განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700062788
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №83აგ-18 17 ოქტომბერი, 2018 წელი
დ--–---–---–- ი-–--, 83აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ თ-------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისის განაჩენით ი-–-- დ--–---–---–-, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) – 2-2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ი. დ--–---–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 14 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 200000 ლარი და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ი-–-- დ--–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) მიესაჯა 2-2 წლით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) – 4-4 წლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ი. დ--–---–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 15000 ლარი. ცნობად იქნა მიღებული, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონისა და პარლამენტის დადგენილების საფუძველზე ი-–-- დ--–---–---–- გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისაგან; მასვე დაუბრუნდა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამორთმეული ქონება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. 2018 წლის 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ თ-------მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა და მისი გაუქმება, ვინაიდან საქმის მასალებიდან იკვეთება ბრალდების მხარის დაინტერესება ი-–-- დ--–---–---–-ს მსჯავრდებით და ამ მიზნით სხვადასხვა უკანონო ქმედების ჩადენა: მოწმეებზე ზეწოლა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ თ-------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ თ-------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს მთავარი პროკურატურიდან სისხლის სამართლის საქმის მთლიანი მასალების გამოთხოვა, რომელსაც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ თ-------ს მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებათა სიყალბე, რის შესახებაც აპელირებს ადვოკატი, დადასტურებული უნდა იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი-–-- დ--–---–---–-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ თ-------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე