განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.04.2018
საქმის ნომერი
330210116001207536
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330210116001207536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №ას-1557-1477-2017 20 აპრილი, 2018 წელი,ას-1557-1477-2017 კ---–-–---–ი ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე

 

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

 

კასატორი – გ------- კ---–-–---–ი (მოპასუხე)

 

მოწინააღმდეგე მხარე – თ----- ბ----------ე (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება

 

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შპს „ვ----.-სა“ (შემდეგში:საწარმო ან გამყიდველი) და გ------- კ---–-–---–ს (შემდეგში: მყიდველი, ცედენტი, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2013 წლის 29 მაისს, დაიდო # 05/30 ხელშეკრულება (შემდეგში: ნასყიდობის ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, მოპასუხეს 48 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ჟ. შ-------ას 35/37-ში, მეოთხე სადარბაზოში, ბინა 24-ში მდებარე 80 კვ.მ. (შემდეგში: უძრავი ქონება) უნდა მიეღო. საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულებულიყო (ტ. 1, ს/ფ 14-15).

2. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი მყიდველს უძრავ ქონებას ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის გადახდის შემდეგ გადასცემდა. ხელშეკრულების არც ერთ მხარეს უფლება არ ჰქონდა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე, მესამე პირისათვის გადაეცა (ტ. 1, ს/ფ 14-15).

3. თ----- ბ----------ესა (შემდეგში: მოსარჩელე ან ცესიონერი) და მოპასუხეს შორის, 2013 წლის 2 სექტემბერს, დაიდო ხელშეკრულება (შემდეგში: მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება), რომლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებების /მათ შორის, მყიდველის (ცედენტის) მიერ საწარმოს ანგარიშზე შეტანილი 3000 აშშ დოლარის ჩათვლით/, გადაცემის სანაცვლოდ, მოპასუხემ 13 000 აშშ დოლარი მიიღო, რაც მოიცავდა პირველად შენატანს, ბინის „გაკეთილშობილებაზე“ გაწეულ ხარჯებს და უფლების გადაცემის საფასურს (იხ. ხელწერილი, ტ. 1, ს/ფ 16).

4. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, დარჩენილი 45 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ უძრავი ქონება მოსარჩელეს გადაეცემოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს საცხოვრებელი სახლი ჩამოერთმეოდა, მისი ხელმეორედ რეალიზაციისა და ბინის ღირებულების დაფარვის შემდეგ აუნაზღაურდებოდა დარჩენილი თანხის ფარგლებში ბინის „გაკეთილშობილებაზე“ გაწეული ხარჯები.

5. შპსს 2014 წლის 10 ივლისის კრების ოქმით დასტურდება, რომ გივი კვიჭიძის გარდაცვალების შემდეგ საწარმოს დირექტორი მოპასუხე (ცედენტი) გახდა (ტ. 1, ს/ფ 45).

 

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ 2016 წლის 4 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, მის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის 13 000 აშშ დოლარის დაკისრება.

6.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებულ გარემოებებს დააფუძნა და დამატებით განმარტა, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება თავიდანვე ბათილი იყო, რადგან იმ პერიოდისათვის უძრავი ქონება არ არსებობდა და არც დღეს არსებობს, ამასთან, მოპასუხეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

 

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ მის მიერ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სახლი (მათ შორის სადავო ფართი) უკვე რამდენიმე წელიწადია აშენებულია და მასში არსებული ბინების უმრავლესობა დარეგისტრირებულია უფლებამოსილ მფლობელებზე.

7.2. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელემ თავად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და თავისივე ნებით თქვა უარი ხელშეკრულებაზე.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 198-ე, 199-ე, 204-ე, 352-ე, 405-ე, 498-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა მოთხოვნის დათმობის და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

8.3. სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის დათმობა იწვევს არა მარტო ზემოაღნიშნული განკარგვითი ხასიათის სამართლებრივ შედეგებს, არამედ - მხარეთა შორის კანონით დადგენილ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობასაც.

8.4. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოთხოვნის (უფლების) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფდა, რომ თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მყიდველს, ხოლო უფლების ნამდვილობისა და მოსარჩელისათვის მისი გადაცემის - გამყიდველს. თუ უფლება არ არსებობს, მისი განკარგვა შეუძლებელია, ან თუ ის სხვა პირს ეკუთვნის, ასეთ შემთხვევაში, გამოვლენილია არა ნაკლიანი შესრულება, არამედ - ვალდებულების შეუსრულებლობა.

8.5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა არ გადაუცია.

8.6. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ცედენტმა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ცესიონერს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება წარმოეშვა, რაც თავის მხრივ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობაა.

