განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 040310519003050291
საქმე N3/ბ-399-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია (დაუსწრებლად)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ------------------ი
წარმომადგენელი – ჯ---–------------ი
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2019 წლის 17 მაისს ბ------------------მა სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დადასტურდებოდა ბ------------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N1-------6) გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთთან, ასევე იშუამდგომლა პროცესის ხარჯის სახით 1300 (ათას სამასი) ლარის მოპასუხზე დაკისრება.
მოცემული საქმე 2019 წლის 10 ივნისს განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონულ სასამართლოს.
სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 03 დეკემბერს ბ------------------მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, კერძოდ მიწის ნაკვეთზე. სააგენტომ კომპეტენციის ფარგლებში შეაფასა წარდგენილი განცხადება, დოკუმენტები, აზომვითი ნახაზი, მოიძია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და 2019 წლის 11 თებერვალს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N1-------6) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და ბ------------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა კანონით დადგენილი წესით და უფლებამოსილების ფარგლებში უნდა დაედასტურებინა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავდროულად, 2019 წლის 11 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა N4---- და N4---- წერილებზე მერიიდან პასუხის მიღებისთანვე.
მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტი, მათ შორის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნოტარიალური წესით დამოწმებული განცხადებები, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას დღემდე არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია ამავდროულად მერიამ დაარღვია აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადა, არ მოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები, არ ჩაურთავს მესაკუთრე და არც წარმომადგენელი ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ მიუწოდებია არავითარი წერილობითი ინფორმაცია არც განმცხადებლისათვის და არც საჯარო რეესტრისათვის და ა.შ. აღნიშნული კი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს - ვერ ირეგისტრირებს და სრულყოფილად ვერ სარგებლობს საკუთრებით, რა გარემოებაც გახდა სასმართლოში სარჩელის წარდგენის საფუძველი.
მოპასუხის პოზიცია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომაგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ 2019 წლის თებერვალში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შევიდა წერილი, რასაც თან ახლდა საარქივო ცნობა ბ------------------ის კომლის შესახებ, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზები და მოწმეთა ჩვენებები.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის იდენტურობის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილება კანონის მე-16 და 24-ე მუხლების შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 აგვისტოს N--- და 2018 წლის 22 ივლისის N--- ბრძანებებით მინიჭებული აქვს მერიის რამდენიმე თანამშრომელს, კონკრეტულად ჩ---–-----ს თემში ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მერის წარმომადგენელს ნ--------------ს, რომლის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე არ იყო წარდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ შეადგინა იდენტურობის ოქმი და ცნობა ვერ მიაწოდა საჯარო რეესტრს.
წარმომადგენლის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია კანონის დადგენილ ვადაზე მეტი დრო, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განსაზღვროს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა. უფლებამოსილი პირების განმარტებით, ვინაიდან იდენტურობის დადგენა რთული იყო და დაგვიანდა აქტის გამოცემა, მიაჩნიათ, რომ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N1-------6) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იყო ბ------------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური. ამავე გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას ბ------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის, საადვოკატო მომსახურების საფასურის 1000 ლარის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ხარჯის 200(ორასი) ლარის, სულ 1300(ათას სამასი) ლარის გადახდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. ბ------------------მა, 2018 წლის 03 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე მდებარე ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-------ი 1305 კვ.მეტრი და 2943 კვ.მეტრი;
2.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბ------------------ის განცხადება და თანდართული დოკუმენტები (აზომვითი ნახაზი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი N1-------6, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნორმატიული წესით დამოწმებული განცხადებები) 2019 წლის 11 თებერვალს გადაუგზავნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის;
2.1.3. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდნ გამომდინარე დაასკვნა, რომ ბ------------------ი იყო იმ მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, რომლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელზედაც მოდავე არ გააჩნდა და რომელიც იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N1-------6) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტური;
2.1.4. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას, 2019 წლის 11 თებერვლიდან საქმის სასამართლო განხილვის დღემდე არ გამოუცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, არც მოსარჩელე მხარისათვის უცნობებია აქტის გამოუცემლობის და კანონით დადგენილი ვადის გადაცილების მიზეზი. ამასთან მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ბ------------------ის საქმესთან დაკავშირებით როდის მიმართა არქივს და რა საბუთები მოითხოვა სადავო საკითხში გასარკვევად. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება, ასევე დადგენილ გარემოებად მიიჩნია ის, რომ გზის გაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ბ------------------ი სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით, რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები საკმარისი იყო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლოს განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს.
