განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210119002830988
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/9213-19
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ლ------ ჯ------
წარმომადგენელი - მ------ თ-------
მოწინააღმდეგე მხარე - გ------- ს-------
წარმომადგენელი - ი----------
დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობის დადგენა ხანდაზმულობის გამო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ------- ს------ის სარჩელი მოპასუხე ლ------ ჯ------ს მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ აღიარებულ იქნა 2014 წლის 01 აგვისტოს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ დამოწმებული მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ------- ს------ის ვალდებულების არარსებობა ლ------ ჯ------ს მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. მოპასუხე ლ------ ჯ------ს მოსარჩელე გ------- ს------ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. ასევე მოპასუხე ლ------ ჯ------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 695 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით ლ------ ჯ------ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დარჩა ძალაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2014 წლის 01 აგვისტოს გ------- ს-------ს, როგორც მსესხებელსა და ლ------ ჯ------ს, როგორც გამსესხებელს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამსესხებელმა ლ------ ჯ------მ მსესხებელს - გ------- ს-------ს ასესხა 7 000 აშშ დოლარისამითვის ვადით თვეში 3.67 პროცენტის დარიცხვით.
2.2. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე თ--–--ში, სოფელ ვ------------ში, ს/კ 5-----------. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 01 ნოემბერი.
2.3. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი თვის პროცენტი გადაეცა იპოთეკარს, აღნიშნულის შემდეგ გადახდილი იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი თვის პროცენტიც, ანუ ჯამში საპროცენტო სარგებლის სახით მოვალის მიერ გადახდილი იქნა 256 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგში ეტაპობრივად 2014 წლის ბოლომდე დაბრუნებულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან 5 000 აშშ დოლარი. სწორედ ამიტომ არ მიმართავდა კრედიტორი მოთხოვნის თობაზე სააღსრულებო ბიუროს, ვინაიდან სესხის სახით აღებული თანხის ძირითადი ნაწილი მოვალის მიერ იყო გადახდილი და დავალიანება დარჩენილი იყო მხოლოდ 2 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადახდების თობაზე არ დაობს მოსარჩელე, ვინაიდან კრედიტორის მიერ დაყენებული მოთხოვნა არის ხანდაზმული და მოსარჩელე უარს აცხადებს შესრულებაზე სწორედ ხანდაზმულობის გამო.
2.4. მხარეთა შორის არსებული ვალის გადახდის ბოლო ვადა იყო 2014 წლის 01 ნოემბერი. კრედიტორის მოთხოვნის უფლების ბოლო ვადა იყო 2017 წლის 01 ნოემბერი. მოვალის მიერ მოთხოვნა დაყენებულია 2018 წლის 10 ოქტომბერს, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია.
2.5. მიუხედავად მოთხოვნის ხანდაზმულობისა მოპასუხემ 2018 წლის 09 ოქტომბერს მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 8 706 აშშ დოლარისა და 126 ლარის მოსარჩელეზე დაკისრების მოთხოვნით და მოსარჩელის წინააღმდეგ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, ხოლო აღსასრულებელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გასხვისება იძულებითი აუქციონის წესით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, კავშირი შედგა მოპასუხის ოჯახის წევრთან, კერძოდ შვილთან ა-–-- ჯ-----თან, რომელსაც განემარტა სასამართლოში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები. ა-–-- ჯ-----მა საუბრისას განმარტა, რომ ის უწყების შინაარსს გადასცემდა ადრესატს, რაც დასტურდება 2019 წლის 30 მაისის სატელეფონო შეტყობინების აქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ------ ჯ------ არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
გამორკვეული იქნა, რომ მის მიერ რაიმე განცხადება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა და არც სხვა ფორმით დაკავშირებია სასამართლოს. ამასთან, სასამართლო სხდომის დაწყებიდან გასულია გონივრული მოლოდინის პერიოდი, რა ხნის განმავლობაშიც შეიძლებოდა მხარეს დაგვიანებოდა ან ვერ ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის ან დაგვიანების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 316ე, 317-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 144-ე, 145-ე მუხლების საფუძველზე. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტი განმარტავს, რომ მას სხდომის შესახებ უწყება არ ცაბარებია კანონით დადგენილი წესით, კერძოდ უწყება სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა ლ------ ჯ------ს შვილს, ა-–--ა ჯ-----ს, რომლიც არ არის იურისტი და ზეპირი ფორმით ვერ გადასცემდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებს. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს უწყების ჩაბარების ფორმა, მაგრამ ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მხარისთვის გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც შესაძლებელია ან წერილობითი ფორმით, რომლის წაკითხვასაც შეძლებს მხარე, ან მხარის წარმომადგენლისთვის, იურისტისთვის სატელეფონო შეტყობინების გზით.
3.2. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 02 ივლისის სასამართლოს სდომაზე 10 საათსა და 33 წუთზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ რადგან მოსარჩელემ არ შეცვალა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასაბუთება, მოთხოვნის დაზუსტების შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება არ ეცნობოს აღნიშნულის შესახებ და არ მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას მოსაზრება. დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეს არ ჩაბარებია, შესაბამისად არ მიეცა კანონით გარანტირებული უფლება, გაეცა შესაბამისი პასუხი, რითიც დაირღვა სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი.
3.3. აპელანტი ასევე არ იზიარებს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც არ დასტურდებოდა სარჩელზევე თანდართული მტკიცებულებებით. გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სააღსრულებო ბიუროს მიმართა 2018 წლის 10 ოქტომბერს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან შესაგებელსა და საჩივარზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სააღსრულებო ბიუროს მიმართა 2015 წლის 25 მარტს. ამასთან სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის მიერ ზეპირად გაცხადებული პოზიცია, რომ სესხის უმეტესი ნაწილის დაბრუნებული აქვს, მაშინ როდესაც საქმეზე არ იყო წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. აპელანტი უთითებს სსსკ-ის 230-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად საკმარისი არაა მხარის გამოუცხადებლობა, არამედ აუცილებელია სარჩელში მითითებული გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით გამაგრებაც. ამასთან საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხემ თავისი უფლების რეალიზაცია დაიწყო 2015 წლის 25 მარტს კერძო აღმასრულებლისთვის განცხადების წარდგენის გზით.
აპელანტმა განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.
ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე, სადაც მოსარჩელეა - გ------- ს------- მოპასუხე - ლ------ ჯ------, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 02 ივლისს 10:00 საათზე (ტ. I, ს.ფ. 95-96);
4.2. საქმის განხილვის სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ლ------ ჯ------ს ოჯახის წევრს, კერძოდ სრულწლოვან შვილს, ა-–-- ჯ-----ს, ლ------ ჯ------ს მიერ შესაგებელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ტ. I, ს.ფ. 98);
4.3. 2019 წლის 02 ივლისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ლ------ ჯ------. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე იშუამდგომლა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 99-101);
4.4. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 02 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ------- ს------ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ. 103-108).
4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
სააპელაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ამდენად, იმისათვის, რომ პირველი ინსტანიის სასამართლოში მოსარჩელის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა დასახელებული ნორმით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს მოპასუხე მხარე; ბ) გამოცხადებული მოსარჩელე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში ერთ-ერთ არგუმენტად მითითებულია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოხდა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება სასამართლოს სხდომაზე, სადაც არ გამოცხადდა მოპასუხე და შესაბამისად მოპასუხისთვის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე არ იყო ცნობილი. აღნიშნულ არგუმენტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინებაში განმარტებულია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, თუმცა არ შეცვლილა მოთხოვნის საფუძველი, ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ემყარებოდა მოთხოვნა, რომლის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოპასუხე და წარმოდგენილიც ჰქონდა წერილობითი პასუხი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს გ------- ს------ის მიერ სარჩელში ჩამოყალიბებულ მოთხოვნაზე, რომელიც მოცემულია შემდეგი ფორმულირებით „შეწყდეს მსესხებელ (იგივე მესაკუთრე) გ------- ს-------სა და გამსესხებელ ლ------ ჯ------ს (იგივე იპოთეკარი) შორის 2014 წლის 01 აგვისტოს ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრში რეგისტრაციით ნომრით 140811520, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო“. ხსენებული მოთხოვნა 2019 წლის 02 ივლისს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მოსარჩელის წარმომადგენელმა და ჩამოაყალიბა შემდეგნაირად „გ------- ს------ის ვალდებულება ლ------ ჯ------ს მიმართ 2014 წლის 01 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღიარებულ იქნეს არარსებულად, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო“(იხ. სხდომის ოქმი 10:33:37სთ.).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 კარში, რომლის ხუთ თავში ჩამოთვლილია ის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რაც იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტილად აღიარების წინაპირობას, რაც ასევე განემარტა მოსამართლის მიერ მოსარჩელის წარმომადგენელს 2019 წლის 02 ივლისის სხდომაზე (იხ. სხდომის ოქმი 10:34:34 სთ.), არამედ წარმოშობს მოვალის უფლებას უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე (სსკ-ის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). შესაბამისად სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ------- ს------ის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას და არა თავდაპირველ მოთხოვნას, ვინაიდან როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, ვალდებულების შეწყვეტილად აღიარებისთვის განსხვავებული ფაქტობრივი საფუძვლების არსებობაა საჭირო და ეს ორი მოთხოვნა განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს.
სააპელაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვის ფარგლებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეცვალოს, ან გასცდეს აღნიშნულ ფარგლებს, შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები აისახება სწორედ იმ ფორმით, როგორც სარჩელშია ჩამოყალიბებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდეტული სამართლით დადგენილია, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). კონვენციის მე-6 მუხლის არც ფორმალური და არც შინაარსობრივი მხარე ხელს არ უშლის პირს საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატულად ან ნაგულისხმევად უარი თქვას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე (იხ. „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v. Italy) [დიდი პალატა], no. 18114/02, §73, ECHR 2006-XII). თუმცა ასეთი უარი დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხ. „პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Poitrimol v. France) 23/11/1993, §31, Series A no. 277-A), და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. „სეჯდოვიჩი“ (Sejdovic) §86, და „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც ცნობილი იყო მოპასუხისთვის და რომელზეც მას წარდგენილი ჰქონდა შესაგებელი, იურიდიულად არ შეესაბამებოდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საჭირო გახდა მისი სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტება, პალატის მოსაზრებით წარმოადგენს საქმისთვის ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის თაობაზეც მოპასუხე მხარეს უნდა ეცნობოს და მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს პოზიცია. ამასთან პალატა ყურადღებას გაამახვილებს, მოპასუხე მხარის ჩართულობაზე სასამართლო პროცესებში, კერძოდ მას წარდგენილი აქვს საჩივარი სარჩელის უზურნველყოფის შესახებ განჩინებაზე, ასევე კვალიფიციური შესაგებელი სარჩელთან დაკავშირებით, რაც ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში ქმნის იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მხარე რომელსაც აქვს ინტერესი დავის მიმართ, საქმის გარემოებების თაობაზე არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირველი წინაპირობა - მხარეს დადგენილი წესით არ ეცნობა საქმის გარემოებები და ის სათანადოდ არ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც საკმარისია ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სამართლებრივ შეფასებას აღარ საჭიროებს აპელანტის სხვა პრეტენზიები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ------ ჯ------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 02 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 04 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური