განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
150100119003223591
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003223591

საქმე №1ბ/386-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-–--–--------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–----ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენით მ-–--–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

მ-–--–--------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–----ში ერთის მხრივ ს-–-----–--------სა და მეორეს მხრივ მის თანასოფლელებს - მ-–--–--------ს, გ--------–--------ს და კ-----------------ს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბისას, გ--------–--------მა, მ-–--–--------მა და კ-----------------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით ცემეს ს-–-----–--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ექსკორაციების სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მ-–--–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის აზრით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის დღემდე უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა და მათ შორის კონფლიქტი არ არის ამოწურული. გამომდინარე აქედან, საფრთხე იმისა, რომ მსჯავრდებულმა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული დაზარალებულის მიმართ, არსებობს. სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლოს მიერ არასათანადოდ იქნა შეფასებული ასევე მსჯავრდებულის ქმედების საზოგადოებრივად გასაკიცხი ხასიათი. მსჯავრდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით მისულ დაზარალებულს ამ უკანასკნელის ოჯახის წევრების თვალწინ. აღნიშნული აშკარა მაჩვენებელია იმისა, რომ მსჯავრდებულს არ სურს და არ არის დაინტერესებული მხარეთა შორის კონფლიქტის დასრულებით, მისი აღმოფხვრით და პირიქით, ფიზიკურად უსწორდება მასთან შესარიგებლად მისულ დაზარალებულ მხარეს. აპელანტის განმარტებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ერთმანეთის მეზობლები არიან, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის მათ შორის კონფლიქტის განმეორების საფრთხეს. აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რომელიც ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელს წარმოადგენს, არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და სამართლიანობის აღდგენა. ბრალდების მხარე თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი და დასაბუთებული იქნება მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის დანიშვნა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების რეალურ შესრულებას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ მ-–--–--------ის აღიარებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №4--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ მ-–--–--------მა ნამდვილად ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ საჩივარი წარადგინა მ-–--–--------ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების ნაწილში და ამ მიმართებით გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულისათვის შეფარდებული ჯარიმა ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების შეუსაბამოდ მიიჩნია. სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოება, რომ მ-–--–--------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და სასჯელი დაუნიშნა იმ სახისა და ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომას და შესაბამისად, არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ არის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის საუარესოდ შეცვლის საფუძველი. მ-–--–--------სა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის განმეორების ვარაუდი არ წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების არგუმენტს. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ-–--–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენის გამკაცრების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ მ-–--–--------ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არის ნასამართლევი, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და სამაგიეროს მიზღვის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას, მომავალში დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას.

ამდენად, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენი მ-–--–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ-–--–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ მ-–--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებული. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა გ--------–--------ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: 6-----------.

 

მსჯავრდებულ მ-–--–--------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე