისაც გადაუხადა 420 ლარი და გადასცა ტაქსის ფული. მ-----– მ-----მ კაფე-ბარ ,,გ--–---ის" საპირფარეშოში ს---–------ მ------–---–ს გადასცა 5 ცალი მოწითალო ფერის ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა", რაც ს---–------ მ------–---–მა გადასცა გამომძიებელ გ------ თ----------–--ეს. ამ უკანასკნელმა კი ს---–------ მ------–---–ის თვალწინ დალუქა გადაცემული ნივთიერება.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია არა მხოლოდ ს---–------ მ------–---–ისა და გ------ თ----------–--ის ჩვებებებით, არამედ - ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩაწერის, საკონტროლო შესყიდის დროს განხორცილებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და ჰაბიდოსკოპიური ექსპეტიზის დასკვნით, ასევე - ს---–------ მ------–---–თან ჩატარებული ამოღების, ჩხრეკის, ამოღებული ნივთიერების დალუქვის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, მისი გამცემი ექსპერტის ა-–---------- დ--------ის ჩვენებით. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ნივთიერი მტკიცებულების ავთენტიკურობასტან დაკავშირებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობა და მათ შორის ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წარმოშობით, ისე აღმოჩენის ადგილით, დროით და ნიშან-თვისებებით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან. კერძოდ, ს---–------ მ------–---–მა დაადასტურა მ-----– მ----ისგან ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის ფაქტი, რაც ასევე ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე. გამომძიებელმა გ------ თ----------–--ემ დაადასტურა, რომ ს---–------ მ------–---–ის მიერ წარმოდგენილი ნივთიერება 5 ცალი მოწითალო ფერის აბი მის თვალწინვე დალუქა, ხოლო ექსპერტმა ა-–---------- დ--------ემ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთიერება იყო დალუქული და გახსნისას აღმოჩნდა 5 ცალი მოწითალო ფერის აბი. ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ იგი წარმოადგენს 0,2907 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს).

 

პალატა მიუთითებს, რომ სახეზე არ არის აპელანტის მიერ გამოთქმული მოსაზრების გაზიარების საფუძველი ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამოღების ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული აბების ნაცვლად სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევისას დალუქულ პაკეტში აღმოჩნდა ფხვნილი. საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ნივთიერი მტკიცებულება სათანადო წესით იქნა დალუქული მისი ამოღებისას. ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას ნივთმტკიცება წარედგინა ასევე დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსერტიზის ჩატარების შემდეგ კი ნივთმტკიცება ისევ დაილუქა. აღნიშნული დადასტურდა სასამართლო სხდომაზე ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას. აპელანტის მიერ გამოთქმული ეჭვის თანახმად სწორედ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ უნდა ყოფილიყო დაშვებული შეცდომა, რომლის შედეგადაც აბების ნაცვლად შეიფუთა ფხვნილი. თუმცა ეს მხოლოდ დაცვის მოსაზრებაა და იგი რაიმე არგუმენტით არ დასტურდება. თუ რას შეეძლო, გამოეწვია ნარკოტიკული საშუალების კონსისტენციის შეცვლა, ამის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეების მიერ ექსპერტისათვის კითხვა არ დასმულა, თუმცა პალატა ყურადღებას გაამახვილებს ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე, სადაც მითითებულია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი იქნა კუსტარულად დამზადებული ხუთი აბი. სწორედ აბების კუსტარული წესით დამზადების გამო პალატას არ აქვს საფუძველი, დადგენილად მიიჩნიოს, რომ აბების დამზადებისას აუცილებლად დაცული იქნებოდა ის ფარმაცევტული ტექნოლოგია და სტანდარტი, რაც განაპირობებს აბის სიმტკიცეს და უზრუნველყოფს მისი ფორმის, მთლიანობისა და კონსისტენციის შენარჩუნებას. ასევე პალატას არ აქვს ინფორმაცია, უნდა ინარჩუნებდეს თუ არა ამ თვისებებს აბი მისი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგაც და რამდენი იყო ეს ვადა გამოკვლეული აბებისთვის, თუკი მათ ასეთი საერთოდ გააჩნდათ. ექსპერტისთვის მხარეებს ასევე არ დაუსვამთ კითხვა, რა ზეგავლენას მოახდენდა აბებზე მისი ქიმიური გამოკვლევა და ხომ არ გამოიწვევდა იგი მის ფხვნილად ქცევას. აქედან გამომდინარე, სახეზე არსებული მოცემულობის გათვალისწინებით - რომ უტყუარად დადგინდა ნივთიერი მტკიცებილების დალუქვის წესის დაცვა მისი ამოღებისას და საექსპერტო კვლევის დასრულების შემდეგ, პალატა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მის ავთენტიკურობას მხოლოდდამხოლოდ ადვოკატის გამოთქმული დაუსაბუთებელი ვარაუდის საფუძველზე, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ნივთმტკიცების შეცვლას.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მოსაზრებას, რომ ს---–------ მ------–---–ი შესაძლოა, განგებ ამხელდეს მ-----– მ-----ს დანაშაულის ჩადენაში და სინამდვილეში გამომძიებლისათვის გადაცემული ნივთიერება მისგან არ შეუძენია. აღნიშნულის საპირისპიროდ პალატა უთითებს ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოფაილებში დაფიქსირებული პიროვნება სწორედ მ-----– მ-----ა. ასევე ს---–------ მ------–---–ის ჩვენების უტყუარობა მ-----– მ----ისგან ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის შესახებ დადასტურებულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერით, რომელშიც მ-----– მ----- ს---–------ მ------–---–ის კითხვაზე - „იმენნა ემდეემებია?“, პასუხობს: „კი, ემდეემებია“. ამდენად საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ს---–------ მ------–---–მა ნარკოტიკული საშუალება სწორედ მ-----– მ----ისაგან შეიძინა.

 

პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს დაცვის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ს---–------ მ------–---–ი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია (რასაც არ უარყოფს თვითონ მოწმეც), მას შესაძლოა, გააჩნდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიში, რაც აიძულებს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იმისათვის, რომ მისი თანამშრომლობა „შედეგიანი“ აღმოჩნდეს, მ-----– მ-----ს ამხელდეს იმ დანაშაულში, რომელიც ამ უკანასკნელს სინამდვილეში არ ჩაუდენია. პალატა ს---–------ მ------–---–ის ცხოვრების წესის გათვალისწინებით არ გამორიცხავს, რომ მას მართლაც თავისი სურვილის წინააღმდეგ უხდებოდეს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გამოირიცხა ყოველგვარი ეჭვი მ-----– მ----ის მიერ არწერილი დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, ასევე გამოირიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მ-----– მ----ის მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის პროვოცირებას.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ს---–------ მ------–---–ის თანამშროლობა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების პირობებში საკონტროლო შესყიდვის განხორციელება მოცემულ შემთხვევაში სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია, ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას, პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).

 

სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ მ-----– მ----- აბსოლუტურად ნებაყოფლობით, მომზადებული ხვდება ს---–------ მ------–---–ს, იღებს ფულად თანხას, ხოლო სანაცვლოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ მ-----– მ----- ყოყმანობს, ჩაიდინოს თუ არა დანაშაული. პირიქით, იგი მომზადებული მიდის ს---–------ მ------–---–თან შეხვედრაზე, ესაუბრება ნარკოტიკების საკითხზე, არწმუნებს მას პროდუქტის ხარისხსა და ნამდვილობაში და გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას. ს---–------ მ------–---–ი არის არსებითად პასიური და მის მოქმედებებში რაიმე ფორმით არ შეინიშნება იძულების, დაყოლიების, თავის შეცოდების მცდელობა, რაც მ-----– მ-----ს უბიძგებდა (წააქეზებდა) დანაშაულის ჩადენისაკენ. საგამოძიებო ორგანოების მოქმედებებიც შეესაბამება ევროპული სასამართლოს სტანდარტებს, ვინაიდან გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც შეეხებოდა ღამის კლუბებში ნარკოტიკების გასაღებას და მხოლოდ გამოძიების დაწყების შემდეგ იქნა მიღებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მ-----– მ----ის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობდა ს---–------ მ------–---–ი, რომლის გამოკითხვის შემდეგ მისი ნებით დაიგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ის გარემოება, რომ მ-----– მ----- ჩართული იყო დანაშაულებრივ (ნარკოტიკულ) საქმიანობაში, დაადასტურა მოწმე ს---–------ მ------–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ წარსულშიც არაერთხელ შეუძენია ამ უკანასკნელისგან ნარკოტიკი. ამდენად, საგამოძიებო ორგანოები შემოიფარგლნენ მხოლოდ დანაშაულის პასიური გამოძიებით და მიუერთდნენ დაწყებულ დანაშაულს, რაც სრულად შეესაბამება დანაშაულის წაქეზების საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ, რომელიც ითხოვს მ-----– მ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ-----– მ----ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის (უდანაშაულობის) და მისი გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა დიდიოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. ეს ხერხებია: გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება, ვალის გადახდა (პირს ემართა სხვისი ფული და კრედიტორს ფულის ნაცვლად ვალში მისცა ნარკოტიკული საშუალება). ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია, რომელშიც შედის მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ჩადენა დიდი ოდენობით.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ მ-----– მ-----მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,2907 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 5 ცალი აბი. 2018 წლის 14 აპრილს თბილისში, რ---------–----------ში (შესასვლელი გ----------------------დან) მდებარე ღამის კლუბ კაფე ,,გ--–----–ი“ მ-----– მ-----მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 5 ცალი აბი 420 ლარად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე. ამდენად, მ-----– მ----ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ-----– მ----ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----– მ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, რითიც მსჯავრი დაედო მ-----– მ-----ს, უალტერნატივოდ ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 

სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მ-----– მ----ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - დამნაშავის მყარ სურვილს, ჩაიდინოს დანაშაული, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას - ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ერთობლიობა, ამასთან, ნარკოტიკების გასაღება მოხდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - ღამის კლუბში, რაც მიუთითებს მართლწესრიგის უგულებელყოფის მაღალ ხარისხზე, ამოღებული ნარკოტიკის სახეობას, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას (საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების საფუძველს არ იძლევა) და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული კრიტერიუმებით სასჯელის განსაზღვრას და მიიჩნევს, რომ მ-----– მ-----ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ექვსი წლით ტავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - რვა წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

6 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

მ-----– მ----ის ნერწყვის ნიმუში, მ-----– მ-----სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,აიპადი“ და სატენი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-----– მ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ს--–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----– მ----ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

მ-----– მ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----– მ-----ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

მ-----– მ-----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----– მ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

მ-----– მ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 11 მაისიდან.

 

ნივთმტკიცება:

 

6 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

მ-----– მ----ის ნერწყვის ნიმუში, მ-----– მ-----სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,აიპადი“ და სატენი, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

მ-----– მ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მაია თეთრაული