განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
010141318700056114
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056114

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №74აგ-18 თბილისი

ღ-----–---–- ს-----, 74აგ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს----- ღ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ს----- ღ-----–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით, ხოლო მე-2 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ს----- ღ-----–---–ს მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი და 6 თვე.

მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით ს----- ღ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეფარდებული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით ს----- ღ-----–---–ს განესაზღვრა 1 წლითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ს----- ღ-----–---–-სათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრებით, წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თვისუფლების აღკვეთა - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ს----- ღ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 500 ლარი. ს----- ღ-----–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2011 წლის 2 აპრილიდან.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ს----- ღ-----–---–- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელის - 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან.

 

ს----- ღ-----–---–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და მოსახდელად დარჩა 9 თვითა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით ს----- ღ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი და საბოლოოდ ს----- ღ-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ს----- ღ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს----- ღ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით ს----- ღ-----–---–-სათვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს----- ღ-----–---–ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2017 წლის 6 აგვისტოდან.

 

6. 2018 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს----- ღ-----–---–მა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის შესაბამისად, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ს----- ღ-----–---–-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენები, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენები დარჩა უცვლელად.

 

8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ს----- ღ-----–---–მა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ს----- ღ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სსსკ–ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ს----- ღ-----–---–- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენის გამოტანისას, მართალია, გამოყენებულია როგორც დანაშაულთა, ისე - განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა სრული შეკრების წესი, თუმცა განაჩენთა სრული შეკრების წესს ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოქმედი რედაქციაც და გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით ს----- ღ-----–---–- „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სრულად გათავისუფლდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 258-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელის - 1 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან, ხოლო რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აპრილის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრებით შეფარდებულ სასჯელს, ს----- ღ-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი მოხდილი აქვს.

4. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით ს----- ღ-----–---–-სათვის შეფარდებულ სასჯელებს, მოცემული განაჩენებით ს----- ღ-----–---–ს სასჯელი განესაზღვრა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის გამოყენებით და, შესაბამისად, ზემოჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში არ არსებობს განაჩენების გადასინჯვის საფუძველი.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ს----- ღ-----–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე