განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.07.2018
საქმის ნომერი
330310016001469655
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330310016001469655

ბს-79-79 (კ-18) 17 იანვარი, 2019წ.

გ-------------–-–---–ი ბს-79-79 (კ-18) ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ-------------–-–---–ი

დავის საგანი – მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

15.08.2016წ. გ-------------–-–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის გაცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიმართ ასაკობრივი პენსიის გაცემა შეწყდა 2013 წლის 01 დეკმბრიდან. 21.07.2016წ. მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, რომლის მიზანი იყო გაერკვია თუ რა მიზეზით შეუწყდა პენსია და ამავდროულად მოითხოვა პენსიის გაცემა. მოპასუხის 09.08.2016წ. წერილობითი პასუხით შეიტყო, რომ ს---------–-–----------------------–--------------------–------------–---–-- მუშაობის გამო შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა, ვინაიდან აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად. აღნიშნულ არგუმენტი მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის გაცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილება, სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გ-------------–-–---–ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო პენსიის აღდგენა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენლად მიიჩნია, რომ გ-------------–-–---–ი (დაბ. 03.02.----წ.) 2010 წლის 24 სექტემბრიდან მუშაობდა ს---------–-–----------------------–--------------------–------------–---–--. გ-------------–-–---–მა 2016 წლის ივლისის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის აღდგენა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი მიღებული იყო სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევით და საკასაციო სასამართლოს №ბს-77-75(კ-15) 02.07.2015წ. განჩინებაზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე გ-------------–-–---–ი საქმიანობდა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - ს---------–-–----------------------–---------------------–-------------–---–--, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მისთვის პენსიის შეწყვეტა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. სახეზე არ არის პენსიის მოპოვების შემთხვევა, ვინაიდან გ-------------–-–---–ს პენსიის მიღების უფლება მოპოვებული ჰქონდა, არ დაუკარგავს და ითხოვს უკანონოდ შეწყვეტილი პენსიის აღდგენას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გ-------------–-–---–ის პენსიის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია და მოსარჩელისათვის ჩაბარებული არ ყოფილა, გარდა გასაჩივრებული სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილებისა. შესაბამისად, გ-------------–-–---–ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2013 წლის 01 დეკემბრიდან გ-------------–-–---–ათვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.17წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები სადავო საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და პენსიის აღდგენის თაობაზე.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს ბს-481-478(2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბერში შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა და მას სადავოდ არ გაუხდია კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით გ-------------–-–---–ს 2016 წლამდე არ მიუმართავს ორგანოსთვის. გ-------------–-–---–ს 2016 წლის ივლისის თვემდე არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსთვის პენსიის შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის თაობაზე. სზაკ-ის 177.2, 180-ე მუხლები ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რაც გ-------------–-–---–ს არ განუხორციელებია 2016 წლამდე. აღნიშნულის გამო არ არსებობდა 2016 წლამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძველი.

კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სსიპ ს-----–------------–----- სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევას. სსიპ ს-----–-------------–---- არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თ-----–--- მინისტრის 15.08.2---წ. №-- ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ ს-----–------------–----- წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #------- წერილით მიმართა „----–----- და 27.02.2017წ. #--- წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ს-----–-------------–---- მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც გ-------------–-–---–ს სწორად ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

საკასაციო სასამართლოს 28.06.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის გ-------------–-–---–ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12..2017წ. განჩინება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გ-------------–-–---–ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც 34.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას წარმოადგენდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი გ-------------–-–---–ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ-------------–-–---–ის სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ-------------–-–---–ი (დაბ. 03.02.----წ.) მუშაობდა ს---------–-–----------------------–--------------------–------------–---–-- და იღებდა ასაკობრივი საფუძვლით დანიშნულ სახელმწიფო პენსიას. ს---------–-–----------------------–--------------------–------------–---–-- მუშაობის გამო გ-------------–-–---–ს 2013 წლის 1 დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა. მან 2016 წლის ივლისის თვეში განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა, რაზეც სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.08.2016წ. წერილით უარის თქმის საფუძვლად მიეთითა გ-------------–-–---–ის მუშაობა სსიპ ს-----–------------–---–--, რომელშიც საქმიანობა ითვლებოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა პარალელურად სახელმწიფო პენსიის მიღებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის გ-------------–-–---–ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან გადაწყვეტილების ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს 28.06.2018წ. განჩინებით არ იქნა დაშვებული, რის გამოც საკასაციო პალატის შეფასების საგანია განჩინების კანონიერება მხოლოდ გ-------------–-–---–ის სასარგებლოდ 01.12.2013წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში (5.3 მუხ., 17 მუხ.). იგივე დათქმას შეიცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.2006წ. N 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი“ (4.3 მუხ., 9.1 „ბ“ ქვეპ.). პენიის შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პენსია ხელახლა ინიშნება საერთო წესით („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 16.2 მუხ., 14.2 მუხ., „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.3 მუხ.), შეწყვეტიდან პენსიის ხელახლა დანიშვნამდე სახელმწიფო გასაცემელი არ ინიშნება.

2013 წლიდან პენსიის გაცემის საფუძველს არ ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება წერილობით არ გამოცემულა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებები, რომლებიც მას ადმინისტრაციული კანონმდებლობით აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ან რეალაქტებით რეალიზდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ 9.2 მუხლის თანახმად, საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწვდის ინფორმაციას სააგენტოს შეთანხმებული ფორმით. სააგენტო პენსიის შეჩერება-შეწყვეტის გადაწყვეტილებების ასახვას ახორციელებდა ინდივიდუალურად, თითოეული პენსიონერის მიმართ, ე.წ. „სამმართველო ინფორმაციაში“. „სამმართველო ინფორმაცია“ შიდა გამოყენების დოკუმენტია, სადაც ხდება თითოეული პირის მიმართ მიღებული წერილობითი ან ზეპირი გადაწყვეტილებების მოკლე შინაარსის ასახვა, ბენეფიციარის დაინტერესების, წერილობითი მომართვის შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფდა მისთვის დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას „სამმართველო ინფორმაციის“ შესაბამისად. სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს 27.09.07წ. #02/64 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა-ცვლილებების გაფორმებისა და მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლი ითვალისწინებდა ამონაწერის, როგორც დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცემას დაინტერესებული მხარისათვის წერილობითი განაცხადის საფუძელზე. გ-------------–-–---–მა იცოდა სამსახურის გამო მისთვის ასაკის პენსიის შეწყვეტის შესახებ, მას შეეძლო გადაემოწმებინა პირადი საპენსიო ანგარიში და შემდგომ მოეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეწყვეტილი პენსიის აღდგენა (პენსიის აღდგენას და ასევე გასული პერიოდისათვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პენსიის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტა თავისი არსით შესაძლოა მიჩნეული იქნეს პენსიის შეჩერებად). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას წერილობით ან ზეპირად. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე თვლიდა საჯარო სამსახურის დაწყების გამო პენსიის შეწყვეტას მისი უფლების შეზღუდვად, მას უნდა მოეთხოვა აქტის წერილობითი გამოცემა და უნდა გაესაჩივრებინა აქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბრიდან შეუწყდა სახელმწიფო პენსია, გ-------------–-–---–ს პენსიის გაუცემლობა წლების განმავლობაში სადავოდ არ გაუხდია, მას არც ყოველთვიური სარგებლის გაუცემლობის სახით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოს უმოქმედობა გაუსაჩივრებია. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სადავო გახადოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არამედ გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც ერთი თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა მოქმედების განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. სზაკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2013 წლის 01 დეკემბრიდან სახელმწიფო პენსიის შეწყვეტის თაობაზე გ-------------–-–---–ისათვის ცნობილი იყო შემდეგ პერიოდში ყოველთვიური პენსიის შეწყვეტის გაუცემლობის ფაქტით (აღნიშნულის უარსაყოფად მოსარჩელე არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე). წლების განმავლობაში პენსიის მიუღებლობა ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელისათვის უთუოდ ცნობილი იყო მისი შეწყვეტის შესახებ, აღნიშნულს თავად მოსარჩელეც ადასტურებს, რომელიც სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ პენსიის 2013 წელს შეწყვეტის მიზეზის გასარკვევად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის აგვისტოს თვეში მიმართა. თვით ის ფაქტი, რომ გ-------------–-–---–ს სადავოდ არ გაუხდია პენსიის შეწყვეტა 3 წლის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვისას მოითხოვა პენსიის დანიშვნა და არა გასული პერიოდის საპენსიო თანხა, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ-------------–-–---–მა იცოდა პენსიის შეწყვეტის შესახებ და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსათვის პრეტენზია არ წარუდგენია 2016 წლის ივლისამდე. მანამდე პენსიის შეწყვეტა გ-------------–-–---–ს არ გაუსაჩივრებია როგორც უკანონო ადმინისტრაციული აქტი (სასკ-ის 22-ე მუხ.), როგორც ვირტუალური ადმინისტრაციული აქტი (სზკ-ის 177-ე მუხ.) ან როგორც უკანონო ქმედება (სასკ-ის 24-ე მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყველასათვის გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. არ დასტურდება გ-------------–-–---–ის სასამართლოსადმი მიმართვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. არ დგინდება, რომ 2016 წლის ივლისის თვემდე გ-------------–-–---–მა პენსიის შეწყვეტა ანუ მისი უფლებების ხელყოფა რაიმე ფორმით სადავოდ გახადა ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში.

