განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002613902
№2/ბ-1274-2019წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
აპელანტები (მოპასუხეები) - გ---–ა დ--------ა, ე---------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ-----ა დ--------ა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
1.აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მ-----ა დ--------ას სარჩელი, გ---–ა დ--------ასა და ე---------ას მიმართ, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. აღიკვეთა გ---–ა დ--------ასა და ე---------ას მხრიდან უკანონო ხელშეშლა მ-----ა დ--------ას საკუთრებაში არსებულ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში, მ---- ქუჩა N---ში მდებარე საკუთრებაზე, საკადასტრო კოდით 4-----------. მოპასუხეებს დაევალათ მ-----ა დ--------ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გათავისუფლება.
2.2. მოპასუხეებს გ---–ა დ--------ასა და ე---------ას მოსარჩელე მ-----ა დ--------ას სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, 200 ლარის ოდენობით.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 17 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელმა დ----რ დ--------ამ, დასაჩუქრებულს - მ-----ა დ--------ას, აჩუქა მარტვილის რაიონის სოფელ ო-------ში მ---- ქუჩა N---ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ს/კ 4-----------.
3.1. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში, მ---- ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 4-----------, რეგისტრირებულია მ-----ა დ--------ას საკუთრებად.
3.2. მ-----ა დ--------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში, მ---- ქუჩა N---ში, საკადასტრო კოდით 4-----------) ფაქტობრივად ფლობენ გ---–ა დ--------ა და ე---------ა, მესაკუთრის ნებართვის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
3.5. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.
3.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება (მდებარე: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში, მ---- ქუჩა N---ში, საკადასტრო კოდი - N 4-----------) თავისი საკუთრებაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
3.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
3.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.
3.8. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხები არ არიან უძრავი ქონების, მდებარე - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში, მ---- ქუჩა N---ში, საკადასტრო კოდი - N 4----------- მესაკუთრეები. ისინი არ წარმოადგენენ არც სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს. მოპასუხეთა მიერ ქონების მფლობელობის წინააღმდეგია მოსარჩელე (უძრავი ნივთის მესაკუთრე), რომელსაც მოპასუხების გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. შესაბამისად, მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეთა ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. ანუ, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები
4.1. აპელანტების მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, უსაფუძვლო და უსამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით #4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ირიცხება მ-----ა დ--------ას საკუთრებად, ის არ არის სადავო ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე.
4.2. მ-----ა დ--------ას სახელზე ქონების რეგისტრაციის საფუძველია 2015 წლის 17 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ-----ა დ--------ას დ----რ დ--------ამ (მამამ) ჩუქებით გადასცა 4----------- საკადასტრო კოდის უძრავი ქონება. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაზე განცხადება დ----რ დ--------ამ სიცოცხლეშივე შეიტანა საჯარო რეესტრში, მაგრამ მ-----ა დ--------ასგან თანხმობის წარმოუდგენლობის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
4.3. აღნიშნული ქონების თანამესაკუთრეს, დ----რ დ--------ასთან ერთად, გარდაცვალებამდე, წარმოადგენდა გ---–ა დ--------ას დედა - ლ------ დ--------ა. გ---–ა დ--------ა კი, როგორც მშობლების მემკვიდრე, ფაქტიური ფლობით დაეუფლა მათ დანატოვარ სამკვიდრო ქონებას და კანონიერად ცხოვრობს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან - ე---------ასთან და შვილებთან ერთად, სხვა საცხოვრებელი სახლი მათ არ გააჩნიათ. გ---–ა დ--------ა არის ინვალიდი, პენსიონერი, მარჯვენა ქვედა კიდურზე ჩატარებული აქვს ამპუტაცია.
4.4. გ---–ა დ--------ას მ-----ა დ--------ას წაქეზებით მამასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა შემდგომში, აწ/გარდაცვლილი დ----რ დ--------ა სიცოცხლეშივე მიხვდა მ-----ა დ--------ას რეალურ მიზანს და გ---–ა დ--------ასთან უსამართლო კონფლიქტს, რის გამოც სიცოცხლეშივე დააბრუნა საცხოვრებელ სახლში და სურდა ქონების მასზე გადაფორმება, მანამდე კი ეცადა გაეუქმებინა მ-----ა დ--------ასთან 2015 წლის 17 ივლისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რაზედაც არ დათანხმდა მ-----ა დ--------ა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დ----რ დ--------ამ ვერ მოასწრო სიცოცხლეშივე სარჩელის შეტანა სასამართლოში მ-----ა დ--------ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე.
4.5. მოპასუხეები თხუთმეტი წელია ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე და არიან უძრავი ქონების კანონიერი მფლობელები. მათ სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
5.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი, ამასთან, ის უნდა შეიცვალოს საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთოვს თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.
5.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
5.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ მ-----ა დ--------ა წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-------ში, მ---- ქუჩა N---ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი – N 4----------- ) მესაკუთრეს.
5.7. უძრავ ქონებას, მ-----ა დ--------ას ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ფლობენ გ---–ა დ--------ა და ე---------ა, რომლებიც მესაკუთრეს არ აძლევენ უძრავი ქონების ფლობის/სარგებლობისა და განკარგვის უფლებას.
5.8. გ---–ა დ--------ას და ე---------ას სადავო უძრავი ქონების ფლობის/სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
5.9. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.10. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.11. დადგენილია, რომ მ-----ა დ--------ა წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
დადგენილია, რომ აპელანტები არიან სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელები. მათ უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის დამდასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ აქვთ. მართალია, აპელანტების მტკიცებით სადავო უძრავი ქონების ნაწილი წარმოადგენდა აპელანტ გ---–ა დ--------ას დედის საკუთრებას და ის ფაქტობრივი ფლობის გზით მემკვიდრეობით აქვს მიღებული გ---–ა დ--------ას, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის მესამე ნაწილით (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) გათვალისწინებული წესის შესაბამისად არ წარმოუდგენიათ. მოპასუხეებს სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდიათ დ----რ დ--------ასა და შემდეგ მ-----ა დ--------ას საკუთრებაში უძრავი ქონების (ან მისი ნაწილის) აღრიცხვის საფუძვლის - ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობისა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნის თაობაზე გარემოებები მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.
5.12. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.
5.13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
5.14. დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ მ-----ა დ--------ას რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის კანონიერება და მისი წარმოშობის საფუძველი, სასარჩელო წარმოების საერთო წესით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.
5.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. პალატის აზრით, აპელანტს სადავო ქონების ფლობის საფუძველი არ გააჩნია, რადგან, ქონებაზე საკუთრების შეძენის შემდეგ, მესაკუთრემ დასაბუთებული პრეტენზია წაუყენა და მფლობელობის შეწყვეტა მოსთხოვა.
5.16. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მ-----ა დ--------ას სარჩელი იყო საფუძვლიანი და სწორად დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. ამავე კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----ა დ--------ამ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის გასწია ხარჯი - 300 ლარის ოდენობით. (იხ. შემოსავლის ორდერი - ს. ფ. 24; საგადახდო დავალება - ს. ფ. 25). ასევე დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს გ---–ა დ--------ასა და ე---------ას მოსარჩელე მ-----ა დ--------ას სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, 200 ლარის ოდენობით.
7.3. პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ‘’ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს 4000 ლარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის “ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 60 ლარს.
7.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, ამასთან, მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 60 ლარის ანაზღაურება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 40 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.
7.5. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხს, პალატა აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტის წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 53.1 მუხლში, რომლის მიხედვით, ის უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა ქონებრივი დავის შემთხვევაში. მართალია, აღნიშნული ნორმა არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, მაგრამ მისი განსაზღვრა სასამართლომ უნდა მოახდინოს გონივრულ ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის სირთულე, ადვოკატის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დრო, წარმოდგენილი მოსაზრებების, შუამდგომლობებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლე და სხვა ამგვარი გარემოებები, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.
7.6. განსახილველი საქმის არსისა და სირთულის, ასევე ადვოკატის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გონივრული ოდენობა, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულების 3%-ით, რაც შეადგენს 120 ლარს.
7.7. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში, (პუნქტი 2), სენაკის რაიონული სასამართლოს 06.06.2019 წლის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
7.8. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციაში გაწეული საპროცესო ხარჯების საკითხს, პალატა მიუთითებს, რომ აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და სოციალური შემწეობის მიმღები პირები (იხ. ს. ფ. 169), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გ---–ა დ--------ას და ე---------ას სააპელაციო საჩივარი.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით, საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში, (მე-2 პუნქტი), მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2.1. გ---–ა დ--------ას და ე---------ას მ-----ა დ--------ას სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 60 ლარის ოდენობით და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 120 ლარის ოდენობით.
2.2. მ-----ა დ--------ას (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს, 2018 წლის 22 აგვისტოს, ს--–---ე დ--------ას (პ/ნ 2----------) მეშვეობით, სს „ლიბერთი ბანკის“ #17634419 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ნაწილი, 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია ერთიან საბიუჯეტო ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300373150.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი