განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
330100119003064414
ინსტანცია
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003064414

საქმე №1ბ/419-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, თბილისის პროკურატურის პროკურორის ანა კ--–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N008230519023) – თ------ ჯ----–-- ძე შ------ის - (დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------------------------------ში) მიმართ, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით:

 

თ------ შ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.

 

თ------ შ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თ------ შ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ შ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ თ------ შ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 მაისიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ანა კ--–------ემ, აპელანტმა ითხოვა თ------ შ------ის მიმართ სასჯელის დამძიმება.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ თ------ შ------ს განუსაზღვრა შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელი, აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და მსჯავრდებულის პიროვნება, იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ თ------ შ------მა დანაშაული პირობთი მსჯავრის დროს ჩაიდინა და იგი სწორედ ოჯახური დანაშაულისათვის არის გასამართლებული. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას და ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ თ------ შ------ი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ------ შ------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით, თ------ შ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მყოფმა თ------ შ------მა, კვლავ, არაერთგზის განახორციელა მუქარა ოჯახის წევრის - დის, თ----- შ------ას მიმართ, კერძოდ: 2019 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში, თ------ შ------ი მივიდა ქ.თბილისში, დ------–-------ი N16-ში მდებარე თ----- შ------ას საცხოვრებელ სახლთან და სიტყვებით, რომ გამოასალამებდა სიცოცხლეს, გადაუწვავდა სახლ-კარს და თავადაც წაუკიდებდა ცეცხლს, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა მას. თ------ შ------ის ქმედებების შედეგად, თ----- შ------ას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველ რიგში თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის “ ზ“ ქ/პუნქტის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. აღნიშნულ ფარგლებში პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის პროკურატურის პროკურორის ანა კ--–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი თ------ შ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს თ------ შ------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ მუქარის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. რაც შეეხება მუქარის შინაარსს, იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

 

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის N5027 კანონით (ძალაშია 15.10.2019 წლიდან) საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი - მაკვალიფიცირებელი გარემოება მუქარის განხორციელება „ოჯახის წევრის მიმართ“ (აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით სხვა სასჯელებთან ერთად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით).

 

პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულე----------------–-----–---------–--------------------––-–------------–--------------–---------------–----------------------–---–-------–-----–-–----------–---–-------–------–-------------------–------------–-------------–--------------------–---–-ს, პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებს. ასევე 2019 წლის 23 მაისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, 2019 წლის 23 მაისის N010738 (შემდგენი გ.ლ-------) და N004124 (შემდგენი ს.გ-------) შემაკავებელი ორდერებს, 2019 წლის 18 თებერვლის N002814 (შემდგენი ზ.გ------–---–-) შემაკავებელ ორდერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს) და მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება თ------ შ------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით, თ------ შ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ თ----- შ------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით - 2 (ორი) თვე და 19 (ცხრამეტი) დღე.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით, თ------ შ------ი გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ თ----- შ------ას ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 6 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და მან 2019 წლის 23 მაისს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა, ვინაიდან თ.შ------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულმა თ----- შ------ი განიცდიდა ძმის, თ------ შ------ისაგან სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც პირადად, ისე ოჯახის წევრების მიმართ, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების - სახლის გადაწვის მუქარას, რის გამოც იყო მუდმივ სტრესში, ერიდებოდა ქუჩაში მარტო გადაადგილებას და ბრალდებულთან შეხვედრას, ეშინოდა, რომ თ------ შ------ი მუქარას რეალურად განახორციელებდა. დაზარალებულის მიერ შიშის რეალურად განცდაზე ნათლად მეტყველებს მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა როგორც 2019 წლის 23 მაისამდე (ეზოს ჭიშკარი მუდმივად დაკეტილი ჰქონდათ, ხშირად მეზობლებთან ერთად გადაადგილდებოდა ქუჩაში, არასრულწლოვან ზ.შაროევასაც კი უწევდა სკოლის გაცდენა და ა.შ.), ისე 2019 წლის 23 მაისის ინციდენტის დროს, როდესაც შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებსა და ქ.კ-------–---–ს თ----- შ------ა დახვდათ ძლიერ აღელვებული, შეშინებული, დამამშვიდებელი პრეპარატის მიღებაც კი გახდა საჭირო.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ------ შ------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ------ შ------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ------ შ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

თ------ შ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ თ------ შ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე და არ თვლის მიზანშეწონილად დანიშნული სასჯელის გამკაცრებას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ------ შ------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენი.

 

თ------ შ------ის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა - შეძლებს მსჯავრდებულმა უკეთ გააცნობიეროს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია ყველა ის გარემოება (მათ შორის აპელანტის მიერ მითითებული დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის მომეტებული საფრთხე და დამნაშავის პიროვნება) რომელიც აუცილებელია სასჯელის ინდივიდუალიზაციის და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, ამას გარდა, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - თ.შ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის პროკურორის ანა კ--–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი თ------ შ------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:

 

თ------ შ------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.

 

თ------ შ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ------ შ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ------ შ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ თ------ შ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 მაისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - თ.შ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ხვიჩა კიკილაშვილი