განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2020
საქმის ნომერი
060100119003183464
ინსტანცია
თარიღი
02.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119003183464

საქმე №1/ბ-179-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

31 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------–--ე;

 

გამართლებული: ვ--------------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები მისამართზე: ს------------------------------–-------–-------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 01 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ვ--------------მ, ს------------------------------–-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს, 2006 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შ------------ს, ყელის არეში ძლიერად მოუჭირა და შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც შ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ვ--------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენით ვ-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

 

ვ--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ვ--------------ს (პ/ნ. 3----------) და ალ-----------------ს (პ/ნ 3----------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე სამტრედიის რაიონი, თემი გომი, სოფელი დ---–------ი, (ზონა - ს----------------, სექტორი - გ-------------, კვარტალი - 4-, ნაკვეთი - 308, საკადასტრო კოდი -

№3-----------) - 2.000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ ვ--------------ს განემარტა, რომ უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს, 2020 წლის 30 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–--ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ვ--------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის გათვალისწინებით, მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არასწორი და ცალმხრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მართალია, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე არ მისცა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება, მაგრამ გამოძიების დროს ის აშკარად ამხელდა ვ--------------ს დანაშაულის ჩადენაში. ასევე, აპელანტი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, მოწმეების: ჯ-------------ის, ზ--------------ის, მ---------------ის, გ-----------–---–ის ჩვენებები, 2019 წლის 01 ივნისის შემთხვევის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ ვ--------------ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ-------------- წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება როგორც მეუღლე, შვილი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ვ--------------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ--------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი დასაბუთებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ-------------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 1 ივნისს პოლიციაში შ------------საგან შევიდა შეტყობინება, რომ მამამ სცემა. რამდენიმე ხანში შ-------მ კვლავ დარეკა და გააუქმა პოლიციის გამოძახება. პოლიციელ ს-–-----–--სთან ერთად გავიდნენ სოფელ დ---–------ში. შ------- სახლში არ აღმოჩნდა. იგი იპოვეს სოფლის ცენტრში, სადაც იყო მარტო. მათ წამოიყვანეს შ------- პოლიციაში ისე, რომ მისი ოჯახის წევრებისთვის არაფერი უთქვამთ. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ბავშვს დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში. შ------- იყო განერვიულებული. იგი ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას. ცდილობდა ეკბინა ხელებზე, ასევე მათზეც ცდილობდა კბენას. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შ-------ს თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანაში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზ--------------ემ განაცხადა, რომ იგი გაესაუბრა შ-------ს კანონიერ წარმომადგენელს გ-–-------ეს, რაზეც შეადგინა ოქმი. ასევე, შ-------ს წარუდგინა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად ქ.თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. სხვა საგამოძიებო მოქმედება მას არ ჩაუტარებია.

 

მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მ---------------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველ ივნისს სამსახურში უთხრეს, რომ მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი დაზარალებული და უნდა გამოეცა შემაკავებელი ორდერი. იგი მივიდა სამტრედიის საავადმყოფოში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფებოდა ფსიქიკური პრობლემების გამო, სოციალურ მუშაკთან ერთად. ექიმის თანხმობით მან კითხვები დაუსვა შ------------ს, რომელმაც სოციალური მუშაკის თანდასწრებით უთხრა, რომ მამამ ყელში მოუჭირა ხელი და დაარტყა სახეში. რაიმე დაზიანება არ ეტყობოდა. შემაკავებელი ორდერი გააცნო ვ-------ს, რომელმაც ხელი მოაწერა ორდერს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა გ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის აგვისტოს თვემდე მუშაობდა სამტრედიის რაიონული სამმართველოში გამომძიებლად. 2019 წლის 1 ივნისს იყო მორიგე. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვან შ------------საგან, რომ მამამ სცემა. დაიწყო გამოძიება. მალევე შევიდა მეორე შეტყობინება, სადაც ამბობდა, რომ აუქმებდა ამ შეტყობინებას. მან დანიშნა საპროცესო წარმომადგენელი, ვინადან დედა საზღვარგარეთ იყო. პოლიციელებმა მიიყვანეს შ------- პოლიციაში. მან განაცხადა, რომ სურდა აუზში ჩასვლა მეგობრებთან ერთად, მამამ არ ჩაუშვა, ყელში მოუჭირა ხელი და სცემა. მის შემდეგ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და დააკავეს ვ--------------, რომელიც ბრალს უარყოფდა. ასევე დაკითხა შ-------ს ბაბუა, რომელმაც უარყო ცემის ფაქტი. შ------- დაკითხვის შემდეგ წაიყვანა სოციალურმა სამსახურმა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით.

 

2019 წლის 01 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ს------------------------------–-----ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

 

არასრულწლოვანი მოწმე (დაზარალებული) შ------------ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მოწმეები თავის ჩვენებებში უთითებდნენ მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოკითხვამდე ან გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციაზე, მათ უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველ) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

საკითხის გადაწყვეტისას, ასევე მნიშვნელოვანია რომ ფაქტის უშუალო შემსწრე შ------------ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არასრულწლოვანი დაზარალებულის წარმომადგენელმა და ადვოკატმა განმარტეს შ------------მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა მისი ახლო ნათესავის - მამის - მამხილებელი ჩვენება.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. შესაბამისად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, მსხვერპლმა განიცადა თუ არა ტკივილი. ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება არის მხოლოდ ვარაუდი.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, ვ--------------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2019 წლის 01 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ვ--------------მ, ს------------------------------–-----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს 2006 წლის 24 აგვისტოს დაბადებულ შ------------ს ყელის არეში ძლიერად მოუჭირა და შემდეგ სახის არეში დაარტყა ხელი, რითაც შ------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა შ------------მ, რომელიც ვ--------------ს გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადა სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ვ--------------ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ--------------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა, რაც შეფასებული იქნა რაიონული სასამართლოს მიერ და ვ-------------- სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ ვ--------------ს მიმართ, 2020 წლის 30 იანვარს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განაჩენი, ვ--------------ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ვ-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ვ--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ვ--------------ს (პ/ნ. 3----------) და ალ-----------------ს (პ/ნ 3----------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე სამტრედიის რაიონი, თემი გომი, სოფელი დ---–------ი, (ზონა - ს----------------, სექტორი - გ-------------, კვარტალი - 4-, ნაკვეთი - 308, საკადასტრო კოდი -

№3-----------) - 2.000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა.

 

5.განემარტოს გამართლებულ ვ--------------ს, რომ უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/