განაჩენი

სისხლის სამართლის 06.04.2020
საქმის ნომერი
140100120003426209
ინსტანცია
თარიღი
06.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100120003426209

საქმე #1/ბ-455-20 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 აპრილი, 2020 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

მსჯავრდებული - ლე------------------------–---–ი, დაბადებული 19-- წლის 3--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- დასაოჯახებელი, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------------- სოფელი ტ----------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები).

სასჯელი:

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით ლე------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლე------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით), შეუმცირდა 6000 (ექვსი ათასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლე------------–---–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, აშკარად ლმობიერია, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლე------------–---–მა ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - გამოძალვა. ყურადღება უნდა გამახვილებულიყო, რომ მსჯავრდებული თავდაპირველად სხვადასხვა დაპირებებით ნდობაში შევიდა დაზარალებულთან, თითქოს მის მიმართ ჰქონდა ემოციური დამოკიდებულება, მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები, ვიდეოები და მიმოწერა, რომლის გავრცელების მუქარითაც მოსთხოვა და გამოსძალა თანხა. ამასთან, აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებდა პერმანენტულად, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, რა დროსაც თითქმის ყოველდღე ემუქრებოდა დაზარალებულს, რომ მის მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას მიაწვდიდა მის ახლობლებს და ოჯახის წევრებს, მათ შორის ძმას და მეუღლეს, რითაც აყენებდა უდიდეს მორალურ ზიანს და ამყოფებდა ყოველდღიურ სტრესულ მდგომარეობაში. ამავე დროს, ლე------------–---–მა დანაშაული ჩაიდინა კომპიუტერულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც საქმის მასალების მთლიანობაში გაანალიზებით არის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი დანაშაულის ჩადენის ხერხი. შესაბამისად, ასეთი ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები.

მსჯავრდებულ ლე------------–---–ის ადვოკატმა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ლე------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს. დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის. მსჯავრდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებისას, ხოლო გამოკითხვისას დაუყოვნებლივ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარა დანაშაული და ნებაყოფლობით, პირველივე მოთხოვნისთანავე მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება. მან საქმის არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, რომ ლე------------–---–ი არის 26 წლის, დასაოჯახებელი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, სრულად აანაზღაურა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი. შესაბამისად, დანიშნული სასჯელის სახე და ზომა ნამდვილად იქნება და არის ლე------------–---–ისთვის დამაფიქრებელი, იგი სრულად აცნობიერებს ჩადენილი ქმედების ხასიათს, მართლწინააღმდეგობას და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმეს.

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ლე------------–---–ი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გამოყენებით გაეცნო ლა-------------–---–ს. ლე------------–---–ი მისი კუთვნილი ფეისბუქ პროფილით ,,-------------------” და ლა-------------–---–ი მისი კუთვნილი ფეისბუქ პროფილით ,,l---------------”, რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთს წერდნენ ინტიმური შინაარსის მქონე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ამგვარი ხასიათის მიმოწერა მათ ასევე ჰქონდათ ინტერნეტ აპლიკაცია ,,ვაიბერის“ საშულებით, რომლის მეშვეობითაც ლა-------------–---–მა ლე------------–---–ს გადაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 2 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში, ლე------------–---–მა ლა-------------–---–ს სახელის გამტეხი ცნობების, მის მიერ გადაგზავნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების, ვიდეოების და მიმოწერის გავრცელების მუქარით მოსთხოვა და გამოსძალა ფულადი თანხა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ლა-------------–---–მა რეალურად აღიქვა ლე------------–---–ის მუქარა, რომ იგი ნამდვილად გაახმაურებდა და გაავრცელებდა მისი სახელის გამტეხ ცნობებს, რაც არსებითად დააზიანებდა მის უფლებებს, რის გამოც 2019 წლის 16 სექტემბერს და 2019 წლის 2 ოქტომბერს, ლა-------------–---–მა ლე------------–---–ის მიერ მითითებულ მისივე კუთვნილ ტოტალიზატორ ,,კრისტალბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ლე------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მსჯავრდებულ ლე------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მისი წარსულის, მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარებისა და მონანიების, გამოძიებასთან თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გათვალისწინებით, ლე------------–---–ისთვის განსაზღვრული სასჯელი მიაჩნია სამართლიანად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ლე------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ: აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, (2019 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებული ხელწერილით, დაზარალებულ ლა-------------–---–ს ლე------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატისგან გადაეცა მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 300 ლარი), სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში და მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში არ არის ნასამართლევი) არ გააჩნია. სასჯელის დანიშვნისას ასევე, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ასაკი, ლე------------–---–ი არის 26 წლის, დასაოჯახებელი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე იმყოფებოდა პატიმრობაში და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა შეესაბამება, როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და მისი პირადი დასჯა, არამედ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა. მოცემულ სიტუაციაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები მიღწეული იქნება არასაპატიმრო სანქციის გამოყენებითაც. პირველი ინსტანციის სასამართლომ ლე------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ბრალდების მხარეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა სასჯელის დამძიმებაზე, დამატებით არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი ლე------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი ლე------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ლე------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ლე------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით), შეუმცირდეს 6000 (ექვსი ათასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

ლე------------–---–ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

ლე------------–---–ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაწესებული აკრძალვა დაზარალებულ ლა--------------–---–--ან ყოველგვარი კომუნიკაციის შესახებ გაუქმდეს.

ლე------------–---–ის მიმართ დამატებით დაკისრებული ვალდებულება ყოველ ორშაბათ დღეს გამომძიებელთან ანგარიშგების მიზნით გამოცხადების შესახებ გაუქმდეს.

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ლე------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე