განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2020
საქმის ნომერი
050100119002813147
ინსტანცია
თარიღი
24.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002813147

საქმე №1/ბ-193-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2020 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----- ა-–----------ს ძე ა---------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ქ----ი, თ---------–--ის მე-2 ჩიხი, N3;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ----- ა---------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის 12 დეკემბრამდე დროის შუალედში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი შ----- ა---------ე, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო დედას - მ----- ა---------ეს სისტემატურად შეუარცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. შ----- ა---------ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა დედა, მიემართა მისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედის და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო, მ----- ა---------ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენით შ----- ა---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაურჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენში შ----- ა---------ის მიმართ სასჯელის ნაწილში და დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა შ----- ა---------ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დედის მიმართ შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტები არაერთხელ განმეორდა. გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

მსჯავრდებული შ----- ა---------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატო ნ---- ნ----ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენი, როგორც დასაბუთებული, სამართლიანი, ობიექტური და კანონის სრული დაცვით გამოტანილი, დარჩეს უცვლელი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით უსაფუძვლოა, დაზარალებულის მიერ წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მას შ----- ა---------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შ----- ა---------ე ხასიათდება დადებითად, არის უკონფლიქტო ადამიანი. გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ----- ა---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ შ----- ა---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ----- ა---------ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ოდერით N------ და ორდერის ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით.

 

განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა სააპელაციო საჩივრით სადაოდ არ არის გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.

 

გასაჩივრებული განაჩენით შ----- ა---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ შ----- ა---------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; პალატა ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, დაზარალებული მასთან შერიგებულია და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად არ მიაჩნია მიზანშეწონილად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 03 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

შ----- ა---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ----- ა---------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 13 დეკემბრიდან 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, მოხდის ვადაში და შ----- ა---------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ----- ა---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შ----- ა---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული მ----- ა---------ის (პირადი ნომერი 2----------), შ----- ა---------ის (პირადი ნომერი 2----------), შ------- ა---------ის (პირადი ნომერი 2----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------ში (ქ----ი) ფართობით 4200 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით 2------------ გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის თანამესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ შ----- ა---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე