განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/709-19 (330210016001513855)
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია გიგაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (აპელანტი) - გ------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ე-----------------–---–ი
წარმომადგენელი - ა-–-----------–--–-----–---–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
პალატამ გამოარკვია
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, გ------------–---–ის სარჩელი ე-----------------–---–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან გ------------–---–ის ბაჯაღლოს რგოლის გამოთხოვის ნაწილში დაკმაყოფილდა. ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ბაჯაღლოს რგოლი (ღირებულება 800 ლარი); ც---–----------–---–ის და გ------------–---–ის სარჩელი ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ოქროს ნივთების: ბეჭედი ფიანეთის თვლებით (გოზინაყის ფორმის), ბეჭედი დიდი მარგალიტის თვლით (ბურთივით მარგალიტი), ერთი წყვილი საყურე ცირკონის თვლებით, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით - გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: ე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: ერთი ბეჭედი ფიანეთის თვლებით (გოზინაყის ფორმის), ერთი ბეჭედი დიდი მარგალიტის თვლით (ბურთივით მარგალიტი), ერთი წყვილი საყურე ცირკონის თვლებით, ოქროს საათი ოქროს სამაჯურით და ნიშნობის რგოლი (ბაჯაღლო).
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ------------–---–მა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებით გ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ე-----------------–---–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გ------------–---–ს დაუბრუნდა მოძრავი ნივთები: რომელთა მახასიათებლებია: 1. ოქროს საათი, 583 სინჯით, 18.19 გრამი, ფასი - 1225 ლარი; 2. ოქროს ბეჭედი, 750 სინჯით, 3.55 გრამი, ფასი -325 ლარი. 3. საყურე, 583 სინჯით, 2.79 გრამი, ფასი - 155 ლარი. 4. ოქროს ბეჭედი, 585 სინჯით, 3. 33 გრამი, ფასი - 275 ლარი. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მოწინააღმდეგე მხარეს - ე-----------------–---–ს გ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გაღებული სასამართლო ხარჯების ჯამის - 481 ლარის (160 ლარი +121 ლარი + 200 ლარი) ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 12 მარტს განცხადებით მომართა გ------------–---–ის წარმომადგენელმა ნ-----------–---–მა და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გ------------–---–ის მიერ წარმოდგენილია და საქმეში, როგორც ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ექსპერტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მიიღოს სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, ასევე შეაჯამოს და გადაწყვიტოს პროცესის ხარჯების (ვინაიდან გ------------–---–ის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილია შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი) მოპასუხეზე დაკისრების საკითხი.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას არ უმსჯელია და გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების - ადვოკატისთვის გაწეული ხარჯებისა და ექსპერტის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო აღნიშნულ განცხადებას, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. ასევე, პალატა სსსკ-ის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განმარტავს, რომ პალატას ან მის წარმომადგენელს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეეძლო დაესვა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში. სსსკ-ის 60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2020 წლის 9 მარტს და დასრულდა ამავე წლის 16 მარტს.
აპელანტის წარმომადგენლის განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 12 მარტს იქნა წარმოდგენილი. განმცხადებელმა მოითხოვა, მიიღოს სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელის მხრიდან გაწეული ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე, ასევე შეაჯამოს და გადაწყვიტოს პროცესის ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საკითხი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ).
სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა; ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე, სააპელაციო პალატის მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვებული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთნ. ადვოკატისთის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
დადგენილია, რომ გ------------–---–ის წარმომადგენლის ნ-----------–---–ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში 2020 წლის 28 თებერვალს წარმოდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და ექსპერტის მომსახურებისთვის - 201 (ორას ერთი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (25.02.2020 წ, სალაროს შემოსავლის ორდერი N1-----), ასევე, 2017 წლის 10 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელზე თანდართულია საადვოკატო მომსახურების თანხის - 200 (ორასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (08.08.2017 წელი, სალაროს შემოსავლის ორდერი N1-------). ასევე, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 13 იანვარს გაცემული რწმუნებულება/მინდობილობა (N170036217, ნოტარიური - ქ------------------).
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს - ე-----------------–---–ს უნდა დაეკისროს გ------------–---–ის სასარგებლოდ წარმომადგენლობაზე გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის 200 (ორასი) ლარისა და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის 201 (ორას ერთი) ლარის გადახდა.
სასამართლოს ხარჯების დაკისრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით პალატამ იმჯელა და დაადგინა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი. კერძოდ, მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს - ე-----------------–---–ს გ------------–---–ის სასარგებლოდ დაკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გაღებული სასამართლოს ხარჯების ჯამის - 481 ლარის (160 ლარი+121 ლარი+200 ლარი) ანაზღაურება.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 261-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოწინააღმდეგე მხარეს - ე-----------------–---–ს გ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლობაზე გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის 200 (ორასი) ლარისა და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 201 (ორას ერთი) ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილებაზე დაიშვება საკასაციო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის N7ა) მეშვეობით 21 დღის განმავლობაში მხარისათვის დასაბუთებული დამატებითი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან.
მოსამართლე მაია გიგაური