8.7. საქალაქო სასამართლოს შუალედური საოქმო განჩინებით ცედენტს უარი ეთქვა საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ დასაბუთებით, რომ მტკიცებულებები არ იყო დაკავშირებული მის შესაგებელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინება, საქმეზე მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მან გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საოქმო განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. მოპასუხემ თავის სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე დადგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებითაც აშკარად დასტურდებოდა სარჩელის სამართლებრივი უსაფუძვლობა და ფაქტობრივი დაუსაბუთებულობა.

9.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 198-207-ე მუხლები და არ გამოიყენა ქონების, მასზე მოთხოვნის უფლების გარიგების მარეგულირებელი ნორმები. მართალია, სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის ურთიერთობა მოთხოვნის დათმობას და ვალის გადაკისრებას ეხებოდა, თუმცა, იმსჯელა ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულებაზე.

9.4. აპელანტის მტკიცებით, სასამართლო ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობას ავითარებს, როდესაც დადგენილად მიიჩნევს მოთხოვნის დათმობის ურთიერთობის არსებობას, შემდეგ კი ასკვნის, რომ მოთხოვნა, რომლის გადაცემაც განხორციელდა არ არსებობდა.

9.5. აპელანტიარ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილშიც, რომ საქმეში არ ყოფილა წარდგენილი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლის დოკუმენტი. აპელანტის მტკიცებით, უძრავი ქონების დროებით ექსპლუატაციაში მიუღებლობა, არავითან პრობლემას არ უქმნის მასზე უფლების მოპოვებასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.

 

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის (ცედენტის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის /შემდეგში: სსსკ/ 390.3-ე მუხლი).

10.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოთხოვნა, რომელიც ცედენტმა ცესიონერს გადასცა, არ არსებობდა. საწარმოს მიერ წარდგენილი შესაგებლით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე უძრავი ქონების მესაკუთრე არ ყოფილა და არც მის სახელზე დარეგისტრირებულა ნივთი (მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელი გამყიდველის (საწარმოს) წინააღმდეგაც აღძრა, თუმცა, მოგვიანებით სარჩელი გაიხმო, ტ. 1, ს/ფ 82). ამასთან, სადავო 13 000 აშშ დოლარი გამყიდველს (საწარმოს) არ მიუღია და მას მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებასთან შემხებლობა არ ჰქონია. საქმის მასალებში წარდგენილი არ არის საცხოვრებელი სახლის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ასევე, ე.წ. „განშლის“ დოკუმენტი, რომლითაც ცედენტის მიერ ცესიონერისათვის გადაცემული უძრავი ქონების არსებობა დადასტურდებოდა.

10.4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ცესიონერისათვის გადაცემული უფლება ცედენტს არ ეკუთვნოდა და, შესაბამისად, არც მისი მესამე პირისათვის გადაცემის უფლება ჰქონდა გამყიდველისაგან მინიჭებული, არც შემდგომში მოუწონებია საწარმოს უფლების გადაცემა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

10.5. წინამდებარე განჩინების 10.3-10.4 ქვეპუნქტებში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სსკ-ის 54-ე, 59-ე, 976.1-ე, 979.1-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს არარა გარიგებიდან გამომდინარე შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ხოლო მოპასუხე (ცედენტი) ვალდებული იყო, მიღებული თანხა ცესიონერისათვის დაებრუნებინა.

10.6. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ასევე გასაჩივრებული საოქმო განჩინების დასაბუთებლობაზე და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებდა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ რომელიმე გარემოებას.

 

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. აპელანტმა საკასაციო წესით სრულად გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11.2. საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები, რომლებიც ამ განჩინების 9.2-9.5 ქვეპუნქტებშია ასახული.

11.3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნებს და უფრო მეტად ბუნდოვანს ხდის მათ, ასევე, არასწორადა განიმარტა ნარდობისა და ცესიის მარეგულირებელი ნორმები;

11.4. კასატორის მტკიცებით, ორივე ინსტანციის სასამართლოში დაირღვა შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპები, რადგან მოპასუხეს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე საქმეზე მტკიცებულებები დაერთო. კასატორი აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოწმის სანოტარო წესით დადასტურებული ჩვენების საქმეზე დართვის უარყოფის შესახებ და არ იზიარებს სასამართლოს დასაბუთებას, რომ მხარეს უფლება აქვს, იშუამდგომლოს მოწმის დაკითხვა. კასატორი განმარტავს, რომ ის თავად გადაწყვეტს რა მტკიცებულებები წარუდგინოს სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად.

11.5. კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის უსაფუძვლობაზე მიუთითებდა, აქედან გამომდინარე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლებიც სსკ-ის 976.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 979.1-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

18.1 სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მოთხოვნის დათმობის გარიგება უძრავ ქონებაზე დადეს, მოსარჩელემ კასატორს 13 000 აშშ დოლარი გადაუხადა იმ მიზნით, რომ უძრავი ქონება, ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებაში გადასულიყო, რასაც ორივე მხარე აცხადებს და ეთანხმება;

18.2 სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 13 000 აშშ დოლარის გადაცემას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ბათილია, როგორც ნებართვის გარეშე /საწარმოს თანხმობის გარეშე/ დადებული გარიგება (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი; სსკ-ის 54-ე და 59-ე მუხლები), აღნიშნულით კი კასატორი მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა;

18.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი კი არ აქარწყლებს კასატორის გამდიდრების ფაქტს, არამედ, პირიქით, განამტკიცებს მას. მოთხოვნის დათმობის შესახებ ურთიერთობის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 13 000 აშშ დოლარი გადასცა, თუმცა, ცესიონერმა ამ მოთხოვნის რეალიზაცია ვერ შეძლო, მისი არარსებობის გამო. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ უძრავი ქონება არ არსებობს და ცედენტი (კასატორი) არაუფლებამოსილი იყო, განეკარგა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, რასაც გამყიდველიც (საწარმოც) ადასტურებს.

18.4.საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებაზე - ე.წ. ცესიის ხელშეკრულებაზე, რომლის თაობაზე მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტებში, ამასთან, ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელეს გადასახდელად დარჩენილი 45 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველ მეორე თვეს 1000 (ათასი) დოლარის საწარმოს ანგარიშზე შეტანით მოპასუხის მეშვეობით; მინიმუმ 10 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს (ცესიონერს) უნდა გადაეხადა 2015 წლის აპრილის ჩათვლით, ხოლო დარჩენილ თანხას -35 000 აშშ დოლარს დაფარავდა ერთიანად (იხ. ტ.1, ს.ფ.15 -ს მეორე გვერდი). საქმის მასალების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და საწარმოსა (გამყიდველსა) და მოპასუხეს (მყიდველს) შორის გაფორმებული 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების 5.2 ქვეპუნქტიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ცესიონერისათვის (მოსარჩელისათვის) გადაცემული უფლება ცედენტს (მოპასუხეს) არ ეკუთვნოდა და, შესაბამისად, არც მისი მესამე პირისათვის გადაცემის უფლება ჰქონდა გამყიდველისაგან მინიჭებული, არც შემდგომში მოუწონებია საწარმოს (გამყიდველს) უფლების მოსარჩელისათვის გადაცემა (იხ. წინამდებარე განჩინების 10.3-10.4 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ საწარმოს არ მიუნიჭებია მოპასუხისათვის, ამ უკანასკნელის „მეშვეობით“, როგორც ეს 02.09.2013წ. ხელშეკრულებაშია მითითებული, მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხის მოპასუხისასათვის გადაცემის უფლება. მოპასუხე საკუთარ შესაგებელში არსად უთითებს, თუ რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა „მისი მეშვეობით“ საწარმოს ანგარიშზე თანხის გადასახდელად, არც საქმის მასალებით დასტურდება სსკ-ის 709-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არსებობა. ამდენად, არარსებული მოთხოვნის უფლების განკარგვა შეუძლებელია, რაც მოსარჩელეს აძლევდა შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მოპასუხე (ცედენტი) ვალდებული იყო, მიღებული თანხა ცესიონერისათვის დაებრუნებინა. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი უკავშირდება გარიგების დადებამდე არსებულ ვითარებაში დაბრუნებას, ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც არარა გარიგებით მიიღეს მხარეებმა, უნდა დაუბრუნონ ერთმანეთს, ხოლო 979-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე: „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“.

18.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია მოსარჩელის პრეტენზიის გამაქარწყლებელი არც ერთი მტკიცებულეება, რაც მისი არგუმენტების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მტკიცებულებათა დართვის შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის გამო საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რადგან ის მტკიცებულებები, რაც მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა, არ წარმოადგენდა იმგვარ განკუთვნად მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდებოდა ცესიის ხელშეკრულებით გადაცემული მოთხოვნის ნამდვილობა.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-553-524-2015, 10.03.2016 წ., #ას-1165-1111-2013, 29.10.2015 წ.).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ------- კ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ------- კ---–-–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1631.37 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 25 იანვარი), 70% – 1 141.95 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

 

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

 

ბ. ალავიძე