სასამართლოს მითითებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54–ე მუხლის ,,ე.ე.’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.
მითითებული მუხლის მესამე ნაწილით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
განსახილველ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N4---- და N4---- წერილებზე (თანდართული დოკუმენტებით) იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ დააკვნა, რომ ვინაიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ყველანაირი ვადა დაარღვეული ჰქონდა, ფაქტობრივად უარი უთხრა დაინტერესებულ მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანი მიადგა მოსარჩელე ბ------------------ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს უძრავი ქონების დარეგისტრირებისა და საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის მხრივ.
შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა გამოკვლეული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებდა თავის მოთხოვნებს, ხოლო მოპასუხეს საპირისპირო პოზიცია სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით არ დაუდასტურებია; მეტიც მერიის წარმომადგენელმა აღიარა, რომ ბ------------------ს მოდავე არ ჰყავდა და გზა, რომლითაც მიწის ერთიანი ბალანსი იკვეთებოდა, მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იქნა გაყვანილი, რა გარემოებებიც სასამართლოს პოზიციის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვლეტილებაში ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის სასარგებლო ასპექტებზე და არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ განცხადებული მოსაზრებები, კერძოდ ის, რომ ბ------------------მა წარადგინა საკადასტრო-აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოში, რომელიც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N1-------6) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურია. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ დაადგინა ნაკვეთის იდენტურობა, მაშინ როდესაც იდენტურობა საეჭვო იყო და საჯარო რეესტრმა გადმოაგზავნა დოკუმენტები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში იდენტურობის დადგენისათვის, თუმცა მთელი რიგი სირთულეების გამო იდენტურობის შესახებ მერიის მხრიდან პასუხი დაგვიანდა. ამასთან აღნიშნავს, რომ ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბ------------------ის მიერ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობას არის საარქივო ცნობა (N1-------6). საარქივო ცნობაში აღნიშნულია, რომ ე-----–----------ს (ბ------------------ის მამას) პირად საკუთრებაში ერიცხება 1988 წლის მონაცემებით 2400 (ორიათას ოთხასი) კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 1986-2000 წლებში ინფორმაცია საცხოვრებელი სახლის შესახებ რეგისტრირებული არ არის. 1988 წლისთვის კომუნისტური სისტემის დროს პირად საკუთრებაში ეძლეოდათ საცხოვრებელი სახლი და სახლთან არსებული მიწის ნაკვეთები, მაქსიმუმ 3000 კვ.მ-მდე. ნაკვეთი, რომლის იდენტურობის დადგენასაც ითხოვს ბ------------------ი, მდებარეობს სოფ.ს---------ან მოშორებით ლენტეხი-ჩ---–-----ს საავტომობილო გზის გასწვრივ, რომელიც 1988 წელს წარმოადგენდა არასასოფლო დანიშნულების მიწას. ეს ფაქტი ცხადია იწვევდა საფუძვლიან ეჭვს;
3.1.2. აპელანტის მითითებით, მოწმეების მიერ დასახელებული მიწის ნაკვეთის ფართობი არ ემთხვევა არქივის ცნობაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთის ფართობს და ასევე სრულად განსხვავდება საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ნაჩვენებ მიწის ნაკვეთის ფართობის ზომისაგან, არ ემთხვევა ერთმანეთს საკადასტრო კოდებიც, რა გარემოებაც იყო დამაბრკოლებელი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურებისთვის, ამასთანავე საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ამზომელ კ----–---------ს მითითებული აქვს, რომ დაინტერესებული მხარის გამოკითხვის შედეგად ვერ იქნა მოძიებული 1100 (ათას ასი) კმ.მ. (ს/კ. 8--------) 06.02.2019წ. მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთის მფლობელის სახელი და გვარი. აღნიშნული ნაკვეთი არც საარქივო ცნობიდან ჩანდა;
3.1.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია თითქოს მერიის წარმომადგენელმა აღიარა, რომ გზა, რომლითაც მიწის ერთიანი ბალანსი იკვეთება, ბ------------------ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნა გაყვანილი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მერიის წარმომადგენელმა კი არ აღიარა, არამედ განაცხადა, რომ მერიაში იყო მოსული ბ------------------ის ძმა გ------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ გზა მის ნაკვეთზე იქნა გაყვანილი. საარქივო ცნობა 2400 კვ.მ-ზე გაცემულია 1988 წლის მონაცემებით, უდაოვა, რომ გზა მანამდე იქნა გაყვანილი. საკითხავია რატომ არის ერთიანი მიწის ნაკვეთი და არ არის გზის ორივე მხარეზე ცალ-ცალკე ნაკვეთებად 1988 წლის მონაცემებით. ესეც იყო იდენტურობის შემაფერხებელი გარემოება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების შესწავლა მოითხოვდა საკმაოდ დიდ დროს, როს გამოც მოხდა ნაკვეთების იდენტურობის (დადასტურების ან უარის თქმის) - ოქმის შედგენის დაგვიანება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე მერიის წარმომადგნლის განმარტება საერთოდ არ არის ნახსენები სასამართლო გადაწყვეტილებაში;