პენსიის შეწყვეტის საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში იმავე საფუძვლით პენსიის დანიშვნა არ ნიშნავს პენსიის აღდგენას. პენსიის განახლება დასაშვებია პენსიის შეჩერების შემთხვევაში („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის ე-16 მუხ.), შეჩერებული პენსიის განახლება მოხდება პენსიის მიმღები პირის მიერ სააგენტოში პენსიის განახლების თაობაზე განცხადების შეტანიდან მომდევნო თვეს და ანაზღაურდება წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან, ხოლო პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში ხდება მისი ახლიდან დანიშვნა.

გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით სასამართლომ ბათილად ცნო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა და მიუღებელი სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის მოთხოვნით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენსიასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობების წარმოშობისათვის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობა არ არის საკმარისი. ასე მაგ. პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა თავისთავად არ იწვევს მისთვის პენსიის დანიშვნას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში პენსიის დანიშვნა ხდება პენსიის დანიშვნის შესახებ პირის განცხადებით სოციალური უზრუნველყოფის ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე. ანალოგიურ ვითარებას აქვს ადგილი პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტის შედეგების აღმოფხვრა, სახელმწიფო პენსიის გაცემის აღდგენა საჭიროებდა პენსიის შეწყვეტის გასაჩივრებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად არ დგინდება პენსიის შეწყვეტის უკანონობა და შესაბამისად ზიანის ანაზღაურების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება პენსიის აღდგენის შესახებ არ არის დასაბუთებული, ვინაიდან პენსიის შეწყვეტის შემდეგ ხდება არა პენსიის განახლება, არამედ ხელახალი დანიშვნა, შეწყვეტილი პენსიის ხელახლა დანიშვნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად. უმოქმედობის განგრძობადი ხასიათის გამო (2013 წლის დეკემბრიდან), წარსულ პერიოდში უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს პენსიის გაუცემლობის უკანონობის დადგენის მოთხოვნით სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ პენსიის შეწყვეტაზე პრეტენზიის 2016 წლის ივლისის თვეში დასმით გ-------------–-–---–მა მოიპოვა პენსიის მიღების უფლება სააგენტოსადმი მიმართვის (2016 წლის აგვისტო) მომდევნო თვიდან („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 14.2 მუხ.) და არა 2013 წლის 01 დეკემბრიდან. პენსიის შეწყვეტას გ-------------–-–---–ი დაეთანხმა, მას არ გაუსაჩივრებია პენსიის შეწყვეტა, რის გამოც 2013 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე მიუღებელი პენსიის სახით თანხის ანაზღაურების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს 01.12.2013წ.-01.08.2016წ. პერიოდში მიუღებელი პენსიის ანაზღაურების საფუძვლები. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება მითითებულ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს #ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ., ბს-887-883 (კ-17) 15.03.2018წ. განჩინებები).

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს პასუხებს სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობილ ნაწილში სახეზეა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 -ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა გ-------------–-–---–ი სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. გ-------------–-–---–ის სარჩელი 01.12.2013წ.-01.08.2016წ. მიუღებელი პენსიის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

 

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

 

ვ. როინიშვილი