განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
240210017001817501
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017001817501

საქმე №2/ბ-1309-2019

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 მარტი, 2020 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე ქორიძე

აპელანტი ვ-–- გ---–--------ა

წარმომადგენელი ნ----- ჩ--------

 

მოწინააღმდეგე მხარე სს „ა-----------------“

წარმომადგენელი ვ-----–- ხ--–--–ი

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ა----------------ის“ სარჩელი. დაეკისრა ვ-–- გ---–--------ას (პ/ნ 2----------) სს „ა----------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 8005.17 ლარის გადახდა. დაეკისრა ვ-–- გ---–--------ას (პ/ნ2----------) სს „ა----------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების - 240.80 ლარის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2013 წლის 12 დეკემბერს სს „ა-----------------“ -სა და (ყოფილი შპს ს---------------------------------------) სს „თ----- ლ------ს“ შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა სს „თ----- ლ------ის“ სარგებლობაში არსებული F----ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - U------ და გაცემული იქნა სადაზღვევო პოლისი M----------------. დაზღვევა მოიცავდა ავტომანქანა F----ის სახ. სახელმწიფო ნომრით -U------, მთელ რიგ სადაზღვევო რისკებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ დაზიანებას. 2.2. 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნ-------–--ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც M--------ის მარკის ავტომანქანა სახ.N B---------, რომელსაც მართავდა ვ-–- გ---–--------ა (მცხოვრები: მარტვილის რაიონის სოფელ ლ------------ში) შეეჯახა F----T-------ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - U------, რომელსაც მართავდა კ--- ც--–--ე (ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წ-----–-ში). აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილი იქნა ვ-–- გ---–--------ა. 2.3. შემთხვევის შემდეგ, 2014 წლის 2 თებერვალს, 15:20 საათზე ორივე ავტომანქანა ევაკუატორის მეშვეობით გადაყვანილ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე შპს „ი------------“-ში. აქტის მიხედვით, დაზიანებული იყო „კაპოტი“, „ბუფერი“, „აბლიცოვკა“, მარჯვენა ორი კარი, შუშა. 2.4. სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით, 2014 წლის 19 მარტს, K---------ის სახელოსნოში, K---------ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების დადგენის მიზნით განხორციელდა ავტომობილის ინსპექტირება. ინსპექტირების აქტის მიხედვით, ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ხარისხიდან გამომდინარე, ავტომანქანის აღდგენის ღირებულება აღემატება საბაზრო ღირებულების 70%-ს. ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონელია და ის ითვლება განადგურებულად. იმავე აქტის მიხედვით, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7300 აშშ დოლარს, ხოლო ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 აშშ დოლარს (+- 20%). იგივე აქტის მიხედვით ავტომანქანა ჩამოწერილ იქნა. 2.5. 2014 წლის 28 მარტს სს „ა-----------------“ -ს მიმართა სს „თ----- ლ------მა“ და მოსთხოვა მიყენებული ზიანის 11 508.67 ლარის ანაზღაურება, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილ იქნა 2014 წლის 15 აპრილს. მოსარჩელემ ჩამოწერილი ავტომანქანის ნარჩენების რეალიზაციით მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი), რაც გამოაკლო მის მიერ ანაზღაურებულ თანხას და ითხოვს მოპასუხისათვის 8005.17 ლარის ანაზღაურების დაკისრებას. 2.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნ-------–--ში, ვ-–- გ---–--------ას ბრალეული მოქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სს „ა-----------------“ -მ მიიღო 11 508.67 ლარის ზიანი, საიდანაც ვ-–- გ---–--------ას მიერ სს „ა-----------------“-სათვის ასანაზღაურებელია 8005.17 ლარი. ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით და განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ: დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნ-------–--ში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვ-–- გ---–--------ას ბრალეული მოქმედებით. მხარეები დავობენ ავტომანქანის დაზიანების ხარისხზე და ასევე, მიყენებული ზიანის ოდენობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას მიადგა 11 508.67 ლარის ზიანი, თუმცა ავტომანქანის ნარჩენების რეალიზაციის შედეგად მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი) და დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 8005.17 ლარი. მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები: ა) სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი; ბ)ავტომანქანის ჩამოწერის აქტი (19.03.2014 წ); გ) მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანის ნარჩენი ნაწილების რეალიზაციით მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი), რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია; დ)საგადახდო დავალება N- (15.04.2014 წ), რომლის მიხედვით, 2014 წლის 15 აპრილს, მოსარჩელე სს „ა-----------------“-მ სს „თ----- ლ------ს“ ჩაურიცხა F----T-------ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით -U------), დაზიანებით გამოწვეული ზიანი - 11 508.67 ლარი; 2.8. საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა, ან ეჭვქვეშ დააყენებდა მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობის ხარისხს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხემ მიუთითა დაზიანების ხარისხზე მხოლოდ ზეპირად და აღნიშნა, რომ ავტომანქანა ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლომ განმარტა, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, თუმცა ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მხოლოდ მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ამ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, თუმცა მთავარია რამდენად სარწმუნოა იგი. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უფრო უკეთ განახორციელა თავისი საპროცესო მოვალეობა და სასამართლოს წარმოუდგინა უფრო მყარი და სანდო მტკიცებულებები, ვიდრე მოპასუხემ. მოპასუხემ სადავო გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სს „ა-----------------“ -მ ვ-–- გ---–--------ას ბრალეული მოქმედებით მიიღო 11 508.67 ლარის ზიანი, საიდანაც ვ-–- გ---–--------ას ასანაზღაურებელი თანხაა - 8005.27 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.9. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუცია; ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 992-ე მუხლი, 799-ე, 408-ე, 832-ე მუხლების პირველ ნაწილები და განმარტა: 2.10. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ვ-–- გ---–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. სადაზღვევო კომპანიამ ავარიით დამდგარი ზიანი აანაზღაურა. ვ-–- გ---–--------ამ არ ცნო სარჩელი და უარს ამბობს ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ დავის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას. იმისათვის, რომ ვ-–- გ---–--------ას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: ვ-–- გ---–--------ას ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოყვეს ზიანი; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. 2.12. სასამართლომ განმარტა, რომ ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება. საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია, რომ ვ-–- გ---–--------ა არ დაემორჩილა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესებს, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა დანაშაულად, რისთვისაც მას სასჯელი დაეკისრა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით. 2.13. სასამართლოს განმარტებით დელიქტური ვალდებულება არ არსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომDდელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მიიღო 8005.17 ლარის ზიანი. შესაბამისად, ზიანი უნდა განისაზღვროს 8005.17 ლარით. 2.14. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი). ვ-–- გ---–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელ გარემოებას. ანუ ვ-–- გ---–--------ას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ვ-–- გ---–--------ა ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი. 2.15. დაზიანებული ავტომანქანა დაზღვეული იყო მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში და მან აანაზღაურა ის ხარჯი, რაც ავარიის შედეგად დადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. დადგენილია, რომ ზიანი დადგა ვ-–- გ---–--------ას ქმედებით. შესაბამისად, ვ-–- გ---–--------ას ვალდებულებაა გადაიხადოს 8005.17 ლარი და აღმოფხვრას ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით“. ვ-–- გ---–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა, აანაზღაურა. შესაბამისად, ის იკავებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ-–- გ---–--------ამ. ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სარჩელი ხანდაზმულია. სადაზღვევო შემთხვევა დადგა 2014 წლის 2 თებერვალს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 23 თებერვალს. სადაზღვევო კომპანია, თავს ვერ გაიმართლებს იმ ფაქტზე მითითებით, რომ მოგვიანებით ეცნობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე, ამგვარი განმარტბა წინააღმდეგობაში მოდის საკანონდმებლო ნორმებთან და სასამართლო ვერ გასცდება კანონის იმპერატიულ დათქმას. სადაზღვევო კომპანია ვერ დაასაბუთებს, რომ იდენტიფიცირებული არ იყო დელიქტურ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი პირი, რადგან თავად სარჩელს ახლავს, მტკიცებულების სახით ავტოსაგზაო შემთხვევის დღეს, იმ პირთა გამოკითხვის ოქმები, ვინც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს და დასტურედება, რომ დაზიანებული ავტომანქანის მძღოლს ცნობად ჰქონდა, რომელი მარკის ავტომანქანა დაეჯახა, ვინ იჯდა საჭესთან და ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მიუთითებს კიდეც გამოკითხვის ოქმში. 3.2. არ არსებობდა ავტომანქანის განადგურებულად გამოცხადების საფუძველი, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან არ დასტურდება, რომ ავტომანქანა სრულად დამტვრეულია, პირიქით აქვს მცირე ვიზუალური დაზიანიანებები. 3.3. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ დამზღვევმა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე აცნობა ფაქტობრივად ერთი თვის შემდეგ, რაც ყოვლად დაუშვებელია და საერთოდ ბუნდოვანს ხდის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობას. სასამართლომ არასწორად იმსჯელა ავტომანქანის აღდგენის მიზანშეუწონლობის საკითხზე. საქმეზე დართულ ფურცელ 22-ზე წარმოდგენილია ავტოსატრანსპორტო დაზღვევის პირობები, რომლის 1 მუხლის 1.6 პუნქტში მითითებულია შემდეგი: განადგურება - ზინი, როდესაც ავტომანქანის აღდგენის ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების სულ ცოტა 75% შედგენს, კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დგინდება, რომ ავტომანქანის ზიანი საბაზრო ღირებულების სულ მცირე 75% იყო, იმის გამო, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეებმა მიიჩნიეს და საჭიროდ ჩათვალეს ავტომქანის განადგურებულად გამოცხადება ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხემ ავტომანქანის სრული თანხა უნდა გადაიხადოს, რადგან მისი განდგურებულად გამოცხადების საფუძველი საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე არ არსებობდა. 3.4. საქმეში წარმოდგენილი ჩამოწერის აქტის მიხედვით (ს.ფ.64), დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულებად მითითებულია 7300 აშშ დოლარი, ხოლო ავტომანქანის ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეაგდენს 2500 აშშ დოლარს, რომლის ინსპექტირება განხორციელდა შპს კბ.მოტორისის ავტოსალონში. ამასთანავე როგორც მე-4 ფაქტობრივი გარემოებიდან ირკვევა 7300 აშშ დოლარს გამოაკლდა ფრანშიზის თანხა 730 დოლარი და ანაზღაურებულ იქნა 11505,67 ლარი. 6570 დოლარი ნაანგარიშებია შემდეგი კურსით 1 დოლარის ღირებულება 1 ლარი და 75 თეთრი 6570 დოლარს გამოკლებული 2500 დოლარი ავტომობილის ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4070 აშშ დოლარს, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებული კურსით შეაგდნეს 7122 ლარს.ეს იმ შემთხვევაში დროულად,რომ მიემართა მზვეველს სადაზღვევო კომპანიისათვის და ვ-–- გ---–--------ას ბრალეული ქმედებით ზიანის ოდენობის ფაქტი, რომ დადასტურებულიყო,რაც მოცემულ საქმეში არ დასტურდება. 3.5. აპელანტი მიიჩნევს, რომ ვ-–- გ---–--------ას ბრალეული მოქმედებით არ მიუღია სადაზღვევო კომპანიას 11508,67 ლარის ზიანი, რადგან არ მომხდარა მზღვეველისათვის მიმართვა კანონით დადგენილ ვადაში და დაგვიანებით მიმართვის საპატიო მიზეზიც ვერ დაადასტურა მოსარჩელე მხარემ. სამართლებრივი საფუძვლები 3.6. სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის თანახმად, 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ამბობს, რომ ზიანის შეფასება მზღვეველის მხრიდან იქნება არასწორი და მასზე დაყრდნობა გასცდება სამართლებრივი ნორმების მოთხოვნას. ამ ნორმის მიზანია დააწესოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. კეთილსინდისიერების პრინციპი დამზღვევისაგან მზღვეველთან თანამშრომლობას მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე 814-ით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების უმთავრესი წინაპირობაა სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. ამასთან, კანონი მკაცრად ადგენს, რომ ვალდებულება დამზღვევის მიერ უნდა შესრულდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი დამზღვევს მეტი გულისხმიერებისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და მისგან დიდ ყურადღებას მოითხოვს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი დაინტერესებულია ზიანის შემცირებითა და მისი ზუსტი ოდენობის დადგენით. მზღვეველი მის ვალდებულებას ასრულებს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის I ნაწილით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა პირდაპირ კავშირშია დამდგარი ზიანის არასწორ შეფასებასთან, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ეტაპზე მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევით მზღვეველს ერთმევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის მოცულობის ზუსტ განსაზღვრაში. 3.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი. ამ ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ნორმის სიტყვასიტყვითი შინაარსი მიუთითებს, რომ ზიანის ფაქტის და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეტყობა ხანდაზმულობის ვადის ათვლის ალტერნატიული წინაპირობებია. სწორედ ამ შინაარსით არის ციტირებული ხსენებული ნორმა სასამართლო პრაქტიკაშიც. 130-ე მუხლის ზოგადი წესის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება უფლების დარღვევის შეტყობის მომენტიდან. ზოგადი წესი არ უთითებს ზიანის მიმყენებელი პირის იდენტიფიკაციის აუცილებლობაზე, რაც ლოგიკურია, ვინაიდან სამართლებრივ ურთიერთობებში, განსაკუთრებით, როდესაც მხარეთა შორის უკვე არსებობს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, უფლების დარღვევა მომდინარეობს იმ პირისგან, რომლის თაობაზე უფლებადარღვეული პირისათვის იმთავითვე ცნობილია და, შესაბამისად, არ არსებობს ვადის ათვლის მომენტის გადავადების საჭიროება. 3.8. დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან გასათვალისწინებელია, რომ ვადის ათვლა დაიწყება ზიანის შეტყობის მომენტიდან, თუ საკმარისად განსაზღვრადია ზიანის მიმყენებელი პირის ვინაობა და მნიშვნელობა არ აქვს, თუ მოგვიანებით ზიანის მიმყენებლის წინააღმდეგ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება 138-ე მუხლის შესაბამისად მხოლოდ იმის გამო, რომ დაზარალებულმა მიმართა საგამოძიებო ორგანოებს ზიანის მიმყენებლის ქმედების გამოძიების მოთხოვნით. მისი ამგვარი ქმედება მიმართულია ზიანის მიმყენებლის დასჯის და არა კომპენსაციის მიღებისკენ. შესაძლოა საერთოდ არ მიმართოს დაზარალებულმა მხარემ საგამოძიებო ორგანოს, პირის დასჯის მიზნით, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებში მოთხოვნის საფუძვლად არსებული ხანდაზმულობის ვადები, არავითარ კავშირში არ არის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასა და საქმისწარმოების თავისებურებებთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 12 დეკემბერს სს ა-----------------სა და სს თ----- ლ------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც დაზღვეულია სს თ----- ლ------ის სარგებლობაში არსებული F----ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - U------ და გაცემულია სადაზღვევო პოლისი M----------------. დაზღვევა მოიცავდა ავტომანქანა F----ის სახელმწიფო სახელმწიფო ნომრით - U------, მთელ რიგ სადაზღვევო რისკებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ დაზიანებას. 4.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნ-------–--ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც M--------ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით B---------, რომელსაც მართავდა ვ-–- გ---–--------ა, შეეჯახა F----T-------ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - U------, რომელსაც მართავდა კ--- ც--–--ე. 4.3. შემთხვევის შემდეგ, 2014 წლის 2 თებერვალს, 15:20 საათზე ორივე ავტომანქანა ევაკუატორის მეშვეობით გადაყვანილ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომზე შპს „ი------------“-ში. აქტის მიხედვით, დაზიანებული იყო „კაპოტი“, „ბუფერი“, „აბლიცოვკა“, მარჯვენა ორი კარი, შუშა. 4.4. დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სს კოდექსის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა ვ-–- გ---–--------ა. 4.5. დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით, 2014 წლის 19 მარტს, K---------ის სახელოსნოში, K---------ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების დადგენის მიზნით განხორციელდა ავტომობილის ინსპექტირება. ინსპექტირების აქტის მიხედვით, ავტომანქანის აღდგენის ღირებულება აღემატებოდა საბაზრო ღირებულების 70%-ს, რის გამოც ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული და ავტომანქანა ჩაითვალა განადგურებულად. იმავე აქტის მიხედვით, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7300 აშშ დოლარს, ხოლო ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 აშშ დოლარს. ამავე აქტის მიხედვით ავტომანქანა ჩამოწერილ იქნა. 4.6. 2014 წლის 28 მარტს სს ა-----------------ს მიმართა სს თ----- ლ------მა და მოითხოვა მიყენებული ზიანის 11 508.67 ლარის ანაზღაურება, რაც სადაზღვევო კომპანიამ 2014 წლის 15 აპრილს გადაიხადა. 4.7. მოსარჩელემ ჩამოწერილი ავტომანქანის ნარჩენების რეალიზაციით მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი), რაც გამოაკლდა მის მიერ ანაზღაურებული თანხის ოდენობას და მოითხოვა მოპასუხისათვის 8005.17 ლარის ანაზღაურების დაკისრება. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.9. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დარღვეული უფლების აღსადგენად, სასარჩელო წესით მოითხოვა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის ასანაზღაურებლად, მის მიერ გადახდილი თანხის (ზიანის) მოპასუხისთვის დაკისრება. 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 4.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 4.13. პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის ვალდებული პირის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ზიანი გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. 4.14. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართოს 2014 წლის 14 აპრილის განაჩენით, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით, ცნობილი იქნა ვ-–- გ---–--------ა. შესაბამისად, დადგენილად ითვლება ვ-–- გ---–--------ას მიერ კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. 4.15. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სრულყოფილად განახორციელა მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები, რაც გულისხმობს, თითოეული მხარის მოვალეობას დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ისისნი ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს. 4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 4.17. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა კანონით დადგენილი მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) გაექარწყლებინა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები, იგი მხოლოდ ზეპირი მითითებებით შემოიფარგლა, მაშინ როდესაც მოსარჩელემ წარდგენილი მტკიცებულებებით სათანადოდ დაამტკიცა სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული ზიანის ოდენობა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, 2014 წლის 19 მარტის ავტომანქანის ჩამოწერის აქტით, რომლის თანახმად, დადგენილია, ავტომანქანის ნარჩენების საბაზრო ღირებულება - 2500 აშშ დოლარი (+- 20%), რომ იგივე აქტის მიხედვით, ავტომანქანა ჩამოწერილია. მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანის ნარჩენი ნაწილების რეალიზაციით მან 2000 აშშ დოლარი მიიღო (3503.40 ლარი), ხოლო ეს გარემოება მოპასუხემ სადავოდ არ გახადა, რის გამოც იგი სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილ გარემოებად. მოსარჩელის მიერ წარდგენილი საგადახდო დავალებით N- (15.04.2014წ), უდავოდაა დადასტურებული, რომ 2014 წლის 15 აპრილს, მოსარჩელე სს ა-----------------მ სს თ----- ლ------ს ჩაურიცხა F----T-------ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით -U------), დაზიანებით გამოწვეული ზიანი - 11 508.67 ლარი. 4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი. ამ ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. 4.19. სარჩელი ხანდაზმულობის შესახებ აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, რა მომენტიდან შეიტყო მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის შესახებ. 4.20. პალატას მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობა დადასტურდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2014 წლის 2 თებერვალს, რა დროსაც არ მომხდარა საჯარიმო ქვითრის გამოწერა, ვინაიდან მიჩნეულ იქნა რომ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სარჩელი წარდგენილია 2017 წლის 23 თებერვალს, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის წარსადგენად კანონით განსაზღვული სამწლიანი ვადა, რომელიც უნდა აითვალოს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ვინაობის დადგენიდან, ანუ ხსენებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, მოსარჩელის მიერ დარღვეული არ არის. შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობაზე აპელანტის მითითება უსაფუძვლოა. 4.21. ამგვარად, პალატის აზრით, აპელანტმა ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მან ვერც გადაწყვეტილების უსწორობის სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 257-ე, 377-ე, 384-ე, 389-391-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. აპელანტ ვ-–- გ---–--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინების შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სიხარულიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

თამარ სვანიძე