3.1.4. აპელანტის მითითებით, უფლებამოსილი პირის - მერის წარმომადგენლის ჩ---–-----ს თემში ნ--------------ის განმარტებით ის ტელეფონით ელაპარაკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბ------------------ს, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ (რუსეთში) და ასევე წარმომადგენელს ჯ---–------------ს, რომელიც ცხოვრობს ქალაქ თბილისში. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ საკითხის შესწავლის მიზნით მასალები გაგზავნილ იქნა ეროვნულ არქივში და საგზაო დეპარტამენტში. საგზაო დეპარტამენტიდან პასუხი არ მიუღიათ. ცაგერის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის მომართვაზე პასუხის გაუცემლობა თავის დროზე და არა ის, რომ იდენტურობის დადასტურება არ მოდხა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილებით დააკისრა მუნიციპალიტეტის მერიას იდენტურობის დადასტურება, რაც უკანონოდ მიაჩნია.
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის გრაფაში მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში, თუმცა ვინაიდან მოთხოვნის დაზუსტების მიზნით აპელანტის წარმომადგენლის მოწვევა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვერ მოხერხდა, ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობის გრაფაში მხარე დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილშიც, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე და საფუძვლიანობაზე იმსჯელა სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
ამ ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს ამ ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ 2018 წლის 03 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია 1305 კვ.მეტრი და 2943 კვ.მეტრი ოდენობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ს-------ი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული განცხადება და თანდართული დოკუმენტები (აზომვითი ნახაზი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი N1-------6, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნორმატიული წესით დამოწმებული განცხადებები) 2019 წლის 11 თებერვალს გადაუგზავნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას იდენტიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად, რა ვალდებულებაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შესრულებულა.
პალატა აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „გ’’, „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია ადგილზე შეამოწმოს საკადასტრო აღწერის შედეგების სისწორე მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის, დაინტერესებული პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობით.
მითითებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
კანონის მე-3 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელში იგულისხმება - მუნიციპალიტეტის მერი ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირი ან მოხელე.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ რადგანაც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული არ ყოფილა.
საქმეზე დაგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის პოზიციის გათვალიწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადგენად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა, ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, შესაბამისად სააპელაციო საჩივარი უარყოფილი უნდა იქნას დაუსაბუთებლობის მოტივით.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს; კერძოდ ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე №ას-1161-1116-2016) განმარტა, რომ ,,საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ’’.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები.
მოცემულ შემთხევაში უდავოდაა დადგენილი საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ოდენობა (1000 ლარი), რაც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით წარმოადგენს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილ ჰონორარს. მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალიწინებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას, ინსტანციურობას და მიიჩნევს, რომ ადვოკატისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხა ადეკვატურია და არ აღემატება წარმომადგენლის მიერ საქმეზე გაწეულ მომსახურებას. ასევე ცალსახად დასტუდება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სხდომაზე მხარის გამოცხადების ხარჯის გაღება მოსარჩელის მხრიდან.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის საპროცესო ხარჯის ანაზღაურების მიზნით ჯამში 1300 ოდენობით დაკისრების ნაწილში გონივრულია, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი