განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
330210016001605404
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 330210016001605404

საქმე №ას-346-346-2018 11 მაისი, 2018 წელი

ას-346-346-2018 ხულელიძე თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვა

კასატორი – ეთერ ხულელიძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნორა სიჭინავა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნორა სიჭინავას სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ეთერ ხულელიძის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, მახინჯაურის ქუჩა #17 - ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ 01.12.12.025.032) გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ეთერ ხულელიძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით ეთერ ხულელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეთერ ხულელიძემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

 

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით დაინიშნა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა ზეპირი მოსმენით.

 

6. 2018 წლის 11 მაისს საქმის ზეპირი განხილვისას კასატორმა უარი თქვა საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ეთერ ხულელიძის განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

 

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც, მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

 

8. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი განხილვის დროს, ეთერ ხულელიძემ უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

 

9. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 378-ე, 272-ე, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს ეთერ ხულელიძის წარმომადგენლის კონსტანტინე გელაშვილის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

2. ეთერ ხულელიძის საკსაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. ეთერ ხულელიძეს (პ/ნ 44001002414) დაუბრუნდეს კონსტანტინე გელაშვილის (პ/ნ 31001000675) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადახდო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 30.03.2018წ.);

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე : მ. თოდუა

 

მოსამართლეები : პ. ქათამაძე

 

ე. გასიტაშვილი